ალექსანდრე თვალჭრელიძე
ალექსანდრე ანტონის ძე თვალჭრელიძე (დ. 1 დეკემბერი [ძვ. სტ. 19 ნოემბერი], 1881, სტანიცა ბატალპაშინსკაია (ახლანდელი ქალაქი ჩერკესკი) — გ. 29 ივლისი, 1957, თბილისი) — ქართველი გეოლოგი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946), სკკპ წევრი 1941 წლიდან.
ალექსანდრე თვალჭრელიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 30 ნოემბერი, 1881[1] |
დაბ. ადგილი | ჩერკესკი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 29 ივლისი, 1957 (75 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | გეოლოგი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი |
მამა | ანტონ თვალჭრელიძე |
ჯილდოები | ლენინის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1912 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1910 წელს ზაფხულში სტაჟირებას გადიოდა გეტინგენის უნივერსიტეტში. 1912–1913 წწ. მუშაობდა პეტერბურგში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოქიმიის ლაბორატორიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ვლადიმერ ვერნადსკი, ხოლო შემდეგ (1919 წლამდე) დონის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1919 წლიდან თვალჭრელიძე სათავეში ჩაუდგა თსუ–ს მინერალოგია–პეტროგრაფიის კათედრას. 1928–1948 წლებში ასეთივე პროფილის კათედრის გამგეა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა მინერალური ნედლეულის საკავშირო საქართველოს ფილიალს (ახლანდელი ა. თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი).
1941 წლის თებერვალში, იმ წელს როცა ალექსანდრე თვალჭრელიძეს 60 წელი უნდა შესრულებოდა იგი საქართველოს სხვა მოწინავე მეცნიერებებთან ერთად, აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა მისმა დიდმა მასწავლებელმა აკადემიკოსმა ვლადიმერ ვერნადსკიმ: „ძვირფასო ალექსანდრე ანტონის ძევ! დიდად გამეხარდა, რომ თქვენ აგირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. მიხარია თქვენთვისაც და მიხარია პრინციპულად, რომ ქართველმა ხალხმა მიიღო სამეცნიერო მუშაობის მძლავრი ცენტრი“.
1941 წლიდან თავჯდომარეობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საწარმოო ძალთა შემსწავლელ საბჭოს, სადაც მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალტომიანი მონოგრაფია საქართველოს სსრ ბუნებრივი რესურსების შესახებ. 1941-1947 წწ. იგი ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტის მინერალოგიის სექტორს.
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირებაალექსანდრე თვალჭრელიძე საქართველოში მინერალურ–პეტროგრაფიულ კვლევათა ფუძემდებელია.
მისი შრომები შეეხება კრისტალოგრაფიის, მინერალოგიის, პეტროგრაფიისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოლოგიის საკითხებს. თვალჭრელიძის მიერ აღმოჩენილი და შესწავლილია გუმბრისა და ასკანის ბენტონიტური თიხების, მარმარილოს, ქალცედონისა და სხვ. საბადოები საქართველოში. ომის შემდგომ წლებში იგი აქტიურად აგრძელებს თავის მოღვაწეობას: საქართველოს ბუნებრივი რესურსების, კერძოდ ბენტონიტების შესწავლას, საქართველოს სხვადასხვა რაიონების ბუნებრივ სიმდიდრეთა კომპლექსური ათვისების პრობლემათა კვლევას; არ ცხრება მისი პედაგოგიური მოღვაწეობაც. ამავე წლებში ალექსანდრე თვალჭრელიძე დიდ ყურადღებას უთმობს მეცნიერების ისტორიის საკითხებს, ხშირად კითხულობს პოპულარულ ლექციებს, მუშაობს მოგონებებზე.
1947 წელს უმაღლესი საატესტაციო კომისია მას დისერტაციის დაუცველად, თბილისის უნივერსიტეტის საბჭოს წარდგინებით, ანიჭებს გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. ა. თვალჭრელიძის შრომათა დახასიათება თბილისში გამოაგზავნა ცნობილმა გეოლოგმა ალექსანდრე ფერსმანმა.
სსრკ მე–7 მოწვევის ცაკისა და საქართველოს ცაკის წევრი (1935–1937 წლებში). დაჯილდოებულის 2 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში დაწესებულია ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია.[2]
თხზულებები
რედაქტირება- გეომეტრიული კრისტალოგრაფია, ტფ., 1920;
- კრისტალთა ოპტიკის შესავალი, თბ., 1957;
- მაგმური ქანების პეტროგრაფია, ტ. 1 - ინტრუზიული ქანები, თბ., 1950.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 673.
- ბიბლ. ალექსანდრე თვალჭრელიძე (1881–1957). ბიბლიოგრაფია, შემდგენელი გ. მგელაძე–ბორჯაძე, თბ. 1978.