ქართლის გაქრისტიანება

ქართლის გაქრისტიანება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლშიIV საუკუნეში, იბერიაში მირიან მეფის დროს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

ქართლის ოფიციალურად გაქრისტიანებასთან დაკავშირებით, მოიპოვება 4 ძირითადი წყარო: მოქცევაჲ ქართლისაჲ, ქართლის ცხოვრება, ბერძნულ-რომაული წყაროები (გელასი კესარიელის და რუფინოსის თხზულებები) და მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორია“, რომელთაგან მოქცევაჲ ქართლისაჲ ითვლება დანარჩენი სამი წყაროსთვის ამოსავალ წერტილად.

წლების მანძილზე ქართულ და არაქართულ ისტორიოგრაფიაში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. სერგი გორგაძის აზრით „მოქცევაჲ ქართლისაჲს ქრონოლოგია იმდენად არეულია, რომ ძალიან ძნელია მას დაეყრდნო“, ამიტომ სხვადასხვა დროს სახელდებოდა იბერიის გაქრისტიანების სხვადასხვა თარიღი.

რომაელ ისტორიკოსს სოზომენეს პირდაპირ აქვს მითითებული რომ „ქართლის გაქრისტიანება მოხდა 325 წლის (ნიკეის პირველი საეკლესიო კრება) ახლო ხანებში“.

ივანე ჯავახიშვილი ასევე იკვლევდა აღნიშნულ საკითხს, რომელმაც გაქრისტიანების სავარაუდო თარიღად 337 წელი ჩათვალა (კონსტანტინე დიდის გარდაცვალების თარიღი). ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ხალხის და ქვეყნის განვითარებისთვის. ქრისტიანული რწმენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციაზე, ეს განამტკიცებდა კავშირს რომთან და უპირისპირდებოდა ირანის აგრესიულ პოლიტიკას. შეგვიძლია ავღნიშნოთ ისიც რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველი საუკუნიდან არსებობდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რადგან ეს ხალხს აერთიანებდა და ერთმანეთთან აახლოვებდა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მნიშვნელოვანი იყო მორალურად, ზნეობრივად და ამან ხელი შეუწყო საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

უკიდურესი საზღვრები

რედაქტირება

იმისათვის რომ უფრო ზუსტად წარმოვიდგინოთ მოვლენების განვითარება, აუცილებელია დავაწესოთ მოვლენების უკიდურესი ზედა და ქვედა ზღვარი.

ქვედა ზღვარი — 313 წელი

რედაქტირება

ქვედა ზღვრად ყოველი მიზეზ გარეშე შეგვიძლია ავიღოთ 313 წელი, როგორც ქრისტიანობის საყოველთაო შეწყნარების დასაწყისი.

ქრისტიანობას თავისი არსებობის საწყის ეტაპზე მეტად რთული გზის გადალახვა მოუწია. 313 წლამდე (მილანის ედიქტამდე) რომის იმპერიაში ქრისტიანობის საყოველთაოდ აღიარება სიკვდილით დასჯადი იყო. ქრისტიანობაში იურიდიული საზღვრები 313 წლამდე ფიზიკურად არ არსებობდა და თუკი არსებობდა ის მეტად პირობითი იყო. უფრო განვითარებული იყო ქრისტიანობის რომელიმე ქალაქში არსებობა, სადაც იჯდა მოციქულის მიერ დატოვებული ეპისკოპოსი. ასე მაგალითად, 325 წელს ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე მოწვეული იყო ქალაქ პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე. პიტიუნტი ასოცირდება როგორც ბიჭვინთასთან, ასევე ლაზეთში ოფთან მდებარე ერთ-ერთ ქალაქთანაც. ასევე 381 წელს კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე მოწვეული იყო იბერიის ეკლესიის წარმომადგენელი ეპისკოპოსი პანტოფილე. იბერიად მოიაზრებოდა როგორც ქართლი და ეგრისი, ასევე კაპადოკიის რეგიონში არსებული იბერიის თემიც. არც ერთს და არც მეორე მღვდელთმთავარს ქართული წყაროები არ მოიხსენიებენ ქართლის მღვდელთმთავართა რიგებში.

