ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი — სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება საქართველოში.

ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი
შეიქმნა 1957 წელი
ტიპი სამეცნიერო, კვლევითი ინსტიტუტი
მდებარეობა თბილისი, ბათუ კრავეიშვილის ქუჩა 4ა
მშობელი ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ქვეყანა საქართველო

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში 1946 წელს ჩამოყალიბდა ბიოლოგიისა და მედიცინის განყოფილება, აღნიშნულში გაერთიანდა ექსპერიმენტული და კლინიკური ჰემატოლოგიის ინსტიტუტი, ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი, ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, ზოოლოგიის ინსტიტუტი და კარდიოლოგიის სექტორი.

1950 წელს კი განყოფილებას შეემატა პალეობიოლოგიის სექტორი, რომელიც 1957 წელს ინსტიტუტად გადაკეთდა.

ამ ინსტიტუტს, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს, აკადემიკოსი ლეო დავითაშვილი 1957-1977 წლებში ხელმძღვანელობდა. მის შემდგომ 1977-1988 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ლეო გაბუნია, მანამდე ის იყო პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიანთა პალეობიოლოგიის განყოფილების გამგე, ხოლო მის შემდეგ პალეობიოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გურამ მჭედლიძე.

 
ლეო დავითაშვილი, ინსტიტუტის პირველი ხელმძღვანელი
 
ლეონიდე გაბუნია - 1976-1988 წლებში პალეობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი
ფაილი:Abesalom vekua.jpg
აბესალომ ვეკუა - ინსტიტუტის ხელმძღვანელი

ამჟამად ინსტიტუტი შედის საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში, როგორც მისი სტრუქტურული ერთეული.

პალეობიოლოგიის ინსტიტუტში თავიდანვე ჩამოყალიბდა ხერხემლიანთა, ზღვის ორგანიზმთა, პალეობოტანიკის განყოფილებები, აგრეთვე ამოქმედდა სამეცნიერო ლაბორატორიები, შეიქმნა პალეობიოლოგიისა და ზოგადი ბიოლოგიის უმდიდრესი ბიბლიოთეკა.

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

ინსტიტუტს დაარსებიდან დღემდე გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი მონოგრაფია, 1030-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, რომლებმაც სპეციალისტების აღიარება დაიმსახურეს. ნაშრომები გამოცემული, როგორც ქართულ აგრეთვე უცხო ენებზე, მათ შორის აღსანიშნავია: ლეო დავითაშვილის დიდი ნაშრომი - „პალეონტოლოგიის მოკლე კურსი“[1]; ლეო გაბუნიას „ჰიპარიონების ისტორია“, რომელიც გამოიცა საფრანგეთსა და ჩინეთში 1959 წელს. აგრეთვე გარდა შრომებისა და მონოგრაფიებისა, ინსტიტუტი წლების განმავლობაში გამოსცემდა არაერთ კრებულსა და პერიოდულ ჟურნალს პალეობიოლოგიის პრობლემურ საკითხებზე. მათ შორის აღსანიშნავია:

  • „პალეობიოლოგიის ინსტიტუტის შრომები“ (1953-1963 წლებში);
  • „ევოლუციური პალეობიოლოგიის ზოგადი საკითხები“ (1964-1975 წლებში), რომელიც 1998 წლიდან განახლდა ახალი სერიით „პალეობიოლოგიის პრობლემები“.

დღეს კი გამოდის საბუნებისმეტყველო და „პრეისტორიული სექციის მაცნე“.

პალეობიოლოგიის ინსტიტუტი პერიოდულად ატარებდა საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, აქტიურად მონაწილეობდა მოხსენებებით უცხოეთში ჩატარებულ სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და ღონისძიებებში.

ექსპედიციები

რედაქტირება

ინსტიტუტი ექსპედიციებს ატარებდა საქართველოს, მეზობელი რესპუბლიკების, ყაზახეთისა და ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე. დღემდე ინსტიტუტს მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთის და უცხოეთის შესაბამისი პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებთან, ამუშავებს მათთან ერთად სამეცნიერო პროექტებს.

1970-1971 და 1974-1975 წლებში საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი და პალეობიოლოგიის ინსტიტუტი ერთობლივად აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ცუცხვათის მღვიმოვანში. ექსპედიციის წევრებმა მღვიმოვანის ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეებში მიაკვლიეს შუა პალეოლითის (ძველი ქვის ხანის შუა პერიოდის, დაახლოებით 400 - 40 ათასი წლის წინ) ქვის იარაღებს, ასევე, განამარხებულ ცხოველების ძვლებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მღვიმოვანის ტერიტორიაზე არსებულ „ბრინჯაოს მღვიმეში“ მოპოვებული ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც ახალი კვლევების თანახმად დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება. ხანმოკლე ხასიათის საველე სამუშაოები ჩატარდა 1998-1999 და 2003-2004 წლებშიც, თუმცა, ფართომასშტაბიანი სამუშაოების მიუხედავად, მღვიმოვანის უდიდესი ნაწილი 2016 წლამდე შეუსწავლელი იყო. დღეს ცუცხვათის მღვიმოვანი წარმოადგენს დაცულ ტერიტორიას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობაშია. ცუცხვათის მღვიმოვანი ქუთაისიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.

 
ცუცხვათის მღვიმოვანის გეგმა

2011 წელს პალეობიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში ქალაქ ბერნში, ბაქოსა და ერევანში. მონაწილეობდნენ ექსპედიციებში თურქმენეთსა და ყაზახეთში.

სტრუქტურა

რედაქტირება

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულებით დაარსდა საქართველოს მუზეუმების უდიდესი გაერთიანება, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი, სწორედ აღნიშნული გაერთიანების ნაწილია დღეს ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი.

დირექტორები

რედაქტირება
სახელი ვადის დასაწყისი ვადის დასასრული
ლეო დავითაშვილი 1957 1977
ლეონიდე გაბუნია 1977 1988
გურამ მჭედლიძე 1988 2009
აბესალომ ვეკუა 2009 2013

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002 - გვ. 728

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. პალეონტოლოგიის მოკლე კურსი : დამხმ. სახელმძღვ. გეოლოგ. უმაღლ. სასწავლებლებისა და ფაკ-ტების სტუდენტებისათვის. - თბილისი, განათლება, 1985. - 315გვ.