არიადნე
არიადნე — მინოსური ქალღმერთი, კრეტის მეფის მინოსის და პასიფაეს ასული. მას ნახვისთანავე შეუყვარდა ახალგაზრდა გმირი თესევსი, ათენის მეფის, ეგეოსის ძე, კრეტაზე ჩასული იმ მიზნით, რომ ან ეხსნა ათენი მძიმე ხარკისაგან ან თვითონაც სხვა ჭაბუკებთან ერთად დაღუპულიყო, მინოტავრთან შებმული. როდესაც თესევსი ლაბირინთში შედიოდა, თავისით თუ დედალოსის რჩევით არიადნემ დახმარება აღუთქვა იმ პირობით, რომ შეირთავდა და ათენში წაიყვანდა. თესევსი დაეთანხმა. არიადნემ ფარულად გადასცა ძაფის გორგალი და ხმალი. თესევსმა ძაფის ბოლო მისასვლელში დაამაგრა, გაჰყვა, ლაბირინთის შუაგულში მინოტავრს თავს დაესხა, მოკლა და ძაფს უკან გამოჰყვა, ღამით გაიტაცა არიადნე, თან წაიყვანა ათენელი ახალგაზრდები (7-7 გოგო-ბიჭი) და ათენისაკენ გაემართა (აპოლოდ. ეპ. 1, 7-9). სხვა ვერსიით, მინოსმა გამართა ასპარეზობა, თესევსმა გაიმარჯვა და მაშინ მოეწონა არიადნეს (ფილოქორე, ატიკის ისტ.; პლუტ. თეს). ასეა თუ ისე, თესევსმა მოკლა მინოტავრი და გაიტაცა არიადნე, მაგრამ ღმერთების ნებით კუნძულ დიაზე (ნაქსოსზე) მოუხდა ღამის გათევა და იქ მძინარე ქალი მიატოვა, რადგან სიზმრად დიონისე გამოეცხადა და გააფრთხილა, ჩემი დანიშნულიაო. ასე გახდა მინოსის ტურფა ასული დიონისეს ცოლი და ქურუმი, შემდეგ იქცა ბუნებისა და მცენარეთა ღვთაებად. მისი კულტი განსაკუთრებით ნაქსოსზე გავრცელდა, სადაც ქალღმერთის თანაბრად სცემდნენ თაყვანს. ჰეფესტომ საქორწილო საჩუქრად გაუჭედა ოქროს სხივოსანი გვირგვინი, რაც ქალის გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედად იქცა, თვითონ კი ოლიმპოს მწვერვალზე აიყვანეს. სხვა ვერსიით, ინდოეთიდან მომავალმა დიონისემ პირველად ნახა მძინარე არიადნე, შეიყვარა და ცოლად შეირთო ან მისივე თხოვნით მოკლა ამ კუნძულზე არტემიდემ.[1][2]
ლიტერატურა
რედაქტირება- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 71, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983