საინჟინრო გეოლოგია
საინჟინრო გეოლოგია — გეოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ქერქის ზედა ჰორიზონტებსა და მათ დინამიკას ადამიანის საინჟინრო-სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით. საინჟინრო გეოლოგია ქანების შედგენილობას, სტრუქტურას, ტექსტურასა და სხვა თვისებებს განიხილავს გრუნტის თვალსაზრისით, შეიმუშავებს ნაგებობისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთქმედების შედეგად განვითარებული პროცესებისა და მოვლენების პროგნოზს და მათი მავნე გავლენის თავიდან აცილების მეთოდებს.
საინჟინრო გეოლოგიის დარგებია: გრუნტმცოდნეობა — შეისწავლის გრუნტების სხვადასხვა გენეტურ ტიპებს, მათ აღნაგობასა და ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებს. საინჟინრო გეოდინამიკა — სამშენებლო ტექნიკური თვალსაზრისით შეისწავლის ბუნებრივ გეოლოგიურ და ადამიანის საინჟინრო საქმიანობის ზეგავლენით განვითარებულ პროცესებს; რეგიონული საინჟინრო გეოლოგია — იკვლევს ამა თუ იმ ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებს; საზღვაო საინჟინრო გეოლოგია — სწავლობს წყალქვეშა მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს; საინჟინრო სეისმოლოგია — შეისწავლის ადამიანის საინჟინრო საქმიანობის ზეგავლენას დედამიწის ქერქის ღრმა ჰორიზონტებზე, აგრეთვე სეისმურ მოვლენებს საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით.
საინჟინრო გეოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰიდროგეოლოგიის, მზრალობისმცოდნეობისა და გეოლოგიის სხვა დარგებთან. საველე კვლევაში საინჟინრო გეოლოგია ფართოდ იყენებს გეოფიზიკურ მეთოდებს. როგორც მეცნიერება ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში. პირველი ნაშრომი სახელწოდებით „საინჟინრო გეოლოგია“ გამოიცა 1880 წელს უილიამ პენინგის მიერ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 663.
- ჩხეიძე დ., საინჟინრო გეოლოგია, თბ., 1979;
- Коломенский Н. В., Комаров И. С., Инженерная геология, М., 1964.