ვიქტორ ხაინი

საბჭოთა და რუსი გეოლოგი

ვიქტორ ეფიმის ძე ხაინი (რუს. Виктор Ефимович Хаин; დ. 26 თებერვალი, 1914, ბაქო, — გ. 24 დეკემბერი, 2009, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1949). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1987). პიერ და მარი კიურის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1977). სახელგანთქმული ტექტონისტი.

ვიქტორ ხაინი
დაბ. თარიღი 13 (26) თებერვალი, 1914
დაბ. ადგილი ბაქო[1]
გარდ. თარიღი 24 დეკემბერი, 2009(2009-12-24) (95 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ტროეკუროვის სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა გეოლოგი[2] , historian of science, ისტორიკოსი[3] და უნივერსიტეტის პროფესორი[3]
მუშაობის ადგილი გეოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის აკადემია
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, გუსტავ სტაინმანის მედალი, მიხეილ ლომონოსოვის პრემია, გუბკინის პრემია, ალექსანდრე კარპინსკის სახელობის ოქროს მედალი და საპატიო ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვიქტორ ხაინი აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1935) მუშაობდა ტრესტ „აზნეფტერაზვედკაში“, აზერბაიჯანის ნავთობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1939), აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში (1945-დან) და ერთდროულად ასწავლიდა აზერბაიჯანის ინდუსტრიულ ინსტიტუტში (1949–54 წლებში, 1949 წლიდან პროფესორი).

1954 წლიდან მოსკოვშია. მუშაობა დაიწყო ჯერ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მუზეუმში (დედამიწის ისტორიის განყოფილების გამგე), ხოლო 1960–2009 წლებში გეოლოგიური ფაკულტეტის დინამიკური გეოლოგიის კათედრაზე (პროფესორი, 1995 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი). ერთდროულად მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში.

ვიქტორ ხაინი ავტორია 1000-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა შორისაა 40-ზე მეტი მონოგრაფია. მისი ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები მიეძღვნა რეგიონული გეოლოგიის, გეოტექტონიკის, ნავთობისა და აირის გეოლოგიის, გეოლოგიური მეცნიერების ისტორიის საკითხებს. დაასაბუთა პლანეტარული მასშტაბის გეოპულსაციების იდეა. შეიმუშავა დედამიწის ქერქისა და მისი ძირითადი სტრუქტურული ელემენტების ტექტონიკური მოძრაობის კლასიფიკაცია. დააზუსტა ნაოჭა სატყლების, ძველი და ახალგაზრდა ბაქნების აგებულებისა და განვითარების თავისებურებანი.

ვიქტორ ხაინმა გამოავლინა კონტინენტებისა და ოკეანეების დედამიწის ქერქის აგებულებისა და განვითარების ზოგადი კანონზომიერებანი და აგრეთვე ნავთობისა და აირის წარმოქმნისა და ადგილმდებარეობის განლაგების ტექტონიკური ფაქტორის როლი, ერთ-ერთმა პირველმა განსაზღვრა ნავთობაირიანი აუზი როგორც გენეტიკური დარაიონების ელემენტი. დიდი წვლილი შეიტანა დედამიწის ტექტონიკური ისტორიის პერიოდიზაციის პრობლემების შემუშავებაში.

ხელმძღვანელობდა სსრკ ლითოლოგიურ-პალეოგეოგრაფიული ატლასის, ევროპის ტექტონიკური რუკების, მსოფლიოს საერთაშორისო ტექტონიკური რუკების შედგენას. ავტორია სახელმძღვანელოებისა „ზოგადი გეოტექტონიკა“, „რეგიონული გეოტექტონიკა“ და სხვა.

ვიქტორ ხაინი იყო ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, საფრანგეთის გეოლოგიური საზოგადოების, ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების, ბულგარეთის გეოლოგიური საზოგადოების, ამერიკის გეოლოგიური საზოგადოებისა და ამერიკის გეოფიზიკური კავშირის წევრი.

მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა საფრანგეთის გეოლოგიური საზოგადოების პრესვიჩის მედალი (1991), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე კარპინსკის ოქროს მედალი (1991), გერმანიის გეოლოგიური საზოგადოების გუსტავ შტაინმანის მედალი (1991) და ბელგიის სამეფო მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის ფურმარიეს ოქროს მედალი (1993).

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და ხალხთა მეგობრობის ორდენით. მინიჭებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1987), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის პრემია (1993), რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია (1995), ანდრეი არხანგელსკის სახელობის პრემია (2002) და ივანე გუბკინის სახელობის პრემია (2004).

ხაინის სახელობისაა მოლუსკებისა და ფორამინიფერების სახეობები. ვიქტორ ხაინი გარდაიცვალა 2009 წლის 24 დეკემბერს, 95 წლის ასაკში. დაკრძალულია ტროეკუროვის სასაფლაოზე.

თხზულებები

რედაქტირება
  • Гео­тек­то­ни­че­ские ос­но­вы по­ис­ков неф­ти. Ба­ку, 1954;
  • Ис­то­ри­че­ская гео­тек­то­ни­ка. М., 1988–1993. [Т. 1–3] (со­авт.);
  • Ос­нов­ные про­бле­мы со­вре­мен­ной гео­ло­гии: (Гео­ло­гия на по­ро­ге XXI в.). М., 1995;
  • Тек­то­ни­ка кон­ти­нен­тов и океа­нов (год 2000). М., 2001;
  • Ис­то­рия и ме­то­до­ло­гия гео­ло­ги­че­ских на­ук. 2-е изд. М., 2004 (совм. с А. Г. Ря­бу­хи­ным);
  • Гео­тек­то­ни­ка с ос­но­ва­ми гео­ди­на­ми­ки. 3-е изд. М., 2010 (совм. с М. Г. Ло­ми­зе).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Виктор Ефимович Хаин. (К 60-летию со дня рождения), "Вестник МГУ. Серия IV. Геология", 1974, № 2;
  • Академик Виктор Ефимович Хаин (К 100-летию со дня рождения), Геофизический журнал. 2014. Т. 36, № 3.
  1. Хаин Виктор Ефимович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #122425278 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 Czech National Authority Database