მცხეთის საეპისკოპოსო

მცხეთის საეპისკოპოსო — პირველი ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. დაარსდა IV საუკუნის 30-იან წლებში ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში. მისი დაარსება დაკავშირებულია ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან. თავდაპირველად ეპისკოპოსები იგზავნებოდნენ ქ. კონსტანტინოპოლიდან. ისინი მთავარეპისკოპოსის ტიტულს ატარებენ. მცხეთის საეპისკოპოსოს ტერიტორია V საუკუნამდე მთლიანად მოიცავდა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ-ეთნიკურ ფარგლებს. ყველა ადგილობრივი ეკლესია მცხეთის ეპისკოპოსს ემორჩილებოდა. ვახტანგ გორგასლის მეფობის დროიდან (V ს.), კერძოდ ქართლში ახალი საეპისკოპოსოების დაარსებისა და კათალიკოსობის შემოღების შემდეგ, მცხეთის საეპისკოპოსო დარჩა საკათალიკოსობაში შემავალ ერთ-ერთ საეპისკოპოსოდ. რომლის საკათედრო (საეპისკოპოსო) ტაძარი (მაცხოვრის სახელობისა) იყო მცხეთაში. ამ დროიდან მცხეთის საეპისკოპოსოს იურისდიქცია დავიწროვდა — ვრცელდებოდა მხოლოდ მდინარეებს რეხულასა და დიდ ლიახვს შორის მდებარე ტერიტორიაზე. ამ პერიოდიდან მცხეთის საეპისკოპოსოს მეთაურს ეწოდებოდა ქართლის მთავარეპისკოპოსი ან სამთავროს ეპისკოპოსი (მცხეთის საეპისკოპოსოს საკათედრო ეკლესია იხსენიება სამთავროს სახელითაც, როგორც „მთავრის“ — მთავარეპისკოპოსის რეზიდენცია). იერარაქიულად ქართლის ეპისკოპოსს კათალიკოსის შემდეგ პირველი ადგილი ეკავა (გვიანდელ პერიოდში — მეოთხე), მთავარ როლს ასრულებდა კურთხევის რიტუალში. საქართველოს რუსეთთან შეერთეის შემდეგ მცხეთის საეპისკოპოსო ადმინისტრაციული წესით გააუქმეს (1811) და მის ნაცვლად დააარსეს სამთავროს დედათა მონასტერი.

ლიტერატურა

რედაქტირება