გეოლოგია
გეოლოგია (ძვ. ბერძ. γῆ – მიწა და λόγος – მოძღვრება) — საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთიანი კომპლექსი, რომელიც იკვლევს დედამიწის ქერქის შედგენილობას, აგებულებას, მოძრაობას, ევოლუციას, ისტორიასა და მასში სასარგებლო წიაღისეულის განლაგებას.
გეოლოგია არის აკადემიური დისციპლინა, ამავე დროს ის კომერციულად მნიშვნელოვანი დარგია სასარგებლო წიაღისეულის—სხვადასხვა მადნის და ნახშირწყალბადების მოპოვებისათვის. ასევე ეს დარგი აქტუალურია საინჟინრო დისციპლინების, ევოლუციური ბიოლოგიის, პალეოკლიმატოლოგიის და გეოტექნიკური ინჟინერიისთვის.
გეოლოგიის ისტორია
რედაქტირებაისტორიული ნარკვევი
რედაქტირებაგეოლოგიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში გეოლოგიას მინერალოგიის განხრად მიიჩნევდნენ, ხან ფიზიკური-გეოგრაფიის დარგად, ზოგიერთიც კი მასში ხედავდა მეცნიერებას, რომლის მიზანია დედამიწის წარმოშობის საკითხის გარკვევა. ძველ ეგვიპტურ კოსმოლოგიაში მოხსენიებულია კატაკლიზმები და ექპიროზისი. აქ მომხდარ ცალკეულ შემთხვევებს — (მიწისძვრა, წყალდიდობა და ამოფრქვევა) მიეწერებოდა როგორც დედამიწის ზედაპირის განახლება.
ძველი ბერძენი მეცნიერებისთვის კარგად იყო ცნობილი გეოლოგიური მოვლენები. ანუ გეოლოგიური საწყისები ჩაისახა ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში, სადაც არისტოტელე, პითაგორა, პლინიუსი და სხვ. მოაზროვნეები ცდილობდნენ გეოლოგიის არაერთი ფაქტის დაფიქსირებას.
არისტოტელე აღნიშნავდა, რომ დედამიწის ზედაპირის ცვლილებანი ისე ნელი ტემპით მიმდინარეობს რომ, მისი დაკვირვებისათვის სრულიად არ არის საკმარისი ადამიანის სიცოცხლის ესოდენ მოკლე პერიოდი. გეოლოგიური სხეულებისა და აღწერის და ასევე კლასიფიკაციის ცდებს მხოლოდ შუა საუკუნეებში ვხვდებით, ამ საკითხებზე ფართოდ მუშაობდნენ დიდი მოაზროვნეები იბნ სინა და ბირუნი. ალ ბირუნი გვაწვდის ცნობებს შორეულ გეოლოგიურ წარსულში ამუდარიის ცვლილებაზე. იბნ სინას აღწერილი აქვს მინერალები.
აღორძინების ეპოქაში არსებობდა შეხედულება, რომ განამარხებული ნიჟარები გადაშენებულ ცხოველთა ნაშთებს წარმოადგენენ და რომ ხმელეთზე ზღვის ცხოველთა ნაშთების არსებობა სანაპიროთა გადაადგილებით უნდა აიხსნას (ლეონარდო და ვინჩი 1504-1506 და სხვ.).
შეხედულება პირვანდელი თარაზული განლაგებისა და მათი შემდგომი დისლოკაციის შესახებ გამოთქვა დანიელმა მეცნიერმა ნიკოლაუს სტენომ (1669). ასევე მნიშვნელოვანია მისი შრომები კრისტალოგრაფიასა და პალეონტოლოგიაში.
სიტყვა „გეოლოგია“ პირველად 1473 წელს ეპისკოპოსმა რ. დე ბიურიმ იხმარა „მიწიერი ცხოვრების“ გაგებით და დაუპირისპირა თეოლოგიას — მოძღვრებას „სულიერი ცხოვრების“ შესახებ. დღევანდელი გაგებით ეს სიტყვა პირველად 1657 წელს ნორვეგიელმა ბუნებისმეტყველმა მ.პ. ეშოლტმა შემოიღო სამხრეთ ნორვეგიაში მომხდარი მიწისძვრის აღწერისას.
XVIII საუკუნეში გერმანიაში წარმოიშვა ტერმინი „გეოგნოზია“, რომელიც ფართოდ გამოიყენა აბრაამ გოტლობ ვერნერმა (1780). ეს ტერმინი უმთავრესად გერმანიასა და რუსეთში იხმარებოდა, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოსათვის გეოლოგიამ იგი საბოლოოდ განდევნა.
XVII საუკუნის ბოლოს გეოლოგიური დაკვირვებები გახშირდა. გამოქვეყნდა შრომები, რომლებშიც ავტორები ცდილობდნენ ჯერ კიდევ ღარიბი ფაქტების განზოგადებას უმწიფარ მეთოდოლოგიურ საფუძვლებზე. სწავლულთა უმეტესობა იზიარებდა შეხედულებას მსოფლიო წარღვნის შესახებ, რომლის შედეგად წარმოიშვნენ დანალექი ქანები მათში განამარხებულ ცხოველთა ნაშთებით (დილუვიონიზმი). ასეთი შეხედულებისა იყვნენ ინგლისელები რობერტ ჰუკი (1688), ჯონ რეი (1692), შვეიცარიელი იოჰან იაკობ შოიხცერი (1708) და სხვ.
XVIII საუკუნის II ნახევარში მსხვილი კაპიტალისტური მრეწველობის წარმოშობასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნილება მინერალურ ნედლეულზე. ამ ვითარებაში გეოლოგია ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, შეიქმნა კვლევის პირველი მარტივი მეთოდები. რამდენადაც გეოლოგია ისტორიული მეცნიერებაა, მისი ჩამოყალიბებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აბრაამ გოტლიბ ვერნერის (1750-1817) მიერ შემუშავებულ კორელაციის პეტროგრაფიულ მეთოდს. ფრაიბერგის მიდამოებში მან გამოყო ოთხი ფორმაცია, რომლებიც მიახლოებით შეესაბამებიან ახლანდელი გაგებით პალეოზოურისწინა პალეოზოურ, მეზო-კაინოზოურსა და მეოთხეულ ქანებს. თითოეულ ფორმაციას დამახასიათებელი პეტროგრაფიული იერი აქვს. აქედან გამომდიანრე, იგი მიიჩნევდა, რომ პეტროგრაფია ფორმაციის შეფარდებითი ასაკის მაჩვენებელია და შეგვიძლია გამოვიყენოთ შორეული კორელაციებისათვისაც. ეს მეთოდი ისტირიული გეოლოგიის პირველი მეტად პრიმიტიული საფუძველი იყო. ვერნერი აგრეთვე თვლიდა რომ, ყველა ქანი, გრანიტისა და ბაზალტის ჩათვლით, ზღვაშია დალექილი, ხოლო ვულკანური მოვლენები ქვანახშირის მიწისქვეშა წვის შედეგია. ამის გამო ვერნერსა და მის მიმდევრებს ნეპტუნისტები ეწოდათ.
მეორე მხრით, მისი თანამედროვე შოტლანდიელი მეცნიერი ჯეიმზ ჰატონი ამტკიცებდა, რომ დედამიწის ისტორიაში დიდ როლს თამაშობენ შინაგანი პროცესები, რომელთა წყარო მიწის შინაგანი სითბოა და ბევრი ქანი — იგივე გრანიტი და ბაზალტი — მაგმური წარმოშობისაა. ამ შეხედულების მიმდევრებს პლუტონისტები ეწოდათ. ნეპტუნისტებსა და პლუტონისტებს შორის დისკუსია დიდ ხანს გაგრძელდა და უკანასკნელთა გამარჯვებით დამთავრდა.
გაცილებით უფრო ადრე მიხეილ ლომონოსოვი 1757 და 1763 წწ. გამოქვეყნებულ გეოლოგიურ შრომებში ამტკიცებდა, რომ დედამიწის ზედაპირის ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შინაგან ძალებს („შინაგან სიმხურვალეს“), თუმცა იგი არც გარეგანი ძალების (ქარი, მდინარეები და სხვ.) ზეგავლენას უარყოფდა. მიხეილ ლომონოსოვი აღიარებდა გეოლოგიური პროცესებისა და დედამიწის ზედაპირის ცვლილებათა ხანგრძლივობას.
XVIII საუკუნის შუა წლებში გაჩნდა პირველი გეოლოგიური რუკები (ლითოლოგიურ-პეტროგრაფიული), რომლებზედაც აღნიშნული იყო ქანთა შედგენილობა და არა ასაკი.
XVIII-XIX სს. მიჯნაზე გამოირკვა, რომ დანალექ ქანებში დაცული ძველი ფაუნისა და ფლორის დახმარებით შესაძლებელია ქანების ასაკობრივი დანაწილება. ამას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ გეოლოგიის როგორც მეცნიერების, საბოლოო ჩამოყალიბების დროდ ამ პერიოდად მიიჩნევენ.
ნამარხთა საშუალებით ქანების დანაწილების შესაძლებლობა პირველად ინგლისელმა მეცნიერმა უილიამ სმითმა აღნიშნა (1790) და შეადგინა კიდეც ინგლისის „დანალექ წარმონაქმნთა სკალა“, ხოლო
1815 - ინგლისის პირველი გეოლოგიური რუკა. ამ დროიდან გეოლოგიურ რუკებს სტრატიგრაფიული ხასიათი მიეცა, ხოლო სტრატიგრაფიული დანაწილებისა და კორელაციის საფუძვლად პალეონტოლოგიური მეთოდი იქცა.
პალეონტოლოგიური მეთოდის შემდგომი განვითარება ფრანგ მეცნიერ ჟორჟ კიუვიესა (1769-1832) და მის მიმდევრებს მიეკუთვნება. მაგრამ ჟორჟ კიუვიე მცდარ მეთოდოლოგიურ პოზიციას ადგა. სხვადასხვა შრეებში ორგანული ნაშთების განსხვავებებს იგი უეცარი კატასტროფებით ხსნიდა, რომლებიც დიდ სივრცეებზე სპობდნენ სიცოცხლეს (კატასტროფიზმის თეორია). მისი აზრით, ამ ტერიტორიაზე შემდეგ სხვა ადგილებიდან მოსული განსხვავებული ორგანიზმები სახლდებობდნენ. კიუვიეს მოწაფემ ა. დ’ორბინიმ ეს შეხედულება უკიდურესობამდე მიიყვანვა: მისი აზრით, კატასტროფები მთლინად სპობდნენ სიცოცხლეს, რის შემდეგაც ღვთაებრივი აქტით ახალი, უკვე შეცვლილი სიცოცხლე წარმოიქმნებოდა. მისი მტკიცებით, დედამიწის ისტორიაში 27 ასეთი კატასტროფა მოხდა. კატასტროფების ნიშნად მიაჩნდათ შრეების აშლილობა და მთების წარმოშობა. ამავე ხანებში შეიქმნა პირველი ჰიპოთეზები მთათა წარმოშობის შესახებ (ოროგენიული ჰიპოთეზები).
1825 წელს გერმანელმა მეცნიერმა ლეოპოლდ ბუხმა წამოაყენა „აზევების კრატერების“ თეორია. მისი აზრით, მთების წარმოშობის მიზეზია ვულკანიზმი — სიღრმიდან მაგმის მიწოლა.
ამავე პერიოდში ფრანგმა გეოლოგმა ლეონს ელი დე ბომონმა (1829) წამოაყენა კონტრაქციის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით ქანთა დისლოკაციები და მთები წარმოიქმნება დედამიწის გავარვარებული ბირთვის გაცივებისა და შეკუმშვის შედეგად. ამ ჰიპოთეზას იზიარებდა გეოლოგთა უმეტესობა XX საუკუნის დასაწყისამდე. 1841 წელს ელი დე ბომონმა გამოაქვეყნა საფრანგეთის გეოლოგიური რუკა. იგი ასევე დიდ ყურადღებას უთმობდა მადანთა წარმოშობის პრობლემას. მისი აზრით, გამადნებები ყოველთვის ინტრუზივებთანაა დაკავშირებული. შემოიღო ფუძე და მჟავე ქანების ცნებები.
კატასტროფების თეორია შეარყია ჩარლზ ლაიელმა 1830-1833 წწ. გამოქვეყნებულ შრომაში „გეოლოგიის საფუძვლები“. მან დაამტკიცა რომ, დედამიწის ისტორიის ასახსნელად არც ზებუნებრივი ძალებია საჭირო და არც კატასტროფები, ვინაიდან დღეს მოქმედ გეოლოგიურ აგენტებს მილიონობით წლების მანძილზე შეეძლოთ უდიდესი ცვლილებები მოეხდინათ დედამიწის ქერქის აგებულებაში. ამით არსებითად პირველად გაესვა ხაზი დროის ფაქტორს გეოლოგიურ პროცესებში. ჩარლზ ლაიელისა და მისი გერმანელი, ფრანგი და რუსი მიმდევრების დამსახურება იყო აქტუალიზმის მეთოდის შექმნა, რომელიც დედამიწის წარსულის გაშიფრვის ქმედით იარაღად იქცა. მაგრამ ამ მეთოდს (ჩარლზ ლაიელის გაგებით) თავისი ნაკლიც ჰქონდა, ვინაიდან უმართებულოდ თვლიდნენ, რომ თანამედროვე გეოლოგიური აგენტები ახლაც იმავე სიძლიერითა და შეთანაწყობით მოქმედებენ დედამიწაზე, როგორც წარსულში (უნიფორმიზმი).
აქტუალზიმს პრინციპს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩარლზ დარვინის ევოლუციური მოძღვრებისათვის, ხოლო ამ უკანასკნელს პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიისათვის.
პირველი ევოლუციონისტების (ჟან ბატისტ ლამარკი, ჟოფრუა სენტ-ილერი) ბრძოლა კატასტროფისტების წინააღმდეგ წარმატებით არ დაგვირგვინებულა, რადგან მათ ევოლუციური მიზეზები დამაჯერებლად არ ჰქონდათ გაშუქებული. ევოლუციური შეხედულებები ვითარდებოდა ჯერ კიდევ დარვინისწინა ეპოქაში.
მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი, პალეონტოლოგი და ბიოლოგი კარლ რულიე (1814-1858) იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ცოცხალი ორგანიზმი გარემოს ზემოქმედების გამო უნდა განიცდიდეს ევოლუციას. მაგრამ, აქტუალიზმის პრინციპზე დაყრდნობით, ევოლუციური მოძღვრება საბოლოო სახით დარვინმა ჩამოაყალიბა.
პალეონტოლოგიაში ეს მოძღვრება დაამკვიდრა ვლადიმერ კოვალევსკისა და სხვათა მეცნიერული კვლევის შედეგად. პალეონტოლოგიურმა მასალამ მრავალჯერ დაადასტურა ამ მოძღვრების სისწორე.
XIX საუკუნის ბოლოსათვის დადგენილ იქნა დღევანდელი სტრატიგრაფიული სკალა, რომელიც ოფიციალურად მიიღო მე-2 საერთაშორისო გეოლოგიური კონგრესის II სესიამ ბოლონიაში 1881 წელს. ამავე ხანაში გაძლიერდა გეოლოგიის დიფერენციაცია და იგი გარდაიქმნა გეოლოგიურ მეცნიერებათა კომპლექსად.
1838 წელს ამანც გრესლიმ შემოიღო ფაციესის ცნება დანალექი ქანებისათვის, რომლებიც ერთნაირ პირობებში არიან წარმოშობილი და ამიტომ ერთნაირი ლითოლოგიური და პალეონტოლოგიური ნიშნები ახასიათებთ. შემდგომში ცნობილმა რუსმა გეოლოგმა ნიკოლოზ გოლოვკინსკიმ განავითარა ფაციესების კვლევა.
მინერალოგია წარმოიშვა XVIII-XIX სს. მიჯნაზე ფრანგი მეცნიერის რენე ჟიუსტ აიუის, რუსი მეცნიერების ვასილი სევერგინის და დიმიტრი სოკოლოვის, შვედი მეცნიერის იენს იაკობ ბერცელიუსის კვლევათა საფუძველზე.
შემდომში მონერალოგიის განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს რუსეთში ნიკოლოზ კოქშაროვმა, მიხეილ ეროფეევმა და სხვ. ამავე პერიოდში (XIX ს. ბოლოს) გამოქვეყნდა ევგრაფ ფიოდოროვის უმთავრესი შრომები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს კრისტალურ ნივთიერების აგებულების თეორიასა და მინერალთა გონიომეტრული და ოპტიკური კვლევის მეთოდებს.
პოლარიზაციული მიკროსკოპის გამოყენებამ განაპირობა პეტროგრაფიის გამოყოფა და სწრაფი განვითარება. დიდძალი მასალის დაგროვებამ შესაძლებელი გახადა ქანთა პეტროგრაფიული კლასიფიკაციების შექმნა.
განსაკუთრებული აღიარება ჰპოვა რუსი მეცნიერის ფრანც ლევინსონ-ლესინგის (1861-1939) მაგმური ქანების კლასიფიკაციამ.
XX საუკუნის დამდეგიდან გაცხოველდა თეორიული კვლევა. მაგმური ქანების წარმოქმნის, მაგმის წარმოშობისა და დიფერენციაციის, მეტამორფიზმის პროცესების და სხვა პრობლემების ირგვლივ.
XIX ს. II ნახევარში საფუძველი ჩაეყარა მოძღვრებას დედამიწის ქერქის მოძრავი სარტყლების — გეოსინკლინების შესახებ, დედამიწის ქერქის მყარი უბნების — ბაქნების საპირისპიროდ.
გეოსინკლინის თეორიის ფუძემდებლები არიან ამერიკელები ჯეიმზ ჰოლი (1857-59), ჯეიმზ დანა (1873) და ფრანგი გუსტავ ემილ ოგი (1900). ჯეიმზ ჰოლმა (1811-1898) გამოიკვლია ამერიკისა და კანადის მთელი რიგი რაიონების გეოლოგიური აგებულება. აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილის სტრატიგრფიული სქემის ავტორია.
ჯეიმზ დანამ (1813-1895) შემოიღო ტერმინები „გეოსინკლინი“ და „გეოანტიკლინი“.
გუსტავ ემილ ოგი (1861-1927) იზიარებდა დედამიწის კონტრაქციისა და იზოსტაზიის თეორიებს.
1890 წელს ამერიკელმა გეოლოგმა გროვ კარლ ჯილბერტმა (1843-1918) გაარჩია დედამიწის ქერქის ორი ტიპის მოძრაობა — ნელი, ხანგრძლივი აზევება-დაძირვა და სწრაფი, ხანმოკლე დანაოჭება, რომელთაც შესაბამისად ეპეიროგენიული და ოროგენული უწოდა.
ფრანგმა გეოლოგებმა მ. ბერტრანმა და მ. ლიუჟონმა 1902 წელს ალპებში აღმოაჩინეს ახალი ტიპის სტრუქტურები — შარიაჟები, რომელთა ფართო გავრცელება შემდეგ სხვა მთებშიც დადგინდა.
მარსელ ბერტრანმა და ავსტრიელმა გეოლოგმა ედუარდ ზიუსმა XIX საუკუნის ბოლოს ევროპაში გამოყვეს სხვადასხვა ასაკის დანაოჭების ეპოქები (კალედონური, ჰერცინული, ალპური) და მათი შესაბამისი მთიანი სარტყელები, ხოლო ედუარდ ზიუსმა დაიწყო გამოქვეყნება მრავალტომიანი შრომისა „დედამიწის სახე“, რომელშიც პირველად აღწერა მთელი პლანეტის გეოლოგიური აგებულება და მთების წარმოშობა ახსნა კონტრაქციის ჰიპოთეზის თვალსაზრისით.
გეოლოგიის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი ა. კარპინსკის, ფ. ჩერნიშევოვის, კ. ბოგდანოვიჩისა და სხვ. თაოსნობით 1882 წელს პეტერბურგში დაარსებულმა გეოლოგიურმა კომიტეტმა.
გეოლოგიური აგეგმვა რუსეთში ადრეც წარმოებდა, მაგრამ გეოლოგიური რუკების შედგენის ახალი ეტაპი გეოლოგიური კომიტეტის დაარსების შემდეგ დაიწყო.
ალექსანდრე კარპინსკის (1846-1936) ავტორობითა და ხელმძღვანელობით მოკლე ხანში გამოქვეყნდა რუსეთის ევროპული ნაწილის ორი ახალი გეოლოგიური რუკა, დაიწყო რუსეთის ევროპული ნაწილის ზოგადი „ათვერსიანი“ რუკის შედგენა (მასშტაბი 1 : 4200000). 1887 წელს ალექსანდრე კარპინსკიმ პირველმა მოახერხა რუსეთის ევროპული ნაწილის გეოლოგიური განვითარების სურათის აღდგენა, ზღვის სანაპირო ხაზის გადაადგილებისა და მისი გამომწვევი მიზეზის — დედამიწის ქერქის ნელი ვერტიკალური მოძრაობების დადგენა. მან შენიშნა, რომ ეს მოძრაობები მოიცავენ დიდ სივრცეებს და უპირისპირდებიან ვიწრო ზოლში მიმდინარე მთათწარმომქმნელ მოძრაობებს. ამრიგად ალექსანდრე კარპინსკიმ გროვ კარლ ჯილბერტზე ადრე გაარჩია დედამიწის ქერქის ორი ტიპის მოძრაობა.
გეოლოგიის განვითარების ტემპი, ისე როგორც საერთოდ ბუნებისმეტყველებისა, განსაკუთრებით გაძლიერდა XX საუკუნეში. ელემენტთა რადიოაქტიური დაშლის აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა ქანთა აბსოლუტური ასაკისა და გეოლოგიური პროცესების ხანგრძლივობის დადგენის ახალი მეთოდების შექმნა. ამ მეთოდებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა კამბრიულისწინა ნალექების სტრატიგრაფიაში, სადაც პალეონტოლოგიური მეთოდი ნამარხების უქონლობის გამო უძლური იყო. რადიოაქტიური სითბოს დაუკავშირეს დედამიწის შინაგანი სითბური ენერგია და მისი გეოლოგიური გამოვლინებები — ტექტონიკური მოძრაობები და ვულკანიზმი. ამან მნიშვნელოვნად შეარყია კონტრაქციის ჰიპოთეზის საფუძველი. შეიცვალა აგრეთვე არსებული წარმოდგენა დედამიწის პირვანდელი გავარვარებული, თხიერი მდგომარეობის შესახებ.
ახალი წარმოდგენით დედამიწა მყარი ცივი ნაწილაკების დაგროვების შედეგად წარმოიშვა, ამ მოსაზრებამ გამოხატულება ჰპოვა გამოჩენილი მეცნიერის ოტო შმიდტის (1891-1956) კოსმოგონიურ ჰიპოთეზაში.
უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა რეგიონულ გეოლოგიურ კვლევასა და გეოლოგიურ აგეგმვას. ამასთან დაკავშირებით ფართოდ გაიშალა სტრატიგრაფიული სამუშაოები და მათ საფუძველზე მოხდა სტრატიგრაფიულ სქემათა დეტალიზაცია.
თუ XX საუკუნემდე მხოლოდ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სტრატიგრაფიული სქემები არსებობდა, ახლა ისინი ყველა კონტინენტისათვის იქმნება.
ბურღვითი სამუშაოების გაფართოებამ და ღრმა ბურღვამ გამოიწვია კვლევის ახალი მეთოდების განვითარება. ამჟამად ღრმა ბურღვის შედეგად სიღრმიდან ამოღებული ქანების დასათარიღებლად იყენებენ ნამარხი ფლორისა და ფაუნის (ფორამინიფერების, რადიოლარიების, დიატომეების და სხვა ნიჟარების, მცენარეული მტვრისა და სპორების) მიკროსკოპულ ნაშთებს. შეიქმნა მიკროპალეონტოლოგია.
რუსეთში და სხვა ქვეყნებში შექმნილმა შრომებმა დიდი როლი ითამაშა სტრატიგრაფიის განვითარებაში. დეტალურად დამუშავდა პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფია.
XX საუკუნეში ტექტონიკის განვითარებისათვის დამახასიათებელია დედამიწის ქერქის მოძრაობათა დეტალიზაცია. დიდი ყურადღება ეთმობა კონტინენტების შესაძლო ჰორიზონტულ გადაადგილებას (ეპეიროფორეზი), ტექტონიკური ფორმების კლასიფიკაციას და გეოსინკლინებისა და ბაქნების თეორიის შემდგომ განვითარებას (რუსეთში — ანდრია არხანგელსკი, მიხეილ ტეტიაევი, ნიკოლოზ შატსკი, ვლადიმერ ბელოუსოვი, მიხეილ მურატოვი, ვიქტორ ხაინი; გერმანიაში — ჰანს შტილე, სერგეი ბუბნოვი; საფრანგეთში — ჟან გოგელი; შვეიცარიაში — ემილ არგანი; აშშ-ში — მარშალ კეი), რის საფუძველზეც დაადგინეს უკანასკნელთა ტიპები და განვითარების სტადიები.
ჰანს შტილეს კონცეფციით, დედამიწის ქერქის მზარდი კონსოლიდაციის ხანგრძლივ პერიოდებს მოჰყვება უფრო ხანმოკლე დანაოჭების ფაზისები, რომლებიც მთელ დედამიწაზე ერთდროულად გამოვლინდება.
ვლადიმერ ბელოუსოვმა მთელი რიგი შრომები მიუძღვნა ტექტონიკის, ტექტონოფიზიკისა და გეოფიზიკის საკითხებს. საფუძვლიანად შეისწავლა კავკასიისა და რუსეთის ბაქნის გეოლოგიური ისტორია.
1946 წელს პირველად გამოითქვა მოსაზრება დედამიწის ქერქში სიღრმული რღვევების არსებობის შესახებ (ა. პეივე, ნ.ა. შტრეისი), თეორიული ტექტონიკისა და გეოფიზიკის მიღწევებმა, აგრეთცე ღრმა ბურღვამ შექმნა ტექტონიკური დარაიონების წინაპირობები (კონტინეტების დანაწილება სხვადასხვა ისტორიის, და შესაბამისად, გეოლოგიურ ფორმაციათა გარკვეული რიგების მქონე უბნებად). მოძღვრება ფორმაციებზე ჩამოყალიბებულია ნიკოლოზ შატსკისა და ნიკოლოზ ხერასკოვის შრომებში, ხოლო მაგმურ ფორმაციებზე — იური კუზნეცოვის შრომებში.
50-60-იან წწ. დაიწყო ყოფილი სსრკ-ის, ევრაზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიების ტექტონიკური რუკებისა და ცალკეულ მხარეთა მსხვილმასშტაბიანი ტექტონიკური რუკების შედგენა.
რუსეთში საფუძველი ჩაეყარა უახლეს ტექტონიკურ მოძრაობათა შესწავლას და ცალკე დარგად ჩამოყალიბდა ნეოტექტონიკა. მის განვითარება-ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ვ. ობრუჩევმა, ნ. ნიკოლაევმა და ს. შულცმა.
პეტროგრაფიას გამოეყო დანალექ ქანთა პეტროგრაფია (ლითოლოგია), რომლის განვითარებას დიდი ღვაწლი დასდეს რუსმა და ამერიკელმა მეცნიერებმა. ლითოლოგიას უკავშირდება მოძღვრებას ფაციესების შესახებ (დ. ნალივკინი). კაპიტალური შრომები შეიქმნა მაგმური და მეტამორფული ქანების პეტროგრაფიაში, ქვანახშირის, აირისა და ნავთობის გეოლოგიაში. ჩამოყალიბდა ახალი დარგი — მეტალოგენია. მისი აზრის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს: ს. სმირნოვმა, ი. ბილიბინმა, ვ. ლინდგრენმა, ჰ. შნაიდერჰენმა და ა.შ.
გეოლოგიისა და გეოქიმიის მიჯნაზე გამოიყო გეოქიმია (ვლადიმერ ვერნადსკი, ვიქტორ მორიც გოლდშმიდტი), რომლის განვითარებაში უდიდესი ღვაწლი დასდეს გემოჩენილმა მეცნიერებმა ალექსანდრე ფერსმანმა და ალექსანდრე ვინოგრადოვმა.
უდიდესი მიღწევები აქვთ გეოლოგიის სხვა დარგებსაც: ვულკანოლოგიას, ჰიდროგეოლოგიას, მეოთხეულ გეოლოგიას და ა.შ.
დღესაც XXI საუკუნეში აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიის კარდინალური საკითხების შესწავლა. ყველა მაღალგანვითარებად სახელმწიფოში არსებობს გეოლოგიის სამეცნიერო დაწესებულებები, სადაც ფართოდ მიმდინარეობს გეოლოგიის დარგების კომპლექსური შესწავლა.
გეოლოგიური მეცნიერება საქართველოში
რედაქტირებასაქართველოს გეოლოგიური შესწავლის მოკლე ისტორია
რედაქტირებასაქართველოს გეოლოგიას არაკომპლექსური ხასიათთ პირველი აღწერს შვეიცარიელი მეცნიერი დიუბუა დე მონპერე, რომელიც ამასთანავე პირველი ადგენს საქართველოს გეოლოგიურ რუკას.
პირველმა ქართველმა გეოლოგმა გ. წულუკიძემ გააშუქა ამიერკავკასიის რეგიონული გეოლოგიის რიგი საკითხები. გეოლოგმა ს.ვ. სიმინოვიჩმა გამოიკვლია კავკასიის გეოლოგიური აგებულება და ამასთანავე გამოაქვეყნა სამეცნიერო შრომები - სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოლოგიის შესახებ. საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიის სისტემატურ კვლევას ხელი მოჰკიდა აკადემოკოსმა - ჰერმან აბიხმა, რომელმაც კავკასიაში თითქმის 40 წელი იცხოვრა.
ქართველმა გეოლოგებმა თვალშისაცემი კვლევები მხოლოდ XX საუკუნეში მიიღეს. ამ პერიოდში საქართველოში მოღვაწეობდა მრავალი გამოჩენილი გეოლოგი, რომლებმაც საფუძვლიანად შეისწავლეს გეოლოგიის ყველა ძირითადი დარგი. საქართველოში მეცნიერული გეოლოგიის წამომწყებნი არიან: ალექსანდრე ჯანელიძე, ალექსანდრე თვალჭრელიძე, კალისტრატე გაბუნია და სხვ. მათ შექმნეს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები, ამასთანავე მათივე ინიციატივით დაარსდა გეოლოგიის ინსტიტუტი, გეოლოგიის საზოგადოება და სხვ. გეოლოგიის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა შრომები, მონოგრაფიები, სამეცნიერო სტატიები და სხვ.
გეოლოგიის აზრის განვითარების ტემპები ვითარდება XX საუკუნის შუა წლებიდან, სადაც იწყებენ გეოლოგიის ძირითადი დარგების შესწავლას და ახალი რუკების შედგენას.
XX საუკუნის 40-იანი წლებიდან იწყება საქართველოს ტერიტორიის გეოტექტონიკური დარაიონება, გამოყოფილ იქნა მსხვილი გეოტექტონიკური ერთეულები, როგორიცაა მაგ.: საქართველოს ბელტი და სხვ. საქართველოს გეოტექტონიკურ დარაიონებაში დიდი წვლილი მიუძღვით ალექსანდრე ჯანელიძესა და პეტრე გამყრელიძეს.
საქართველოს ტექტონიკური და სტრატიგრაფიული საკითხები მაღალ მეცნიერულ დონეზე აღწერა აკადემიკოსმა არჩილ ცაგარელმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ასევე მისი შრომები საქართველოს ცარცული ნალექების შესახებ. დიდი წარმატებები მოიპოვეს აგრეთვე გეოლოგიის დარგებმა - ვულკანოლოგიამ, პეტროლოგიამ, მინერალოგიამ, პალეონტოლოგიამ და სხვ.
აღსანიშნავია ასევე ლეონიდე გაბუნიას მიერ აღმოჩენილი ბენარის ნამარხი ფაუნა.
საქართველოს გეოლოგიური კვლევის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ქარველმა გეოლოგებმა : ალექსანდრე ჯანელიძემ, ალექსანდრე თვალჭრელიძემ, კალისტრატე გაბუნიამ, გიორგი ძოწენიძემ, ლეონიდე გაბუნიამ, არჩილ ცაგარელმა, პეტრე გამყრელიძემ, ივანე კახაძემ, ივანე კაჭარავამ, გიორგი ზარიძემ, იოსებ ბუაჩიძემ და სხვ.
კვლევის მეთოდები
რედაქტირებაგეოლოგია იყენებს სხვადასხვა საბუნებისმეტყველო მეცნირების მეთოდს, რათა ახსნას ლითოსფეროში მიმდინარე პროცესები. მაგ.: ოროგენეზისი, მადანწარმომშობი პროცესები, დედამიწის ამგებ ქანთა შედგენილობა და სხვ.
გეოლოგიის პრაქტიკულ და თეორიულ საკითხთა უმეტესობა დედამიწის ქერქის ზედა ნაწილზე უშუალო დაკვირვებებით წყდება. გეოლოგიური კვლევის მეთოდები უმთავრესად ემყარება ქანებზე დაკვირვებებს ბუნებრივ გაშიშვლებებსა და ხელოვნურ გამონამუშევრებში (შურფებში, კარიერებში, მაღაროებში და სხვ.). ქანებს შეისწავლიან ბუნებაშიც და მათი ნიმუშების ლაბორატორიული კვლევითაც. ველზე მუშაობის სავალდებულო ელემენტია გეოლოგიური აგეგმვა და გეოლოგიური რუკის შედგენა, რომელზედაც აისახება ქანების გავრცელება, გენეზისი, ასაკი, შედგენილობა; ხოლო თანდართულ გეოლოგიურ ჭრილებზე გამოჩნდება ქანების განლაგება და ურთიერთდამოკიდებულება.
რუკები და ჭრილები ძირითადი დოკუმენტებია ემპირიული განზოგადებებისა და დასკვნებისათვის, რომელთა საფუძველზეც ეძიებენ სასარგებლო წიაღისეულს, აფასებენ მშენებლობის საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებს.
აგეგმვის მონაცემების დასაზუსტებლად ხშირად მიმართავენ ბურღვას, რომელიც საშუალებას გვაძლევს აგრეთვე შევისწავლოდ ქანების ნიმუშები დიდი სიღრმიდან. ზეღრმა ბურღვის მიზანია სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობი, აირი და სხვ.), აგრეთვე დედამიწის სითბოსა და ახალი ნივთიერებების გამოყენება, დედამიწის ქერქის გეოლოგიური სტრუქტურის შესწავლა.
განსაკუთრებით დიდი სიღრმითი ბურღვები მიმდინარეობდა აშშ-ში, რუსეთში და სხვ. სარეკორდო ზეღრმა ბურღვითი სამუშაოები ჩატარდა კოლის ნახევარკუნძულზე, რომელმაც სარეკორდო ნიშნულს მიაღწია — 12 კმ. აღმოჩნდა, რომ ასეთ სიღრმეში ტემპერატურა უდრის 220°. აქვე მოიპოვეს უნიკალური ქანებიც. თუმცა ვითარება გართულდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ტექნიკური გაუმართაობა. შედეგად პროექტი დაიხურა.
ანალოგიური პროექტი განხორციელდა აშშ-ში თუმცა აქ სიტუაცია რადიკალურად დაიძაბა, როდესაც მიწის სიღრმიდან დაიწყო ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფა. აქ ნიშნულმა თითქმის 10 კმ-ს მიაღწია. წარმატებით მიმდინარეობს ზღვისა და ოკეანის ფსკერის ბურღვაც. თუმცა საყურადღებოა, რომ გეოლოგიური ზეღრმა ბურღვა დიდ რისკთანაა დაკავშირებული.
კვლევის მიმართულება
რედაქტირებაგეოლოგიის როგორც მეცნიერების სტრუქტურა
რედაქტირებაგეოლოგიურ კვლევაში განირჩევა სამი მთავარი მიმართულება:
აღწერითი გეოლოგია – რომლის ამოცანაა მინერალებისა და ქანების აღწერა, ქანების განლაგების ფორმების, ურთიერთობისა და სხვა მსგავსი საკითხების შესწავლა;
დინამიკური გეოლოგია – იკვლევს როგორც გარედუნამიკურ ანუ ეგზოგენურ (ქანების გამოფიტვა და ნაშალი მასალის გადატანა, ქარის მდინარის, მყინვარის, მიწისქვეშა წყლის მიერ, ტბის, ზღვისა და ოკეანის მოქმედება), ისე შიგადინამიკურ ანუ ენდოგენურ (დედამიწის ქერქის მოძრაობა, მიწისძვრა, ვულკანიზმი და სხვ.) გეოლოგიურ პროცესებს;
ისტორიული გეოლოგია – რომლის მიზანია დედამიწის გეოლოგიური წარსულის აღდგენა. ქანების წარმოქმნის თანამიმდევრობის დადგენა და სხვადასხვა გეოლოგიური პროცესების (ტექტოგენეზისი, მეტამორფიზმი, ტრანსგრესიები და რეგრესიები, გამყინვარება, წიაღისეული სადოების წარმოშობა და სხვ.) განვითარებისა და მონაცვლეობის გარკვევა.
სამივე მიმართულება ერთანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ყოველი გეოლოგიური ობიექტი სამივე თვალსაზრისით შეისწავლება, თუმცა ძირითადი მაინც ისტორიული მიმართულებაა.
