მთავარი მენიუს გახსნა

არჩილ ლუკას ძე ცაგარელი (დ. 5 დეკემბერი [ძვ. სტ. 22 ნოემბერი], 1913, თბილისი — გ. 1988, თბილისი) — ქართველი გეოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1954). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966). სკკპ წევრი 1954 წლიდან. იგი მიეკუთვნება გამოჩენილ ქართველ გეოლოგთა იმ პირველ თაობას, რომელთაც მათი მასწავლებლების ალექსანდრე ჯანელიძის, ალექსანდრე თვალჭრელიძისა და კალისტრატე გაბუნიას ხელმძღვანელობით ქართული გეოლოგიური სკოლის ჩამოყალიბება და წარმატება განაპირობეს საერთაშორისო სამეცნიერო სარბიელზე.

არჩილ ცაგარელი
Tsagareli Archil.jpg
დაბ. თარიღი 22 ნოემბერი (5 დეკემბერი) 1913
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1988
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი და საქართველოს სახელმწიფო პრემია

1940 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1951 წელს — სადოქტორო დისერტაცია. მისი ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა მთავრობის ჯილდოებით იყო დაფასებული. მის მიერ შესწავლილი ან შესასწავლად დასახული მეზოზოურისა თუ მეოთხეულის გეოლოგიის მრავალი საკითხი დღესაც აქტუალურია და ძალზედ მნიშვნელოვანი.

ბიოგრაფიარედაქტირება

1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1939-1940 წლებში ასწავლიდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1940 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში (1951 წლიდან ხელმძღვანელობდა რეგიონული გეოლოგიის განყოფილებას).

1979-1981 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორი, 1980 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანია. 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ცაგარელის შრომები ეხება საქართველოსა და კავკასიის მეზოზოური ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის, მეოთხეული გეოლოგიისა და რეგიონული გეოლოგიის საკითხებს. მეოთხეულ სისტემას მიუძღვნა მან 1964 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს მთელი მეოთხეული ნალექების პირველ შემაჯამებელ მონოგრაფიულ გამოკვლევას წარმოადგენს. არჩილ ცაგარელი დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე ეროზიულ-დენუდაციური ზედაპირების გენეზისის საკითხს, რომელსაც განიხილავდა ახალგაზრდა ტექტონიკური მოძრაობების ფონზე.

პირველმა შეაჯამა და თანამედროვე დონეზე განაზოგადა საქართველოს ზედაცარცული ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის საკითხები. შეიმუშავა კავკასიის განვითარების ნეოტექტონიკური ეტაპის ახალი სქემა. შემოგვთავაზა კავკასიის ალპური მოძრაობების ქრონოლოგია, დაადგინა მისი ასაკი. თანაავტორი და თანარედაქტორია საქართველოს გეოლოგიის შესახებ შექმნილი პირველი განმაზოგადებელი ნაშრომისა, რისთვისაც საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა (1973).

არჩილ ცაგარელი იყო ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი (1975), აგრეთვე რამდენიმე საკავშირო საერთაშორისო საუწყებათაშორისო დარგობრივი კომისიისა და საბჭოს წევრი. საყურადღებოა, რომ გეოლოგიის გარდა ჰქონდა ინტერესების ფართო სფერო, რომელთა შორის იყო ლიტერატურა, მუსიკა და სპორტი. ცაგარელმა ფრანგულიდან ქართულად თარგმნა და გამოაქვეყნა ფრანგი კლასიკოსების ონორე დე ბალზაკისა და პროსპერ მერიმეს მხატვრული ნაწარმოებები. სრულყოფილად ფლობდა რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, ხალხთა მეგობრობის ორდენით, აგრეთვე მედლებით.

თხზულებებირედაქტირება

  • საქართველოს ცარცული ინოცერამები, 1942;
  • Верхний мел Грузии, Тб.,1954;
  • Неотектоника Грузии, Тб., 1984;
  • Геология СССР» (т. 10, в соавторстве 1964).

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება