პალესტინელები (არაბ. الفلسطينيون, al-Filasṭīniyyūn; ებრ. פָלַסְטִינִים) — არაბი ხალხი, რომელიც ცხოვრობს ძირითადად პალესტინაში, ღაზის სექტორსა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.

პალესტინელები
الفلسطينيون

პალესტინური ოჯახი XX ს. დასაწყისში
საერთო მოსახლეობა
დაახ. 5 მილიონამდე
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
პალესტინის დროშა პალესტინა 4.750 000[1]
 – დასავლეთი სანაპირო 2.900 000[1]
 – ღაზას სექტორი 1.850 000[1]
იორდანიის დროშა იორდანია 3 240 000
ისრაელის დროშა ისრაელი 1.470 000[2]
სირიის დროშა სირია 630 000
ჩილეს დროშა ჩილე 500 000
ლიბანის დროშა ლიბანი 402 582
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 280 245
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 270 245
აშშ-ის დროშა აშშ 255 000[3]
ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 250 000
ენები არაბული ენა
რელიგიები ისლამი, არიან ქრისტიანები (ძირითადად მართლმადიდებლები)
პალესტინური ოჯახი

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის განმარტების მიხედვით „პალესტინელები წარმოადგენენ არაბი ხალხის ნაწილს, რომელიც ორგანულად ცხოვრობდა პალესტინაში 1947 წლამდე. ეს განმარტება ვრცელდება ყველა პალესტინელზე, მიუხედავად შემდგომი გადასახლებისა და საცხოვრებელი ადგილისა. ყოველი, ვინც დაიბადა აღნიშნული თარიღის შემდგომ, პალესტინასა და მის გარეთ, ასევე ის, ვისი მამაც პალესტინელია, ასევე ითვლება პალესტინელად“. პალესტინელებთან მიმართებაში ხშირად გამოიყენებენ ტერმინს „პალესტინელი არაბები“.

გაეროს მონაცემებით (დეკემბერი, 2000) პალესტინელთა საერთო რაოდენობა 7-დან 8 მილიონ ადამიანამდე მერყეობს.

სამხედრო ქმედებებმა, რომლებიც უძღვოდნენ ისრაელის სახელმწიფოს შექმნას 1948 წ., აიძულა 750 ათასი ადამიანი იძულებითი გადაადგილებისკენ. ექვსდღიანმა ომმა დევნილების ახალი ტალღა წარმოქმნა – 500 ათას ადამიანამდე, რომელთაგან ნახევარმა მეორეჯერ განიცადა ლტოლვილობა. გაეროს ოფიციალური სტრუქტურები აღიარებენ ომების პერიოდში საერთო ჯამში 4 მილიონამდე პალესტინელისა და მათი შთამომავლების იძულებით გადაადგილებას.

დარეგისტრირებული ლტოლვილების რაოდენობა (2006 წლის 31 მარტისთვის შეადგენს 4 375 050 ადამიანს. მათ შორის იორდანიაში – 1 835 704, სირიაში 434 896, ლიბანში – 405 425, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე – 705 207, ღაზის სექტორში – 993 818.

მიუხედავად ოფიციალური სტატისტიკისა, ისრაელში საერთოდ არ აღიარებენ არაბი პალესტინელების ეთნოსის არსებობას.

ორიენტაცია

რედაქტირება

ადგილმდებარეობა

რედაქტირება

პალესტინელების დასახლების არეალს წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი და ლიბანის სამხრეთი ნაწილი. მდინარე იორდანე, ტბა ტიბერია და მკვდარი ზღვა პალესტინას აცალკევებს იორდანიისაგან. პალესტინა გადაჭიმულია სამხრეთით აქაბის ყურემდე. იგი ქრისტიანებისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენს, რადგან ეს არის მდინარე, რომელშიც ქრისტე მოინათლა და აქვეა მრავალი სხვა უფლის სიწმინდეები. დღესდღეობით პალესტინა გაყოფილია ორად, ერთი მხარე წარმოადგენს ისრაელს, ხოლო მეორე პალესტინის ნაციონალურ ხელისუფლებას.  პალესტინის ტერიტორია იყოფა ორ გეოგრაფიულ ზონად: სანაპირო არედ და დიდი რიფების ველის ჩრდილოეთ გაშლად. ტერიტორიის ფართობი შეადგენს 27,128 კვადრატულ კილომეტრს. ამინდი მერყეობს ტიპურ ხმელთაშუაზღვისპირულ არეალში, დიდი რიფების ველი და იოარდანეს ველი შედის ნახევრადტროპიკულ კლიმატურ ზონაში. მთავარი ქალაქი იორდანეს ველზე, იერიქონი არის ყველაზე დაბალი ადგილი დედამიწაზე (250 მეტრი ზღვის დონემდე). სამხრეთის მშრალი და ნახევრად-მშრალი არეალი წარმოდგენილია ცხელი და მშრალი კლიმატის უდაბნოებით.

სახელმწიფოებრიობა

რედაქტირება

პალესტინის სახელმწიფომ დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1988 წლის 15 ნოემბერს ალჟირში, ეროვნული საბჭოს სხდომაზე. იგი არის არაბული ქვეყნების ლიგის წევრი და აღიარებულია რამდენიმე სახელმწიფოს მიერ.  ქვეყანა შედგება ორი ერთმანეთისგან დაშორებული ტერიტორიისაგან: მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი და ღაზას სექტორი. 2011 წლის 29 ნოემბრიდან პალესტინის სახელმწიფო იუნესკოს წევრი ქვეყანაა. 2012 წლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პალესტინამ გაეროს „არაწევრი სახელმწიფოს“ სტატუსი შეიძინა. პალესტინისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას გაეროს გენერალურ ასამბლეაში ჩატარებულ კენჭისყრაზე ხმა მისცა 138-მა წევრმა ქვეყანამ, 9 ქვეყნის ელჩი იყო წინააღმდეგი, 41-მა კი თავი შეიკავა. 2013 წლის 6 იანვარს პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განკარგულება გასცა, პალესტინის ადმინიასტრაციას ოფიციალურად დაერქვას სახელმწიფო პალესტინა.

პალესტინის ენა არის არაბული. არაბული კი მიეკუთვნება ჰემიტო-სემიტურ ოჯახს. პალესტინელები ლაპარაკობენ თანამედროვე არაბული ენის ერთ-ერთ განაყოფ დიალექტურ არაბულ ენაზე, მაგრამ წერენ კლასიკურ არაბულად, როგორც სხვა დანარჩენი არაბული სამყარო.

