ლეონიდე გაბუნია

ქართველი პალეონტოლოგი

ლეონიდე (ლეო) კალისტრატეს ძე გაბუნია (დ. 13 სექტემბერი, 1920, ირკუტსკი, — გ. 8 მაისი, 2001, თბილისი) — ქართველი მეცნიერი და პალეონტოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1959). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969).

ლეონიდე გაბუნია
დაბ. თარიღი 13 სექტემბერი, 1920(1920-09-13)
დაბ. ადგილი ირკუტსკი
გარდ. თარიღი 8 მაისი, 2001(2001-05-08) (80 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა პალეონტოლოგი
მამა კალისტრატე გაბუნია
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი
შრომის წითელი დროშის ორდენი მედალი „შრომითი მამაცობისათვის“

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

ლეონიდე გაბუნია დაიბადა 1920 წლის 13 დეკემბერს, ქალაქ ირკუტსკში ციმბირისა და კავკასიის გეოლოგიის მკვლევარის, ქართული გეოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის კალისტრატე გაბუნიას ოჯახში.

 
ლეონიდე გაბუნიას მამა - კალისტრატე გაბუნია

მისი შვილებიდან ცნობილია აგრეთვე ქართველი კომპიზიტორი, პიანისტი და პედაგოგი ნოდარ გაბუნია, რომელიც 1983-2000 წლებში იყო თბილისის კონსერვატორიის რექტორი.

 
გია ყანჩელი და ლეონიდე გაბუნიას ძმა, კომპოზიტორი ნოდარ გაბუნია

ლეონიდე გაბუნიამ თბილისის მე-14 საშუალო სკოლის დასრულებისთანავე, 1938 წელს სწავლა განაგრძო კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე, სადაც მას პალეონტოლოგიას ასწავლიდა ცნობილი მეცნიერი ლეო დავითაშვილი, რომელიც შემდგომში მის მიერ დაარსებულ პალეონტოლოგიის ინსტიტუტს ჩაუდგა სათავეში.

1944 წელს საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ, ლეო გაბუნიამ ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში — „პალეონტოლოგიის“ სპეციალობით განაგრძო სწავლა. 1946 წელს მან ლეო დავითაშვილის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. მისი ეს ნაშრომი აფხაზეთის, სამეგრელოსა და გურიის მოლუსკურ ფაუნათა ბიოსტრატიგრაფიულ პარალელიზაციას მიეძღვნა.

სამეცნიერო საქმიანობა

რედაქტირება

1947 წლის დასაწყისში ლეონიდე გაბუნიამ მუშაობა დაიწყო გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. სწორედ აქ დაინტერესდა ახალგაზრდა მეცნიერი ხერხემლიანთა პალეონტოლოგიით და ის ხანგრძლივი ვადით მიავლინეს მოსკოვში, სადაც საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგიის ინსტიტუტში ელდარის ჰიპარიონების ნაშთების შესწავლას შეუდგა. 1948 წლის დამლევს ლეონიდე გაბუნია თბილისში დაბრუნდა.

1951 წელს ლეონიდე გაბუნია გახდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის, ახლადშექმნილი პალეობიოლოგიის სექტორის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1951 წელს მან მოაწყო პალეონტოლოგიური ექსპედიცია აღმოსავლეთ საქართველოში და აგრეთვე დაასრულა სათაფლიის ცარცულ დინოზავრთა ნაკვალევის შესწავლა.

1953 წლის მარტში ლეონიდე გაბუნიამ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიურ ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია — „ჰიპარიონების ისტორია (სსრკ ნეოგენის მასალების მიხედვით)“. 1957 წელს მან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ხერხემლიანთა პალეობიოლოგიის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობდა 20 წლის განმავლობაში. 1959 წლის ნოემბრიდან ლეონიდე გაბუნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის პროფესორია. 1961 წელს ლეონიდე გაბუნია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1969 წელს კი აკადემიკოსად აირჩიეს.