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძის სიტყვებით[1]:

 
„პირველ მსოფლიო კრების მუშაობაში 325 წელს მონაწილეობდა პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე. ისმის კითხვა, თუ რომელი ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა პიტიუნტი IV საუკუნეში (325 წლისათვის). ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში არ იყო ჩამოყალიბებული და ჯერ კიდევ არ არსებობდა კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, ანტიოქიისა და სხვა საპატრიარქოები თავიანთი ვრცელი საზღვრებით. ისინი, როგორც საპატრიარქოები, მხოლოდ შემდგომ ჩამოყალიბდნენ V-VI საუკუნეებში. 325 წელს რომის იმპერიაშიც კი სახელმწიფო სარწმუნოებად მხოლოდ ცხადდებოდა და ეკლესიათა საზღვრებიც საბოლოოდ არც იყო განსაზღვრული. ამ პერიოდში ყალიბდებოდა საქართველოს ეკლესიაც. ამიტომაც, პიტიუნტში არსებულ ქრისტიანული თემის რომელიმე ეკლესიის ქვეშ დაქვემდებარებაზე ლაპარაკი შეუძლებელია. ანუ პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე ისევე შეიძლება მივიჩნიოთ ქართული ეკლესიის ქვეშ დაქვემდებარებულად, როგორც სხვა ეკლესიებისა.“

ზედა ზღვარი — 327 წელი

რედაქტირება

ზედა ზღვრად შეიძლება გამოყენებულ იქნას ქართლის გაქრისტიანებაში მონაწილე პიროვნებების — კონსტანტინე დიდისა და ელენე დედოფლის მოღვაწეობის წლები. ცნობილია, რომ კონსტანტინე დიდი გარდაიცვალა 337 წელს, ხოლო ელენე დედოფალი 327 წელს.

ქართლის გაქრისტიანება უნდა მომხდარიყო ელენესა და კონსტანტინე დიდის სიცოცხლეში ანუ მილანის ედიქტსა და ელენე დედოფლის გარდაცვალებამდე 313-327 წლებში.

წმ. რიფსიმეს წამება — 317 წელი

რედაქტირება
 
წმ. რიფსიმე

მაშინ, როდესაც ქრისტიანი ქალწულები — წმინდა ნინო, წმინდა რიფსიმე და სხვები ქართილსაკენ მოეშურებოდნენ, რიფსიმე თავისი მშვენიერებისა და წარმომავლობის გამო სომხეთის მეფე თრდატ I-ის ინტერესის სფერო გახდა. იმის გამო რომ ქრისტიან რიფსიმეს თავი ქრისტესთვის ჰქონდა მიძღვნილი, მტკიცე უარზე იყო ცოლად გაყოლოდა ვინმეს, თუნდაც სამეფო წრის წარმომადგენელს.

ხოლო ვითარცა წარიკითხა თრდატ ბრძანება ესე კეისრისა, მსწრაფლ იწყო ძიებად მათდა, და პოვნა იგინი საწნეხელთა მათ შინა პირველ ჴსენებულთა.

და იხილა რა რიფსიმე, აღივსო გულის-თქმითა და განიხარა სიხარულითა დიდითა, და განიზრახა ცოლად მოყვანება მისი. ხოლო არა ერჩდა წმიდა რიფსიმე. მაშინ იწამა იგი, დედა-მძუძე მისი გაიანე და სხუანი მრავალნი მათთანანი, ვითარცა წერილ არს წამება მათი და სასწაული მოქცევასა შინა სომეხთასა. (რამეთუ მადლითა ღმრთისათა იქმნა მეფე თრდატ ეშუად). ხოლო რომელნი-მე მათ წმიდათაგანნი დაიმალნეს და ივლტოდეს.

მაშინ ესე წმიდა ნინო დაიმალა ეკალთა შორის ვარდისათა, რომელი-იგი ჯერეთ არა ყუაოდა მას ჟამსა. და ოდეს-იგი აღმოვიდოდეს სულნი წმიდათა მათ მოწამეთანი, იხილა წმიდამან ნინო სტეფანეს მსგავსი დიაკონი, ჩამომავალი ოლარითა ნათლისათა; და ჴელთა მისთა აქუნდა სასაკუმევლე, რომლისაგან გამოვიდოდა კუამლი სულნელებისა, რომელი ცათა დაფარვიდა, და მის თანა სიმრავლე ერთა ზეცისათა. და მათ შეერთნეს სულნი წმიდათა მოწამეთანი.

