ზღვის გეოლოგია
ზღვის გეოლოგია — გეოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ზღვებითა და ოკეანეებით დაფარული დედამიწის ქერქის აგებულებასა და განვითარებას. შედარებით ახალი მეცნიერული დისციპლინაა.
ზღვის გეოლოგიას საფუძველი ჩაუყარა 1872-1876 წლებში გემ „ჩელინჯერით“ ჩატარებულმა ინგლისურმა ოკეანოგრაფიულმა ექსპედიციამ. XIX საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიის გარშემო მდებარე ზღვების გეოლოგიური აგებულების შესწავლა.
ზღვის გეოლოგია ინტენსიურად განვითარდა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, როდესაც მკვეთრად გაუმჯობესდა საკვლევი გემების ტექნიკური აღჭურვილობა. ზღვებისა და ოკეანეეების ფსკერის შესწავლის თვალსაზრისით ზღვის გეოლოგია მოიცავს გეოლოგიის ყველა ძირითად დარგს და იყენებს მომიჯნავე მეცნიერებათა (გეომორფოლოგიურ, გეოფიზიკურ და გეოქიმიურ) კვლევის მეთოდებსა და მონაცემებს.
ზღვებისა და ოკეანეების გეოლოგიური განვითარების ისტორიის დასადგენად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფსკერის ნალექების სტრატიგრაფიის შესწავლას, რისთვისაც იყენებენ მიკროპალეონტოლოგიურ, აგრეთვე პალეომაგნიტურ და აბსოლუტური გეოქრონოლოგიის მეთოდებს. ნალექთდაგროვების ერთიანი თეორიის შესაქმნელად დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ზღვიური ნალექების ლითოლოგიურ, მინერალოგიურ და გეოქიმიურ კვლევას. ინტენსიურად მიმდინარეობს ფსკერზე განვითარებული მაგმური და მეტამორფული ქანების, განსაკუთრებით კი წყალქვეშა ვულკანიზმის პროდუქტების პეტროლოგიური კვლევა.
გასული საუკუნის 60-იან წლებში საგრძნობლად დაწინაურდა ზღვებისა და ოკეანეების ფსკერის ტექტონიკის შესწავლა, რამაც ხელი შეუწყო „ახალი გლობალური ტექტონიკის“ შემუშავებასა და დახვეწას. პრაქტიკული თვალსაზრისით ზღვის გეოლოგიის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ფსკერზე და მის წიაღში არსებული მინერალური ნედლეულის შესწავლა.
ზღვის გეოლოგიის ზიგიერთი საკითხი მუშავდებოდა ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც აწარმოებდნენ ზღვის სანაპირო ზონისა და დინამიკის შესწავლას. ზღვის ფსკერის შესწავლას საფუძველი ინგლისურმა ექსპედიციებმა ჩაუყარეს, სადაც შეჯამდა კვლევის შიდეგები და გამოქვეყნდა ჯ. მერეისა და ა. რენარის მონოგრაფიები (1891). XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობდა დიდი ოკეანოგრაფიული ექსპედიციების ჩატარება — „ალბატროსით“, „ვალდივია“, „მეტეორითა“ და სხვა გემებით. შედეგად გამოარკვიეს ოკეანის რელიეფის ფსკერის ძირითადი ხასიათი, ფსკერის დანალექი ტიპები და მათი გავრცელება და სხვ. XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო ზღვების საფუძვლიანი შესწავლა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით ნ. ანდრუსოვს, ა. არხანგელსკის, მ. კლიონოვას და სხვა.
1938 წელს ა. არხანგელსკისა და ნ. სტრახოვის მიერ გამოქვეყნდა პირველი მსხვილი მონოგრაფია შავის ზღვის შესახებ.
ზღვის გეოლოგიის განვითარებას დიდი ღვაწლი დასდეს აგრეთვე ვსევოლოდ ზენკოვიჩმა, პანტელეიმონ ბეზრუკოვმა, ლევ ზენკევიჩმა, მარია კლიონოვამ, ოლეგ ლეონტიევმა, იური ნეპროჩნოვმა და სხვა. ნაყოფიერად მიმდინარეობს ზღვის გეოლოგიის კვლევა აშშ-შიც, სადაც აღსანიშნავია ფრენსის შეპარდი, ჰენრი მენარდი და სხვა. ზღვის გეოლოგიის კვლევები ფართოდ მიმდიანრეობს ასევე დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იაპონიაში, გერმანიაში, კანადაში და ა.შ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზღვის გეოლოგია — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 548.
- Шепард Ф. П., Морская геология, пер. с англ., [2 изд.], Л., 1969;
- Безруков П. Л., Положение морской геологии среди смежных наук и её основные задачи, 1961;
- Страхов Н. М., Типы литогенеза и их эволюция в истории Земли, М., 1963.