საქართველოს ბელტი

საქართველოს ბელტისაქართველოს ერთ-ერთი გეოტექტონიკური ერთეული. 1942 წელს გამოყო ალექსანდრე ჯანელიძემ, რომელმაც დაასაბუთა, რომ დედამიწის ქერქის სტაბილურ და შედარებით ლაბილურ უბნებს შორის თვისებრივი განსხავება უშუალო გამოხატულებას პოულობს დანალექი საფრის ფაციესებსა და დისლოკაციის ხარისხში.

საქართველოს ბელტისთვის დამახასიათებელია ზეწრული ნაოჭები და ნალექების ბაქნურისებრი ხასიათი. იგი ჩამოყალიბდა ბაიკალური და ჰერცინული ოროგენეზისების გავლენით დედამიწის ქერქის კონსოლიდაციის შედეგად. ალპური განვითარების ოროგენულ ეტაპზე მისი უმეტესი ნაწილი მთათაშუა როფად გადაიქცა. საქართველოს ბელტი შედგება დასავლეთი დაძირვის, ცენტრალური აზევებისა და აღმოსავლეთი დაძირვის ზონებისაგან. დასავლეთი დაძირვის ანუ კოლხეთის ზონა უმთავრესად აგებულია ნეოგენური და ანთროპოგენური ასაკის მოლასური წარმონაქმნებით, რომლებიც ფარავენ სუსტად დისლოცირებულ მეზოზოურ და კაინოზოურ ნალექებს.

ცენტრალური აზევების ზონა მოიცავს ძირულის მასივს და ოკრიბა-ხრეითის აზევებას. ძირულის მასივში გაშიშვლებულია საქართველოს ბელტის იურულისწინა კკრისტალური სუბსტრატი. ოკრიბა-ხრეითის აზევება აგებულია მეზოზოური და კაინოზოური ნალექებით.

საქართველოს ბელტის აღმოსავლეთი დაძირვის ანუ ქართლის ზონა უმთავრესად აგებულია სქელი ოლიგოცენური და მიო-პლიოცენური მოლასებით, რომლებიც ფარავენ საქართველოს ბელტის სუსტად დისლოცირებულ მეზოზოურ და კაინოზოურ დანალექ კომპლექსს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გამყრელიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 172.
  • ჯანელიძე ა., საქართველოს ბელტის პრობლემა, „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“ , 1942, ტ.3, № 1—2.