გრიგოლ რობაქიძე

ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე
(გადამისამართდა გვერდიდან რობაქიძე, გრიგოლ)

გრიგოლ რობაქიძე (დ. 28 ოქტომბერი, 1882, სვირი, ქუთაისის გუბერნია ― გ. 19 ნოემბერი, 1962, ჟენევა) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

გრიგოლ რობაქიძე
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1882(1882-10-28)
დაბადების ადგილი სვირი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 19 ნოემბერი, 1962(1962-11-19) (80 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჟენევა[1]
დასაფლავებულია ლევილ-სიურ-ორჟი
საქმიანობა მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და პოეტი
ენა ქართული ენა, გერმანული ენა, რუსული ენა
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ტარტუს უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია, პროზა, დრამატურგია და პუბლიცისტიკა
Magnum opus გველის პერანგი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიფციგის უნივერსიტეტი (გერმანია). გერმანიიდან 1908 წელს დაბრუნდა და მალე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. 1915 წელს იგი გახდა „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ ლიტერატურულმა დაჯგუფებამ, რომელშიც გაერთიანდნენ იმ დროისთვის პროგრესული სიმბოლისტი მწერლები და პოეტები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის შემდგომ განვითარებაში. 1917 წელს რობაქიძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918—1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. მაგალითად, 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბოლში.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ (1921 წლის თებერვალ-მარტი) გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენელთა მხრიდან. 1926 წელს მის რომანს „გველის პერანგი“ ქართული საზოგადოება გულგრილად შეხვდა, გერმანიაში კი ძალიან მოიწონეს და ავტორი შეაქეს. რობაქიძემ, რომელიც ფიქრობდა, რომ სამშობლოში მის ნიჭს არ აფასებდნენ, გადაწყვიტა გერმანიაში წასულიყო. პასპორტი სერგო ორჯონიკიძის დახმარებით მიიღო.[2]

1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი: 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან — შვეიცარიაში. იგი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, თბილისში საფუძველი ჩაეყარა ანტისაბჭოთა შეთქმულებას, რომლის ორგანიზატორთა შორის ახალგაზრდა მწერლები, გიორგი ძიგვაშვილი და კოტე ხიმშიაშვილი იყვნენ, შეთქმულება გაიცა, გამოძიებამ კი მისი მონაწილეები გრიგოლ რობაქიძესთან კავშირში და მისგან ფაშისტური დირექტივების მიღებაში დაადანაშაულა. 1942 წელს მისი უშუალო მოღვაწეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი და იყო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. კავშირის თავმჯდომარე იყო ევროპაში ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაური ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი. რობაქიძე იყო, აგრეთვე, ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის თვალსაჩინო მოღვაწე.

რობაქიძის პროზაზე უდიდესი გავლენა იქონია ფრიდრიხ ნიცშეს ნაშრომებმა. მის შემოქმედებას სხვა და სხვა დროს უმაღლესი შეფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომენ როლანმა, ნიკოს კაზანძაკისმა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა გამოჩენილმა წარმომადგენლებმა. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისმა ნაწარმოებებმა „გველის პერანგი“, „დემონი და მითოსი“, „ჩაკლული სული“, „მცველნი გრალისა “, „მეგი – ქართველი გოგონა“ და სხვა. ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე რამდენიმეგზის გამოცემულმა მისმა კრებულმა „კავკასიური ნოველები“. რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დამდეგს გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რომანები

რედაქტირება

რჩეული მოთხრობები და ნოველები

რედაქტირება
  • კავკასიური ნოველები (მოთხრობების კრებული) (1932)
  • ენგადი
  • იმამ შამილი
  • წმინდა ხარის მოკვლა

რჩეული ესეები და წერილები

რედაქტირება
  • ომი და კულტურა (კრებული)
  • Pro domo sua (კრებული)
  • პორტრეტები (კრებული)
  • პირადი მიმოწერა (კრებული)
  • დემონი და მითოსი (კრებული) (1935)
  • ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით (ბიოგრაფიული რომანი) (1937-8)
  • მუსოლინი (ბიოგრაფიული რომანი) (1938-9)
  • დავით კლდიაშვილი
  • ნიკო ფიროსმანი
  • ვაჟა-ფშაველა
  • ლეილა
  • საქანელა და სახრჩობელა
  • საქართველოს ხერხემალი
  • ქართველ მწერლებს
  • მიმართვა ქართველ ხალხს

გარდაცვალება

რედაქტირება

მწერალი 1962 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა ქალაქ ჟენევაში და იქვე დაიკრძალა. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. მისი ბინა პოლიციამ დალუქა, არქივი კი ლიკვიდაციას შვეიცარიელი მეგობრების ძალისხმევით გადაურჩა.

 
„ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს და პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს.“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #10420124X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ გვ. 102-103 — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3