 
ლეო გაბუნია - პალეონტოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

1976 წელს ლეო გაბუნიას ირჩევენ ჯერ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივნად, ხოლო 1977 წელს - საქართველოს სსრ მეცნეირებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად.

1977 წელს ლეონიდე გაბუნია აირჩიეს საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტად.

1980 წლიდან ლეონიდე გაბუნია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს ბიოლოგიის, მედიცინისა და სოფლის მეურნეობის სექციას ჩაუდგა სათავეში, ხოლო 1986 წლიდან კი იყო სამეცნიერო-პოპულარული სერიის რედკოლეგიის თავმჯდომარე. წლების განმავლოაბში ლეონიდე გაბუნია იყო მეცნიერულ-პოპულარული სერიის „ათინათის“ რედაქტორი.

ლეონიდე გაბუნიას პალეონტოლოგიური გამოკვლევები შეიძლება შემდეგნაირად დაჯგუფდეს:

  • საქართველოსა და სსრკ სამხრეთ ზოლის ადრემესამეული ძუძუმწოვრებისადმი მიძღვნილი ნაშრომები;
  • გამოკვლევები ნეოგენურ ძუძუმწოვართა შესახებ;
  • მეოთხეული ძუძუმწოვრებისა და პალეონთროპოლოგიისადმი მიძღვნილი ნაშრომები;
  • შრომები ქვეწარმავალთა პალეონტოლოგიაში;
  • გამოკლევები პალეოცენური მოლუსკების პალეობიოლოგიის დარგში;
  • შრომები პალეობიოგიის თეორიულ პრობლემებზე;
  • შრომები ბიოლოგიასა და ქრონოსტრატიგრაფიაში;
  • შრომები მეცნიერების ისტორიის დარგში;
  • მეცნიერულ-პოპულარული გამოცემები.

ლეონიდე გაბუნიას შრომებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ყაზახეთში მდებარე ზაისანის ღრმული პალეოგენური ძუძუმწოვრებისადმი მიძღვნილი შრომათა სერია. 1974 წელს გამოქვეყნდა ლეო გაბუნიას წიგნი „ბელომეჩეტსკაიას ჩოკრაკულ ხერხემლიანთა ფაუნა“, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ წარმოადგენს ახალი ტიპის გეოლოგიურ-პალეობიოლოგიურ გამოკვლევას. ლეონიდე გაბუნიას ნაშრომების ერთი ნაწილი კავკასიის გვიანმიოცენურ და პლიოცენურ ძუძუმწოვართა ცალკეულ საინტერესო მონაპოვარს ეძღვნება, კერძოდ: სამხრეთულ სპილოსა და სტენოსის ცხენს კოსიაკინოდან, გიგანტური დამანების ახალ გვარს ქვაბებიდან (თანაავტორი აბესალომ ვეკუა), ნამარხ ხორთუმიანებს აღმოსავლეთ საქართველოდან და სხვა.

აგრეთვე ყურადღების ღირსია ლეონიდე გაბუნიას ნაშრომები კავკასიაში მოზაზავრის პირველი ნაშთების მონაპოვრისა და ოლიგოცენური გიგანტური კუს შესახებ სამხრეთ საქართველოში[1].

მისი გამოკვლევები გამოქვეყნებულია საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, აშშ-ს, გერმანიის, ჩინეთის პერიოდულ გამოცემებში. ლეონიდე გაბუნია არის ავტორი წიგნებისა:

  • „დინოზავრების ნაკვალევი“ (1958)[2];
  • „ჰიპარიონების ისტორია“ (1959)[3];
  • „ბენარის ოლიგოცენურ ხერხემლიანთა ფაუნა“ (1974);
  • „ლუი დოლო“ (1976);

მრავალი გამოკვლევა მიუძღვნა კავკასიის ოლიგოცენურ და შუა მიოცენურ ხერხემლიანებსა და ჰიპარიონულ ფაუნას. გამოქვეყნებული აქვს შრომები პალეონტოლოგიის თეორიულ პრობლემებზე და მეცნიერულ ისტორიის საკითხებზე.