317 წელს სომხეთის მეფემ რიფსიმეს ენა მოაჭრა და უბრძანა ქვებით ჩაექოლათ, მისი მეგობარი გაიანე დანააწევრეს და ვეფხვებს შეაჭამეს. რიფსიმეს წამების შემდეგ ნინო ჯავახეთის გავლით მცხეთისკენ ეშურება.

არმაზის დაცემა

რედაქტირება

არმაზის კერპი განადგურებულ იქნა მისივე დღესასწაულის დღეს — 6 აგვისტოს (ქრისტიანულ ეკლესიაში ფერისცვალება დღე).

ხოლო მასვე დღესა რისხვისასა, ოდეს დასცხრა სეტყუა იგი და ქარი სასტიკი, მაშინ გამოვიდა წმიდა ნინო კლდისა მისგან ნაპრალისა და პოვა თუალი იგი ბივრილი, აღიღო და წარმოვიდა წინა-კერძო დასასრულსა მის კლდისა ცხჳრისასა, სადა ყოფილ იყო ძუელი ციხე, და მუნ დგა ხე ერთი ბრინჯისა, შუენიერი, მაღალი და რტო-მრავალი, სადა-იგი ყოფილ-იყო ბარტამ მეფისა საგრილი და განსასუენებელი. და მივიდა ხესა მას ქუეშე, გამონიშნა ნიში ქრისტეს ჯუარისა და ილოცვიდა მუნ ექუს დღე. და მადლობდა ღმერთსა და ევედრებოდა, რათა მოხედნეს წყალობით ერსა მას შეცთომილსა და იჴსნეს ეშმაკისაგან. ხოლო ოდეს იქმნა ესე, ჟამი იყო მეექუსე, და დღე მეექუსე და თჳსა მის, ოდეს იგი ევმანოელ თაბორს მამისა ხატი უჩუენა თავთა მათ მოწაფეთა და თავთა მათ წინასწარმეტყუელთა.

თუ მზის დაბნელება იყო 319 წლის 6 მაისს, ხოლო რიფსიმე აწამეს 317 წლის 30 მარტს, მაშინ არმაზის განადგურბის დღე — 6 აგვისტო, შეიძლება ყოფილიყო ან 317, ან 318 წელი.

მირიან მეფის „მზის დაბნელება“

რედაქტირება

მზის სრული დაბნელება — 319 წლის 6 მაისი

რედაქტირება

(რიცხვები მოცემულია ძველი სტილით)

ქართლის ისტორიული წყაროების მიხედვით მირიან მეფეს თხოთის მთაზე „მზე დაუბნელდა“. მრავალი მეცნიერი თუ ისტორიკოსი ამოწმებდა აღნიშნულ მოვლენას და ყველა დადიოდა ერთ დასკვნაზე: თხოთის მთის მიდამოებში მირიან მეფის მეფობის პერიოდში არცერთი სრული დაბნელება არ შეინიშნებოდა. საქმე იმაში მდგომარეობდა რომ 1878 წელს თეოდორ ოპპოლცერის მიერ შემუშავებული მყარი რუკები, რომლებზეც დატანილი იყო მზის სრული დაბნელებები არ იყო ზუსტი, რომლითაც ხელმძღვანელობდა მთელი მეცნიერება. 2014 წელს ფრედ ესპენაკის მიერ შეიქმნა ახალი რუკები, რომლის ხელში იყო უფრო დაზუსტებული მონაცემები ციური სხეულების მოძრაობისა და ბრუნვისა.

ძველი მეთოდოლოგიისაგან განსხვავებით, თანამედროვე სატელიტურმა საშუალებებმა დადგინდა, რომ 313-327 წლების ინტერვალში დედამიწაზე მოხდა 10 მზის სრული დაბნელება.

