ალექსანდრე ჯანელიძე

ქართველი გეოლოგი
(გადამისამართდა გვერდიდან ჯანელიძე, ალექსანდრე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯანელიძე.

ალექსანდრე ილარიონის ძე ჯანელიძე (დ. 5 ნოემბერი [ძვ. სტ. 24 ოქტომბერი], 1888, სოფელი ნიკორწმინდა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 16 იანვარი 1975, თბილისი) — ქართველი გეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1923), პროფესორი (1925), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946). საქართველოს სსრ I—V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1939–1963 ). სკკპ წევრი 1942 წლიდან.

ალექსანდრე ჯანელიძე
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი (5 ნოემბერი), 1888
დაბ. ადგილი ნიკორწმინდა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 16 იანვარი, 1975(1975-01-16) (86 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი და პალეონტოლოგი
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და პარიზის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1910 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი (სორბონი), 1916ყაზანის უნივერსიტეტი. ალექსანდრე ჯანელიძე ქართული გეოლოგიის სკოლისა და საქართველოში გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1923–1924 წლებში იყო ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის გეოლოგიის კათედრის გამგე. 1924 წლიდან მუშაობდა თსუ-ში (1942–1945 წლებში იყო უნივერსიტეტის რექტორი, 1924–1972 წლებში გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგე). 1911–1915 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისში; 1918–1920 წლებში — თბილისში. 1920–1923 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ (1920–1921 წლებში მუშაობდა გრენობლში ვ. კილიანის, 1921–1922 წლებში — პარიზში გუსტავ ემილ ოგის, ხოლო 1922–1923 წლებში — ჰალეში იოჰანეს ვალთერის ხელმძღვანელობით). 1928–1946 წლებში — გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგე ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). 1925–1955 წლებში ალექსანდრე ჯანელიძე იყო მის მიერ დაარსებული გეოლოგიის ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი) დირექტორი. 1926–1929 წლებში იგი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია; 1941–1963 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე; 1951–1955 წლებში — აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; 1941–1972 წლებში — აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.

ალექსანდრე ჯანელიძე საქართველოს გეოლოგიის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1933) და მისი თავმჯდომარე (1937–1975) იყო.

ჯანელიძის სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება პალეონტოლოგიის, სტრატიგრაფიის, ტექტონიკისა და თეორიული გეოლოგიის საკითხებს.

შეისწავლა საქართველოს იურული და ცარცული პერიოდების, საფრანგეთის ადრინდელი ცარცული ეპოქის ფაუნა, აგრეთვე ურალის დასავლეთი კალთის დევონური პერიოდის მარჯნული ფაუნა. ჯანელიძის გამოკვლევებმა სტრატიგრაფიის დარგში მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლის თანამედროვე დონე. მის გამოკვლევებში ტექტონიკისა და თეორიული გეოლოგიის დარგში მოცემულია კიდური და ზეწრული ნაოჭების წარმოქმნის მექანიზმი, საქართველოს ბელტის კონცეფცია, ოროგენული ფასიზების დათარიღების მეთოდიკა და სხვ. შესწავლილი აქვს მტკვრის ტერასები, ნატახტრის წყაროები და სხვა.

საყურადღებო ნაშრომები აქვს აგრეთვე გეომორფოლოგიის, საინჟინრო გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის ძებნისა და ძიების, გეოლოგიური მეცნიერების ისტორიის დარგში. 1942 წელს ალექსანდრე ჯანელიძემ გამოყო საქართველოს ერთ-ერთი გეოტექტონიკური ერთეული — საქართველოს ბელტი. არის ავტორი უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა: „კავკასიის გეოლოგია“ (თბ., 1933), „ისტორიული გეოლოგიის კურსი“ (თბ., 1937, 1963), „ზოგადი გეოლოგიის მოკლე კურსი“ (თბ., 1968,1972) და ფიზიკის პირველი ქართული სახელმძღვანელოებისა საშუალო სკოლისათვის.

დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. 1982 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. გეოლოგიის ინსტიტუტის ეზოში დგას მისი ძეგლი. თბილისში არის ალექსანდრე ჯანელიძის ქუჩა.

თხზულებები

რედაქტირება
  • კონტინენტები მათი წარმოშობა, თბ., 1955;
  • მოგონებები, თბ., 1971;
  • ნარკვევები გეოლოგიის ისტორიიდან; თბ., 1959;
  • საქართველოს ბელტის პრობლემა, 1942.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზესაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 538-539.
  • ძოწენიძე გ, ალექსანდრე ჯანელიძე., 1961;
  • ალექსანდრე ჯანელიძე (1888-1975) ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. გ. მგელაძე, თბ., 1976;
  • Сб. трудов акад. АН Груз. ССР Александра Илларионовича Джанелидзе к 70-летию со дня рождения и 50-летию научно-педагогической и общественной деятельности, Тб., 1959.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 425, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება