იბერია

(გადამისამართდა გვერდიდან ივერიის სამეფო)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „იბერია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. იბერია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

იბერია (ბერძ. Βασίλειο της Ιβηρίας, ლათ. Regnum Hiberiae) — აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. IIIახ. წ. VI საუკუნეებში არსებული ქართული ადრეფეოდალური მონარქიული სახელმწიფო, დედაქალაქით მცხეთა (ორმეფობის პერიოდში, ასევე არმაზი). გავრცელებული ცნობით, სამეფოს დამაარსებელია მცხეთელი დიდებული ფარნავაზ I, ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.

იბერია
სელევკიდების სახელმწიფოს ვასალი (302–159)
რომის რესპუბლიკის ვასალი (65–63, 36–32)
რომის იმპერიის ვასალი (ახ. წ. 1–117)
აღმოსავლეთ რომის იმპერიის ვასალი (298–363)
სასანიდური ირანის მოხარკე (252–272)
სასანიდური ირანის ვასალი (363–482, 502–523)
სასანიდური ირანის პირდაპირი მმართველობა (523–580)

 

ძვ. წ. 302–ახ. წ. 580

სამეფო დროშა ქართლის გაქრისტიანების შემდეგ

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ადრექართული სახელმწიფოები ძვ. წ. 600—150 ახ. წ.
დედაქალაქი
ენები ძველი ქართული
რელიგია
მთავრობა მონარქია
მეფე
აზოჲ[2]
(პირველი)
ბაკურ V[1]
(უკანასკნელი)

__________________

ფარნავაზ I[3]
(პირველი)
ბაკურ III[4]
(უკანასკნელი)
ისტორიული ერა ანტიკური
 -  შეიქმნა ძვ. წ. 302
 -  ფარნავაზის მეფობა
 -  ქართლის გაქრისტიანება მირიან III-ის მეფობის დროს 317[][6]–318[7]
 -  სასანური კონტროლი და მეფობის გაუქმება ახ. წ. 580
დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
რუსეთის დროშა რუსეთი
სომხეთის დროშა სომხეთი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი

დასავლეთის წყაროებში მოიხსენიება, როგორც „აღმოსავლეთის იბერია“ ან „კავკასიის იბერია“, ამავე სახელწოდების იბერიის ნახევარკუნძულისგან განსასხვავებლად.

ეტიმოლოგია

ტერმინი „იბერია“ გაჩნდა უცხოენოვან (ბერძნულ–რომაულ) გარემოში, ელინისტურ ხანაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რომაული ნომენკლატურა, იმავე სახელს იყენებს პირენეის ნახევარკუნძულის აღსანიშნავად. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი რომაელებისთვის მარგინალური[8] ქვეყნების აღმნიშვნელია. ზოგი მას ქართულ „იმერს“ (იქითა მხარე) უკავშირებს და მიიჩნევს დასავლეთ საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად, ზოგი კი უკავშირებს ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ავტორებთან დამოწმებულ სასპერების სახელს (მათი სახელი შემორჩა ისტორიულ სპერის ოლქს).

თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით, სახელწოდება „ივერია“ ადერკი მეფემდე არსებობდა და შესაბამისად ვახუშტისეულ ჰოპოთეზას აქარწყლებს. მისი მოსაზრებით:

 
„ხოლო წოდება სახელისა ამის ივერია ანუ ივერო განიმარტების ესრეთ, ვინაჲდგან მდინარენი იგი დიდი-იორი და მცირე-იორი გამომდინარებენ დასაწყისსა შინა ერთისაგან სათავისა და შემდგომად განიყოფიან ორად, ამისთვის წყალთა მათ სახელ-ედვა იორი ანუ იორა, ესე იგი გაორდა ანუ ორი შეიქმნა; ვინაცა იორი ანუ იორა თქმაჲ გარდაიქმნა იორიად ანუ ივერიად: და ამის ძლით მდინარეთა ამათ სახელი მოუღიეს ყოველსა სამზღვარსა სრულიად საქართველოჲსა, გინა გიორგიისასა, კასპიის ზღვითგან ვიდრე შავს ზღვამდე, ყოველსა ზემოსა და ქვემოსა ივერიასა.“
(თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, გვ. 14-15)

ბიზანტიური ხანის (ახ. წ. IV-XV საუკუნეები) ბერძნულში თანხმოვანი (β-ბეტა) თანდათან იკარგება და გამოთქმაში იგი დაემსგავსა -ს (ქართულ ვინს)[9]. შედეგად გვიანდელ ქართულ საისტორიო წყაროებში მკვიდრდება ბიზანტიური ბერძნულის გავლენით — „ივერია“.

დიმიტრი ბაქრაძის აზრით:

 
„ჩვენ ზემოდ მოვიხსენეთ, რომ სულ ძველად ჩვენი ქვეყნის სახელწოდება იბერია არ იხმარებოდა არც უცხო ტომთაგან, არც ჩვენ წინაპართაგან. ის იხსენიება მხოლოდ იმ დროიდამ, როდესაც რომაელები შემოვიდნენ ჩვენ მხარეში მიტრიდატთან საბრძოლველად, საკუთრივ ამ დროდამ იხმარება ის საზოგადოდ როგორც რომაელებისგან, ასევე ბერძნებისაგან. სჩანსო, ამბობს ვივანე სენ-მარტენი, რომ რომაელებმა ჰპოვეს თვით იბერია საქართველოში და აქედამ გაავრცელეს იმის გარეთ.[10]

თეიმურაზ ბატონიშვილს მოჰყავს ანტიოქიის პატრიარქი მელენტის სიტყვები:

 
„მელენტი დიდი წმინდა პატრიარხი ანტიოხიისა სწერს თვისთა მოთხრობათა შინა მეღასთენისა ისტორიისაგან მიმღები. „ნაბუქოდონოსორმაო აჰყარნაო ერნი სპანიით და გარდმოასახლაო ივერიასა შინა, ესე იგი საქართველოდ; ხოლო ივერიით აჰყარაო და გარდაასახლაო სპანიად“. სწერს გადმოსახლებასა ივერიად, გარნა არა რაიმესა იტყვის ივერიად წოდებისათვის, მაგრამ მრავალნი მომთხრობნი ივერიისათვის არა შეიწყნარებენ ამას.“
(თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, გვ. 13)

ისტორია

ჩამოყალიბება

იბერიის ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან რამდენიმე მონათესავე თემის მიერ, რომელთაც ძველი ავტორები კოლექტიურად იბერებს (აღმოსავლეთ იბერებს) უწოდებენ. ადგილობრივები საკუთარი ქვეყანას ქართლს უწოდებდნენ, მითური წინაპარი „ქართლოსის“ მიხედვით.

მოსხებს (მესხებს), რომელთაც რამდენიმე კლასიკური პერიოდის ისტორიკოსი მოიხსენიებს, და სასპერებს (ჰეროდოტეს მიხედვით) მნიშვნელოვანი წვლილი უნდა მიუძღოდეთ ამ არემარის თემების კონსოლიდაციაში. მოსხების ადრეული ტომები მომთაბარეობისას ნელ-ნელა მიიწევდნენ ჩრდილოაღმოსავლეთისკენ, სადაც საბოლოოდ ხელშემწყობი კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო მუდმივი დასახლებები ჩამოაყალიბეს. ამ დასახლებათაგან მთავარი იყო მცხეთა, რომელიც შემდგომში იბერიის დედაქალაქი გახდა. შუასაუკუნეების ქართულ წყაროში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ასევე ნახსენებია აზო და მისი ხალხი, რომლებიც არიან-ქართლიდან მოსულან - პროტო-იბერიელების სამშობლოდან, რომელიც აქამენიდთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა სპარსეთის იმპერიის დაცემამდე, იმ ადგილას დასასახლებლად, სადაც ამჟამად მცხეთა მდებარეობს. მეორე ქართულ წყაროში „ქართლის ცხოვრება“, აზო მოხსენიებულია, როგორც ალექსანდრე დიდის მხედართმთავარი, რომელმაც ადგილობრივი მმართველი გვარი გაანადგურა და თავად ჩაიგდო არემარე ხელთ, სანამ ძვ. წ. IV საუკუნეში მას ადგილობრივი მეთაური ფარნავაზი არ დაამარცხებდა.

ადრეული ისტორია

ელინისტური ხანიდან იბერია მუდამ ერთ გარკვეულ პოლიტიკურ ერთეულს (სახელმწიფოს) აღნიშნავდა, რომელიც აღმოსავლეთ სამხრეთ საქართველოს ვრცელ მიწა-წყალს მოიცავდა. ამ ტერიტორიაზე უმეტესად აღმოსავლურ-ქართული ტომები (ქართები-იბერები) სახლობდნენ. წინაელინისტურ ხანაში, აქ მრავალი სატომთაშორისო გაერთიანება (ტომთა კავშირი) და ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი იყო. ამ დროს აქაური მოსახლეობის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური როლი უნდა ეთამაშა მესხების ქართველ ტომებს, რომლებიც ადრე ხეთური კულტურის გავლენის სფეროში შედიოდნენ და მცირე აზიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. აქემენიდურ ხანაში ამ რაიონში არსებული ქართული გაერთიანება ცნობილია არიან-ქართლის („ირანის ქართლის“) სახელით და სპარსეთის ფარგლებში უშუალოდ შემავალ აღმოსავლურ-ქართულ გაერთიანებას გულისხმობს.

ძვ. წ. IV–III საუკუნეების მიჯნაზე მან შეძლო თავისი ძალაუფლების გავრცელება შიდა ქართლზეც. შეიქმნა დიდი სახელმწიფო გაერთიანება, რომლის ცენტრი მცხეთის მიდამოებში მდებარეობდა. თვით მცხეთის სახელიც მესხთა ტომის სახელიდან უნდა იყოს ნაწარმოები. მცირეაზიელ მესხებს უნდა მოეტანათ აქ ზოგიერთი ხეთური ღვთაების კულტი (არმაზის, ზადენის), რომლებიც უზენაეს ღმერთებად იქცნენ. მათ სახელზე მცხეთის მიდამოებში ააგეს ორი დიდი ციხესიმაგრე — არმაზციხე და ზადენციხე.

 
კავკასიის უძველესი ქვეყნები: კოლხეთი, იბერია, ალბანეთი და სომხეთი, ძვ. წ. II ს II ნახევარი.

ძლიერების პერიოდი

ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში ქართლში (იბერიაში) ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ადგილობრივი წარმოშობის პირმა („მცხეთის მამასახლისების“ საგვარეულოს წევრმა) ფარნავაზმა, რომელიც იბერიის მეფეთა ახალი დინასტიის — ფარნავაზიანების ფუძემდებელი გახდა. ფარნავაზისა და მისი უახლოესი მემკვიდრეების დროს (ძვ. წ. III ს.) იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია და საკმაოდ ვრცელი სახელმწიფო გახდა. შიდა ქართლის, კახეთისა და მესხეთის გარდა მასში შედიოდა დასავლეთ საქართველოს ნაწილი (არგვეთი, აჭარა). მის შემადგენლობაში ივარაუდება ისტორიული ოლქები — გოგარენე, ხორძენე და პარიადრის მთის კალთები (ისინი, სტრაბონის ცნობით, მხოლოდ ძვ. წ. II–I საუკუნეებში ჩამოაჭრეს სომხეთის სამეფოებმა იბერებს). იბერიის სამეფოს ძალაუფლება ვრცელდებოდა აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთზე და დასავლეთ საქართველოს ბარის რაიონებზეც (ეგრისი).

დაკნინების პერიოდი

ძვ. წ. II საუკუნისა და I საუკუნის პირველ ნახევარში იბერია დასუსტდა და გაძლიერებულ სომხეთის სამეფოებთან ბრძოლაში ზოგი ტერიტორია დაკარგა. ელინისტური ხანის იბერია ადრინდელი კლასობრივი წინაფეოდალური სახელმწიფო იყო. მატერიალური დოვლათის მწარმოებელ ძირითად მასას წარმოადგენდნენ თავისუფალი მეთემენი – მიწისმოქმედნი და მეომარნი. დამორჩილებულ სამიწათმოქმედო თემებს ძირითადად სამეფო საგვარეულო უწევდა ექსპლუატაციას. პრივილეგიურ ფენებს წარმოადგენდნენ აგრეთვე სამხედრო-სამოხელეო არისტოკტარია და ქურუმობა. სამეფო კარზე ჯერ არ იყო მტკიცედ ჩამოყალიბებული ტახტის მემკვიდრეობის წესი. სამეფო ტახტზე აჰყავდათ გარდაცვლილი მეფის უახლოეს ნათესავთაგან ყველაზე ხნიერი. მთის მოსახლეობა სამეურნეო საქმიანობით ჩაცმა-დახურვის წესითა და ზნე-ჩვეულებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ბარის მოსახლეობისაგან. იგი ამ დროს ჯერ კიდევ პირველყოფილ-თემური წყობილების პირობებში ცხოვრობდა, თუმცა იბერიის სახელმწიფო სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.

ძვ. წ. 65 წელს იბერია დალაშქრა რომაელმა სარდალმა პომპუესმა. მიუხედავად ენერგიული წინააღმდეგობისა, იბერიის მეფე არტაგი[11] ბოლოს და ბოლოს დამორჩილდა რომაელებს.

რომთან კავშირი

 
პატერა არმაზისხევიდან, სავარაუდოდ რომაულ ქალღმერთ ფორტუნას გამოსახულებით, ახ. წ. II საუკუნე.

მალე იბერია გათავისუფლდა რომზე დამოკიდებულებისაგან. რომსა და იბერიას შორის დამყარდა მოკავშირეობითი ურთიერთობა. ახალი წელთააღრიცხვით I-II საუკუნეებში კი იბერია კვლავ გაძლიერდა და ხშირად რომის მეტოქედაც გამოდიოდა ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთში. იბერიის გაძლიერებას ხელი შეუწყო კონტროლის დაწესებამ კავკასიონის გადმოსასვლელებზე და საგარეო ლაშქრობებში იმიერკავკასიაში მომთაბარე ტომების გამოყენებამ. იბერიამ მოახერხა მთლიანად დაებრუნებინა ადრე სომხეთის მიერ ჩამორთმეული მიწები და I საუკუნის 30-50-იან წლებში (მეფე ფარსმან I-ისა და მისი ვაჟის რადამისტის დროს) მცირე ხნით მთელ სომხეთსაც დაეუფლა.

 
რომის იმპერია იმპერატორ ტრაიანეს დროს, ა.წ. I-II სს.

I საუკუნის II ნახევარში იბერიამ ძირითადად შეინარჩუნა რომთან მეგობრული ურთიერთობა. ხოლო II საუკუნის 30-50-იან წლებში, ფარსმან II-ის დროს, როდესაც იბერია თავისი ძლიერების მწვერვალზე იყო, მათ შორის დაძაბულობამ იჩინა თავი. იბერიის ტერიტორიამ შავ ზღვას მიაღწია და რომაელთა სამფლობელოების ნაწილი შეიერთა. ფარსმან II-მ მრავალგზის შეუთვალა უარი იმპერატორ ადრიანეს მიწვევაზე და მხოლოდ მისი მემკვიდრის – ანტონინუს პიუსის დროს მოინახულა რომი მეუღლით, ვაჟიშვილით და წარჩინებულთა დიდი ამალით. რომაელები მოუხიბლავს იბერთა სამხედრო ვარჯიშს. იმპერატორს დედაქალაქში დაუდგამს ცხენზე ფარსმანის ქანდაკება, აგრეთვე „გაუფართოებია ფარსმანის სამეფო“, ე. ი. უცვნია იბერიის ფართოდ გაწეული საზღვრები.

სპარსეთის გავლენა

 
ბაგინეთის მთაში აღმოჩენილი სამეფო სარეცლის ფეხის გარესაკრავი, ახ. წ. II საუკუნე.

ამ დროს იბერია წარმატებით ებრძოდა პართიასაც, თუმცა მდგომარეობა შეიცვალა III საუკუნიდან, როდესაც ძალაუფლება სასანიდების ხელში გადავიდა. სასანური ირანი უფრო ძლიერი და ცენტრალიზებული სახელმწიფო იყო, ვიდრე არშაკიდების პართია. მეფე შაპურ I-ს (242-272) დროს იბერია იმპერიაში შემავალ ქვეყნად ითვლებოდა. თავის ცნობილ „ქააბაი ზარდოშტის“ („Ka’ba-i Zardošt“) ტრილინგვაში, შაპურ I იმ ქვეყნებსა და ხალხებს შორის, რომლებიც მას ხარკს უხდიდნენ ასახელებს: პერსიდას, პართიას, ხუზისტანს, მეშანს, ასურეთს, ადიაბენას, არაბეთს, ატრუპატკანს, არმენიას, იბერიას (წარწერის ფალაურ ტექსტში: „Vyršn“, ბერძნულში – „Ίβερια“), მახელონიას, ალბანეთს (პართულ-ფალაური: Ardan, სასანურ-ფალაური, შეიძლება, Arrān), ბალასკანს კაპის მთებამდე (ე. ი. კავკასიონამდე) და ალბანეთის კარამდე (დერბენდის გასასვლელი) და სხვ.

იბერიის მეფე ამაზასპი წარწერის მიხედვით იმპერიის ერთ-ერთი უმაღლესი დიდებულია. წარწერაში სამეფო დიდებულები სამ კატეგორიადა დაყოფილი: 1. ისინი, ვინც ძალაუფლება მიიღო სასანიანთა დინასტიის ფუძემდებლის არდაშირ I-ის მამის – პაპაკის დროს, 2. ვინც ძალაუფლება მიიღო არდაშირ I-ის დროს და 3. ისინი ვინც ძალაუფლება მიიღო შაპურ I-ის დროს. სწორედ ამ უკანასკნელთა შორის იხსენიება „ამაზასპი, მეფე იბერიისა“ (პართულ-ფალაურ ტექსტში: Xmzasp Vyršn (სტრ. 28); სასანურ-ფალაურში: amčspy vl rvcan (სტრ. 30-31); ბერძნულში (სტრ. 60): Αμαςασπου τoς βασίλεύς τoς Ίβεριας). ამასთან მეფე ამაზასპს ასახელებს მეოთხედ, ადიაბენის მეფის არდაშირის, კირმანის მეფის არდაშირისა და დედოფალ დენაკეს შემდეგ.[12] ყველაფერი ეს, იმაზე მიუთითებს, რომ ამაზასპის სახით საქმე გვაქვს არა იარაღის ძალით დამორჩილებულ მმართველთან, არამედ ირანის მბრძანებლის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან მოკავშირესთან.

 
სამენოვანი წარწერის დეტალი, „ქააბაი ზარდოშტი“, ნაყშე-როსთამი, ირანი.

მოსაზრება ამაზასპის ირანული ორიენტაციის შესახებ ძველი ქართული წყაროებითაც დასტურდება. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ამაზასპმა „შეიყვარა სპარსელები“ (ქც., I, 57). მეფობის დასასრულს, ამავე წყაროს მიხედვით, ამაზასპი ქართველთა და მათ დასახმარებლად მოხმობილ სპარსელთა ლაშქრით ებრძვის ბერძნებს (რომაელებს), რომელთაც მხარს უჭერენ სომხები, მეგრები (დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა) და ოსები. მატიანეს ცნობით, ამაზასპს განუდგნენ და მტრულ დაჯგუფებას მიემხრნენ ქართლის რამდენიმე ერისთავი: ეგრისის ორი ერისთავი, აგრეთვე ოძრხეს, კლარჯეთისა და წუნდას ერისთავები. მომხდარ ბრძოლაში „სპარსელები და ქართველები“ დამარცხდნენ და თვით ამაზასპიც დაიღუპა.[13]

სპარსელთა ბატონობას ამის შედეგად, III ს. ბოლოსათვის ბოლო მოეღო როგორც ქართლზე, ისე სომხეთზე. 283 წელს დადებული საზავო ხელშეკრულების თანახმად, სპარსელებმა დაკარგეს კონტროლი სომხეთის მნიშვნელოვან ნაწილზე. 287 წელს რომის იმპერატორის დიოკლეტიანეს დახმარებით სომხეთში გამეფდა ტირიდატ III (287-330). 298 წელს რომაელებთან მორიგი წარუმატებელი შეტაკების შემდეგ, სპარსელები იძულებული გახდნენ რომაელებთან 40 წლის ვადით ნისიბინში (მესოპოტამია) დაედოთ საზავო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რომაელებს გადასცეს მესოპოტამია და ზოგი სხვა ოლქი, ამასთანავე აღიარეს რომის პროტექტორატი სომხეთსა და იბერიაზე.

III საუკუნეშიც, კერძოდ, ამაზასპის დროს, ქართლი ფაქტობრივად დამოუკიდებელ და ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მოგონება ამაზასპზე, როგორც ძლიერ მმართველზე, მკაფიოდ შემოინახა ქართულმა საისტორიო ტრადიციამ[14]. „ქართლის ცხოვრებაში“ ვრცლადაა მოთხრობილი ამაზასპის ბრძოლაზე ქართლში შემოჭრილ ოსებთან. დედაქალაქ მცხეთის მისადგომებთან ამაზასპი იმარჯვებს მათზე, სდევნის ქართლიდან, ხოლო შემდეგ თვით ლაშქრობს ოსეთში და არბევს მას (ქც., I, 55-57). III საუკუნიდან, როგორც ცნობილია, მართლაც გახშირდა მომთაბარე ალანების შემოსევები ამიერკავკასიაში. შეიძლება ალანთა ერთი ასეთი შემოსევა იგულისხმება ქართული წყაროს ამ მოთხრობაში მეფე ამაზასპის ბრძოლაზე ქართლში შემოჭრილ ოსებთან.

 
სასანური ირანი ძლიერების ხანაში, მეფე ხოსრო II დროს, 620 წელი.

შემდეგში, უკვე IV ს. დასაწყისში, ქართლის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. რომის იმპერიის ცენტრის გადანაცვლება აღმოსავლეთით იწვევს რომაელთა პოზიციების გაძლიერებას ამ მხარეში, გარდა ამისა, ადგილი აქვს სასანიანთა ირანის ენერგიულ შემოტევას, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გაძლიერდა შაპურ II-ის (310-379) დროს. დასუსტებულ ქართლი იძულებული გახდა არჩევანი გაეკეთებინა, ერთი მხრით, ძლიერ ირანსა და, მეორე მხრით, გაძლიერების გზაზე მდგარ აღმოსავლეთ რომის იმპერიას შორის. ქართლის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მისი მოსახლეობის თავისთავადობისადმი მთავარი საფრთხეს ამ დროს სასანიანთა ირანი წარმოადგენდა. შედეგად, IV საუკუნის დასაწყისში იბერია რომის ორიენტაციას დაადგა, რაც სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებაში გამოიხატა.

V საუკუნეში, ვახტანგ გორგასალის მეფობაში, ქართლის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა დასავლეთ საქართველო და სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ნაწილი. 482 დიდი აჯანყება ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ მარცხით დამთავრდა. 523 წელს, გურგენ მეფის აჯანყების დამარცხების შემდეგ, კავად I-მა ქართლში მეფობა გააუქმა, მაგრამ ფაქტობრივად VI ს. 40-იან წლებამდე ქართულ და ბერძნულ წყაროებშიც იხსენიებიან ქართლის მეფეები.

ირანის მეფე ხოსრო I-ს (531-579) დროს ირანი დაიყო 18 ქუსტაკად (ოლქად). ქუსტაკის სამოქალაქო ხელისუფალი იყო პადოსპანი, ხოლო სამხედრო - სპასპეტი. ქუსტაკები იყოფოდა შაჰრებად, მისი გამგებელი კი იყო მარზპანი. ქართლი, სომხეთი და ალბანეთი კავკასიის ქუსტაკში ერთიანდებოდა. ქართლის მარზპანის რეზიდენცია თბილისში მდებარეობდა.

საზოგადოებრივი ფორმაცია

ეკონომიკური ვითარება

 
ოქროს დისკი ახალგორიდან, ძვ. წ. IV საუკუნე.

ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების მიხედვით როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი საქართველო ზოგადად მთისა და ბარის ქვეყნებად იყოფა. სოფლის მეურნეობის ინტენსიური დარგების განვითარების თვალსაზრისით საქართველოს ბარი, ბუნებრივია, გაცილებით ვარგისი და ხელსაყრელი იყო. ბარი, ჩვეულებრივ, ვენახ-ხილიანი ზონა იყო, ხოლო მთა კი, პირიქით. ჰერეთ-კახეთში ბუნებით უხვად დაჯილოდოებულ მხარედ ძველთაგანვე ალაზნისა და ივრის ნაყოფიერი ხეობები ითვლებოდა. ქართლში კი შიდა ქართლის სარწყავად ქცეული თითქმის მთელი ველობი და ქვემო ქართლის ხეობები გამოირჩეოდნენ.

ანტიკური პერიოდის ბოლოსათვის, კერძოდ, IV საუკუნიდან, საქართველოს ეკონომიურსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შეინიშნება. აღსანიშნავია საწარმოო ძალების შემდგომი ზრდა, რამაც ყველაზე ძლიერ მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციაში იჩინა თავი. იბერიაში სპეციფიკური ბენებრივ-გეოგრაფიული პირობების გამო, ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო კულტურა, უმთავრესად მორწყვას ემყარებოდა. უძველესი არხის გაყვანას იბერიაში ტრადიცია ალექსანდრე მაკედონელს მიაწერს: „დასაცა ვენაჴი და რუჲ გამოიღო ქსნით“[15]. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ამ ხასიათის უკვე სავსებით რეალური მეორე ცნობა, რომ IV ს. ბოლოს მეფე თრდატმა „რუსთავისა რუჲ გამოიღო“[16]. ამ წყაროს ცნობით, VI ს. გაუტანიათ წილკნის რუ. აღსანიშნავია, რომ V-VI საუკუნეებით თარიღდება ნახიდურის, გაჩიანის, მუხრანის, რუის-ურბნისის და ზოგი სხვა დიდი და მცირე არხებიც.

უფრო სრულყოფილი გახდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. გაუმჯობესდა ძირითადი სამიწათმოქმედო იარაღი – ერქვანი[17]. ცხადია, გაუმჯობესებული ერქვანი მის წინამორბედზე უფრო ძვირი და ძნელად საშოვარი იყო, მაგრამ გაცილებით აუმჯობესებდა მიწის დამუშავებას, ზრდიდა შრომის ნაყოფიერებასა და მოსავლიანობას. მთის პირობებში მეტი გამოყენება ჰქონდა უფრო მარტივსა და მსუბუქ ცალუღელა სახვნელებს [18]. ამ დროს მეურნეობის უმთავრესი დარგებია: მემინდვრეობა, მევენახეობა, მებაღეობა-მებოსტნეობა, მესაქონლეობა.

მემინდვრეობის სისტემაში წამყვანი ადგილი მეხორბლეობას ეჭირა[19]. ხორბლეულის ყველაზე უფრო გავრცელებული და უძველესი ჯიშები იფქლი და დიკა იყო. საერთოდ, სპეციალისტები ხორბლეული კულტურების ერთ-ერთ სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევენ[20]. მოყავდათ ასევე ქერი და ფეტვი.

სოფლის მეურნეობაში მევენახეობა-მეღვინეობის როლიც განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო. აღმ. საქართველოში ამ დროს ვენახი უმთავრესად დაბლარია, როდესაც დას. საქართველოში უმეტესად მაღლარი ვენახი უნდა ყოფილიყო გაბატონებული. ყალიბდებოდა საქართველოს ცალკეული კუთხეების პირობებისადმი კარგად შეგუებული ვაზის ჯიშების ენდემური ჯგუფები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მრავლად გამოვლინებული IV–V სს. ქვევრები მეღვინეობის, კერძოდ, ღვინის დაყენების წესის მაღალი განვითარების მაჩვენებელია.

სოციალური ვითარება

I-III საუკუნეებში იბერიაში მიმდინარეობდა საზოგადოების მკვეთრი ქონებრივი და სოციალური დიფერენცია. თავისუფალ მეთემეთა ერთმა ნაწილმა დაკარგა საკუთრება და დაქვემდებარებული თემების წევრებს („გლეხებს“) შეერწყა, ანდა „ტაძრეულთა“ (სამეფო მიწების პირობით მფლობელობაში მქონე მიწისმოქმედთა) ფენა შექმნა. მეორე ნაწილი კი აღზევდა და სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიასთან ერთად „ერისაგან“ გამოყოფილ „აზნაურთა“ წრე დააკომპლექტა. უკვე დიდად განშტოებული სამეფო საგვარეულო სეფეწულთა უმაღლეს ფენას წარმოადგენდა. ამ დროს განუყოფლად ბატონობდა სამეფო ტახტის მამიდან შვილზე გადასვლის წესი. მსხვილი მიწათმფლობელები იყვნენ ტაძრებიც, რომლებიც შემდგომ, IV საუკუნის დასაწყისში, ქრისტიანობის მიღებასთან დაკავშირებით განადგურდნენ.

იბერიის მეფეთა სია

იბერიის მეფეთა სია საბოლოოდ დაზუსტებული არ არის. ბევრი ისტორიკოსი და გენეალოგი (ვახუშტი ბატონიშვილი, თეიმურაზ ბატონიშვილი, სერგი გორგაძე, პავლე ინგოროყვა, ლევან სანიკიძე და გუბაზ სანიკიძე) არ ეთანხმება „ქართლის ცხოვრების“ (XII საუკუნე) ორიგინალურ წყაროს და საკუთარ ვერსიას გვთავაზობს. ასევე თავისი ვერსია გამოაქვეყნა ქართველმა გენეალოგმა კირილ თუმანოვმა, რომელიც ასევე ითვალისწინებს უცხოურ წყაროებს (ბერძნული, ლათინური, ირანული და სომხური[21]).

