ჩრდილოეთ მაკედონიის ისტორია
ჩრდილოეთ მაკედონიის ისტორია (მაკედ. Историја на Македонија) — ჩრდილოეთ მაკედონიის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორია ნახევარ საუკუნეზე ცოტა მეტს მოითვლის: 1945 წელს იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა მაკედონიის სახალხო რესპუბლიკა (1963 წლის 7 ივლისიდან - მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკა), რომელმაც ფედერაციის დაშლის შემდეგ მიიღო დამოუკიდებლობა. სლავებს შორის შედარებით ახალგაზრდა ერია მაკედონელებიც, რომლებიც XX საუკუნეში ჩამოყალიბდა.
თანამედროვე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე „ილიადის“ შექმნის პერიოდში (ძვ. წ. VIII საუკუნე) ცხოვრობდნენ პეონიელები. ძვ. წ. IV საუკუნეში ჩრდილოეთ საბერძნეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ძველი მაკედონიის სამეფო, რომელმაც დაიმორჩილა ძველი საბერძნეთი, ხოლო ალექსანდრე მაკედონელის მმართველობის პერიოდში გახდა უდიდესი იმპერიის ცენტრი, რომელიც მოიცავდა მიწებს ეგვიპტიდან ინდოეთამდე. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მისი სახელმწიფო დაიშალა, ხოლო ძვ. წ. II საუკუნეში, მაკედონური ომების შედეგად რომის რესპუბლიკამ მაკედონია დაიმორჩილა. მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მაკედონია გადაიქცა რომის პროვინციად. ამ სტატუსით 395 წელს იგი შევიდა აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტია) შემადგენლობაში. ძველ მაკედონელებს არანაირი ნათესაური თუ კულტურული კავშირი არა აქვთ თანამედროვე მაკედონელებთან.
მაკედონიის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება VI საუკუნეში, როდესაც მის ტერიტორიაზე სახლდებიან ძველი სლავები.
ისტორიამდელი მაკედონია
რედაქტირებაარქეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად თანამედროვე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორია დასახლებული იყო ნეოლითის პერიოდიდან. მოსახლეობის განსახლების ძირითადი კერები იყო მდინარე ვარდარისა და სტრუმიცის ხეობები. ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიის გავლით ხდება ანატოლიიდან ნეოლითური კულტურის მიგრაცია ევროპაში.
ანტიკური პეონია
რედაქტირებაძველ დროში თანამედროვე ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორია ეთნიკური თვალსაზრისით საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცხოვრობენ ეპირელები, ილირიელები, პეონიელები, თრაკიელები და სხვ. თანამედროვე მაკედონიას საბერძნეთის ტერიტორიაზე მდებარე მაკედონიასთან არ ჰქონდა არანაირი კავშირი. აქ ცხოვრობდნენ უპირატესად პეონიელები. პეონიის სამეფო დაარსდა ძვ. წ. I ათასწლეულში მაკედონიასა და თრაკიას შორის. პეონიელებს ეჭირათ თითქმის თანამედროვე მაკედონიის ტერიტორია. პეონიის სამეფოს დედაქალაქი იყო ბილაზორა (თანამედროვე ველესი).
ანტიკური მაკედონია
რედაქტირებაძვ. წ. VIII საუკუნეში ედესის რაიონში ჩამოყალიბდა ძველი მაკედონიის სამეფო, რომლის სათავეშიც იდგა არგეადების დინასტია. ლეგენდის თანახმად მაკედონიის პირველი მეფე იყო პერდიკა I (ძვ. წ. 707-660 წწ.). ძვ. წ. V საუკუნეში მაკედონიის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მისი დედაქალაქი გახდა პელა, მოხდა სამეფო ხელისუფლების კონსოლიდაცია, არმიის რეორგანიზაცია, დაიწყო აქტიური სამუშაოები ლითონების საბადოებზე. პარალელურად თანდათან გაძლიერდა საბერძნეთის კულტურული გავლენა, თუმცა ბერძნული წარმომავლობის მიუხედავად ბერძნები მაკედონელებს ბარბაროსებად მიიჩნევდნენ.
ფილიპე II-ის (ძვ. წ. 359-336 წწ.) მმართველობის პერიოდში მაკედონიამ დაიმორჩილა ეგეოსის სანაპირო ქალკიდიკეს ნახევარკუნძული, თრაკიის ნაწილი და ოჰრიდის ტბის რაიონი. დაამყარა მართველობა თესალიაზე და ეპირზე. ქერონეის ბრძოლის შედეგად ძვ. წ. 338 წელს ფილიპე II-ის კონტროლის ქვეშ მოექცა მთელი მატერიკული საბერძნეთი. მისმა შვილმა ალექსანდრე მაკედონელმა (ძვ. წ. 336-323 წწ.) გააგრძელა მამის დაპყრობითი ომები. ლაშქრობების მთელი სერიის შედეგად დაიმორჩილა აქემენიანთა იმპერია, დაიპყრო ეგვიპტე, ბაქტრია, სოგდიანა, მიაღწია ინდოეთამდე. ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფო ატარებდა ბერძნულ ხასიათს, იგი დაფუძნებული იყო ბერძნულ კულტურაზე.
ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ მისი იმპერია დაიშალა. საბერძნეთი და მაკედონია გადავიდა მაკედონელის ერთ-ერთი დიადოქოსის, ანტიპატრეს მმართველობაში, თუმცა მისი ხელისუფლება არამყარი აღმოჩნდა. მომდევნო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მაკედონიის ტახტს ეცილებოდნენ დიადოქოსების შთამომავლები. ძვ. წ. 277 წელს საბოლოოდ დამყარდა ანტიგონიდების დინასტიის მმართველობა. ამავე პერიოდში მათ მოიგერიეს კელტების შემოსევები, დაარსდა თესალონიკი, აღმოსავლეთიდან მონებისა და სიმდიდრის შემოდინებამ გააძლიერა ადგილობრივი არისტოკრატია, გაიზარდა ქალაქები.
ძველი რომი
რედაქტირებაძვ. წ. III საუკუნეში მაკედონია შეეჯახა ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეს — რომის რესპუბლიკას. პირველ და მეორე მაკედონურ ომებში მაკედონიის მეფე ფილიპე V დამარცხდა. კინოსკეფალეს ბრძოლაში (ძვ. წ. 197 წ.) დამარცხების შემდეგ მაკედონია იძულებული გახდა უარი ეთქვა თრაკიაზე, ილირიაზე და თესალიაზე. მესამე მაკედონური ომის დროს პიდნის ბრძოლის (ძვ. წ. 168 წ.) შედეგად ქვეყანა დაიყო ოთხ ავტონომიურ ოლქად. საბოლოოდ ძვ. წ. 146 წელს მაკედონია შევიდა რომის რესპუბლიკის შემადგენლობაში პროვინცია მაკედონიის სახელით.
რომის პროვინცია მაკედონიის ცენტრი გახდა თესალონიკი. პროვინციის სამართავად რომის სენატმა დანიშნა პრეტორი, ხოლო მოგვიანებით ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკონსული. ქალაქში შეინარჩუნეს გარკვეული დონის თვითმმართველობაც. რომის რესპუბლიკის საზღვრებში შესვლამ მაკედონია დაიცვა მეზობელი ტომების თავდასხმებისაგან, დაწინაურდა საქალაქო ცხოვრება, განვითარდა ვაჭრობა, მოწესრიგდა საგზაო სისტემა. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რომის გზას Via Egnatia-ს, რომელიც აკავშირებდა დირაქიონს თესალონიკთან და ბოსფორთან. ეს იყო იტალიიდან მცირე აზიაში გამავალი მნიშვნელოვანი გზის შემადგენელი ნაწილი.
ძვ. წ. I საუკუნეში მაკედონია გახდა რომის რესპუბლიკის სამოქალაქო ომების არენა, მაგრამ ოქტავიანე ავგუსტუსის გამარჯვების შემდეგ მომდევნო 200 წელი ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა. რომის იმპერიის მასიურმა ექსპანსიამ მაკედონია I საუკუნეში რომის იმპერიის შიდა პროვინციად აქცია. ამავე პერიოდში ხდება ქრისტიანობის გავრცელებაც. წმინდა მოციქულთა გადმოცემის თანახმად ახალი რელიგიის პირველი მქადაგებლები იყვნენ პავლე მოციქული და წმინდა სილა, ხოლო მაკედონიის ქალაქი ფილიპი გახდა მსოფლიოში პირველი ევროპული ქალაქი სადაც ჩამოყალიბდა პირველი ქრისტიანული თემი.
III საუკუნეში რომის იმპერიაში დაიწყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. მაკედონია განადგურდა გუთების ლაშქრობების შედეგად. დიოკლეტიანეს რეფორმების შედეგად რომის იმპერია დაიყო ოთხ დიოცეზად. მაკედონია საბერძნეთთან ერთად შევიდა მაკედონიის დიოცეზში. დიოცეზის ადმინისტრაციული ცენტრი ასევე თესალონიკი გახდა, რომელიც ამ პერიოდისათვის იმპერიის უმსხვილესი ქალაქი იყო. 380 წელს რომის იმპერატორმა თეოდოსიუს I-მა თესალონიკში მიღებული ედიქტით ქრისტიანობა იმპერიის სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. 395 წელს იმპერია საბოლოოდ გაიყო. მაკედონია შევიდა აღმოსავლეთ რომის იმპერიის საზღრებში, რომლის ცენტრიც კონსტანტინოპოლი გახდა. IV-VI საუკუნეების განმავლობაში მაკედონიის მიწებზე პერიოდულად ხდებოდა მომთაბარე ტომების, ვესტგუთების, ჰუნებისა და ოსტგუთების შეჭრა, რამაც გამოიწვია მეურნეობის მოშლა, ქალაქები დაცარიელდა, ცენტრალური ხელისუფლება არსებითად ნომინალური გახდა.
მაკედონია შუა საუკუნეებში
რედაქტირებასლავების შემოსვლა ბიზანტიაში
რედაქტირებამაკედონიის ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა გახდა სლავების შემოსვლა. უკვე VI საუკუნის დასაწყისში სლავებმა დუნაის მიმდებარე ბიზანტიის მიწებზე დაიწყეს თავდასხმები. 517 წელს სლავებმა ააოხრეს მაკედონია, ეპირი და ილირია. პროკოპი კესარიელის მიხედვით, იუსტინიანე I-ის მმართველობის პერიოდში სლავები ყოველწლიურად იჭრებოდნენ იმპერიაში. 550 წელს სლავებმა პირველად სცადეს აეღოთ თესალონიკი. 626 წელს ხუნძებთან ერთად ალყა შემოარტყეს კონსტანტინოპოლს. ბიზანტიის ხელისუფლება ადრიატიკიდან ეგეოსის ზღვამდე ფაქტობრივად აღარ ვრცელდებოდა. ქალაქები აოხრდა და განადგურდა. VII საუკუნის ბოლოსათვის მაკედონიაში სადაც მანამდეც ცხოვრობდნენ ბერძნები დასახლება კვლავ ბერძნულმა ტომებმა დაიწყეს.
VII საუკუნის დასაწყისში სლავები დასახლდნენ ბალკანეთის ტერიტორიაზე, ჩამოაყალიბეს ტომობრივი ალიანსი, რომელსაც სათავეში რინხინების სამხრეთსლავური ტომის ბელადი პრებონდი ჩაუდგა, მაგრამ იგი მალევე დაიშალა, 680 წელს თესალონიკთან ბიზანტიელებმა დაამარცხეს. ამავე პერიოდში მაკედონიაში შემოიჭრნენ ბულგარები ხან კუბერის მეთაურობით, რომელმაც ადგილობრივ სლავებთან კავშირის დამყარებით 685 წელს თესალონიკი აიღო.
მიხეილ III-ის (842-847 წწ.) მმართველობის დასაწყისში სლავები აქტიურად ერთვებიან ბიზანტიის სახელმწიფოებრივ სამსახურში, ხოლო შვილებს განათლებას ბერძნულ სკოლებში აძლევენ, რამაც ხელი შეუწყო ბიზანტია-სლავების ურთიერთობის ნორმალიზაციას.
