ლევან სანიკიძე
ლევან სანიკიძე (დ. 26 იანვარი, 1925, სოფ. ბუგეული, ამბროლაურის რაიონი — გ. 29 იანვარი, 2001) — ქართველი მწერალი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გუბაზ სანიკიძის მამა.
ლევან სანიკიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 იანვარი, 1925 |
გარდაცვალების თარიღი | 29 იანვარი, 2001 (76 წლის) |
საქმიანობა | მწერალი და ისტორიკოსი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Magnum opus | უქარქაშო ხმლები |
ლევან სანიკიძემ დაამთავრა ალექსანდრე წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. იყო სიმონ ყაუხჩიშვილის ასპირანტი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სამი წელი იმსახურა ჯარში. 28 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1966 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება.
1975 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ.
1956 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა „გაიუს გრაკხუსი“, რომელიც 1957 წელს დაიდგა. ამას გარდა, მას ჰქონდა პიესები „მედეა“, „სპარტაკი“, „ქუთათურები“, რომლებიც დიდი წარმატებით იდგმებოდა ქართული თეატრების სცენებზე.
1976-1981 წლებში გამოქვეყნდა ლევან სანიკიძის მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება „უქარქაშო ხმლები“, რომელიც რამდენიმეჯერ გამოიცა. მასვე ეკუთვნის ასევე პოპულარული წიგნები: „ანტიკური ქვეყნების ისტორია“, „ამბავი კოლხი ასულისა“, „რომის იმპერია“, „მარიუსი და სულა“, „კვერთხი ეშმაკთა“, „კეისარიადა“, „სამას-სამასი“, „ალექსანდრე მაკედონელი“, „გიორგი სააკაძე“, „დედა ისტორია“, „დავით აღმაშენებელი“, „თამარიანი“, „სავედრებელი გიორგი ათონელისა“, „მესამე დასის საქართველო“, „წიგნი მოწამეთა“, „პონტოელნი“, „მკვლელობა ხობის წყლის პირას“, „პუნიკური ომები“.