გოგარენე (ლათ. Gogarene) — ისტორიული ქვემო ქართლის ბერძნული სახელწოდება, სომხური წყაროებით — გუგარქი (სომხ. Գուգարք). პირველად მოხსენიებული აქვს სტრაბონს (ძვ. წ. 64/63 – ახ. წ. 23/24) როგორც იბერიის პროვინცია, რომელიც ძვ. წ. II საუკუნეში სომხეთის სამეფომ შეიერთა. სახელწოდება უნდა მოდიოდეს ქართველური ტომის — გუგარებისაგან. გოგარენეს, როგორც ადგილს კოლხებისა და აღმოსავლეთის იბერების შუაში, იხსენიებს სტეფანე ბიზანტიელი.[1]

ძვ. წ. I საუკუნეში აქ იქმნება საპიტიახშო. I–II საუკუნეებში გოგარენე ქართლის შემადგენლობაშია, მოგვიანებით ისევ სომხეთმა შეიერთა. საბოლოოდ კი IV საუკუნის II ნახევარში გოგარენე ქართლის სამეფომ დაიბრუნა. გუგაქრის პიტიახშს წყაროებში ქართლის პიტიახშიც ეწოდება (ლაზარ ფარპეცი, „ევსტათი მცხეთელის წამება“).

ტერიტორიულად გოგარენეს პროვინცია არსებითად მდ. ალგეთის, ქციისა და დებედის აუზებით ისაზღვრებოდა, თუმცა გუგარქის საპიტიახშოს ტერიტორია სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოცულობისა იყო. სომხური გეოგრაფიული თხზულების „აშხარჰაცუიცის“ (VII ს.) ცნობების მიხედვით, რომლებიც გაცილებით უფრო ძველ ვითარებას ასახავენ, გუგარქის საპიტიახშო მთლიანად მოიცავდა იბერიის სამეფოს სამხრეთ პროვინციებს კლარჯეთიდან ხუნანამდე. გოგარენე-გუგარქის ტერიტორია გაფართოების ამსახველ ფაქტად მიაჩნიათ ქართული ტოპონიმი გუჯარეთი. ძველი ქართული ადმინისტრაციული დანაწილებით საკუთრივ გოგარენე-გუგარქის გეოგრაფიული რეგიონი ემთხვეოდა სამშვილდის საერისთავოს ტერიტორიას.

პიტიახშებირედაქტირება

პიტიახშთა სია[2]
სახელი მმართველობის
წლები
ფეროზი დაახლ. 330–დაახლ. ?361
? ?
ბაკურ I 394 წ.-ის შემდეგ–430 წ.-ის შემდეგ
არშუშა I 430 წ.-ის შემდეგ–?
ბაკურ II V ს-ის შუა წლები
არშუშა II ?–470 წ.-მდე
ვარსქენი დაახლ. 470–482
არშუშა III 482–540/541 წ.-ის შემდეგ
არშუშა IV დაახლ. VII ს.-ის I ათწლეული
ვარამ-არშუშა V 620-იანი წლების ბოლო
? ?
არშუშა VI VIII ს.-ის შუა ხანები

ლიტერატურარედაქტირება

  • მუსხელიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 55-56, თბ., 2012 წელი.
  • ყაუხჩიშვილი თ., სტრაბონის გეოგრაფია. ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1957.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წგნ. 1 — საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1950;

სქოლიორედაქტირება

  1. ყაუხჩიშვილი, ს. (1936). ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი III. ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 277. 
  2. კირილ თუმანოვი (1990). Les dynasties de la Caucasie Chrétienne: de l'Antiquité jusqu'au XIXe siècle: tables généalogiques et chronologiques, გვ. 543. OCLC 31001874.