მაკედონია ბულგარეთის სამეფოს შემადგენლობაში
რედაქტირებაIX საუკუნის მეორე ნახევარში მაკედონიის ტერიტორია დაიპყრო ბულგარეთის სამეფომ. ბიზანტიის მმართველობის ქვეშ მხოლოდ თესალონიკი და მისი ოლქი დარჩა. სლავური კულტურის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბერძენი განმანათლებელების კირილე და მეთოდეს მოღვაწეობას. 880-იანი წლების ბოლოს მეთოდეს მოწაფემ წმ. კლიმენტმა ოჰრიდის ტბის ნაპირზე დააარსა მონასტერი. 905 წელს მის მახლობლად წმ. ნაუმიმაც დააარსა მონასტერი. ეს მონასტრები ბულგარეთში ქრისტიანობისა და განათლების გავრცელების მნიშვნელოვანი კერები გახდნენ. სწორედ ამის გამო, X საუკუნის დასაწყისში ბალკანეთის გაქრისტიანება მთლიანად დასრულდა. ამავე პერიოდში მაკედონიასა და თრაკიაში საფუძველი ეყრება მწვალებლობას - ბოგომილიზმს, რომელიც სწრაფად იკიდებს ფეხს ბალკანეთის სლავებს შორის.
970–971 წლებში ბულგარეთის სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი დაიბრუნეს ბიზანტიელებმა. დამოუკიდებლობა შეინარჩუნა მდინარე ისკირის დასავლეთით მდებარე ტერიტორიამ, სადაც მმართველობის სათავეში მოვიდა კომიტოპულების დინასტია. დინასტიის წარმომადგენელმა სამუილმა გააერთიანა ტერიტორიები დუნაიდან თესალიამდე. აღნიშნულმა სამეფომ, რომელსაც ფაქტობრივად თანამედროვე მაკედონიის ტერიტორია ეკავა, მიიღო სახელწოდება დასავლეთ ბულგარეთის სამეფო, რომლის დედაქალაქიც გახდა ოჰრიდი. 1018 წელს ბულგარეთის სამეფო დაეცა, მისი ტერიტორია მაკედონიასთან ერთად შევიდა ბიზანტიის შემადგენლობაში.
მაკედონია ბიზანტიის შემადგენლობაში
რედაქტირებამაკედონიის უდიდესი ნაწილი ბიზანტიის იმპერიაში შესვლის შემდეგ შევიდა ბულგარეთის ფემის შემადგენლობაში, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი იყო სკოპიე, 1150 წლიდან - ნიში. სანაპირო ტერიტორიები შეუერთეს თესალონიკს. ასევე ჩამოყალიბდა მაკედონიის ფემა (ცენტრი - ადრიანოპოლისი). ფემას ხელმძღვანელობდა სტრატეგოსი, რომლის ხელშიც იყო სამოქალაქო და სამხედრო ხელისულება. მაკედონიის ბიზანტიის ფარგლებში გაწევრიანებამ გამოიწვია ფეოდალიზმის განვითარება.
XI საუკუნის დასასრულს ბიზანტიის საგარეო პოლიტიკური ვითარება გამწვავდა თურქ-სელჩუკების, პაჭანიკების, ოღუზებისა და პოლოვცების შემოსევების შედეგად. ამავე დროს ბიზანტიაში შემოიჭრნენ ნორმანები რობერტ გუისკარის და ბოემუნდ I-ის მეთაურობით. 1082 წელს ნორმანებმა აიღეს დირაქიონი, ოჰრიდი, სკოპიე, კასტორი და გადავიდნენ თესალონიკში. 1085 წელს გუისკარის გარდაცვალების შემდეგ ნორმანებმა უკან დაიხიეს, მაგრამ 1096 წელს ისინი კვლავ გამოჩნდნენ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ფარგლებში. 1185 წელს მაკედონიაში შეიჭრნენ სიცილიის სამეფოს ჯარები ვილჰელმ II-ის მეთაურობით. მათ დაიპყრეს დირაქიონი და Via Egnatia-ს საშუალებით ჩავიდნენ თესალონიკში, რომელიც ერთი თვის შემდეგ დაეცა და გაძარცვეს. 1185 წლის დასასრულს ბიზანტიელებმა მოახერხეს ნორმანების განდევნა ბალკანეთიდან.
ბულგარეთ-სერბეთ-ბიზანტიას შორის
რედაქტირებაXII საუკუნის დასასრულს ბულგარეთმა და სერბეთმა მოახერხეს დამოუკიდებლობის აღდგენა. მათ ისარგებლეს ბიზანტიის დასუსტებით და დაიწყეს ექსპანსია მაკედონიის ტერიტორიაზე. უკვე 1198 წელს სერბებმა დაიპყრეს სკოპიე. XII საუკუნის 90-იან წლებში ბულგარელმა ბოიარინმა დობრიმირ ხრიზმა თანამედროვე მაკედონიის სამხრეთით შექმნა პატარა დამოუკიდებელი სამთავრო, რომლის ცენტრიც პროესკი გახდა. მან მოახერხა ბიზანტიის ჯარების დამარცხება და 1201 წელს დაეუფლა ბიტოლას და პრილეპს. თუმცა 1202 წელს იმპერატორ ალექსი III-ის ახალი ლაშქრობის შედეგად დასრულდა ხრიზის სამთავროს ისტორია. მომდევნო წლებში მაკედონიის ტერიტორიაზე შეიჭრა ბულგარეთის მეფე კალოიანი, რომელმაც დაიპყრო მთელი შიდა მაკედონია. 1204 წელს ჯვაროსნების მეოთხე ლაშქრობის შედეგად კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ჩამოყალიბდა თესალონიკის სამეფო, რომელიც ლათინთა იმპერიის ვასალი იყო.
მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მაკედონიის ტერიტორია წარმოადგენდა პრაქტიკულად უწყვეტი ომების კერას ბულგარეთს, სერბეთს, თესალონიკს, ეპირის დესპოტატსა და ნიკეის იმპერიას შორის. ამ პერიოდში მცირე ხნით (1207-1214 წწ.) ვარდარის მაკედონიაში სევასტოკრატორ სტრეზის ნახევრადდამოუკიდებელი სამთავრო ჩამოყალიბდა. 1215 წელს მაკედონიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაიპყრო ეპირის დესპოტატმა. 1224 წელს ასევე წარმატებით აიღო თესალონიკი, თუმცა 1230 წელს ბულგარეთის მეფე ივან ასენ II-მ ეპირის დესპოტატის ჯარები სასტიკად დაამარცხა კლოკოტნიცის ბრძოლაში, მაკედონია ბულგარეთის მეორე სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. XIII საუკუნის 40-იან წლებში ნიკეის იმპერიამ დაიწყო აქტიური ექსპანსია, შედეგად თესალონიკი და მაკედონია თავის კონტროლს დაუქვემდებარა. 1258 წელს სერბეთის არმიამ დაიპყრო სკოპიე და პრილეპი. 1257 წელს ბოიარებმა მეფედ სკოპიელი ბოიარის შვილი კონსტანტინ I ტიხი, მან დაამარცხა მეფე მიცო ასენი, რომელიც 1261 წელს ნიკეის იმპერიაში მიხეილ VIII-სთან გაიქცა. კონსტანტინემ პრილეპი და სკოპიე კვლავ დაიბრუნა.