ისტორიულ გეოლოგიური ანალიზი ორ ძირითად პრინციპს ემყარება. პირველია შრეებრივ-დანალექ ქანთა თანამიმდევრული დალექვის (სტრატიგრაფიული) პრინციპი. იგი ქანებს განიხილავს როგორც დედამიწის ისტორიის „ქვის მატიანეებს“, ქანის შედგენილობაში და მასში განამარხებულ ცხოველურ და მცენარეულ ნაშთებში „ჩაწერილია“ ქანის წარმოქმნისდროინდელი გარემოს გეოგრაფიული ვითარება. მეორე პრინციპია ორგანული ბუნების ევოლუციის შეუქცევადობა, რომლის მიხედვითაც დედამიწის ისტორიის თითოეულ მონაკვეთს გარკვეული ცხოველური და მცენარეული სამყარო ახასიათებს (პალეონტოლოგიური მეთოდი). ამ ორი პრინციპის საფუძველზე დედამიწის ქერქის ამგებელი ქანები დანაწილებულია სხვადასხვა რიგის სტრატიგრაფიულ ერთეულებად.
გეოლოგიურ პროცესთა თავისებურება, ხანგრძლივობა (მილიონი წლები) და დიდ ფართობზე გავრცელება აძნელებს მათ შესწავლას. წარსულის გეოლოგიური პროცესების გასარკვევად მიმართავენ აქტუალიზმის მეთოდს, რომლის მიხედვით მსგავს პირობებში გეოლოგიური პროცესები ერთმანეთის მსგავსად უნდა ვითარდებოდნენ. ამიტომ თანამედროვე პროცესებზე (მაგ., მდინარის მოქმედებაზე) დაკვირვება საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა წარსულში ანალოგიური პროცესები. აქტუალიზმის მეთოდი უაღრესად ნაყოფიერია, მაგრამ რაც უფრო ძველ ნალექებთან გვაქვს საქმე, მით უფრო შეზღუდულია მისი გამოყენება, რადგან დედამიწაზე გეოლოგიური და გეოგრაფიული ვითარება შეუქცევად ცვლილებება განიცდიდა.
გეოლოგიის თეორიულ საკითხებს მჭიდროდ უკავშირდება პრაქტიკული ამოცანები, უპირველეს ყოვლისა, სასარგებლო წიაღისეულების ძიება და პროგნოზირება. გეოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე საინჟინრო ნაგებობათა დაპროექტების, სოფლის მეურნეობის, სამხედრო საქმისათვის და სხვ.
გეოლოგიის დიფერენციაცია და მისი დარგები
რედაქტირებაგეოლოგიის საგანი
რედაქტირებაგეოლოგია ისევე როგორც სხვა მეცნიერებები განიცდიდა და განიცდის ინტენსიურ დიფერენციაციას, რაც საბოლოო ჯამში, განაპირობებს მის შეჭრას სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. XX საუკუნე გეოლოგიის დიფერენციაციის პიკია.
გეოლოგია რამდენიმე დისციპლინისაგან შედგება. მათი რიცხი თანდათან იზრდება თითოეული მათგანის დიფერენციაციისა და ახალ მეცნიერულ მიმართულებათა წარმოშობის გამო.
გეოლოგიის დისციპლინათა უმეტესობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. გეოლოგიის დარგებია :
- მინერალოგია — მოძღვრება მინერალებზე, როგორც ბუნებრივ მდგრად ქიმიურ ნაერთებზე;
- პეტროგრაფია — შეისწავლის ისეთ ქანებს, რომლებიც მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში წარმოიქმნება;
- პეტროლოგია — შეისწავლის ქანების წარმოშობას;
- სტრუქტურული გეოლოგია — მოძღვრება ქანთა განლაგების, ურთიერთობისა და აშლილობის შესახებ;
- ტექტონიკა — შეისწავლის დედამიწის ქერქის მოძრაობას;
- ლითოლოგია — მეცნიერება დანალექი ქანებისა და დანალექი საბადოების შესახებ;
- გეობაროთერმომეტრია — აფიქსირებს მინერალების და ქანების ტემპერატურისა და წნევის მეთოდებს;
- გეოდინამიკა — შეისწავლის ბუნების სიღრმით ძალებსა და პროცესებს;
- პალეონტოლოგია — (მეცნიერება წარსულის გეოლოგიური დროისა და ორგანიზმების შესახებ;
- სტრატიგრაფია — დანალექ ქანთა შრეების დალექვის თანამიმდევრობის დადგენა;
- გეოქრონოლოგია — ადგენს მინერალებისა და ქანების ასაკს;
- გეოკრიოლოგია — მრავალწლოვან მზრალობასთან დაკავშირებული პროცესების შესწავლა;
- პალეოგეოგრაფია — გეოლოგიური მასალის დახმარებით წარსული გეოლოგიური პერიოდებისა და საუკუნეების ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების რეკონსტრუქცია;
- სასარგებლო წიაღისეულების გეოლოგია — შეისწავლის სასარგებლო წიაღისეულების ადგილმდებარეობასა და მათ ძიებას.
გეოლოგიას ცალკე დარგად გამოეყო ასევე მეოთხეული გეოლოგია, რომელიც მეოთხეულ სისტემას შეისწავლის. მეოთხეული გეოლოგიის გამოყოფა ცალკე დარგად განპირობებულია ამ სისტემის ნალექების ხასიათით, რაც განსაზღვრავს კვლევის მეთოდების თავისებურებას.
გეოლოგიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ასევე ფიზიკური გეოგრაფიის დარგები - გეომორფოლოგია და სპელეოლოგია.
გეოლოგიურ დისციპლინებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია შედარებით ახალ დარგს - ზღვის გეოლოგიას, რომელიც სწრაფად განვითარდა ოკეანისა და ზღვის ფსკერის მინერალური რესურებისადმი მზარდი ინტერესის გამო. ზღვის გეოლოგია შეისწავლის ოკეანეებისა და ზღვის ფსკერის გეოლოგიას.
გეოლოგიის დისციპლინათა რიცხვი ამით არ ამოიწურება, ბევრი მათგანი მკვეთრ დიფერენციაციას განიცდის მისი ობიექტის მრავალფეროვნების გამო. მაგალითად, სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიაში გამოიყოფა ნავთობისა და აირის გეოლოგია, ქვანახშირის გეოლოგია, მადნეული და არამადნეული საბადოების გეოლოგია და ა.შ.