ადმინისტრაციული მოწყობა

 
ფარნავაზის მიერ დაარსებული ადმინისტრაციული ერთეულები

ქართული ისტორიული ტრადიცია საერისთავოების წარმოქმნას ფარნავაზის რეფორმებს უკავშირებს, რომლის მიხედვით, მეფე ფარნავაზ I-მა სამეფო 8 საერისთავოდ და ერთ სასპასპეტოდ დაყო:

ცალკე ერთეულს ქმნიდა შიდა ქართლი, რომელიც სპასპეტის საგამგებლოს წარმოადგენდა. ამ ტრადიციის თანახმად ფარნავაზის სუვერენიტეტს ეგრისიც აღიარებდა[22]. V საუკუნეში, საერისთავოთა სიას ემატება ჰერეთი. ჰერეთის საერისთავოს ჩამოყალიბება ვახტანგ I გორგასლის მეფობას უკავშირდება.

ძირითადი ქალაქები

 
არმაზი და მცხეთა

იბერიის დედაქალაქი მცხეთა მრავალი სხვადასხვა მხრიდან მომავალი გზის გადაკვეთის პუნქტში მდებარეობდა. აქ იყრიდა თავს გზები ალბანეთიდან, სომხეთიდან, კოლხეთის სამეფოდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. ამ ადგილზე გადიოდა დიდი საერთაშორისო სატრანზიტო-სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთიდან მოდიოდა და კოლხეთის შავიზღვისპირა ქალაქებისაკენ მიემართებოდა. მტკვრის ხეობაში მცხეთის გარდა იყო იბერიის მნიშვნელოვანი ცენტრები - უფლისციხე, წუნდა, ოძრხე და სხვა. სტრაბონის ცნობით ელინისტური ხანის იბერია წარმოადგენდა მჭიდროდ დასახლებულ მეტწილად ქალაქებითა და დაბებით დასერილ ქვეყანას, სადაც იყო კრამიტისსახურავიანი და ხუროთმოძღვრების წესით ნაგები სახლები, ბაზრები და სხვა საზოგადო შენობები. იბერიის ქალაქებში იყო სავაჭრო სახელოსნო უბნები, ხშირად უცხო ტომის ხალხით დასახლებული. მაგ., ძვ. ქართული ქრონიკის მიხედვით, ძვ. წ. 169 მცხეთაში დაარსებულა ებრაული კოლონია. იბერიაში ჭრიდნენ ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტების მინაბაძებს, რაც მსოფლიო ბაზარზე იბერიის აქტიური მონაწილეობით იყო გამოწვეული. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უცხო ქვეყნების მოჭრილი ელინისტური ხანის მონეტებიც. იბერიის სამეფოში დაწინაურებული იყო სამშენებლო საქმე. აიგო ციხესიმაგრეები: არმაზციხე - სამეფო რეზიდენცია, ზადენციხე - სევსამორა, კახეთში - ნეკრესი, აშენდა მცხეთა და სხვა, აღიმართა უზენაეს ღვთაებათა კერპები (არმაზის, ზადენის, აინინასი და დანინასი) და სხვა.

კულტურული მემკვიდრეობა

 
არიადნესა და დიონისეს მოზაიკა ძალისიდან, II საუკუნე.

ანტიკური ხანის იბერიის კულტურის შესასწავლად ძვირფასი მასალა მოგვცა მცხეთაში და მის მიდამოებში, კლდეეთში, უფლისციხეში და სხვა ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა. აღმოჩნდა ოქრომჭედლობის და მხატვრული ხელოსნობის ბევრი შესანიშნავი ძეგლი, დიდძალი კერამიკის და ლითონის ინვენტარი, მოზაიკისა და სკულპტურის ნიმუშები. ნაპოვნია ბერძნული და რამეული წარწერები, აღმოჩნდა არქიტექტურის ძეგლები - სასახლეებისა და ტაძრების, აბანოებისა და საწარმოო კერების ნაშთები, დიდძალი ნუმიზმატიკური მასალა. იბერიის კულტურა უცხო (ბერძნულ-რომაული, ირანული და სხვა) ელემენტებთან ერთად შეიცავს მძლავრ ორიგინალურ ნაკადს.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

შენიშვნების სია

ლიტერატურა

  • აფაქიძე ა., ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, წგნ. 1, თბ., 1963;
  • ლომთათიძე გ., კლდეეთის სამაროვანი ახ. წ. II საუკუნისა, თბ., 1957;
  • ლორთქიფანიძე ო., ანტიკური სამყარო და ქართლის სამეფო (იბერია), თბ., 1968;
  • მცხეთა, ტ. 1 - არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1937-1946 წწ. განათხარის მიხედვით, თბ., 1955;
  • საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
  • წერეთელი გ., არმაზის ბილინგვა, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1, თბ., 1965;
  • ჯანაშია ს., შრომები, ტ. 1-2, თბ., 1943-1952;
  • მელიქიშვილი გ., ქსე, ტ. 5, გვ.67-68, თბ., 1980
  • კუპრაშვილი ჰ., იბერია თუ ივერია?, გაზეთი „რეზონანსი“. #003, 2007 წლის 11 იანვარი"
  • ბარამიძე რ., ფარნავაზმან ძლიერჰყო ქვეყანა თვისი, თბ., 1992

სქოლიო

  1. მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდისეული ვერსია. [თავი ა~], გვერდი 5.
  2. მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდისეული ვერსია. [თავი ა~], გვერდი 1.
  3. ვახუშტი, 1885, გვ. გ
  4. ვახუშტი, 1885, გვ. დ
  5. ვახუშტი, 1885, გვ. 74
  6. ვახუშტი, 1885, გვ. 67
  7. ვახუშტი, 1885, გვ. 69
  8. მარგინალური–საზღვრისპირა. რომაელთათვის კავკასიის იბერიაც და პირენეის ნახევარკუნძულიც, უკიდურესი პროვინციები იყო;
  9. კუპრაშვილი ჰ., იბერია თუ ივერია?, გაზეთი „რეზონანსი“. #003, 2007 წლის 11 იანვარი
  10. დ. ბაქრაძე "პონტის მეფე მიტრიდატ დიდი" გვ. 24. 1880 წ.
  11. რომაული ნომენკლატურით – არტოკე
  12. ამაზასპის შემდეგ აქ დასახელებული არიან უფლისწულები, სასანიანთა სახელმწიფოს გავლენიანი საგვარეულოების – სურენებისა და კარენების წარმომადგენლები, პიტიახშები ხაზარაპეტები, სატრაპები და სამეფოს სხვა დიდმოხელეები. ყველა მათთვის, მათ შორის იბერიის მეფე ამაზასპისათვის, შაპური გარკვეული მსხვერპლის შეწირვას აწესებს.
  13. შეიძლება აქ ლაპარაკია ერთ-ერთ იმ მრავალრიცხოვან დამარცხებაზე, რომელიც სპარსელებმა რომთან ბრძოლაში ძლევამოსილი შაბურის შემდეგ განიცადეს;
  14. „ესე ამაზასპ იყო კაცი ძლიერი და დიდი გოლიათი, მსგავსი ფარსმან ქუალისა...“(ქც);
  15. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, გვ. 81.
  16. ქალაქი რუსთავი, იქ რუს გატანასთან დაკავშირებით, მის მსხვილ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცენტრად და საუფლისწულოდ იქცა (ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, I, გვ. 373)
  17. იყო „ხარმრავალ ბმული“ საკმაოდ რთული სახნის-საკვეთიანი, ფრთიანი სახნავი იარაღი;
  18. ამ სახვნელების ერთი ტიპი, რომელსაც ხალხი „აჩაჩა გუთანს“ ეძახის, აქამდეა შემორჩენილი;
  19. „ხუარბალი“ ამ დროს ყველა საკვები მცენარის მარცვლეულის, აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი იყო და არა, როგორც შემდეგში, მხოლოდ პურეულის ჯგუფისა (ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიური ისტორია, I, გვ. 319.)
  20. გ. ჩიტაია, თოხის კულტურა დასავლეთ საქართველოში (კოლხეთში), ისტორიის ინ-ტის შრომები, თბ., 1959, გვ. 153.
  21. The Georgian Chronicle. Translated from Classical Armenian by Robert Bedrosian. This work is in the public domain. It may be copied and distributed freely. Sources of the Armenian Tradition (Long Branch, New Jersey, 1991)
  22. ბარამიძე რ., ფარნავაზმან ძლიერჰყო ქვეყანა თვისი, თბ., 1992, გვ. 40
  23. ენამ შემოინახა ტოპონიმი– „ზედაზენი“, ანუ „ზედა ზადენი“, რაც გულისხმობს „ქვედა ზადენის“ არსებობასაც. ერთი მოსაზრებით, სწორედ ჯვრის მთას ერქვა „ქვედა ზადენი“ და იდგა ზადენის კერპი;

წყაროები

  • ბატონიშვილი, ვახუშტი (1885). „საქართველოს ისტორია“ განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ.. ტფილისი: ქართველიშვილი, გ. დ. 
  • Hitchins, Keith (2001). „GEORGIA ii. History of Iranian-Georgian Relations“. Iranica. pp. 464–470.
  • Spaeth, Barbette Stanley (2013). The Cambridge Companion to Ancient Mediterranean Religions. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0521113962. 

დამატებითი ლიტერატურა

  • Roger Rosen, Jeffrey Jay Foxx. Georgia: A sovereign country of the Caucasus
  • Thomson, Robert W. Rewriting Caucasian History (1996) ISBN 0-19-826373-2
  • Braund, David. Georgia in Antiquity: A History of Colchis and Transcaucasian Iberia, 550 BC-AD 562 (New York: Oxford University Press, 1994) ISBN 0-19-814473-3
  • Lang, David Marshall. The Georgians (London: Thames & Hudson, 1966)
  • Toumanoff, Cyril. Studies in Christian Caucasian History. Washington D.C.: Georgetown University Press, 1963
  • Edward Gibbon, Volume II, Chapter XLII, discusses Iberia as one of the areas in the "Barbaric world"

რესურსები ინტერნეტში

  საქართველოს ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები საქართველოს ისტორიის შესახებ.