1261 წელს მიხეილ VIII-მ კონსტანტინოპოლი აიღო და აღადგინა ბიზანტიის იმპერია. ამავე წელს კონსტანტინოპოლზე ლაშქრობას აწყობს კონსტანტინ ტიხი, მაგრამ მარცხდება. 1277 წელს აჯანყებული ივაილოს წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრძოლის დროს ბულგარეთის მეფე კონსტანტინე I ტიხი იღუპება.
მაკედონია სერბეთის შემადგენლობაში
რედაქტირება1281 წელს მეფე სტეფან უროშ II-მ დაიკავა მთელი ჩრდილოეთი მაკედონია, რომელიც დაამტკიცა 1299 წლის ბიზანტია-სერბეთის ზავმა. სტეფან უროშ III არღვევს ზავს და 1330 წელს ბულგარეთის არმია ახდენს მდინარეების ვარდარისა და სტრუმის შუამდინარეთს და ასევე ოჰრიდის ტბის რაიონს. მაკედონიის შესვლა სერბეთის სამეფოში საბოლოოდ დასრულდა სტეფან დუშანის დროს, რომელმაც ისარგებლა ბიზანტიაში მიმდინარე სამოქალაქო ომით და 1348 წელს დაიპყრო მთელი მაკედონია თესალონიკის გარდა. მაკედონიის მიწა გახდა სტეფან დუშანის სახელმწიფოს ცენტრი. მისი სასახლე მდებარეობდა სკოპიეში და სერეში. 1346 წელს დაარსდა პეჩის საპატრიარქო, ხოლო სტეფან დუშანი სერბეთისა და საბერძნეთის მეფედ გამოაცხადეს. სერბეთის სახელმწიფო იმყოფებოდა ბიზანტიის იმპერიის ტრადიციების ძლიერი გავლენის ქვეშ. ჩამოყალიბდა ბიუროკრატიული აპარატი, გაძლიერდა ცენტრალური მმართველობა, მოხდა კანონმდებლობის კოდიფიცირება.
1355 წელს სტეფანე დუშანის გარდაცვალების შემდეგ სერბეთის სამეფო დაიშალა, მისმა მემკვიდრემ სტეფან უროშ V-მ ნომინალური მმართველობა შეინარჩუნა. 1366 წლიდან პრილეპი და დასავლეთი მაკედონია პრილეპის სამეფოს შემადგენლობაშია, ხოლო მდინარე ვარდარის აღმოსავლეთი ტერიტორია დაექვემდებარა კონსტანტინ დრაგაშს.
მაკედონიის ახალი ისტორია
რედაქტირებამაკედონია ოსმალეთის შემადგენლობაში
რედაქტირებაფეოდალურმა ანარქიამ, რომელიც ყვაოდა სტეფან დუშანის გარდაცვალების შემდეგ, დაასუსტა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ქვეყანა თურქ-ოსმალების მზარდი საფრთხის წინაშე სრულიად უძლური გახადა. უკვე 1345 წელს მათ ხელში ჩაიგდეს გალიპოლი და დაიწყეს ევროპაში ფეხის მოკიდება. 1365 წელს ხელში ჩაიგდეს ადრიანოპოლი. ოსმალური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით უგრეშამ და ვუკაშინ მრნიავჩევიჩებმა გაილაშქრეს ოსმალების წინააღმდეგ ადრიანოპოლზე, მაგრამ 1371 წლის 26 სექტემბერს ძმები მარიცის ბრძოლაში დამარცხდნენ და ბრძოლის ველზე დაიღუპნენ. ამ ბრძოლის შემდეგ მაკედონია თურქების კონტროლს დაექვემდებარა, პრილეპის მეფე მეფე მარკომ თავი ოსმალეთის ვასალად აღიარა. 1383 წელს ოსმალებმა აიღეს სერე, შემდეგ შტიპი, პრილეპი და ბიტოლა. 1387 წელს დაეცა თესალონიკიც. მაკედონიისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა 1389 წელს კოსოვოს ველზე ბრძოლას, რომლის შედეგად ოსმალების გავლენა ძლიერ გაიზარდა. 1393 წელს აიღეს სკოპიეც. საბოლოოდ, 1395 წელს როვინეს ბრძოლაში კონსტანტინე დრაგაში და მარკო მოკლეს, პრილეპის სამეფომ არსებობა შეწყვიტა. მაკედონია გახდა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი.
მაკედონია რუმელიის ვილაიეთში გაერთიანდა, რომელიც თავის მხრივ სანჯაქებად იყფოდა. თავდაპირველად მაკედონია დაყოფილი იყო კიუსტენდილის, ოჰრიდისა და ფაშის სანჯაქებად. XVII საუკუნეში კი მათ საფუძველზე წარმოიქმნა პატარა სანჯაქები: კავალა, სელენიკი და უსკუბი.
მაკედონიის მოსახლეობის წინააღმდეგობის მოძრაობის ძირითადი ფორმა იყო შეიარაღებული აჯანყება - ჰაიდუკობა. ეკლესიის როლი განმათავისუფლებელ მოძრაობაში უმნიშვნელო იყო. ოჰრიდის საარქიეპისკოპოსომ ოსმალეთის ბატონობის პირობებში შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. ეპისკოპოსები ცდილობდნენ გაეტარებინათ ანტითურქული იდეოლოგია და მხარდამჭერებს ეძებდნენ ევროპაში. თუმცა საარქიეპისკოპოსოს გავლენა შესამჩნევად შემცირდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბერძნული სასულიერო წრეების ზეწოლით და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენით, რომლის იურისდიქციაში გადავიდა ჩრდილოეთ მაკედონიის ეპარქიები. სლავური და ბერძნული სამღვდელოების დაპირისპირება 1767 წელს ოჰრიდის საარქიეპისკოპოსოს გაუქმებით დასრულდა.