დასახლებები

რედაქტირება

ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე, 1948 წელს, პალესტინური სანაპირო არაბულ სოფლებში იყო მიმოფენილი. ასევე ჩრდილოეთით, გალილეის ტერიტორია მჭიდროდ იყო დასახლებული. ბედუინები (მომთაბარეები) ძირითადად ნეგევის უდაბნოს ტერიტორიაზე იყვნენ კონცენტრირებულნი.  პალესტინის ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ (ისრაელი და დასავლეთ სანაპირო), სანაპირო ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ებრაელი გახდა. იორდანიის ხეობა გაცილებით უფრო ნაკლებად იყო დასახლებული, ვიდრე ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლი. 1967 წელს, არაბეთ - ისრაელის ომის შემდეგ, ისრაელმა დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორის ოკუპაცია მოახდინა. ისრაელური დასახლებები აშენდა პალესტინის ტერიტორიაზე, ისინი მთლიანი ტერიტორიის 50%-ს  იკავებდნენ. დაახლოებით 125 ათასმა ისრაელმა დაიწყო არაბულ რეგიონზე ცხოვრება. საერთაშორისო სამართლით, ეს დასახლებები უკანონოდ ითვლება და შეიძლება იყოს დემონტაჟებული, როგორც ხანგძლივი მშვიდობის ფასი დასახლებაში.

პალესტინაში ასევე არის უძველესი დროის ქალაქები, როგორებიცაა:  იერუსალიმი (იებუსევის მიერ აშენებული),  იერიქონი (მსოფლიოს უძველესი ქალაქი), ბეთლემი, ბერშიბა, ღაზა და ნაბლუსი (ძველი სამარია).

ქალაქური ცენტრების უმრავლესობაში ვხვდებით კედლებით გარშემორტყმულ ძველ ქალაქს და თანამედროვე გარეუბნებს უახლოეს ბორცვებზე. სოფლის ტიპური სახლების მშენებლობაში გამოყენებულია ადგილობრივი სამშენებლო მასალა, მთებში სამშენებლოდ ძირითადად გამოყენებული იყო ქვა, ხოლო სოფლებში ტალახი და ჩალა. იერუსალიმის ძველი ქალაქი და უძველესი კედლები შენდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იერუსალიმის კირქვით. ხე, რომელიც ყოველთვის მცირე რაოდენობით ჰქონდათ, იშვიათად გამოიყენებოდა სამშენებლოდ.

დემოგრაფია

რედაქტირება

დაახლოებით 5.8 მილიონიდან 6 მილიონამდე პალესტინელი ცხოვრობს ისრაელში, დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე, ღაზას სექტორში და გაფანტულნი არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  1989 წლისთვის 900 000 ადამიანი ცხოვრობდა დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე, 550 000 – 775 000 კი ღაზას სექტორში და 800 000 ადამიანი ისრაელში[4]. აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომელიც შეუერთდა 1967 წელში, არის სახლი 155 000 პალესტინელისთვის. ასევე იმ პალესტინელთა რაოდენობა, რომლებიც ექვემდებარებიან პალესტინის ნაციონალურ ადმინისტრაციას 1993 წლიდან, ღაზაში დაფიქსირდა 775 000 ადამიანი და 20 000  იერუსალიმში. ასევე 1.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს იორდანიაში, 350 000 ლიბანში, 225 000 სირიაში, 70 000 ერაყში, 60 000 ეგვიპტეში, 25 000 ლიბიაში და 250 000 საუდის არაბეთში. ყურის ომამდე 400 000 ადამიანი ცხოვრობდა ქუვეითში. ასევე, არსებობს პატარა პალესტინური თემები სპარსეთის ყურის ტერიტორიაზე, რომელთა რიცხვიც აღწევს 113,543 ადამიანს. შეფასებულია პალესტინელთა რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათი რიცხვი 104 856-ს წარმოადგენს. მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში დაახლოებით 140 000 პალესტინელი ცხოვრობს. პალესტინელთა ყველაზე მაღალი მაღალი სიმჭიდროვე დასახლების მიხედვით არის ღაზაში და მისი რიცხვითი მაჩვენებელი შეადგენს 3, 577 ადამიანს ერთ კვადრატულ კილომეტრზე. ბევრი პალესტინელი ცხოვრობს ბანაკებში დევნილის სტატუსით; 248 000 ადამიანი ღაზას სექტორში, 100 000 ადამიანი დასავლეთ სანაპიროზე, 187 000 იორდანიაში,  143 000 ლიბანში და 67, 000 ადამიანი სირიაში. პალესტინელები საუბრობენ არაბულად, ასევე უმეტესი მათგანი ბილინგვურია, ხოლო მეორე ენა დამოკიდებულია იმ გეოგრაფიულ ლოკაციაზე, რომელშიც ცხოვრობენ ისინი. 

პალესტინელები არიან ადგილობრივი პრე-ისრაელიტური ხალხებისა და შემდგომში პალესტინის ტერიტორიაზე გამოჩენილი ჯგუფების ნარევი. მიუხედავად იმისა, რომ მეფე დავითმა ძვ. წ. 1000 წელს დაამარცხა ქანაანური და ფილისტინური ქალაქ-სახელმწიფოები, პალესტინელთა პოპულაცია არ განადგურებულა.

არაბული კულტურის გავლენა

რედაქტირება

ახ. წ. 638 წელს მუსლიმ არაბთა დაპყრობებს  პალესტინაში არაბთა ფართო შემოდინება არ გამოუწვევია, თუმცა ადგილობრივთა კულტურამ ძლიერი არაბიზაცია განიცადა და ბევრი ადგილობრივი ისლამზე მოექცა. არაბთა ინტერესი პალესტინის მიმართ გამოწვეული იყო მათი წინასწარმეტყველის, მუჰამედის ღამის მოგზაურობით იერუსალიმისკენ ახ. წ. 621 წელს. მუჰამედი იმ ადგილიდან, სადაც ადრე ცნობილი, იერუსალიმის ტაძარი იდგა, ამაღლდა, რაც მუსლიმურ კულტურაში იერუსალიმს წმინდა ქალაქის სტატუსს ანიჭებს. როდესაც მუსლიმებმა დაიპყრეს იერუსალიმი, ხალიფა ომარი მივიდა იერუსალიმის პატრიარქ სოფრონთან, მიიღო მისგან ქალაქის გასაღები და დადო ომარის ფიცი. მან დაიფიცა, რომ დაიცავდა წმინდა ადგილებს და ყოველი რელიგიური ჯგუფის თავისუფალ აღმსარებლობას. ომაიანთა დინასტიის პერიოდში (ახ. წ. 661-750) ხალიფა აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანმა მუჰამედის სამოთხეში ასვლის უკვდავსაყოფად სოლომონის ტაძრის ნანგრევებზე ააშენა მეჩეთი, რომელსაც ეწოდა კლდის გუმბათი. კლდის გუმბათი არის უძველესი ნიმუში ადრეისლამური არქიტექტურისა მსოფლიოში. დასავლეთის კედელი, იგივე გოდების კედელი, რომელიც არის სოლომონის ტაძრის ერთადერთი შემორჩენილი ნაწილი, ასევე შეირაცხა მუსლიმთათვის წმინდა ადგილად, ვინაიდან სწორედ აქ მიაბა მუჰამედმა თავისი ცხენი, ალ-ბურაქი. მისი წმინდა სტატუსის გამო, იერუსალიმი არაბთა დედაქალაქი არასდროს გამხდარა. მუსლიმებმა ასევე ებრაელებს დართეს იერუსალიმში დაბრუნების უფლება, რაც რომაელების პერიოდის შემდგომ არ მომხდარა. აბასიანი ხალიფის, ჰარუნ ალ-რაშიდის (786-809) დროს გაიზარდა ევროპელ პილიგრიმთათვის გამოყოფილი სასტუმროების რაოდენობა.