კატ. ნომ. თარიღი დრო Saros Num. Ecl. Type Gamma Ecl. Mag. Lat. Long. Sun Alt. ხანგრძლივობა ტრაექტორია
05513 313 სექ. 07 07:32:57 88 T -0.3108 1.0281 9.8° S 88.7° E 71.8° 02 წთ. 30 წმ.  
05516 315 იან. 22 04:06:13 65 T -0.9636 1.0344 71.5° S 104.1° W 14.9° 01 წთ. 48 წმ.  
05518 316 იან. 11 19:59:24 75 T -0.2935 1.0406 38.5° S 80.1° W 72.7° 03 წთ. 18 წმ.  
05521 317 ივნ. 25 15:23:13 90 T -0.5370 1.0288 8.7° S 23.8° W 57.5° 03 წთ. 04 წმ.  
05526 319 მაი. 06 16:29:08 72 T 0.5319 1.0508 48.0° N 46.8° W 57.6° 03 წთ. 56 წმ.  
05529 320 ოქტ. 18 09:46:09 87 T 0.2308 1.0263 2.9° N 64.8° E 76.6° 02 წთ. 36 წმ.  
05531 321 ოქტ. 08 01:09:39 97 T 0.9018 1.0445 54.6° N 141.7° W 25.2° 03 წთ. 05 წმ.  
05536 324 თებ. 11 13:18:54 84 T -0.3543 1.0457 34.3° S 21.2° E 69.1° 03 წთ. 50 წმ.  
05541 326 ივნ. 16 14:42:01 71 T -0.8071 1.0403 30.0° S 3.0° W 36.0° 03 წთ. 43 წმ.  
05543 327 ივნ. 06 06:52:21 81 Tm -0.0413 1.0810 20.5° N 106.9° E 87.8° 07 წთ. 03 წმ.  

აქედან მზის სრული დაბნელება, რომელიც თხოთის მთასთან კავშირში აღმოჩნდა, იყო შესაბამისად: 313, 319 და 320 წლების მზის დაბნელებები, ხოლო აქედან 320 წლისა — 313 წლის მზის დაბნელების აქტიობაზე თხოთის მთის მიდამოებში ოდნავ მეტია, მაგრამ ვერანაირად ვერ მივლენ 319 წლის 6 მაისის თხოთის მთის მზის დაბნელებასთან, რადგანაც ამ დროს ის იმყოფებოდა ეპიცენტრში.[2]

მოგვიანებით, მცხეთის მიდამოებში არსებული „სასწაულებრივი ხისგან“ გამოთლიან სამ ჯვარს, რომლიდანაც ერთს თხოთის მთაზე, მეორეს ჯვრის მონასტრის ადგილას და მესამეს კი უჯარმაში აღმართავენ. თანამედროვე სატელიტური დაკვირვებბეით დადგინდა, რომ 319 წლის 6 მაისის მზის სრული დაბნელება დაიწყო მექსიკის წყნარი ოკეანის ნაპირებიდან და დასრულდა საქართველოში საგარეჯოსთან.[3]

319 წლის 6 მაისის მზის სრული დაბნელება და აღმართული სამი ჯვარი.
(ლურჯი ხაზით შემოსაზღვრულია სრული დაბნელების არეალი, ხოლო წითლით უბრალოდ მისი ცენტრალური ხაზი. მზის დაბნელების ხარისხი ლურჯი პერიმეტრის შიგნით ყველგან ერთნაირია)
 
მზის სული დაბნელება, მზის აქტივობის მინიმუმში (ჩანახატი)

თუ დავაკვირდებით მზის სრულ დაბნელებას, მზის აქტივობის მინიმუმში დავინახავთ მთვარის ოთხ მხარეს გამომავალ სხივებს რომელიც მას ჯვრის ფორმას აძლევს. აღნიშნული მდგომარეობა იყო თხოთის მთაზე 319 წელს და შესაბამისად მირიან მეფემ ეს აღნიშნული ჯვრის სიმბოლოც დაინახა.

