- 45 წლის ელგუჯა კვარაცხელიამ ზუგდიდში მეზობელი, 14 წლის რომან კოკაია ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობის მიზეზი კვარაცხელიას შვილსა და რომან კოკაიას შორის წარმოქმნილი უთანხმოება გახდა. შვილს მამა გამოექომაგა და კოკაიების ოჯახში რომანთან სასაუბროდ მივიდა. როდესაც ის სახლში შეიყვანეს, მან მოულოდნელად მძინარე მოზარდს პურის საჭრელი დანა ზურგში ორჯერ დაარტყა. ერთ-ერთი ჭრილობა გულთან ახლოს იყო მიყენებული და ის სასიკვდილო აღმოჩნდა. რომან კოკაია საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე ადგილზე იყო გარდაცვლილი. ელგუჯა კვარაცხელიამ კი მიმალვა მოახერხა. მიმდინარეობს ძიება. (rustavi2.com)
- უბედური შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში. მდინარე ჭოროხზე თურქეთიდან ჩამოსული სპეციალური ჯგუფი წყლის სიღრმეს იკვლევდა, როდესაც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, 23 წლის სელიმ ბაქირჯი, დინებამ წაიღო და ის წყალში გაუჩინარდა. მისი კოლეგები აცხადებენ, რომ მან ცურვა არ იცოდა. სამაშველო ჯგუფი ადგილზე შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მივიდა, თუმცა სელიმ ბაქირჯის პოვნა ჯერაც ვერ მოხერხდა. მაშველები მის ძებნას ამ წუთებშიც განაგრძობენ. (rustavi2.com)
- ურეკში დამსვენებელს სკუტერი შეეჯახა. თბილისიდან ჩამოსული ბეთქილ ქურასბედიანი ნაპირიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ახლოს ბანაობდა, როდესაც სკუტერმა გადაუარა. ქურასბედიანი ბათუმის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას თავის ქალის ტრავმა აქვს. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ტომოგრაფიის შემდეგ გაირკვევა, რა ზომებს მიმართავენ ექიმები დაზარალებულის მდგომარეობიდან გამოსაყვანად. (rustavi2.com)
- 15 ადამიანი დაიღუპა მცირე ზომის რუსული სამგზავრო თვითმფრინავის, ან-25-ის ჩამოვარდნის შედეგად. თვითმფრინავი ქალაქ იგარკასთან უნდა დამჯდარიყო. წინასწარი ცნობებით თვითმფრინავი დასაჯდომი ბილიკიდან 700 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა. (რადიო თავისუფლება)
- საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის „A“ დივიზიონში. „C“ ჯგუფის პირველ მატჩში ქართველმა კალათბურთელებმა თბილისში დამაჯერებლად სძლიეს პოლონეთის ნაკრებს - 84:65. გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანად ითამაშეს ფაჩულიამ (26 ქულა), სანიკიძემ, ცინცაძემ (14-14) და მარკოიშვილმა (12). მორიგ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები 5 აგვისტოს, სტუმრად გამართავს ბელგიის ეროვნულ გუნდთან. (რადიო თავისუფლება)
- ხანძარი თბილისში - ნინო ჩხეიძის 25 ნომერში სამსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სავარაუდოდ, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა - სხვენში სადენები აალდა. დამწვარია 80 კვადრატული მეტრის ფართობი. შენობაში განთავსებული შპს „ნაიას“ თანამშრომლებმა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის ნაწილის გამოტანა მოასწრეს, თუმცა ტექნიკური აღჭურვილობა ცეცხლმა და წყალმა მნიშვნელოვნად დააზიანა. ადგილზე რვა სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. მათ ცეცხლის ლოკალიზება ოთხ წუთში მოახერხეს. (rustavi2.com)
- მესამე დღეა ხანძარია ბორჯომის ხეობაში, სადაც ამ დროისთვის ბოლო ინფორმაციით, 16 ჰექტარი ფართობი განადგურდა. საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, ხანძრის რამდენიმე დიდი კერა უკვე ლოკალიზებულია, ცეცხლის მრავალი, ე.წ. გაბნეული კერის ჩასაქრობად კი, ავიაციაც მუშაობს. სამინისტროს განცხადებით, ხანძრის მასშტაბის გაზრდის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. (რადიო თავისუფლება)