ჯვაროსნები პალესტინაში

რედაქტირება

იერუსალიმის რელიგიური სტატუსი იზიდავდა უცხოელ დამპყრობლებს, მათ შორის ქრისტიან ჯვაროსნებს, რომელთაც ქალაქი 1099 წელს აიღეს. ფრანკებმა იერუსალიმის ლათინური სამეფო დააარსეს, რომელიც 1187 წლამდე ფუნქციონირებდა. გაარაბებულ ქრისტიან ადგილობრივებსა და ევროპელ ჯვაროსნებს შორის შეუთანხმებლობამ, გაამაგრა პალესტინელ ქრისტიანთა და მუსლიმთა ურთიერთობები, რომელთაც ისედაც მშვიდობიანი თანაცხოვრება ჰქონდათ აქამდე. ლათინური სამეფოს დროს კლდის გუმბათი გადააკეთეს ქრისტიანულ ტაძრად, რომელსაც უწოდეს Templum Domini (უფლის ტაძარი). იერუსალიმი გაათავისუფლა 1187 წელს ეგვიპტისა და სირიის აიუბიდმა სულთანმა, სალადინმა (სალაჰ ალ-დინი). წმინდა ადგილები ისევ მუსლიმურ ოჯახებს ჩაბარდათ, ხოლო ებრაელებს უკვე დიდი რაოდენობით დაბრუნების საშუალება მისცეს.

ჯვაროსნებმა ქალაქი 1229 წლიდან 1244 წლამდე დაიბრუნეს. შემდგომ ეგვიპტელ მამლუქთა დინასტიამ ქალაქი ისევ გაათავისუფლა, მაგრამ 1516 წელს იერუსალიმი და პალესტინა ოსმალთა ხელში ჩავარდა. მათი მმართველობის ქვეშ პალესტინა გაიყო ოლქებად და სირიის პროვინციას შეუერთდა.

ებრაულ-არაბული ურთიერთობები

რედაქტირება

მეცხრამეტე საუკუნეში ევროპელმა ებრაელებმა ოსმალთა მმართველობის ქვეშ მყოფ პალესტინაში დაიწყეს დასახლება. ებრაელთა მცდელობას, შეესყიდათ გოდების კედელი და მიწის დიდი ფართები უცხოელი კონსულების დახმარებით, დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთიდან გამოქცეულმა ებრაელებმა, ევროპული საბანკო ოჯახების დახმარებით, მოახერხეს პალესტინის ტერიტორიაზე დაეარსებინათ კოლექტიური ფერმები. არაბთა ეკონომიკურ წინსვლაც საგრძნობი იყო ამ პერიოდში. ასე რომ ყირიმის ომის შემდგომ პერიოდში ღაზამ წინ წამოიწია, როგორც მნიშვნელოვანმა მარცვლეულის მწარმოებელმა რეგიონმა. 60-იან წლებში ბამბის წარმოებაც გაფართოვდა.

პალესტინელები ასევე გახდნენ ციტრუსის ფართო მწარმოებლები. 1913 წელს პალესტინური ფორთოხლის 15% ექსპორტზე გადიოდა ებრაელი კოლონისტებით დასახლებული პეტაჩ ტიკვადან, რომელიც იაფას ახლოს მდებარეობს. არაბული ნაწილის ეკონომიკური ცენტრი იყო ქალაქი ნაბლუსი, რომელიც ძირითადად ზეთისხილის ზეთსა და საპონს აწარმოებდა. ებრაელების მიერ პალესტინის მიწის შესყიდვამ ცუდი ეფექტი იქონია პალესტინის კეთილდღეობაზე. მას შემდეგ, რაც ებრაელებმა მიწის დიდი ნაწილი შეისყიდეს, არაბი მუშები სამუშაოს გარეშე დარჩნენ.

მიწის პრობლემა გაგრძელებდა ებრაელთა და არაბთა ურთიერთობის გამწვავებას მას შემდეგაც, რაც ბრიტანეთმა ჩაიგდო პალესტინა ხელში. ბრიტანელთა ინტერესი მოდიოდა სუეცის არხის სტრატეგიული მნიშვნელობიდან. პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებმა დადეს რამდენიმე საიდუმლო შეთანხმება ოსმალთა ტერიტორიების მომავლის შესახებ. ერთ-ერთი შეთანხმება, ბალფურის დეკლარაცია უფლებას აძლევდა ებრაელებს, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი სახელმწიფო პალესტინაში. 1920 წელს, როდესაც ბრიტანელებმა პალესტინაზე კონტროლი მოიპოვეს ერთა ლიგის მანდატით, ბალფურის დეკლარაცია გახდა ოფიციალური დოკუმენტი, თუმცა იგი განსხვავდებოდა ერთა ლიგის მიერ მიცემული მანდატისგან, რომელიც გულისხმობდა ადგილობრივი მოსახლეობის დამოუკიდებლობისათვის შემზადებას, უმრავლესობის მმართველობის ქვეშ. ამ მოვლენებმა დემოგრაფიული ცვლილებები გამოიწვია. 1922 წლის აღწერის თანახმად პალესტინის პოპულაცია იყო 752,000, საიდანაც 660,000 იყო არაბი, ხოლო 84,000 ებრაელი. არაბთა პოპულაცია მოიცავდა 71,000 ადგილობრივ ქრისტიანს, რომელთან პალესტინის მუსლიმი საზოგადოების მსგავსი სოციოკულტურული ნიშნები ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის ბოლოსკენ პალესტინელთა პოპულაცია გაიზარდა ორ მილიონამდე. 1946 წლისთვის პალესტინაში ცხოვრობდა 1,269,000 არაბი და 608,000 ებრაელი. დაახლოებით 70,000 ებრაელი იყო ომის შემდგომ პერიოდში შემოსული არალეგალი იმიგრანტი. ბრიტანელების პოლიტიკის გამო, ებრაელ იმიგრანტებთან დაკავშირებით, ადგილობრივი არაბი მოსახლეობა მათთან არ თანამშრომლობდა.1922 წელს სერ ჰერბერტ სამუელის შემოთავაზებული კონსტიტუცია უარყვეს როგორც მუსლიმმა, ასევე ქრისტიანმა პალესტინელებმა.

ერთადერთი ორგანო, რომელიც პალესტინელთა ინტერესებს იცავდა, იყო მუსლიმთა უზენაესი საბჭო, რომელიც მუსლიმთა ქონებასა და სასამართლო სისტემას განაგებდა. ამ ინსტიტუტის არჩევითი ლიდერი იყო ამინ ჰუსეინი, რომელიც უმაღლესი რელიგიური ავტორიტეტი და პალესტინური საზოგადოების ერთპიროვნული ლიდერი გახდა. იგი საბჭოს სათავეში მოვიდა 1936 წლის არაბთა აჯანყების შემდგომ, როგორც მუსულმანთა, ისევე ქრისტიანთა წარმომადგენელი.

ძალადობის პირველი ნიშნები არაბთა და ებრაელთა შორის იყო რევიზიონისტი სიონისტების მცდელობა, გაევრცოთ ებრაელთა უფლებები გოდების კედელზე, ვლადიმირ ჯაბოტინსკის მეთაურობით. ამ მოვლენების გამოძიებით იყო დაკავებული ბრიტანელთა საპარლამენტო კომისია, რომელმაც დაასკვნა, რომ სიონისტთა შეუზღუდავმა იმიგრაციამ და მიწების შესყიდვამ გააღარიბა პალესტინელი გლეხები, რამაც მათი განრისხება გამოიწვია. არაბთა აჯანყებამ ბრიტანელები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ უნდა მოეწვიათ პილის კომისია, პირველი კომისია, რომელმაც პალესტინის არაბულ და ებრაულ ნაწილებად გაყოფის იდეა წარმოადგინა. პილის კომისიამ სახნავ-სათესი მიწის 20% გაუნაწილა ებრაელებს, ხოლო 80 - არაბებს. კომისიამ ასევე რეკომენდაცია გაუწია იერუსალიმისა და ბეთლემის ინტერნაციონალიზაციაას. არაბთა უზენაესი საბჭო და არაბული მთავრობები ამის წინააღმდეგები იყვნენ.

1942 წლისთვის ებრაელებმა დახმარების მისაღებად ბრიტანეთიდან ამერიკის შეერთებული შტატებში გადაინაცვლეს. სიონისტების კონფერენცია 1942 წელს ჩატარდა სასტუმრო ბილტმორში, ნიუ-იორკში. კონფერენცია ღიად შეეხო პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხს და იყო მცდელობა შტატების ძლიერი პოლიტიკური პარტიებისა და კონგრესის წევრების გადმობირებისა. ნაცისტური ჰოლოკოსტის მოვლენებმა მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილი მოაქცია იმ პოზიციაზე, რომ აუცილებელი იყო ისრაელისთვის სახელმწიფოობრიობის მინიჭება. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პალესტინიდან გამოსვლის შესახებ, ისღა იყო დარჩენილი გაეროს ისრაელის დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. შეიქმნა სპეციალური 11-კაციანი კომიტეტი, რომელსაც პალესტინის შესახებ რჩევები უნდა მიეცა გენერალური ასამბლეისთვის. დასკვნა მიიღეს 8-კაციანი უმრავლესობითა და 3-კაციანი უმცირესობით. ამ დასკვნით 1947 წლის 29 ნოემბერს პალესტინის ტერიტორია გაიყო ებრაულ და არაბულ ნაწილებად, ხოლო იერუსალიმი და ბეთლემი დამოუკიდებელ ქალაქებად გამოცხადდა. ამერიკის შეერთებული შტატებიცა და საბჭოთა კავშირიც ამის მომხრედ გამოვიდა.

პალესტინელები აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ უცხოურმა ორგანიზაციამ მათი მიწის ნახევარი სხვას მისცა, მათთან კონსულტაციის გარეშე. გაეროს წევრ არაბულ სახელმწიფოებს იერუსალიმის მგდომარეობაზე პროტესტი არ გამოუთქვამთ. ამავე წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჯორჯ. ფ. კენანი წინასწარმეტყველებდა, რომ პალესტინის გახლეჩა ომის გარეშე არ დამთავრდებოდა. მალევე გაჩაღდა შეიარაღებული დაპირისპირებები ებრაელებსა და როგორც პალესტინელ, ისე სხვა არაბებს შორის. ებრაელები არა მხოლოდ ინარჩუნებდნენ გაეროს მიერ მინიჭებულ საზღვრებს, არამედ ფართოვდებოდნენ კიდეც გალილეისა და ნეგევის ტერიტორიებზე. გაერთიანებული ერების გეგმით, პოპულაციის მესამედს, ანუ ებრაელებს ერგო ტერიტორიის ნახევარი. ებრაელთა საზოგადოება კი ამ დროს ფლობდა ხნა-თესვისთვის გამოსადეგი მიწის 20 პროცენტს, რომელიც პალესტინის ტერიტორიის 6 პროცენტს შეადგენდა. კონფლიქტის დასასრულს ეგვიპტელთა არმია აკონტროლებდა ღაზას სექტორს, ხოლო იორდანელ არაბთა ლეგიონი ინარჩუნებდა აღმოსავლეთ პალესტინასა და აღმოსავლეთ იერუსალიმს. არაბულმა სახელმწიფოებმა დადეს დროებითი ზავი ახალშექმნილ ისრაელთან.  მალევე ტრანსიორდანიამ შეიცვალა სახელი და გახდა ჰაშემიტური იორდანიის სამეფო. ადგილს მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით ეწოდა აღმოსავლეთ ნაპირიმ ხიკი დასავლეთით - დასავლეთ ნაპირი.

1947-1948 წლების არაბ-ებრაულმა ომმა გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი იძულებითი გადასახლებების ნაკადი. საკუთარი მიწა-წყლიდან გაძევებული პალესტინელების რაოდენობა მერყეობდა 500,000-სა და 750,000 ადამიანს შორის. ზოგიერთი წყაროს თანახმად არაბთა 80 პროცენტი ლტოლვილობაში აღმოჩნდა. 125,000-დან 150,000 კაცამდე დარჩა სახნავ-სათესი მიწის გარეშე, მაგრამ შეინარჩუნა საცხოვრებელი. ისრაელი უარს აცხადებდა ლტოლვილების დაბრუნებასა და მათთვის კომპენსაციების გაწევაზე, რასაც მათ გაერო სთავაზობდა. ერთადერთი არაბული სახელმწიფო, რომელმაც ლტოლვილებს მოქალაქეობა მისცა, იყო იორდანია. დანარჩენი ქვეყნები ერიდებოდნენ პალესტინელი არაბებისთვის მოქალაქეობრივი უფლებების გახანგრძლივებას, რათა ხელი არ შეეშალეთ მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესისთვის.

