შარიაჟი
შარიაჟი (ფრანგ. charriage; < charrier — აგორება) — დედამიწის ტექტონიკური საფარველი.[1] დანალექი და ვულკანური, ზოგჯერ მაგმური და მეტამორფული ქანების ფირფიტის ფორმის მქონე მასები (სისქე პირველი ასეული მეტრებიდან რამდენიმე კილომეტრამდე), რომლებიც მათი პირველადი განლაგების ადგილიდან გადაადგილებულია ჰორიზონტალური მიმართულებით 100 კმ-მდე, და მეტად. შარიაჟი ქვემოდან შემოფარგლულია დამრეცტალღოვანი ან თითქმის ბრტყელი ზედაპირით.
შარიაჟის ქვემდებარე ქანებს, რომლებსაც არსებითი ჰორიზონტალური გადაადგილება არ განუცდიათ, ავტოქთონი ეწოდება, თვით შარიაჟის ქანებს — ალოქთონი. ზოგჯერ რელიეფის დადაბლებულ ადგილას ავტოქთონის ქანები გამოდის დედამიწის ზედაპირზე, ეგრეთ წოდებული ტექტონიკური სარკმლის სახით, ხოლო ალოქთონის ქანები ეროზიულ შთენილ მთებს წარმოადგენენ.
შარიაჟები ძირითადად გეოსინკლინურ სისტემებში გვხვდება. მათი წარმოქმნის მიზეზია განივი ჰორიზონტული შეკუმშვა, რომელიც გეოსინკლინურ სისტემებში მიმდინარეობს, და აგრეთვე ქანების დაცოცება. პირველად შარიაჟი XIX საუკუნის ბოლოს აღწერეს ალპებში, კლდოვან და სკანდინავიის მთებში. მსხვილი შარიაჟები გამოვლინებულია კავკასიაში, კარპატებში, ურალში, ტიან-შანში და სხვა.
შარიაჟი ალპების, კარპატებისა და ბალკანების მთავარი გეოლოგიური თავისებურებაა. სხვადასხვა დროს ტექტონიკურ საფარველს იკვლევდნენ მარსელ ბერტრანი, არნოლდ ეშერი და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შარიაჟი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- შარიაჟი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 690.