- ბორჯომის ხეობის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა იმერეთის რეგიონში. სააგენტო ინტერპრესნიუსს ადგილობრივი ადმინისტრაციიდან აცნობეს, რომ ტყიბულისა და თერჯოლის რაიონებს შორის არსებულ ტყეში ხანძარმა 2 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ცეცხლის ჩაქრობა იმერეთის სახანძრო ბრიგადებმა და საგანგებო სიტუაციათა ადგილობრივი შტაბის მაშველებმა შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. (რადიო თავისუფლება)
- 34 ადამიანი დაიღუპა ამ დროისთვის ბოლო, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში, რომლის 14 რეგიონში კვლავ ხანძარი მძვინვარებს. როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქვეყნის ცენტრალურ ოლქებში, რომლებიც დახმარებას ითხოვენ. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ცეცხლის გავრცელებისგან მაშველებმა 265 დასახლებული პუნქტი გადაარჩინეს. სამინისტროს ცნობითვე, ამჟამად, საერთო ჯამში ხუთას ჰექტარ ტერიტორიაზე ხანძრის 7 ათასამდე კერაა. მათ შორის მოსკოვის შემოგარენშიც, რის გამოც რუსეთის დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონი კვამლშია გახვეული. ამ ვითარების გაუმჯობესებას რუსეთის ჰიდრომეტცენტრი მინიმუმ ხუთშაბათამდე არ ელის. დღესვე მოსკოვის ოლქის ადმინისტრაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 14 დასახლებულ პუნქტში, სადაც ხანძარმა 44 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. (რადიო თავისუფლება)
- ისრაელისა და იორდანიის წითელი ზღვის პორტები დღეს ახლო მანძილის რაკეტებით დაიბომბა, სავარაუდოდ ეგვიპტის სინის ნახევარკუნძულიდან, ტერიტორიიდან, სადაც წარსულში ისლამისტი მეამბოხეები მოქმედებდნენ. არ ვრცელდება ცნობა ისრაელის პორტ ეილატში მსხვერპლის შესახებ. რამდენიმე რაკეტა წყალში ჩაეშვა, ერთი კი ახლომდებარე იორდანიის პორტ აყაბაში. (რადიო თავისუფლება)
- ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ყანდაარში ხუთი ბავშვი დაიღუპა მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა პოლიციის სატვირთო მანქანასთან. თავდასხმა ჩაფიქრებული იყო ადგილობრივი დანდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახამდულა ნაზიკას გასანადგურებლად, თუმცა აფეთქება მოხდა მანამდე ვიდრე, მოხელის მანქანა გაზაზე გამოჩნდებოდა. ცოტა ხანში, გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ორი ავღანელი პოლიციელი და ნაზიკას ერთი მცველი დაიჭრა. ბოლო თვეების განმავლობაში ყანდაარის პროვინციაში რამდენიმე ტერაქტი მოხდა. იტყობინებიან, რომ დანდის რაიონში ადმინისტრაციის ცხრა მოხელე მოკლეს. (რადიო თავისუფლება)
- პაკისტანში წყალდიდობას გადარჩენილები ქვეყნის მთავრობის უმოქმედობის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ. წყალდიდობამ მთლიანი სოფლები გაანადგურა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1100-ს გადააჭარბა. პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში სტიქიამ მილიონნახევარზე მეტი ადამიანი დააზარალა. ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი ბევრად მეტი იქნება, რადგან სტიქია ძალიან ძლიერი იყო, დიდი ტერიტორია მოიცვა და ბევრი დაღუპულის შესახებ ცნობილი ჯერ არ არის. გაეროს გენერალური მდივანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პაკისტანში ტრაგედიის გამო და დაზარალებულ მოსახლეობას 10 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას პირდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ აშშ საწყის ეტაპზე 10 მილიონი დოლარის ტექნიკას გზავნის პაკისტანში. კლინტონის განცხადებით, აშშ-ის საელჩო ისლამაბადში კოორდინაციას უწევს ვერტმფრენების, ნავების, სახელდახელო ხიდებისა და სხვა მოწყობილობების განაწილებას. (რადიო თავისუფლება)
|