არაბთა ლიგამ პალესტინის მმართველად აღიარა ღაზაში დაფუძნებული ერთიანი პალესტინის მთავრობა, რომელიც 1957 წლამდე ფუნქციონირებდა. ამ მთავრობას მართავდა ამინ ჰუსეინის მოადგილე, აჰმად ჰილმი აბდ ალ-ბაქი. ამ მთავრობას მფარველობდა ეგვიპტური სამხედრო ხელისუფალი. 1964 წლისთვის გამოჩნდა ახალი, პალესტინური სახელისუფლებო ორგანო - პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია, რომელსაც აჰმად შუკეირი მეთაურობდა. ორგანიზაციის შექმნა მოხდა ეგვიპტის პრეზიდენტის, გამალ აბდელ ნასერის დაჟინებული მოთხოვნით. ეგვიპტელებთან კონფლიქტის გამო შუკეირის 1968 წელს გადადგომა მოუწია.

ამ წლების განმავლობაში ახალი პგო გამოჩნდა, იასირ არაფატის, ფატაჰის ლიდერის ხელმძღვანელობით, ეს იყო საომარი, მიწისქვეშა ორგანიზაცია. ახალმა პგო-მ უარყო არაბული მთავრობის ნდობა და წინ წამოწია შეიარაღებული ბრძოლის პრინციპი. იორდანიაში მცირე დარჩენის შემდეგ,  მათთან კონფლიქტმა პგო-ს არმია ლიბანში წაიყვანა, სადაც ისინი თავის თავს უწევდნენ რეკომენდაციას პალესტინელი დევნილების ბანაკებში. ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელზე განხორციელებულმა სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია ისრაელის საპასუხო შეტება 1982 წელს. პგო იძულებული გახდა დაეტოვებინა ლიბანი და გადასულიყო ტუნისში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით. ომის ბოლო დღეებში, ისრაელების შეჭრამ ბეირუთში, გამოიწვია პალესტინის მოსახლეობის მასიური ხოცვა საბრასა და შატილის დევნილთა ბანაკებში. პგო-ს რეაბილიტაცია იყო ნელი პროცესი, რომელიც 1974 წელს დაიწყო.  ამ წლის განმავლობაში არაბებმა ჩაატარეს სხდომა რაბათში, მაროკოში, სადაც პგო პალესტინელი ხალხის ერთადერთ წარმომადგენლად ცნეს. ასევე, 1974 წელს გაერთიანებულმა ერებმა პგო-ს დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა. გაერთიანებულმა ერებმა ასევე ცნო პალესტინელი ხალხი ხელშეუხებლად და ამას დიდი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგანაც პირველ რიგში გაერთიანებულმა ერებმა დაყო პალესტინა. ინტიფადას აჯანყებამ 1987 წელს, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში, პგო-ს კიდევ ერთი შესაძლებლობა მიანიჭა, მას უკვე შეეძლო საერთაშორისო საზოგადოებაში.

პგო-მ თავი სახელმწიფოდ გამოაცხადა და ცდილობდა მოეპოვებინა აღიარება აშშ-საგან, რომელიც შემდგომ მიენიჭა ისრაელის ცალმხრივი აღიარებიდან და უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციიდან 242. სპარსეთის ყურის ომის შემდეგ 1991 წელს, პგო დათანხმდა მიეღო მონაწილეობა აშშ-ს მიერ ჩატარებულ ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის კონფერენციაზე. ამ მოლაპარეკებების განმავლობაში, ნორვეგიის მთავრობის შუამგდომლობით გაიხსნა საიდუმლო არხი ისრაელისკენ. 1993 წელს ისრაელმა და პგო-მ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი მოგვარებულად ითვლებოდა და ახლად შექმნის პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ავტონომიური მმართველობის უფლება ღაზას სექტორსა და იერიქონში. ისევე როგორც იერუსალიმში, დარჩენილი დასავლეთ სანაპიროს მომავლის შესახებ მოლაპარაკებები უნდა შემდგარიყო.

მშვიდობიან მოლაპარაკებებს ოსლოში ხელს უშლიდა ის ფაქტი, რომ ორივე მხარე ვერ თანხმდებოდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: პალესტინის ტერიტორიაზე საზღვრების დამტკიცება, წყლის რესურსების კონტროლი დასავლეთ სანაპიროზე, ასევე ვერ შეთანხმდნენ იერუსალიმის მომავალზე, ისრაელის დასახლებებზე, ყველაზე მთავარი კი რაზეც ვერ შეთანხმდნენ იყო პალესტინელი დევნილებისათვის დაბრუნების უფლების მინიჭება. პალესტინელებს შეეძლოთ ჩაეტარებინათ ერთი არჩევნები 1996 წელს, როდესაც პგო-მ მოიგო ახალი საკანონმდებლო საბჭოში ადგილების უმრავლესობა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მშვიდობიანმა მოლაპარაკებებმა გამოიწვია მმართველობის ნელ-ნელა პალესტინელებზე გადაცემა. უკვე 1999 წლის ზაფხულისთვის საბოლოო სტატუსის დასადგენად ჩატარდა კრება დავითის ბანაკში, რომელსაც პრეზიდენტი კლინტონი აფინანსებდა, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებული განხეთქილების გადალახვა. სიტუაცია ტერიტორიებთან დაკავშირებით დროთა განმავლობაში უარესდებოდა და იძაბებოდა. არალეგალური ისრაელური დასახლებები არაბეთის ტერიტორიაზე უფრო და უფრო იზრდებოდა და ახალი საცხოვრებლები შენდებოდა, იმ დროს, როდესაც  ისრაელის ჩანაწერი ადამიანის უფლებების შესახებ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნელ-ნელა უარესდებოდა. საეჭვო პრაქტიკები, ისეთები, როგორიც იყო კოლექტიური დასჯა, პალესტინის მოსახლეების გამიზნული მკვლელობები და საომარი თავდასხმები პალესტინის ტერიტორიაზე არ ცხრებოდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2002 წლისთვის, პეა (პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია) ძლიერ დასუსტებული იყო შარონის მთავრობის არაერთი საომარი დარტყმით. ახალმა ისლამურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც ძირითადად იმყოფებოდნენ ღაზას სექტორში და სრულიად დამოუკიდებელი იყვნენ პეა-საგან გეგმავდნენ და უფრო და უფრო ხვეწდნენ მათ საომარ ძალებს და სამხედრო წინააღმდეგობის მაღალი დონე ჰქონდათ.

ეკონომიკა და ყოველდღიური საქმიანობები

რედაქტირება

კომერციული საქმიანობები

რედაქტირება

ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე და პალესტინელების დარბევამდე, მოსახლეობის 60% სასოფლო სამეურნეო საქმიანობით და საკვები პროდუქციის წარმოებით იყო დაკავებული. სოფლის ხელნაკეთები წარმოადგენდა ქარგვის მდიდად და უძველეს ტრადიციას. სადაფი (ნიჟარის შიდა შრე, განსაკუთრებული სახეობაა მარგალიტი) და ზეთისხილის ხის ნიმუშები ფართოდ იყო გავრცელებული ქალაქებში. 1948 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც პალესტინელები დევნილები გახდნენ, მათი კვება შეიზღუდა ყოველდღიური რაციონით, რომელსაც გაერთიანებული ერები აწვდიდნენ. გამოცდილი და განათლებული დევნილები გახდნენ პროფესიონალები და დაიწყეს მუშაობა სპარსეთის ყურის ნავთობის ქვეყნებში.

პალესტინაში აქვთ პატარ-პარტარა მიღწევები მრეწველობაში, ესენია: კვების მრეწველობა, ნავთობის მრეწველობა, სამთო საქმე, განსაკუთრებით მკვდარი ზღვის არეში, მინის მრეწველობა, ყურადღება ექცევა აგრეთვე ხელობას და ხელით შემოქმედებას, რაც დაკავშირებულია ტურიზმთან.

1948 წლამდე პალესტინას ეგვიპტესა და აღმოსავლეთის სხვა შუა მხარეებში გაჰქონდა ციტრუსი. ხილი, ბოსტნეული, ხელის საპონი და ზეთისხილი მათავარი სავაჭრო მასალა არაბულ ბაზარზე მას შემდეგ რაც „დასავლეთ ნაპირის“ ხალხი გავრცელდა მთელს იორდანეში. 1967 წლიდან ეს არეალი გახდა ისრაელის საქონლის გასავალი.

პალესტინელი სოფლის ქალები და მომთაბარე ბედუინების ქალები ყოველთვის იღებდნენ მონაწილეობას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებში. დიდ ქალაქებში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ინტეგრაცია გენდერულად სპეციფიკური პროფესიებზე, როგორებიცაა: მასწავლებლობა, ძიძად მუშაობა და კლერიკალობა. პალესტინელი ქალების მუშაობდნენ როგორც მასწავლებლები სპარსეთის ყურის არეში. 1967 წლიდან, „დასავლეთ ნაპირის“ (ანუ აზიის დასავლეთი ნაწილის, რომელიც ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას) ქალები ჩაებნენ ისეთ სამუშაოებში როგორიცა არის: საემიგრაციო სამუშაოები, კვების მრეწველობა და ტანსაცმლის ინდუსტრია. ქალები აგრეთვე ხდებოდნენ ოჯახის თავები, მას შემდეგ რაც ხდებოდა პალესტინელი მამაკაცების გადასახლება ან დაპატიმრება.

მიწების განაწილება

რედაქტირება

ბრიტანულ პერიოდამდე სამი ტიპის მიწათმფლობელობა იყო, პირველ რიგში არსებობდა საჯარო მიწები (miri), შემდეგ იყო კერძო საკუთრებაში მყოფი ნაკვეთები (mulk) და ბოლოს სახელმწიფო და კერძო მიწები (musha), რომლებზედაც გლეხები მუშაობდნენ.  მიწებზე რაიმე კულტურის გაშენება 1940-იან წლებში ინგლისელებმა აკრძალეს, რადგან ინდივიდების საკუთრებაში მყოფი მიწების ყიდვა გაყიდვა გაემარტივებინათ. ებრაელებისთვის მიწების ყიდვა გალილეის რეგიონში გაცილებით უფრო მარტივი გახდა.  1967 წლის შემდეგ მიწები, რომლებიც ოსმალეთს ეკუთვნოდა, ბრიტანეთისა და იორდანიის მთავრობებმა ისრაელის მოსახლეობას გადასცა.

თვითგამოხატვა

რედაქტირება

სოფლებში მუსიკას ყოველთვის ასრულებენ ტრადიციულ ინსტრუმენტებზე, მაგალითად მათი ტრადიციული ინსტრუმენტია ფლეიტა, დასარტყამი, არფა. პგო-ს (პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია) გამოჩენიდან მათი სიმღერები ძირითადად პატრიოტულ ხასიათს ატარებს. 1948 წლიდან პალესტინაში ხელოვნება ჰყვაოდა, რამდენიმე ხელოვანმა ნახატზე აღწერა პალესტინელ ლტოლვილთა გამოცდილება. პგო-მ ხელი შეუწყო პოლიტიკური პოსტერის ხელოვნებას და მსოფლიოს ბევრ ადგილას ფლობს ექსპონატებს.

ნათესაობრივი კავშირები

რედაქტირება

ძირითადი ერთეული პალესტინურ საზოგადოებაში არის ოჯახი, მაგრამ ხშირად გამოიყენება სიტყვა სოფელი, როგორც ოჯახის გაფართოებული ვარიანტი. დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურმა არეულობებმა გამოიწვია ოჯახის გაძლიერება. ნათესაური კავშირის მქონე დაჯგუფებები, როგორებიც იყო ოჯახები და კლანები,  იმის მიუხედავად, რომ გაიზარდა ურბანიზაცია და მობილობა, მაინც გადარჩნენ. 1948 წელს მთელი ოჯახები და კლანები ერთი სოფლიდან გადასახლდნენ ერთ ლტოლვილთა ბანაკში.

პალესტინელები  მიჰყვებიან სუდანურ სისხლით ნათესაობრივ კავშირს, რომელიც ძირითადად გვხვდება ისეთ პატრიანალურ საზოგადოებებში, რომლებიც სახლობენ ჩრდილოეთ აფრიკაში. სისხლით ნათესაობრივი კავშირები დედის მხირდან განსხვავდება სისხლით ნათესაობრივი კავშირებისგან მამის მხირდან.

საზოგადოდ პალესტინელები არიან მონოგამები (ანუ ერთი ცოლი ჰყავთ), არიან ასევე პოლიგამებიც, რომლებიც ისლამის მიმდევრები არიან. ქორწინება შედეგად იქმნება ოჯახი, მაგრამ ინდივიდუალური სტატისტიკა ჩვენ არ მოგვეპოვება. 1931 წლის სტატისტიკა გვიჩვენებს რომ ადრეული ქორწინება იყო იშვიათი. საშუალო ასაკი ქორწინების მუსლიმებს შორის იყო 20 წელი ქალებში და 25 წელი კაცებისთვის. XX საუკუნის შუა ხანებამდე უპირატესობა ენიჭებოდა და დაშევებული იყო ქორწინება პირველ ბიძაშვილებში.

ქორწინების შემდგომ წყვილი ცხოვრობს ქმრის ოჯახში. ქალი უბრუნდება თავის ოჯახს, მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ეყრება საკუთარ მეუღლეს ან ქვრივდება. მიუხედავად ოჯახის წევრების გეოგრაფიული დაშორებისა, მამრის ავტორიტეტი ყველა საკითხში განიხილება ისე როგორც მთავარი. წყვილთან ერთად, ოჯახში თავისუფლად შეიძლება ცხოვრობდნენ ბებო, პაპა და ამასთანავე დაუოჯახებელი ბიძა ან კიდევ მამიდა.[5]

თანამედროვე პალესტინაში ოჯახში მამაკაცისა და ქალის როლის განსაზღვრა ძალზედ რთული არის, რაც განპირობებულია პალესტინელი ხალხის გაფანტული გეოგრაფიული მდებარეობით. ოჯახში მამაკაცისა და ქალის როლის დასადგენად გამოიკითხა სამი სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილას მცხოვრები ხალხი. ძირითადად კი, ლტოლვილი ქალები, რომლებიც ცხოვრობდნენ დასავლეთ სანაპიროზე, ასევე ლტოლვილი ქალები, რომლებიც ცხოვრობდნენ ღაზას სექტორში და აგრეთვე არა-ლტოლვილი ქალები, რომლებიც ასევე ცხოვრობდნენ ღაზას სექტორში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად ამ ხალხის სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილზე ცხოვრებისა, ამ სამ გეოგრაფიულ ჯგუფსს შორის არაფერი არ შეცვლილა.

გამოკითხულ ქალთა 77%-მა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე მთლიანად იყო პასუხისმგებელი ფინანსურ მხარეზე და რომ ოჯახში მთავარი შემომტანი მისი ქმარი იყო, ხოლო მას თვითონ კი ევალებოდა ოჯახის საქმეების მოწესრიგება. პალესტინელ რესპოდენტთა 11%-მა აღნიშნა, რომ უმეტესწილად ქმრები იყვნენ მთავარი შემტანები ოჯახში, თუმცა მათაც მიუძღვოდა გარკვეული წვილი ოჯახის ეკონომიკის განვითარებაში. გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა აღნიშნა, რომ ოჯახში ცოლსაც და ქმარსაც თანაბარი რაოდენობის თანხა შეჰქონდათ. უნდა ითქვას, რომ ამ უკანასკნელში ქმარი ან სასჯელს იხდიდა, ან დეპორტირებულ იქნა ქვეყნიდან ან სულაც არ შეეძლო ფიზიკურად მუშაობა და შებამისად ოჯახის მთავარი მარჩენალი ვერ იქნებოდა.[6]

ოჯახში დარჩენილი დანარჩენი სამუშაოები ისეთი, როგორიცაა ბავშვის მოვლა, მისი დისციპლინით აღზრდა და ნათესავების, ახლობლების მონახულება თანაბრად არის გადანაწილებული ქმარსა და ცოლსს შორის. რომ შევაჯამოთ, ტრადიციულ პალესტინურ ოჯახში, ძირითადად კაცს ევალება ფინანსურად დაეხმაროს ოჯახს და გაამყაროს ოჯახის ეკონომიკა, ხოლო ქალს კიდევ უზრუნველყოს საოჯახო საქმეები.

მუსლიმური წესი არეგულირებს უძრავი ქონების დაყოფას და ის არ უარყოფს ოჯახის მდედრობით ნაწილს. ქონება იყოფა თანაბრად ბიჭ მემკვიდრეებს შორის, მაშინ როცა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მემკვიდრეობით იღებს მხოლოდ ბიჭის ქონების ნახევარს, რადგან მიიჩნევა, რომ მომავალში მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ოჯახს ფინანსურ დახმარებას არ გაუწევს. ანალოგიურია ქრისტიანულ ოჯახებში მემკვიდრეობის გადაცემა მომავალ თაობაზე, ვინაიდან მემკვიდრეობითი წესჩვეულებები არ რეგულირდება ეკლესიის წესის თანახმად და შესაბამისად ხშირად ისინი იყენებენ მუსლიმურ კანონებს ქონების მემკვიდრეობით გადაცემისას.

დასაფლავებას ხელმძღვანელობს ოჯახი და მთლიანად სამეზობლო. მუსლიმური და ქრისტიანული საზოგადოება მოითხოვს ჭირისუფლობას დიდი პერიოდის მანძილზე. სასაფლაოები არის საზოგადო მიწები. ორივე საზოგადოებას მკაცრად სწამს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის. მუსლიმებს, რომლებსაც სჯერათ განკითხვის დღის, დაკრძალვისთვის ყველაზე სასურველ ადგილად მიაჩნიათ იერუსალიმი.

ერთადერთი გზა, რომ ქალს ჰქონდეს წვდომა რაიმე საკუთრებაზე ეს არის მშობლების მიერ მემკვიდრეობით დატოვილი ქონება. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელებული კანონების თანახმად ქალს აქვს უფლება მემკვიდრეობით მიიღოს ქონება, როგორც სისხლით ნათესავებისგან ასევე ქმრისგანაც. მიუხედავად ამ ყველაფრისა ქალებს, უჭირთ წამოაყენონ თავისი უფლებები უძრავი ქონების ფლობაზე. ქალაქში დასახლებულ ქალები ხშირ შემთხვევაში უფრო თამამები არიან საკუთარი ქონების მოთხოვნაზე, ვიდრე ქალები, რომლებიც დასახლებულნი არიან სოფლებში.

ერთ-ერთი მკვლევარი აბდულჰადი თავის წიგნში საუბრობს პალესტინელი ქალების ავტონომიურ მოძრაობაზე. „იზრდება ადგილობრივი ქალების მოძრაობა დაპყრობილ ტერიტორიებზე 1990 წლებში. აზვირთებული ქალთა მოძრაობა ემთხვევა იმ დროს როდესაც ნაციონალური მოძრაობა განიცდის უკუქცევას.“ მკვლევარი ეყრდნობა 74 ღია  ინტერვიუს და 68 დახურულ ინტერვიუს პალესტინელ აქტივისტ ქალთან. ქალთა აქტივისტები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკურ და სოციალურ საქმიანობაში და ქმნიდნენ სხვადასხვა კომიტეტებსა და მოხალისე ასოციაციებს 1920 წლიდან, გამოხატავდნენ მრავალფეროვან და მდიდარ აქტივობებს.  ამ საორგანიზაციო საქმიანობამ საფუძველი დაუდო უფრო გვიანდელ მოძრაობას პალესტინელ ქალებში ჰიჯაბის პოზიციასთან დაკავშირებით.

ბავშვები სოციალიზებული არიან სხვადასხვა თაობებში, თვითონ ოჯახში და ზოგადად გენდერულ ხაზებში, ასევე სოციალიზებული არიან განათლების სისტემის სხვადასხვა რგოლში და ერთობაში.

