გეოქრონოლოგიური სკალა
გეოლოგიური წელთაღრიცხვა — დედამიწის ქერქის ამგები ქანების ასაკის დადგენა. განარჩევენ შეფარდებითსა და აბსოლუტურ (ბირთვულ) გეოლოგიურ წელთაღრიცხვას. შეფარდებითი გეოლოგიური წელთაღრიცხვა ადგენს ქანთა შეფარდებით ასაკს, ე.ი. იკვლევს მათი წარმოშობის თანამიმდევრობას დროში თვით იმ დროის ხანგრძლივობის შეუფასებლად, რომელმაც განვლო მათი ჩამოყალიბების შემდეგ. აბსოლუტური გეოქრონოლოგიური წელთაღრიცხვა ქანთა ასაკს განსაზღვრავს დროის ერთეულებში, ჩვეულებრივ, მილიონ წლებში. ეს ე. წ. აბსოლუტური (იზოტოპური, რადიოლოგიური) ასაკია.
შეფარდებითი გეოქრონოლოიგური წელთაღრიცხვა — იმ დებულებას ემყარება, რომ შრეებრივი ქანების პირველადი, აუშლელი თანამიმდევრობის შემთხვევაში ზევით მდებარე შრე მის ქვეშმდებარე შრეზე ახალგაზრდაა (სტენოს პრინციპი). არაშრეებრივი გეოლოგიური სხეულების (ინტრუზიული და ძარღვული ქანები) შეფარდებითი ასაკის დადგენა შრეებრივ ქანებთან მათი სივრცობრივი ურთიერთდამოკიდებულების საფუძველზე ხდება. ასეთი ქანის გამკვეთი სხეული მის მიერ გავეთილ შრეთა შორის უახალგაზრდეს შრეზე უფრო ახალგაზრდაა და უფრო ძველია, ვიდრე უძველესი შრე იმ შრეთა შორის, რომლებიც მასზე უთანხმოდ არიან განლაგებული.
ქანთა ასაკობრივ თანამიმდევრობას (მათ შეფარდებით დათარიღებას) როგორც ცალკეულ რაიონებში, ისე დედამიწის მთელი ზედაპირისათვის, სტრატიგრაფია იკვლევს.
სტრატიგრაფიული კვლევის მთავარ მეთოდს წარმოადგენს პალეონტოლოგიური მეთოდი. იგი ემყარება XIX საუკუნის დასაწყისში დადგენილ ფაქტს, რომ სხვადასხვა ასაკის შრეებში განამარხებული ორგანიზმების ასოციაციები განსხვავებულია, ერთდროულად დალექილ შრეებში კი — მსგავსი. თავდაპირველად გეოლოგიური დროის განმავლობაში ორგანული სამყაროს შემადგენლობის ცვლას უეცარი გეოლოგიური კატასტროფებით გამოწვეული ორგანიზმების გადაშენებითა და ღვთაების ახალი შემოქმედებითი აქტებით ხსნიდნენ (ჟორჟ კიუვიე და მისი მიდევრები). მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩარლზ ლაიელმა სწორად შეაფასა ნელი გეოლოგიური პროცესების გადამწყვეტი მნიშვნელობა დედამიწის ზედაპირის სახეცვლისათვის, ხოლო ჩარლზ დარვინმა ორგანული სამყაროს ევოლუციური განვითარების თეორია შექმნა, საფუძველი ჩაეყარა პალეონტოლოგიური მეთოდის ნამდვილ მეცნიერულ მატერიალისტურ დასაბუთებას.
ხანგრძლივ კვლევათა შედეგად შემუშავებულია სტრატიგრაფიული სკალა, რომელშიც დედამიწის ქერქის შრეთა დალექვის ზოგადი თანამიმდევრობაა მოცემული. ამ სკალის ზედა (გვიანი) ნაწილი — ფანეროზოური — საკმაოდ დეტალურად არის დანაწილებული პალეონტოლოგიური მეთოდის მონაცემების საფუძველზე. რაც შეეხება სკალის ქვედა (ადრეულ) ნაწილს, აქ ნამარხთა ცუდად დაცვის ან საერთოდ არარსებობის გამო პალეონტოლოგიური მეთოდის გამოყენების საშუალება ძლიერ შეზღუდულია. ამიტომ თავდაპირველად კამბრიულისწინა წარმონაქმნების დანაწილებას საფუძვლად დაედო სათანადო ქანების მეტამორფიზმის ხარისხი და სწორედ ამის საფუძველზე გამოყვეს არქეული (არქეოზოური) და პროტეროზოური ერები. სკალის ფანეროზოური ნაწილი იყოფა სამ ჯგუფად — პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური.
აბსოლუტური გეოლოგიური წელთაღრიცხვა ჩაისახა XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ბუნებრივი რადიოაქტიურობის აღმოჩენის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ ქიმიური ელემენების რადიოაქტიური დაშლის სიჩქარე გამოეყენებინათ ქანებისა და მინერალების აბსოლუტური ასაკის დასადგენად (პ. კიური, ე. რეზერფორდი).
1907 წელს ბ. ბოლტვუდმა და ე. რეზერფორდის წინადადებით პირველმა ჩაატარა რადიოაქტიური მინერალების ასაკის განსაზღვრის ცდა ტყვიის მეთოდით. 1917 წელს ჯ. ბარელმა საფუძველი ჩაუყარა ცალკეული გეოქრონოლოგიური მიჯნების დათარიღებას რადიოლოგიური გამოზმვების საშულებით. ეს სამუშაო გააგრძელა და განავითარა ა. ჰოლმზმა, რომელმაც შეადგინა ფანეროზოური დროის გეოქრონოლოიური სკალის რამდენიმე ვარიანტი.
გეოლოგიურ ისტორიას აღადგენენ დედამიწის ქერქის ამგები ქანების შესწავლით. დედამიწის როგორც პლანეტის ასაკად 4,5—4,6 მლრდ. წელიწადს ანგარიშობენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- NASA: Geologic Time დაარქივებული 2005-04-18 საიტზე Wayback Machine.
- GSA: Geologic Time Scale დაარქივებული 2007-12-17 საიტზე Wayback Machine.
- British Geological Survey: Geological Timechart დაარქივებული 2010-09-15 საიტზე Wayback Machine.
- GeoWhen Database
- International Commission on Stratigraphy Time Scale
- Chronos.org დაარქივებული 1998-12-05 საიტზე Wayback Machine.
- National Museum of Natural History - Geologic Time დაარქივებული 2005-11-11 საიტზე Wayback Machine.
- SeeGrid: Geological Time Systems დაარქივებული 2008-07-23 საიტზე Wayback Machine. Information model for the geologic time scale
- Exploring Time დაარქივებული 2015-02-21 საიტზე Wayback Machine. from Planck Time to the lifespan of the universe
- Episodes.org დაარქივებული 2009-03-25 საიტზე Wayback Machine. , Gradstein, Felix M. et al. (2004) A new Geologic Time Scale, with special reference to Precambrian and Neogene, Episodes, Vol. 27, no. 2 June 2004 (pdf)
ლიტერატურა
რედაქტირება- რუბინშტეინი მ., ქსე, ტ. 3, გვ. 82-83, თბ., 1978;
- Страхов Н. М., Основы исторической геологии, 3 изд., ч. 1—2. М. — Л., 1948;
- Старик И. Е., Ядерная геохронология, М. — Л., 1961.