გეოლოგიაში ქიმიური და ფიზიკური მეთოდების გამოყენებამ წარმოშვა პალეომაგნეტიზმი, ტექტონოფიზიკა და სხვ.
გეოლოგიის კავშირი სხვა მეცნიერებებთან
რედაქტირებაგეოლოგია საერთო საბუნებისმეტყველო სისტემაში
რედაქტირებამეტად მჭიდროა გეოლოგიის კავშირი სხვა მეცნიერებებთან, განსაკუთრებით კი დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებთან, რაც აძნელებს გეოლოგიის საგნის შემოფარგვლას. გეოლოგიაში ფიზიკური და ქიმიური მეთოდების ფართო გამოყენებამ გამოიწვია მოსაზღვრე დისციპლინების - გეოფიზიკისა და გეოქიმიის განვითარება.
გეოფიზიკა მთლიანად იკვლევს დედამიწას და მისი გეოსფეროების ფიზიკურ თვისებებს, მათში მიმდინარე პროცესებს.
გეოქიმია შეისწავლის დედამიწაში ქიმიური ელემენტების განაწილებისა და მიგრაციის კანონზომიერებებს. აღნიშნული დისციპლინები სარგებლობენ კვლევის გეოლოგიურ მეთოდებითაც, ამიტომ მათი გამიჯვნა და ადგილი დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სისტემაში სადისკუსიოა. ისინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც გეოლოგიის ნაწილებიც და როგორც დამოუკიდებელი მეცნიერებანიც.
გეოლოგიას მჭიდრო კავშირი აქვს გეოდეზიასთან და ფიზიკურ-გეოგრაფიულ მეცნიერებათა კომპლექსთან.
პალეონტოლოგია აკავშირებს გეოლოგიას ბიოლოგიურ მეცნიერებებთან. დედამიწის განვითარების შესწავლისათვის საჭიროა მისი წარმოშობისა და საწყისი მდგომარეობის ცოდნაც, რასაც იკვლევს ასტრონომიის ნაწილი - კოსმოგონია. ამიტომ გეოლოგია ასტრონომიასთანაცაა დაკავშირებული. ამრიგად გეოლოგია უკავშირდება ყველა საბუნებისმეტყველო მეცნიერებას.
გეოლოგია ასევე განსაკუთრებულად გეოგრაფიასთანაა დაკავშირებული, სახელდობრ: გეოლოგიასა და გეოგრაფიას შორის ერთგვარ ”ხიდს” ქმნის გეომორფოლოგია. ასევე პალეოგეოგრაფია, სპელეოლოგია და გლაციოლოგია. ამრიგად იგი ფიზიკურ-გეოგრაფიაში საკმაოდ ფართოდ იჭრება.
გეოლოგიის საერთო ცნებები და ტერმინები
რედაქტირებაგეოლოგიური დაწესებულებები
რედაქტირებაგეოლოგიის ძირითადი ამოცანები
რედაქტირებავინაიდან სასარგებლო წიაღისეულის ზედაპირული რესურსები დედამიწაზე თითქმის ამოიწურა, გეოლოგიის ერთ-ერთი ძირითი ამოცანაა წიაღში დაფარული საბადოების ძიება. ეს კი აუცილებელს ხდის დედამიწის ქერქისა და ზედა მანტიის დეტალურ შესწავლას და ამ მიზნით გეოფიზიკური და გეოქიმიური მეთოდებისა და ზეღრმა ბურღვის გამოყენებას.
მაგალითად ნავთობი, როგორც ამომწურავი ბუნებრივი რესურსის დაძიებული მარაგი შეადგენს - 210 მლრდ. ტ. (2004), არადაძიებული მარაგი კი - 52-იდან - 260 მლრდ. ტ. უტოლდება. გასული საუკუნის 70-იანი წწ. ბოლოს ნავთობის დაძიებული მარაგი უდრიდა - 105 მლრდ. ტ.-ს. ე.ი. წარსულში დაძიებული მარაგის რაოდენობა იზრდებოდა. ხოლო უკანასკნელი ცნობებით მისი მარაგი რამდენადმე კლებულობს. ნავთობი ენერგეტიკის ძირითადი წყაროა.
გეოლოგიის აქტუალური ამოცანაა ოკეანისა და ზღვის ფსკერის შესწავლა (მთელი დედამიწის ზედაპირის 71%), რაც განაპირობებს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების ზრდას და დედამიწის შინაგანი სითბოს მომავალი ენერგეტიკული რესურსის თვალსაზრისით შესწავლა.
გეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა დედამიწის განვითარების თეორიის შემდგომი დამუშავება, ვინაიდან გარეგან და შინაგან დინამიურ ძალთა მოქმედება განსაზღვრავს სასარგებლო წიაღისეულის გავრცელების კანონზომიერებებს. კოსმოსურმა კვლევების წარმატებებმა წინ ამოსწიეს დედამიწისა და სხვა პლანეტების შედარებითი შესწავლის პრობლემა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- GeologyForum.org დაარქივებული 2011-09-03 საიტზე Wayback Machine. an online community for fans of everything Geologic!
- James Hutton's Theory of the Earth დაარქივებული 2010-11-28 საიტზე Wayback Machine.
- Charles Lyell's Elements of Geology
- Charles Lyell's Principles of Geology, or the Modern Changes of the Earth and its Inhabitants, Considered as Illustrative of Geology
- American Geophysical Union
- European Geosciences Union
- Geological Society of America დაარქივებული 2011-10-29 საიტზე Wayback Machine.
- Earth Science News, Maps, Dictionary, Articles, Jobs
- Geological Society of London
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანელიძე ა., ზოგადი გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1972;
- ჯანელიძე ა., ნარკვევები გეოლოგიის ისტორიიდან, თბ., 1959;
- ცაგარელი ა., ქსე, ტ. 3, გვ. 77-81, თბ., 1978;
- Тихомиров В. В., Хаин В. Е., Краткий очерк истории геологии, М., 1956;
- История геолого-географических наук, в. 1—3, М., 1959—62;
- Взаимодействие наук при изучении Земли, М., 1963;
- Гордеев Д. И., История геологических наук, ч. 1 — От древности до конца 19 в., М., 1967;
- Горшков Г. П., Якушова А. Ф., Общая геология, 2 изд., М., 1962;
- Шатский Н. С., Избр. труды, т. 1—4, М., 1963—65;
- Философские вопросы геологических наук, М., 1967.