1689 წელს ავსტრიის ჯარების მიერ უნგრეთში და სერბეთში ოსმალების წინააღმდეგ წარმატებული მოქმედებების შედეგად, მაკედონიაში დაიწყო მასობრივი აჯანყებები, მათ შორის უმსხვილესი იყო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში 1689 წლის ოქტომბერში ვოევოდა კარპოშის გამოსვლა. ამ აჯანყების შდეგად თურქები განდევნეს კუმანოვოდან და სკოპიედან. თუმცა ეპიდემიისა და ოსმალეთის ჯარების კონტრქმედებების გამო ავსტრიის არმიამ დატოვა მაკედონია. ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ დაეცა კუმანოვო, კარპოში დაატყვევეს და სიკვდილით დასაჯეს. მაკედონია კვლავ თურქების ხელში აღმოჩნდა.სლავების რამდენიმე ტომმა მიიღო ისლამი (ტორბეშები), მოხდა მათი ასიმილაცია სხვა მუსულმან ხალხში.
XVIII საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ დაცემა დაიწყო. რუსეთთან და ავსტრიასთან ბრძოლების შედეგად დაკარგა ტერიტორიების დიდი ნაწილი. დაიწყო ფინანსური კრიზისი, რამაც თავის მხრივ გამოიწვია გადასახადების მკვეთრი ზრდა. ცენტრალური ხელისუფლება შესუსტდა, ქვეყანაში ანარქია გამეფდა. ხელისუფლება გადავიდა ადგილობრივი ფაშებისა და ბეების ხელში. მაკედონიის დასავლეთი ნაწილი ხელში ჩაიგდეს ალბანური წარმოშობის მეჰმედ-ფაშა ბუშატიმ და ალი-ფაშამ. ისინი ფაქტობრივად სტამბოლისაგან დამოუკიდებლად მართავდნენ თავიანთ ტერიტორიებს. მსგავსი სიტუაცია იყო მაკედონიის სხვა რეგიონებშიც. 1815 წელს ავტონომია მიიღო სერბეთის სამთავრომ, ხოლო 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ოსმალეთმა საბერძნეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
1839 წელს ოსმალეთის იმპერიაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები, რომელიც მიზნად ისახავდა იმპერიის თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას (ტანზიმატის ეპოქა). რეფორმების სათავეში იდგა სულთანი აბდულმეჯიდ I, რომელმაც ქრისტიანული მოსახლეობა გაუთანაბრა ქვეყნის ძირითადი რელიგიის, ისლამის, მიმდევრებს. სამხედრო რეფორმის შედეგად შექმნა მუდმივი არმია, მოაწესრიგა განათლების სისტემა, გაატარა ადმინისტრაციული რეფორმა ეიალეთების მაგივრად ჩამოაყალიბა ვილაიეთები, რომელთაც სათავეში გუბერნატორი (ვალი) ჩაუყენა. თანამედროვე მაკედონიის ტერიტორია გადანაწილდა კოსოვოს, მონასტირის და სალონიკის ვილაიეთებში. რეფორმების კულმინაცია იყო 1856 წელს მოქალაქეთა თანასწორობის შემოღება რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, რომელმაც ქრისტიანებს გზა გაუხსნა სახელმწიფოს მაღალი თAნამდებობებისაკენ.
ტანზიმატის პერიოდში დასავლური კაპიტალიისათვს თურქული ბაზარი გაიხსნა. 1871 წელს ბელგიელებმა დაიწყეს მაკედონიაში პირველი რკინიგზის მშენებლობა (სალონიკი-სკოპიეს ხაზი), რომელიც შემდეგ გაგრძელდა სერბეთის გავლით ავსტრია-უნგრეთამდე. 1894 წელს დასრულდა სალონიკი-ბიტოლის ხაზის მშენებლობა, რომელსაც გერმანელები აშენებდნენ, 1896 წელს კი დამთავრდა ფრანგების მიერ დაწყებული სალონიკი-ალექსანდრუპოლისის რკინიგზის მშენებლობაც.
ეროვნული აღორძინება
რედაქტირებაXVIII საუკუნის დასასრულს ოსმალეთის იმპერიის სლავურ მოსახლეობაში ეროვნული აღორძინების და თანამედროვე ერების ფორმირების აქტიური პროცესები დაიწყო. მაკედონიაში, სადაც შუა საუკუნეებისათვის არ არსებობდა ცალკე მდგომი მაკედონელი ერი, აღნიშნული პროცესი განიხილება, როგორც ბულგარული აღორძინების შემადგენელი ნაწილი. ამავე დროს მაკედონიაში მცხოვრებმა სლავებმა განიცადეს ელინიზაცია და მხარს უჭერდნენ ბიზანტიის იმპერიის აღდგენის დიდ იდეას. XIX საუკუნის დასასრულს სერბეთმა თავისი პოლიტიკა გაააქტიურა მაკედონიაში, რამაც გამოიწვია მაკედონიის მოსახლეობის ნაწილის სერბეთის ეროვნულ ორიენტაციაზე გადასვლა. XIX საუკუნის დასასრულს მაკედონიში მცხოვრებ ალბანელებს შორის ხდება დაჩქარებული პროცესი ეროვნული აღორძინებისა და ყალიბდება ალბანელი ერი.
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ბულგარულ აღორძინებას, რომლის ერთ-ერთი ცენტრი იყო მაკედონია. უკვე 1837 წელს ველესში ჩამოყალიბდა პირველი ბულგარული საერო სკოლა. შემდეგ ბულგარული სკოლები გაიხსნა სკოპიეში, შტიპში, ოჰრიდში, ბიტოლაში დ სხვა მაკედონურ ქალაქებში. 1860-იანების დასაწყისში მაკედონიის მოსახლეობა ჩაერთო ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბების პროცესში. განსხვავებით ბულგარეთის ტერიტორიისა, მაკედონიის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე გავლენას ახდენდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. სწორედ ამიტომ, როდესაც 1870 წელს სულთნის ფირმანის მიხედვით ჩამოყალიბდა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მის შემადგენლობაში შევიდა მხოლოდ ველესის, სკოპიესა და ოჰრიდის ეპარქიები. ბულგარეთის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნამ ძლიერი იმპულსი მისცა მაკედონიაში ბულგარული სკოლების ქსელის გაფართოებას და საგანმანათლებლო ორგანიზაციების ჩამოყალიბებას.
მაკედონიის საკითხის წარმოშობა
რედაქტირება1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მაკედონიიდან დაახლოებით 1 000 მოხალისე, მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ, თუმცა რუსული ჯარები მაკედონიაში არ შესულან და შეჩერდნენ კიუსტენდილში. სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების თანახმად ჩამოყალიბდა ბულგარეთის სამთავრო, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა მაკედონია, სალონიკი და ქალკიდიკის ნახევარკუნძული, თუმცა ამის წინააღმდეგ წავიდნენ დასავლეთის სახელმწიფოები, სერბეთი და საბერძნეთი. 1878 წლის 13 ივლისს ბერლინის კონგრესზე მიიღეს ახალი სამშვიდობო ხელშეკრულება: ბულგარეთის სამთავროს ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირდა, ჩამოყალიბდა ცალკე ავტონომიური ერთეული აღმოსავლეთი რუმელია, ხოლო მაკედონია დარჩა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ხელშეკრულების 23-ე მუხლის თანახმად მაკედონიისა და თრაკიის ქრისტიან მოსახლეობას შეეძლო თვითმმართველობის ჩამოყალიბება იმპერიის ფარგლებში. თუმცა 1880 წელს მაკედონიის თვითმმართველობის პროექტს სულთანმა ვეტო დაადო.
XIX საუკუნეში გააქტიურდა ბალკანეთის სახელმწიფოების პრეტენზია მაკედონიის მიმართ. ბულგარელები და ბერძნები მაკედონიას თავიანთ ისტორიულ ტერიტორიად მიიჩნევდნენ. ამ პერიოდში პოლიტიკურ სცენაზე გამოდის სერბეთი, რომელიც მაკედონიას სერბეთის ნაწილად მიიჩნევს. ბერძნები თავიანთ პოზიციებს ამყარებდნენ იმ მოსაზრებით, რომ ძველი მაკედონელები იყვნენ ბერძნული წარმოშობისანი. თავდაპირველად, ბულგარეთის სამთავროს შექმნის შემდეგ, ოსმალეთის იმპერიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წინააღმდეგობის გამო ბულგარეთის გავლენა შესუსტდა მაკედონიაში, მაგრამ თურქულ-ბულგარული ურთიერთბის დათბობისა და 1897 წლის ოსმალეთ-საბერძნეთის ომის შემდეგ ბულგარეთის გავლენა კვლავ გაიზარდა. 1900 წლისათვის ბულგარული სკოლების რაოდენობამ 781-ს მიაღწია, დაარსდა ბულგარული გიმნაზიები სალონიკში, ბიტოლასა და სკოპიეში. შეიქმნა ბულგარეთის საეგზარქოსოს ახალი ეპარქიები. მიუხედავად ამისა, თავის პოზიციებს აძლიერებდა ბერძნული ეროვნული მოძრაობა. 1900 წლისთვის ბერძნული სკოლების რიცხვი 613 იყო. ამათ პარალელურად სწრაფად ძლიერდებოდა ალბანეთის ეროვნული მოძრაობაც.
1895 წლის აღწერის მოანცემებითსკოპიეს, ბიტოლის და სალონიკის ვილაიეთებში ცხოვრობს 2,5 მლნ ადამიანი, რომელთაგანაც 22 % სლავები არიან, 22 % — თურქები, 40 % — ბერძნები, 5,5 % — ალბანელები, 3,5 % — არუმინები და 3 % — ებრაელები.
XIX საუკუნის ბოლოსათვის გაჩნდა მაკედონიზმის იდეა. 1888 წელს სერბმა დიპლომატმა სტოიან ნოვაკოვიჩმა განაცხადა, რომ მაკედონიის სლავი მოსახლეობა არის ცალკე მდგომი მაკედონელი ერი, ისინი არ მიეკუთვნებიან არც ბულგარელებს და არც სერბებს.
ილინდენის აჯანყება
რედაქტირება1890-იანი წლების დასაწყისში, სოფიაში მოღვაწე მაკედონელმა სტუდენტებმა დააარსეს „ახალგაზრდა მაკედონელთა ლიტერატურული საზოგადოება“, რომელიც მაკედონიის ავტონომიისათვის მოძრაობის ბირთვი გახდა. სტეფან სტამბოლოვის მმართველობის პერიოდში ბულგარეთ-ოსმალეთს შორის დამთბარმა ურთიერთობებმა ამ ორგანიზაციის დაშლა გამოიწვია, მაგრამ უკვე 1893 წელს რადიკალურად განწყობილმა ახალგაზრდა მაკედონელებმა სალონიკში ახალი, საიდუმლო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს, რომელმაც მოგვიანებით მიიღო სახელწოდება შიდა მაკედონურ-ოდრინული რევოლუციური ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის სათავეებთან იდგნენ: დამე გრუევი, ივან ჰაჯინიკოლოვი, გოცე დელჩევი და გორჩე პეტროვი. ორგანიზაციამ მაკედონიის და ადრიანოპოლის ოსმალეთის იმპერისაგან გათავისუფლების მიზნით ფილიალების ფართო ქსელი შექმნა მთელს მაკედონიაში და მოსახლეობას შორის დიდი გავლენით სარგებლობდა. თავდაპირველად ორგანიზაციის წევრების მიზანი იყო მაკედონიისა და თრაკიის ბულგარეთთან შეერთება, თუმცა შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, მაკედონიის ეთნიკურმა სიჭრელემ და არახელსაყრელმა საგარეოპოლიტიკურმა სიტუაციამ აიძულა ორგანიზაცია მოეთხოვა სრული პოლიტიკური ავტონომია. ასეთმა გადაწყვეტილებამ ორგანიზაციაში გააწევრიანა მაკედონიის მუსლიმი მოსახლეობა (ტორბეშები, ალბანელები, თურქები).
შიდა მაკედონურ-ოდრინული რევოლუციური ორგანიზაციის პარალელურად ბულგარეთში ჩამოყალიბდა კიდევ ერთი მაკედონური ორგანიზაცია - უმაღლესი მაკედონურ-ოდრინული კომიტეტი. რევოლუციური ორგანიზაციისაგან განსხვავებით კომიტეტი ეყრდნობოდა ბულგარეთის მთავრობას და მაკედონურ-თრაკიულ დიასპორას. მისი მიზანი იყო მაკედონიის მიწების გაერთიანება ბულგარეთთან. მოქმედების სტრატეგიაც განსხვავებული იყო. უარი განაცხადეს ფართომასშტაბიან აჯანყებებზე და ყურადღება გადაიტანეს მცირე რაზმების მოქმედებაზე და ევროპულ სახელმწიფოებში პროპაგანდაზე. ურთიერთობა ამ ორ ორგანიზაციას შორის საკმაოდ დაძაბული იყო. რევოლუციური ორგანიზაციის სათავეში იდგნენ მემარცხენე დემოკრატები და რევოლუციონერები, ხოლო კომიტეტი ძირითადად ეყრდნობოდა ბულგარეთის მემარჯვენე წრეებს.
1901-1902 წლებში კომიტეტის წევრების თავდასხმები და რევოლუციური ორგანიზაციის გამოსვლები ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ, გადაიზარდა პარტიზანულ ომში. 1902 წლის დასაწყისში რევოლუციური ორგანიზაციის კონგრესმა შეიარაღებული აჯანყებისათვის მზადყოფნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 1903 წლის გაზაფხულზე გახშირდა რევოლუციური ორგანიზაციის რადიკალური ფრთის მიერ მოწყობილი ტერორისტული აქციები, რომელმაც ოსმალეთის ხელისუფლების საპასუხო რეპრესიები გამოიწვია. სიტუაციაში ჩაერია ევროპის სახელმწიფოები, მათი ზეწოლით სტამბოლი დათანხმდა რეფორმების გატარებას მაკედონიაში, ხოლო ბულგარეთს უნდა დაეშალა უმაღლესი მაკედონურ-ოდრინული კომიტეტი. მიუხედავად ამისა, მღელვარება გრძელდებოდა. რევოლუციური ორგანიზაციის გადაწყვეტილების თანახმად 1903 წლის 2 აგვისტოს ილინ-დენის დღესასწაულზე მაკედონიაში დაიწყო შეიარაღებული აჯანყება, რომელიც ისტორიაში ცნობილია ილინდენის აჯანყების სახელწოდებით. აჯანყების ცენტრი გახდა მანასტირის ვილაიეთი. აჯანყება სწრაფად გავრცელდა ვარდარის ხეობაში, ლერინის, კოსტურის, ოჰრიდისა და ედესის ოლქებში. აჯანყებულებმა აიღეს მრავალი ქალაქი, მათ შორის კრუშევო, სადაც გამოაცხადეს კრუშევოს რესპუბლიკა. აჯანყებას შეუერთდა კომიტეტის ყოფილი წევრები და ადრიანოპოლის თრაკიის მოსახლეობა.
აჯანყებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა ბულგარეთმა, თუმცა დასავლეთის სახელმწიფოების ზეგავლენის შედეგად იგი მხოლოდ დიპლომატიური ზომებით შემოიფარგლა. რევოლუციური ორგანიზაციამ ვერ მოახერხა გაეერთიანებინა აჯანყებულებთან მაკედონიაში მცხოვრები ტორბეშები, ალბანელები, თურქები, ბერძნები და სერბები. ამან განაპირობა მოძრაობის კრახი. აჯანყებულებს ოსმალებმა 250 ათასიანი არმია დაუპირისპირეს. არასრული მონაცემებით აჯანყების ჩახშობის პერიოდში გადაწვეს 200-ზე მეტი სოფელი, დაიღუპა 4 500 ქრისტიანი ადამიანი, 30 000 მაკედონელი ბულგარეთში გადაიხვეწა.
ილინდენის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ოსმალეთის იმპერიამ მაკედონიაში გაატარა მთელი რიგი რეფორმების. ბაშიბუზუკოვის ჯარი დაიშალა, ქრისტიანებს მიეცათ თანამდებობების დაკავების უფლება. 1904 წელს ხელი მოაწერეს ბულგარეთ-ოსმალეთის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მოხდა აჯანყების მონაწილეების ამნისტია, ხოლო ბულგარეთმა თავის ტერიტორიაზე შეაჩერა და კანონგარეშედ გამოაცხადა შიდა მაკედონურ-ოდრინული რევოლუციური ორგანიზაციისა და უმაღლესი მაკედონურ-ოდრინული კომიტეტის საქმიანობა.
მაკედონიის უახლესი ისტორია
რედაქტირებამაკედონია იუგოსლავიის შემადგენლობაში
რედაქტირება1912 წელს ბალკანეთის პირველი ომის დროს ქვეყნის ტერიტორია დაიკავა სერბეთმა, ხოლო ომის შემდეგომი ხელშეკრულებების მიხედვით სერბეთმა მისი ანექსია მოახდინა. ყოველგავრი ავტონომიის გარეშე დარჩენილ ტერიტორიას ეწოდა ძველი სერბია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სერბეთი შეუერთდა ახლად ჩამოყალიბებულ სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს, რომელსაც 1929 წელს ოფიციალურად ეწოდა იუგოსლავიის სამეფო და დაიყო ბანოვინებად. მაკედონიის ტერიტორია გაერთიანდა ვარდარის ბანოვინაში, რომლის ტერიტორიაზეც ჩამოყალიბდა თანამედროვე მაკედონია.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბულგარული, ბერძნული და რუმინული სკოლები მაკედონიაში დაიხურა. ბულგარელი მღვდლები და ყველა არა-სერბი მასწავლებელი ქვეყნიდან დაითხოვეს.
1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური ბლოკის ქვეყნებმა ვარდარის ბანოვინის ოკუპირება მოახდინეს და გაყვეს ბულგარეთს, გერმანელების მიერ ოკუპირებულ სერბეთსა და ალბანეთს შორის, რომელიც მაშინ იტალიელთა მიერ იყო ოკუპირებული.
1944 წლის 8 სექტემბერს ბულგარეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიქმნა მაკედონიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელმაც 13 ნოემბრამდე იარსება.
თანამედროვე მაკედონიის სახელმწიფო ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის 2 აგვისტოს „დემოკრატიული მაკედონიის“ სახელწოდებით (ოსმალეთის წინააღმდეგ 1903 წლის ილინდენის აჯანყების წლისთავზე), მაკედონიის სახალხო გათავისუფლების ანტიფაშისტური ასამბლეის პირველ პლენარულ სხდომაზე. 1945 წელს ოფიციალურად ეწოდა მაკედონიის სახალხო რესპუბლიკა. 1946 წელს მაკედონია ოფიციალურდ შევიდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1963 წელს ეწოდა მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკა.
იუგოსლავიის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ქვეყანას ჰქონდა საკუთარი კონსტიტუცია, კოლექტიური სახელმწიფოს მეთაური, მთავრობა, პარლამენტი, ოფიციალური ენა, სახელმწიფო სიმბოლოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა პრივილეგიები. გარდა ამისა, მაკედონიის სოციალისტურ რესპუბლიკას ჰყავდა მცირე რაოდენობის შეიარაღებული ძალები და ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დამოუკიდებელი მაკედონია
რედაქტირება1990 წელს მშვიდობიანად შეიცვალა მმართველობის სისტემა სოციალისტური რესპუბლიკიდან საპარლამენტო დემოკრატიით. პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა 1990 წლის 11 ნოემბერს. 1991 წლის 20 მარტს პარლამენტმა ქვეყნის პირველ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა ნიკოლა კლიუსევი, კირო გლიგოროვი გახდა მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. 1991 წლის 16 აპრილს ქვეყნის სახელწოდებიდან ოფიციალურად ამოიღეს სიტყვა „სოციალისტური“. საბოლოოდ, მაკედონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 8 სექტემბერის რეფერენდუმის შემდეგ. მაკედონიის რესპუბლიკა გახდა მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის ოფიციალური სამართალმემკვიდრე.
1992 წლის 15 იანვარს ბულგარეთმა პირველმა ცნო ქვეყნის დამოუკიდებლობა კონსტიტუციური სახელწოდებით. მალე მას მიბაძეს თურქეთმა, სლოვენიამ, რუსეთმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა.
1999 წელს, იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატოს სამხედრო ოპერაციის დროს ჩრდილოეთ მაკედონიამ თავისი ტერიტორია დაუთმო ალიანსს სახმელეთო ოპერაციების მომზადებისათვის. ასევე მიიღო კოსოვოდან ალბანელი ლტოლვილების დიდი რაოდენობა.
2000-იანები
რედაქტირება2001 წელს დაიწყო კონფლიქტი სამთავრობო ძალებსა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი არმიის ალბანელ სეპარატისტებს შორის, დამოუკიდებლობის მომხრე ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში. სეპარატისტების უმეტესობას შეადგენდნენ კოსოვოს განმათავასუფლებელი არმიის ყოფილი წევრები. საერთაშორისო საზოგადოების გავლენით 2001 წლის 13 აგვისტოს დაიდო ოჰრიდის შეთანხმება, ალბანელებმა მიიღეს უფლებები, მშვიდობიანი თანაცხოვრების სანაცვლოდ.
ამგავარად, ქვეყანამ რომელმაც მოახერხა და თავიდან აიცილა საომარი მოქმედებები იუგოსლავიის დაშლის დროს, ალბანური უმცირესობის მხრიდან დადგა სეპარატიზმის საფრთხის წინაშე. სეპარატისტები მაკედონიაში მცხოვრები ალბანელების უფლებების გააფართოებას ცდილობდნენ. სეპარატისტები ითხოვდნენ ალბანელებისათვის ავტონომიის მინიჭებას ტეტოვოს თემში, სადაც მოსახლეობის 70,3 % ალბანელია (საკუთრივ ქალაქ ტეტოვოში ალბანელია მოსახლეობის 54,6 %).
ალბანელმა სეპარატისტებმა ააღორძინეს დიდი ალბანეთის ირედენტისტული იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებდა ალბანეთის, ტეტოვოს თემის, კოსოვოს, საბერძნეთის ჩრდილოეთი ტერიტორიების და თანამედროვე ჩერნოგორიის სამხრეთი ტერიტორიების გაერთიანებას.
საბოლოოდ მოხდა კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება, 2001 წლის აგვისტოში ქალაქ ოჰრიდში დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. ამავე წლის ნოემბერში კი მიიღეს მაკედონიის კონსტიტუციის 15 შესწორება, რომელიც ოჰრიდის შეთანხმების პრინციპებზე იყო დაფუძნებული.
2004 წლის 26 თებერვალს პრეზიდენტი ბორის ტრაიკოვსკი ბოსნი და ჰერცეგოვინის ქალაქ მოსტრართან საავიაციო კატასტროფაში დაიღუპა. ოფიციალური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო ეკიპაჟის შეცდომა.
2004 წელს მაკედონიამ განაცხადა ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ. 2005 წლის 17 დეკემბრიდან წევრობის კანდიდატია.
2005 წლის ოქტომბერში პოლონეთი გახდა 112-ე სახელმწიფო, რომელმაც აღიარა მაკედონია თავის კონსტიტუციური სახელწოდებით. შეთანხმება საბერძნეთსა და მაკედონიას შორის ქვეყნის სახელწოდებაზე ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. საბერძნეთის წინადადება იყო ეწოდებინათ „მაკედონიის რესპუბლიკა-სკოპიე“, მაგრამ მაკედონიამ იგი უარყო. გაეროს მედიატორმა მეთიუ ნიმეტცმა მხარეებს შესთავაზა წინადადება, ქვეყნის ოფიციალური სახელწოდება ყოფილიყო „მაკედონიის რესპუბლიკა“, რომელსაც გამოიყენებდნენ საერთაშორისო ინსტიტუტებიც, ხოლო საბერძნეთს გამოეყენებინა ტერმინი „მაკედონიის რესპუბლიკა — სკოპიე“, თუმცა ამ წინადადებაზე საბერძნეთმა უარი განაცხადა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- იუგოსლავიის დაშლა
- იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა
- კრუშევოს მანიფესტი
- კრუშევოს რესპუბლიკა
- მაკედონიის სახალხო გათავისუფლების ანტიფაშისტური ასამბლეა
- მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკა
- ოჰრიდის შეთანხმება
- პრილეპის სამეფო
- მაკედონიის პრეზიდენტი
- მაკედონიის პრემიერ-მინისტრები
- ბალკანეთის პირველი ომი
- ბალკანეთის მეორე ომი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Holocaust in Macedonia, 1941-1945 დაარქივებული 2012-02-05 საიტზე Wayback Machine. : 7,000 Jews were deported from Bulgarian annexed Macedonia.
- New Power დაარქივებული 2008-05-07 საიტზე Wayback Machine. – Federated Yugoslavia
- Соглашение между Россией и Австро-Венгрией о реформах в Македонии. Октябрь 1903 г. დაარქივებული 2016-05-07 საიტზე Wayback Machine.
- Евдокимович А. Л. Македонский вопрос в политике Коминтерна (1920—1929 гг. // Журнал Российские и славянские исследования, Вып. 3 — 2008 г.
- კოლერის ენციკლოპედია: ჩრდილოეთი მაკედონია. ისტორია (რუსული)
- მსოფლიოს ყველა ქვეყანა: მაკედონიის ისტორია (რუსული)