ზოგადად მირიან მეფე ნებროთიანთა დინასტიის პრიველი წარმომადგენელი იყო და მისთვის უცხო არ იყო ასტრონომია და მათ შორის მზის დაბნელების მოვლენაც, რომელიც არც თუ იშვიათად ხდება. ძველი ასტრონომებისთვის ასევე საკმაოდ ცნობილი იყო მზის დაბნელების ჯვრისმაგვარი სხივები მზის აქტივობის მინიმუმში.

 
სასანიდების დინასტიის ოთხსივიანი დროშა
 
ბოლნური ჯვარი წუღრუღაშენში
 
ფეხზე მდგარი ბოლნური ჯვარი ვალეში

სპარსეთში, მირიანის დროს სასანიდების დინასტიას ჰქონდა ოთხსხივიანი დროშა, რომელიც სავარაუდოდ მზის დაბნელებასთან კავშირში იყო. აღნიშნული ტიპი ახლოს დგას ადრეულ პერიოდში გავრცელებულ „ბოლნურ ჯვართან“, რომელიც წარმოადგენს ფეხზე მდგარ გამოსახულებას.

ძველ სამყაროში აღნიშნული ტიპის მზის დაბნელება მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნდათ.[4] ამიტომ მირიანი, რომლის მოგვი (ასტრონომი) მძიმე სენისაგან წმინდა ნინომ განკურნა, უნდა ყოფილიყო საქმის კურსში ასეთი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენის არსებობის შესახებ. ამიტომ ასეთი მზის დაბნელება მისთვის უკვალოდ არ ჩაივლიდა.

თვალთ დაბნელება — 318 წლის 20 ივლისი, შაბათი

რედაქტირება

აღნიშნული მოვლენა ასახულია ქართლის ცხოვრებაში სადაც „დაბნელების“ დღედ 20 ივლისი შაბათია სახელდებული.

და იყო. დღესა ერთსა ზაფხულისასა, თუესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა, განვიდა მეფე ნადირობად მუხნარით-კერძო, და მოუჴდა უჩინო იგი მტერი, ეშმაკი, და შთაუგდო გულსა სიყუარული კერპთა და ცეცხლისა; და იგონებდა ყოველსა მსახურებასა მათსა და მახჳლითა მოწყუედასა ყოველთა ქრისტიანეთასა. და რქუა მეფემან ოთხთა თანა-მზრახველთა მისთა: „ღირს ვართ ჩუენ ღმერთთა ჩუენთაგან ბოროტის ყოფასა, რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებასა მათსა და მიუშჳთ ჩუენ ქრისტიანეთა გრძნეულთა ქადაგებად სჯულსა მათსა ქუეყანასა ჩუენსა: რამეთუ გრძნებითა ჰყოფენ საკჳრველებათა მათ. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა ბოროტად მოვსრნეთ ყოველნი მოსავნი ჯუარ-ცმულისანი და უმეტეს შეუდგეთ მსახურებასა ღმერთთა მათ მპყრობელთა ქართლისათა; ვამხილოთ ნანას, ცოლსა ჩემსა, შენანება და დატეობა სჯულსა ჯუარ-ცმულისასა, და თუ არა მერჩდეს, დავივიწყო სიყუარული მისი და სხუათა-ვე თანა წარვწყმიდო იგი-ცა“. და დაუმტკიცეს განზრახვა მისი თანა-მზრახველთა მათ, რამეთუ მჴურვალედ იყვნეს იგინი საქმესა ამას, და ნებვიდა პირველითგან და ვერ იკადრებდეს განცხადებად.

ხოლო მეფემან მოვლო ყოველი სანახები მუხნარისა და აღვიდა მთასა ზედა თხოთისასა მაღალსა, რათა-მცა მოიხილა კასპად და უფლისციხედ. განვიდა თხემსა მთისასა. შუა-სამხრისა ოდენ დაბ/ნელდა მზე მთასა ზედა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი, და დაიპყრნა ბნელმან არენი და ადგილნი. და განიბნივნეს ურთიერთას ჭირისაგან და ურვისა.

და დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული. დადგა ერთსა ადგილსა და წარეწირა სასოება ცხოვრებისა მისისა. და ვითარცა მოეგო თავსა თჳსსა ცნობასა, და განიზრახვიდა ესრეთ გულსა თჳსსა: „აჰა ესე-რა, ვხადე ღმერთთა ჩემთა და არა ვპოვე ჩემ ზედა ლხინება. აწ, რომელსა-იგი ქადაგებს ნინო ჯუარსა და ჯუარ-ცმულსა და ჰყოფს კურნებასა, მისითა მოსავობითა, არა-მცა ძალ ედვა-ა ჴსნა ჩემი ამის ჭირისაგან? რამეთუ ვარ მე ცოცხლივ ჯოჯოხეთსა შინა და არა უწყი, თუ ყოვლისა ქუეყანისათჳს იქმნა დაქცევა ესე, ანუ თუ ჩემთჳს ოდენ იქმნა. აწ, თუ ოდენ ჩემთჳს არს ჭირი ესე, ღმერთო ნინოსო, განმინათლე ბნელი ესე და მიჩუენე საყოფელი ჩემი; და აღვიარო სახელი შენი, და აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყუანის-ვცე მას და აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა, და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა“.

ესე ყოველი რა წართქუა, განთენა და გამობრწყინდა მზე. და გარდაჴდა მეფე ცხენისაგან, დადგა მას-ვე ადგილსა, განიპყრნა ჴელნი აღმოსავლით ცად მიმართ და თქუა: „შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყჳს; და საქებელ არს სახელი შენი ყოვლისა დაბადებულისაგან, ცასა ქუეშე და ქუეყანასა ზედა. რამეთუ შენ მიჴსენ მე ჭირისაგან და განმინათლე ბნელი ჩემი. აჰა ესე-რა, მიცნობიეს, რამეთუ გინდა ჴსნა ჩემი, ლხინება და მიახლება შენდა, უფალო კურთხეულო. ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯუარისა, რომლითა იდიდებოდის სახელი შენი და იჴსენებოდის საქმე ესე სასწაული უკუნისამდე“. დადაისწავა ადგილი იგი და წარმოემართა. იხილეს ნათელი და მოერთო ერი განბნეული. ხოლო მეფე ღაღადებდა: „მიეცით ღმერთსა ნინოსსა დიდება, რამეთუ იგი არს საუკუნითგან ღმერთი და მას მხოლოსა შუენის დიდება უკუნისამდე“.ქართლის ცხოვრება

ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული დღეები წარმოდგენილია ძველი სტილით, რაც ასტრონომიული კალენდრის (გრიგორიანული კალენდარი) მიხედვით 1 დღით მეტს ნიშნავს, მაშასადამე ასტრონომიული კალენდრის შესაბამისად, 318 წლის 20 ივლისი ექვივალენტურია იულიუსის კალენდრის ამავე წლის 21 ივლისის.[5]

თ ა ვ ი მ ე შ ჳ დ ე, მამაო გუაკურთხენ

და იყო. დღესა ერთსა ზაფხულისასა, თუესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა, განვიდა მეფე ნადირობად მუხნარით-კერძო, და მოუჴდა უჩინო იგი მტერი, ეშმაკი, და შთაუგდო გულსა სიყუარული კერპთა და ცეცხლისა; და იგონებდა ყოველსა მსახურებასა მათსა და მახჳლითა მოწყუედასა ყოველთა ქრისტიანეთასა. და რქუა მეფემან ოთხთა თანა-მზრახველთა მისთა: „ღირს ვართ ჩუენ ღმერთთა ჩუენთაგან ბოროტის ყოფასა, რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებასა მათსა და მიუშჳთ ჩუენ ქრისტიანეთა გრძნეულთა ქადაგებად სჯულსა მათსა ქუეყანასა ჩუენსა: რამეთუ გრძნებითა ჰყოფენ საკჳრველებათა მათ. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა ბოროტად მოვსრნეთ ყოველნი მოსავნი ჯუარ-ცმულისანი და უმეტეს შეუდგეთ მსახურებასა ღმერთთა მათ მპყრობელთა ქართლისათა; ვამხილოთ ნანას, ცოლსა ჩემსა, შენანება და დატეობა სჯულსა ჯუარ-ცმულისასა, და თუ არა მერჩდეს, დავივიწყო სიყუარული მისი და სხუათა-ვე თანა წარვწყმიდო იგი-ცა.[6]

25 მარტს პარასკევ დღეს მირიან მეფემ „საკვირველი ხე“ მოაჭრევინა და 37 დღის შემდეგ 1 მაისს, რომელიც კვირა დღე იყო გამოათლევინა სამი ჯვარი.

