სტრატიგრაფია

(გადამისამართდა გვერდიდან სტრატიგრაფია (გეოლოგია))

სტრატიგრაფია (ლათ. stratum – ფენა, შრე და ბერძ. γραφο – აღწერა) — გეოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის გეოლოგიური წარმონაქმნების ჩამოყალიბების თანამიმდევრობას და მათ პირვანდელ სივრცით ურთიერთდამოკიდებულებას. სტრატიგრაფია ეწოდება აგრეთვე ამა თუ იმ ქვეყნის ან რეგიონის გეოლოგიური წარმონაქმნების განლაგების თანამიმდევრობის აღწერას (მაგალითად ალპების სტრატიგრაფია, კავკასიის სტრატიგრაფია და ა.შ.).

გეოლოგიური ფენა არგენტინაში
კოლორადოს პლატო, სადაც ერთმანეთს ენაცვლებიან პერმული და იურული ნალექები (იუტა, აშშ.

სტრატიგრაფიის ძირითადი ამოსავალი დებულებაა შრეთა წარმოქმნის თანამიმდევრობის კანონი (ნიკოლაუს სტენო, 1669), რომლის მიხედვით შრეთა ნორმალური (ჩვეულებრივ, თითქმის ჰორიზონტალური) განლაგების დროს ქვედა შრე ზედაზე უფრო ძველია. ეს დებულება ირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ტექტონიკური დეფორმაციის შედეგად შრეთა დასტა გადაყირავებულია, წარსულ გეოლოგიურ პერიოდებში არსებულ წყლის აუზებში დალექილი შრეების თანამიმდევრობის შესწავლის საფუძველზე აგებენ გეოლოგიური ჭრილის სტრატიგრაფიულ სვეტს, რომელზედაც გარკვეული მასშტაბითა და სათანადო პირობითი ნიშნებით გამოხატულია ჭრილში დანალექ ქანთა შრეების საწყისი (ნორმალური) თანამიმდევრობა, მათი ასაკი და მათ შორის არსებული კონტაქტების ხასიათი (თანხმობითი განლაგება ან უთანხმო განლაგება). რეგიონის, კონტინენტის ან მთელი დედამიწის სტრატიგრაფიის კვლევისას ტარდება ცალკეული გეოლოგიური ჭრილების სტრატიგრაფიული სვეტების კორელაცია (შეპირისპირება).

ცარცული ნალექები, სადაც მოჩანს დანალექი ფენები (კვიპროსი).

დედამიწის ორგანული სამყაროს შეუქცევი განვითარების გამო შრეთა ასაკის დადგენისა და კორელაციისათვის ძირითადი მნიშვნელობა აქვს ნალექებში

დაცულ ორგანიზმთა განამარხებულ ნაშთებს. სტრატიგრაფიაში დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ქანების დათარიღების რადიოლოგიურ მეთოდებს. ეს მეთოდები განსაკუთრებით დიდი წარმატებით გამოიყენება იმ შრეთა დათარიღებისათვის, რომლებიც არ შეიცავს ორგანიზმნების ნაშთებს, აგრეთვე მაგმური ქანების დათარიღებისათვის, დანალექი და ვულკანოგენური ქანების კორელაციისათვის გამოიყენება აგრეთვე მათი ნივთიერი შედგენილობისა და პალეომაგნეტიზმის კვლევის შედეგები. შემუშავებულია ერთიანი გლობალური სტრატიგრაფიული სკალა, რომლის ყოველი ქვედანაყოფი შეესაბამება გეოლოგიური წელთაღრიცხვის იმ ქვედანაყოფებს, რომლის განმავლობაში იგი წარმოიქმნება. ერთიანი სტრატიგრაფიული სკალის ქვედანაყოფების გარდა, სხვადასხვა რეგიონში პალეონტოლოგიური ან ლითოლოგიური მონაცემების საფუძველზე გამოყოფენ ადგილობრივ სტრატიგრაფიულ ერთეულებს: სერიებს, წყებებს, დასტებს, ჰორიზონტებს და სხვ.

სტრატიგრაფიას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს გეოლოგიური აგეგმვისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ძებნისა და ძიებისათვის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 578.
  • Жинью М., Стратиграфическая геология, пер. с франц., М., 1952;
  • Леонов Г. П., Основы стратиграфии, т. 1—2, М., 1973—74;
  • Жамойда А. И., Ковалевский О. П., Моисеева А. И., Обзор зарубежных стратиграфических кодексов, М., 1969.