ლეონიდე გაბუნია ხელმძღვანელობდა პალეონტოლოგიურ ექსპედიციებს ყუბანისპირეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში. ბენარის ოლიგოცენური ხერხემლიანების გამოკვლევისათვის, 1964 წელს მიენიჭა მოსკოვის ბუნებისმეტყველთა საზოგადოების საპატიო დიპლომი და ამავე საზოგადოების ლაურეატობა 1966 წელს. 1997 წელს საქართველოში პალეონტოლოგიისა და გეოლოგიის მეცნიერებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.[4] ლეონიდე გაბუნია იყო საფრანგეთის გეოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი (1967), აშშ-ის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის საზოგადოების წევრი (1972) და სხვა. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის საზოგადოება ცოდნის საპატიო დიპლომი (1976 წელს), ფრანგული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საფრანგეთის პალმის ორდენის ოფიცერი (1999).

ლეონიდე გაბუნია იყო პირველი ვინც აღწერა ნეანდერტალელთა ნაშთები კავკასიაში და გამოიკვლია დასავლეთ ევრაზიის უძველესი ჰომინიდის — დმანისის ადამიანის ქვედა ყბა.

გარდაცვალება

რედაქტირება

ლეონიდე გაბუნია გარდაიცვალა 2001 წლის, 8 მაისს, ქალაქ თბილისში.

ორგანიზაციები და ასოციაციები

რედაქტირება

ჯილდოები და წოდებები

რედაქტირება
  • 2004 — საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1992-2001 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - „დმანისელი ადამიანის ადგილი ადრეულ ჰომინიდებს შორის, მისი მატერიალური კულტურა და ბუნებრივი გარემო“
  • 1999 — საფრანგეთის პალმის ორდენის ოფიცერი
  • 1997ღირსების ორდენი[5]
  • 1980შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1976 — საბჭოთა კავშირის საზოგადოება ცოდნის საპატიო დიპლომი
  • 1966 — მედალი „შრომითი მამაცობისთვის“
  • 1964 — მოსკოვის ბუნებისმეტყველთა საზოგადოების საპატიო დიპლომი

რჩეული ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • გაბუნია ლ. „ძველი ხერხემლიანების სამყაროში“, თბ., 1987.
  • გაბუნია ლ. „ტარიბანის ნამარხი“ - თბ., 1963.
  • გაბუნია ლ. „საქართველოს მესამეულის ზოგიერთი წვრილჩლიქოსანი - (გადაშენებულ ძუძუმწოვართა შესახებ)“, თბ., 1954
  • გაბუნია ლ. „გადაშენებულ ქვეწარმავალთა ნაკვალევი სათაფლიის მთაზე“, თბ., 1952.
  • გაბუნია ლ. „გურიის აზოვის ჰორიზონტის შესახებ“, „მოამბე“, ტ.9 №1, 1948 წ., გვ. 41-44.
  • გაბუნია ლ. „მოქვიკარდიუმებიანი შრეები“ თბ., 1947.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 609.
  • გაბუნია ლ. „ბიბლიოგრაფია“, თბ., 1989
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002 წ. - გვ. 357
  • „საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წლებში“; თბ., 2012. - გვ.171
  • ყიფიანი თ. „წიგნი ღირსებისა“, ტ. II, თბ., 2001. - გვ.59
  • „კეთილშობილებით გამორჩეული დიდი მეცნიერი: აკადემიკოსი ლეო გაბუნია 100“, თბ., 2020

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გაბუნია ლ. „გიგანტური ხმელეთის კუ ბენარის (სამხერთ საქართველო) - ოლიგოცენიდან“, საქ. მეცნ. აკად. მოამბე, ტ. 24, №2, 1960, გვ. 189-195
  2. Габуния Л., Следы динозавров, М. 1958
  3. Габуния Л., К истории гиппарионов (по материалам из неогена СССР) М. 1959
  4. ლეონიდე გაბუნიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-15. ციტირების თარიღი: 2019-07-26.
  5. ლეონიდე გაბუნიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-15. ციტირების თარიღი: 2019-07-26.