ევოლუციური მოძღვრება

ევოლუციური მოძღვრება — თეორია ცოცხალი ბუნების ისტორიული განვითარების შესახებ ერთი ფორმის ორგანიზმთა მეორედ გარდაქმნის გზით. ევოლუციური მოძღვრების ამოცანაა სახეობათა ცვალებადობის დასაბუთება, ორგანიზმთა განვითარების მიზეზებისა და კანონზომიერებათა დადგენა მათი თავდაპირველი წარმოშობიდან დღემდე.

ცხენის არა წრფივი ევოლუციის ილუსტრაცია

ევოლუციურ იდეებს ვხვდებით ჯერ კიდევ ძველ ბერძენ ფილოსოფოსთა და სწავლულთა შრომებში (ძვ. წ. VI-I ს.). მათ არ ჰქონდათ სათანადო მეცნიერული ცოდნა ბუნებაზე, ამიტომ მათი გამონათქვამები თუმცა ხშირად მახვილგონიერი იყო, დღევანდელი თვალთახედვით გულუბრყვილოა.

XVIII ს. ბევრმა მეცნიერმა მრავალი ფაქტი აღწერა ორგანიზმთა ცვალებადობისა და განვითარების შეხედულების სასარგებლოდ. XIX საუკუნის დასაწყისში ჟან ბატისტ ლამარკმა სცადა მწყობრი ევოლუციური მოძღვრების შექმნა, მაგრამ ფაქტობრივი მასალის უკმარობის გამო ვერ შეძლო თანამედროვეთა დარწმუნება. ამასთან, მისი შეხედულებანი მცდარ დებულებებსაც შეიცავდა.

მეცნიერულად დასაბუთებული ევოლუციური თეორია შექმნა ჩარლზ დარვინმა, რაც ჩამოაყალიბა წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (1859). მან ბოლო მოუღო მანამდე გაბატონებულ მეტაფიზიკურ შეხედულებებს ბუნების უცვლელობაზე და დაამკვიდრა ორგანიზმთა ცვალებადობისა და განვითარების იდეა.

ლიტერატურა რედაქტირება