ვითარცა ნათელ-იღეს მეფემან, და დედოფალმან, და შვილთა მათთა, და ყოველმან ერმან, მაშინ დგა ხე ერთი ადგილსა ერთსა, კლდესა ზედა ბორცუსა შეუვალსა, და იყო ხე იგი შუენიერი ფრიად და სულნელი...

ესე მოჰკუეთეს მარტსა ოცდახუთსა, დღესა პარასკევსა. და დაადგრა ხე იგი ეგრეთ დღესა ოცდაჩჳდმეტსა, და არა შეიცვალა ფერი ფურცელმან მისმან, ვითარცა დგა ძირსა-ვე ზედა მისსა, თავსა ზედა წყაროსასა, ვიდრემდის ყოველნი ხენი მაღნარისანი შეიმოსნეს ფურცლითა და ხენი ნაყოფისა გამომღებელნი შეიმოსნეს ყუავილითა.

მაშინ თუესა მაისსა ერთსა შექმნნეს ჯუარნი ესე, და შჳდსა ამის თჳსასა აღმართნეს ჴელის დადებითა მეფეთათა, სიხარულითა და წადიერებითა ყოვლისა ერისა ქალაქისათა, და იყვნეს ეკლესიასა შინა.

ხოლო დიდნი იგი მთავარნი არა განეშორებოდეს ეკლესიასა წმიდასა, და სუეტსა ნათლისასა, და ჯუარსა მას ცხოველსა, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ უზომოთა და კურნებათა მათ მიუთხრობელთა. და დღესა კჳრიაკესა აღვსებისა ზატიკსა ყო მირიან მეფემან და ყოველმან მცხეთამან, შეწირეს შესაწირავი იგი დღე განაწესეს ჯუარისა მსახურებად, აღვსებისა ზატიკი, ყოველმან ქართლმან მოდღენდელად დღედმდე.

აღვსების ზატიკის-ზატიკს დააწესეს გოლგოთის ჯვრის დღესასწაული, იზეიმება აღვსებიდან ანუ აღდგომიდან ორი კვირის თავზე, კვირა დღეს.

1 მაისი კვირა დღე (აღვსების ზატიკის-ზატიკის დღე) 313-337 წლებში იყო: 315, 320, 326 და 337 წლებში.

ზატიკის აღვსებიდან გამომდინარე, აღდგომა დღე იყო 17 აპრილი.

17 აპრილი აღდგომა დღე 313-337 წლებში იყო, მხოლოდ 320 წელს.

მირიან მეფის ბრძანებით, სრულიად იბერიაში, ნიშნად ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა, ერთად პირველი საზეიმო წირვა-ლოცვა გადაიხადეს 320 წლის 17 აპრილს აღდგომა დღეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყაუხჩიშვილი, ს., ნიკიფორე ქსანთოპულოსი // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 98-106.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ა. ჯაფარიძე, „საქართველოს ისტორია საერო და საეკლესიო 100 რუკის მიხედვით“, გვ. 34
  2. Predictions for Solar and Lunar Eclipses
  3. Total Solar Eclipse of 319 May 06
  4. How The Solar Cross Symbol Was Inspired By Total Solar Eclipses
  5. Конвертер дат
  6. თქუმული სიდონია დედა-კაცისა რომელი იყო მოწაფე ნინოსი, რომელი-ესე იხილა და დაიწერა მოქცევა სასწაულითა მირიან მეფისა, და შევრდომა ნინოსი აღსარებისათჳს ქრისტესისა, ჯუარისა აღმართებისათჳს, ეკლესიათა აღშენებისათჳს და მას შინა სასწაულთა მისთათჳს. ლეონტი მროველი "ნინოს მიერ ქართლის მოქცევა" (1955) - ქართლის ცხოვრება - ტომი I - ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით. ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები.