ძირულის მასივი — ამიერკავკასიის შუალედი მასივის შვერილი. მდებარეობს საქართველოში, ზესტაფონის, ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. უმთავრესად შიშვლდება ყვირილის, ძირულისა და მათი შენაკადების ხეობებში. გეოტექტონიკური თვალსაზრისით საქართველოს ბელტის ფუნდამენტის აზევებული და გაშიშვლებული ნაწილია. ძირულის მასივის ამგები ქანების სავარაუდო ასაკობრივი თანამიმდევრობა (ძველიდან ახლისკენ), რომელიც დადგენილია მათი გეოლოგიური ურთიერთდამოკიდებულების საფუძველზე, შემდეგია: კრისტალური ფიქლები (მეტაბაზიტები, ამფიბოლიტები, საკუთრივ კრისტალური ფიქლები, მიგმატიტები), დაგნაისებული კვარციანი დიორიტები, გაბრო-დიაბაზები, ნაკლებად მეტამორფიზებული ფიქლების (ფილიტების) წყება (საკუთრივ მეტამორფიზებული ფიქლები, ქვიშიანი ფილიტები, კვარციტები, მარმარილო და სხვა), კალიუმის მინდვრის შპატიანი გრანიტოიდები (პორფირისებრი გრანიტები — რკვიის ინტრუზივი, თანაბარმარცვლოვანი გრანიტები, პეგმატიტები), მიკროკლინიანი გრანიტები, კვარცპორფირები და გრანოფირები, ბაიოსური ასაკის გაბროდიორიტები, ბათური ასაკის გრანიტოიდები (ხევისა და ჭალვანის ინტრუზივები). ნაკლებად მეტამორფიზებული წყების მარმარილოს ლინზაში აღმოჩენილი ფაუნის მიხედვით ეს წყება კამბრიული ასაკით არის დათარიღებული, ხოლო პალინოლოგიური კვლევის მონაცემებით — გვიანდელი სილურულ-გვიანდელი დევონურით.

ლიტერატურა

რედაქტირება