პეტროგრაფია (ბერძ. petros — ქვა, კლდე და graphō — აღწერა) — პეტროლოგიის განშტოება, რომელიც ფოკუსირებას ახდენს ქანების დეტალურ დაკვირვებაზე. იკვლევს ქანთა მინერალოგიურ და ქიმიურ შედგენილობას, სტრუქტურას, განლაგების ფორმებს, გავრცელებისა და წარმოქმნის კანონზომიერებას. ქანების კვლევის დროს იყენებენ ოპტიკურ მიკროსკოპიას.

პეტროგრაფიის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა 1849 წელს ინგლისელი მეცნიერის ჰენრი სორბის მიერ ქანების გამოსაკვლევად პოლარიზაციული მიკროსკოპის გამოყენებას. XIX საუკუნის II ნახევარში და XX საუკუნის I მეოთხედში პეტროგრაფიის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი გერმანელ მეცნიერთა კარლ ჰაინრიხ როზენბუშის, ფერდინანდ ცირკელის; რუს — ალექსანდრე კარპინსკის, ევგრაფ ფიოდოროვის, ფრანც ლევინსონ-ლესინგის; ფრანგ — ოგიუსტ მიშელ-ლევის; ამერიკელ ე. ლარსენის; ფინელ — იაკობ სედერჰოლმისა და სხვათა შრომებმა. 1930-1950 წწ. პეტროგრაფიაში ახალი იდეების დანერგვა დაკავშირებულია ალექსანდრე ზავარიცკის, ნორმან ლევი ბოუენის, რეჯინალდ ოლდუორთ დეილის, შვედი ბაკლუნდის, ფინელი პენტი ესკოლას, შვეიცარიელი პაულ ნიგლისა და სხვ. სახელებთან.

საქართველოში პეტროგრაფიული კვლევის ფუძემდებელია ალექსანდრე თვალჭრელიძე. მისი ხელმძღვანელობით 1930-იანი წლებიდან საქართველოს ტერიტორიის პეტროგრაფიის შესწავლას მიეცა გეგმაზომიერი ხასიათი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 47-48.
  • ზარიძე გ., მაგმური და მეტამორფული ქანების პეტროლოგია, თბ., 1972;
  • სხირტლაძე ნ., პეტროგრაფია მინერალოგიის საფუძვლებით, თბ., 1970;
  • Боуэн Н. Л., Эволюция изверженных пород, пер. с англ., М.— Л.— Новосиб., 1934;
  • Винклер Г., Генезис метаморфических пород, пер. с нем., М., 1969;
  • Уэиджер Л., Браун Г., Расслоенные изверженные породы, пер. с англ., М., 1970;
  • Sander В., Einführung in die Gefügekunde der geologischen Körper, Tl 1—2, W.— Innsbruck, 1948—50.