გეოლოგიური რუკადედამიწის ქერქის ზედა ნაწილის გეოლოგიური აგებულების კარტოგრაფიული გამოსახულება. მიიღება უმთავრესად გეოლოგიური აგეგმვის შედეგად.

გეოლოგიური რუკის მსხვილი მხარეები

გეოლოგიურ რუკაზე ნაჩვენებია დედამიწის ქერქის ზედა ნაწილის ამგებელი ქანების გავრცელება, შედგენილობა და ასაკი, მათი ურთიერთდამოკიდებულება და სტრუქტურა.

გეოლოგიურ რუკას ადგენენ ასევე გეოლოგიური კვლევის, საძიებო და სხვა სამუშაოების შედეგად მიღებული ფაქტობრივი მასალის დამუშავების საფუძველზე.

გეოლოგიური რუკა გეოლოგიური ინფორმაციის უმნიშვნელოვანესი წყაროა. მას იყენებენ გეოლოგიის თეორიული და პრაქტიკული საკითხების გასაშუქებლად. მასში ჩაქსოვილი ინფორმაცია იძლევა დედამიწის ქერქის ზედა ნაწილის გეოლოგიური აგებულებისა და ევოლუციის ძირითადი კანონზომიერებების დადგენის საშუალებას. იგი საფუძვლად უდევს სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ძიებას, სხვადასხვა საინჟინრო ნაგებობათა პროექტების შედგენასა და სხვა სამუშაოების სწორად წარმართვას.

შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით განარჩევენ:

  1. საკუთრივ გეოლოგიურ,
  2. ანთროპოგენური (მეოთხეული) ნალექების,
  3. ტექტონიკურ,
  4. ლითოლოგიურ,
  5. ფორმაციულ,
  6. პალეოგეოგრაფიულ,
  7. მეტამორფული ფაციესების,
  8. სასარგებლო-წიაღისეულის,
  9. ჰიდროგეოლოგიურს,
  10. პროგნოზულ და სხვ. რუკებს.
უ. სმითის მიერ შედგენილი რუკა

ამათგან უმნიშვნელოვანესია საკუთრივ გეოლოგიური რუკა. მასზე პირობითი ნიშნებით აღნიშნულია ქანების ასაკი, ნივთიერი შედგენილობა, გენეზისი, განლაგების ფორმები, სტრუქტურები და სხვ.; ქანების ასაკს, როგორც წესი, აღნიშნავენ ფერით ან სპეციალური ინდექსით, ხოლო მათ შედგენილობას ან ფორმაციულ ბუნებას - შტრიხებით. გამონაკლისია ინტრუზიული და ზოგიერთი ამონთხეული ქანი, რომლის შედგენილობა აღინიშნება ფერით, ხოლო ასაკი - ინდექსით. შავ-თეთრ გეოლოგიურ რუკებზე ქანების ასაკი და შედგენილობა ნაჩვენებია შტრიხული პირობითი ნიშნებით. გეოლოგიური რუკის პირობითი ნიშნები და მათი ახსნა თან ერთვის რუკას. ყველა სხვა გეოლოგიურ რუკას სპეციალური დანიშნულება აქვს და ასახავს გეოლოგიის რომელიმე მხარეს. მაგ., ანთროპოგენური (მეოთხეული) ნალექების რუკებზე ნაჩვენებია მეოთხეული ასაკის ნალექების გავრცელება, ასაკობრივი დანაწილება, ლითოლოგიური შედგენილობა, მორფოლოგიური ელემენტები.

ლითოლოგიური და ფორმაციული რუკების ძირითადი დანიშნულებაა ასახოს ქანების შედგენილობა, მათი ლატერალური და ვერტიკალური ცვალებადობა.

პალეოგეოგრაფიულ რუკებზე, რომლებიც გეოლოგიური წარსულის რომელიმე მონაკვეთისათვის არის შედგენილი, ასახულია იმ დროის ხმელეთისა და ზღვის განაწილება, ხმელეთის ამგებელი ქანების შედგენილობა, ტერიგენული მასალის გადატანის გზები, დანალექი ქანების ლითოლოგია და სისქე.

ტექტონიკური რუკის ამოცანაა, რაც შეიძლება სრულად ასახოს, დედამიწის ქერქის ზედა ნაწილის ნებისმიერი უბნის სტრუქტურა, ზოგ შემთხვევაში მისი ფორმირების ისტორიაც.

საინჟინრო-გეოლოგიური რუკები შეიცავენ ქანების ფიზიკური და მექანიკური თვისებებისა და სხვ.საინჟინრო მახასიათებლების მონაცემებს.

სასარგებლო წიაღისეულის რუკების საფუძველს წარმოადგენს საკუთრივ გეოლოგიური რუკა, რომელზეც პირობითი ნიშნებით დამატებით ნაჩვენებია აგრეთვე წიაღისეულის გავრცელება და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა, ხოლო პროგნოზულ რუკებზე ნაჩვენებია სასარგებლო წიაღისეულის გამოვლინების პერსპექტიული უბნები.

მასშტაბის მიხედვით განარჩევენ წვრილ-, საშუალო-, მსხვილმასშტაბიან და დეტალურ გეოლოგიურ რუკებს.

წვრილმასშტაბიანი გეოლოგიური რუკა (1:500000) წარმოდგენას იძლევა დედამიწის ქერქის რომელიმე დიდი ნაწილის გეოლოგიურ აგებულებაზე (ასეთია ცალკეული ქვეყნის ან კონტინენტის გეოლოგიური რუკა).

საშუალომასშტაბიანი გეოლოგიური რუკის (1:200000, 1:100000) მიზანია დედამიწის ზედაპირის ამა თუ იმ ნაწილის გეოლოგიური აგებულების ძირითადი ნიშნების ჩვენება და ტერიტორიის პროგნოზული ჩვენება სასარგებლო წიაღისეულის პერსპექტიულობის თვალსაზრისით.

მსხვილმასშტაბიანი გეოლოგიური რუკა (1 :50000, 1:25000) სრულ წარმოდგენას იძლევა რაიონის გეოლოგიური აგებულებისა და მისი ინდივიდუალობის შესახებ.

დეტალური გეოლოგიური რუკა (1:10000 და უფრო მსხვილი მასშტაბისა) სპეციალური დანიშნულებისაა, მას ადგენენ რომელიმე მცირე უბანზე სასარგებლო წიაღისეულის ძიების ან საინჟინრო-სამშენებლო მიზნებისათვის.

საშუალო და წვრილი მასშტაბის გეოლოგიურ რუკებს (ზოგჯერ დეტალურსაც) თან ერთვის სტრატიგრაფიული სვეტები და გეოლოგიური ჭრილები, რომლებიც გეოლოგიური რუკების სხვა მონაცემებთან ერთად სრულ წარმოდგენას იძლევა ნალექების სისქის, მათი სიღრმეში გავრცელების, წარმოქმნის თანამიმდევრობისა და ურთიერთობის, აგრეთვე ქანების დეფორმაციისა და დედამიწის ქერქის ზედა ნაწილის სტრუქტურის შესახებ.

ლიტერატურა

რედაქტირება