სოციალური მოწყობა

რედაქტირება

1948 წლამდე, პალესტინელები იყვნენ დაყოფილნი კლასობრივ ხაზებად, რომელიც ძირითადად იყო განსაზღვრული მატერიალური სიმდიდრით. ქრისტიანულ საზოგადოებაში, კლასთა დიფერენცირება მოხდა უფრო მეტად მოხდა განათლების დონეზე დაყრდნობით, ვიდრე ქონებრივი სიუხვის. მუსლიმური და ქრისტიანული საზოგადოებებს ერთმანეთში ყოველთვის აკავშირებდა ნაციონალური ბრძოლა. პალესტინურმა დიასპორამ 1948 წლის შემდეგ იქონია მკვეთრი ზრდა. ინტენსიურმა ტერიტორიების დაკარგვამ შეასუსტა მიწათმფლობელური კლასი. განათლება ძალზედ დაფასებულია პალესტინაში და მიჩნეულია როგორც მოძრავი ქონება. ის არის გადამწყვეტი ფაქტორი პალესტინურ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისა. დღეს, არსებობს ფართო პროფესიული კლასი, რომელიც აყვავდა შექმნილი სამუშაო ატმოსფეროთი სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

პოლიტიკური მოწყობა

რედაქტირება

პალესტინელები, რომლებიც ცხოვრობენ დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე, არიან ისრაელის მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ, ხოლო ღაზას სექტორში და იერიქონში-ში მცხოვრები პალესტინელები კი ემორჩილებიან პალესტინის ნაციოალურ ადმინისტრაციას. იორდანიაში, ისინი შეადგენენ მოსახლეობის 60-70% და არიან სრულუფლებიანი მოქალაქენი. სხვა არაბულ ქვეყნებში, პალესტინელები არიან უცხოელი-რეზიდენტები, რომლებიც დროებით არიან მანდ და უწევთ თან ატარონ სამოგზაურო დოკუმენტი. დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე და იერუსალიმში მცხოვრები პალესტინელები არიან იორდანიის თანამემამულენი. ღაზაში ისინი მოქალაქეობის არმქონეებად ითვლებიან, ხოლო ისრაელში ებრაული სახელმწიფოს მოქალაქეები არიან.[5]

1967 წლიდან, ღაზაში და დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე, პალესტინელი ხალხი ცხოვრობს ისრაელის მილიტარისტული ძალების მმართველობის ქვეშ. ის ვინც ცხოვრობდა არაბულ იერუსალიმში, რომელიც შემდგომ 1967 წლიდან შეურთდა ისრაელს, აქვთ უფლება, რომ მიიღონ მონაწილეობა მუნიციპალურ არჩევნებში, თუმცა მათ არ შეუძლიათ დაფიქსირდნენ ეროვნულ არჩევნებში. იმიტომ, რომ იერუსალიმის არაბები, ამავდროულად არიან იორდანიის მოქალაქენი, მათ არ მოსწონთ ისრაელის სამოქალაქო პრიველეგიები. ისრაელმა ნება დართო ერთ ტურიან მუნიციპალურ არჩევნებს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე და ღაზაში 1976 წელში, თუმცა მაგის შემდეგ უმეტესი ქალაქის კონსული იმართება ისრაელის მილიტარისტული ოფიცრების მიერ. ისლამური რელიგიური ინსტიტუციები იერუსალიმში და დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე, რომლებიც არიან დაკავშირებულნი იორდანიასთან, არიან უმაღლესი მუსლიმური კონსულის იურისდიციის ქვეშ. ისრაელში, პალესტინელები სრულ უფლებიანი მოქალაქეები არიან, თუმცა ისინი განიცდიან ხშირი მიწების კონფესკაციას, მოხსნას მილიტარისტული სამსახურდან და უმაღლესი პოლიტიკური ოფისიდან.[5]

შემდეგი მეცნიერი-ავრამ ბორნსტეინი თავის ნაშრომში „დასავლეთ ნაპირისა და ისრაელს შორის მწვანე ხაზის გადაკვეთა“ საუბრობს პალეტინელების ცხოვრებაზე მწვანე ხაზის ორივე მხარეს, ისრაელსა და  „დასავლეთ ნაპირზე“. ის საუბრობს თუ როგორ ხდება საზღვრის დემარკაცია და როგორ ხდება იდენტიფიკაცია იმ ხალხისა რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა მხარეს. საზვარი ასევე არეგულირებს ქალაქიდან დინებას მუშებისა და ფართო მოხმარების საქონელის ისრაელის მხარეს და ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ისრაელის ეკონომიკაში. პოლიტიკა აქ უფრო ნაკლებია.  უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ლოკალურ ოჯახებს, მიგრანტებსა და მათ საქმიანობას, ისრაელ-პალესტინას შორის კავშირებს.

რელიგიური მოწყობა

რედაქტირება

პალესტინის მოსახლეობის ორ მესამედს მუსლიმები შეადგენენ, მათი უმრავლესობა სუნიტები არიან მაგრამ ასევე გვხვდება პატარა დრუზების დაჯგუფებები. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ქრისტიანეტიც საკმაოდ ბევრნი არიან, მთელი მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი, მაგრამ აქ მცოხვრები მუსლიმები და ქრისტიანები, ყოველთვის ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. მეომარი ისლამური ჯგუფები, ისეთები, როგორებიც ჰამასები არიან, დროთა განმავლობაში იზრდებოდა, ეს  ხალხში ახალ ფენომენს წარმოადგენდა

პალესტინელი მუსლები მიიჩნევენ საკუთარ თავს მუსლიმური წმინდა ადგილების მცველებად, აქედან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულებია კლდის გუმბათი, რომელიც მიჩნეულია მესამე ყველაზე წმინდა ადგილად ისლამურ სამყაროში. მათ ასევე ანალოგიური ხედვა გააჩნიათ ქრისტიანული ძეგლების მიმართ, როგორებიცაა მაცხოვრის შობის ტაძარი და ქრისტეს საფლავის ტაძარი.

  1. 1.0 1.1 1.2 'PCBS: The Palestinians at the end of 2015 ' დაარქივებული 2023-05-03 საიტზე Wayback Machine. 30 December 2015
  2. 65th Independence Day - More than 8 Million Residents in the State of Israel. Israel Central Bureau of Statistics (14 April 2013). ციტირების თარიღი: 18 February 2014.
  3. American FactFinder. Factfinder.census.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1999-10-13. ციტირების თარიღი: 2009-04-22.
  4. Loftus, Patrick Joseph. 1949. “Features Of The Demography Of Palestine.” Population Studies2. Cambridge: 92–114. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=m013-025.
  5. 5.0 5.1 5.2 Talhami, Ghada Hashem. 2005. “Culture Summary: Palestinians.” New Haven, Conn.: HRAF. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=m013-000.
  6. Moors, Annelies. 1995. “Women, Property, And Islam: Palestinian Experiences, 1920-1990.”Cambridge Middle East Studies. New York: Cambridge University Press. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=m013-040.