თემი (ბიზანტია)

(გადამისამართდა გვერდიდან ფემა)

თემი (ბერძ. θέμα) — სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქი აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერიაში. თემები შეიქმნა VII ს. შუა ხანებში. ამით იქნა ჩანაცვლებული დიოცეზების პროვინციული სისტემა, რომელიც დიოკლეტიანესა და კონსტანტინე I-ის მიერ იქნა ჩამოყალიბებული.

ბიზანტიის იმპერიის თემები 1025 წლისთვის.

პირველი თემები შეიქმნა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში არმიის შენაერთების ბანაკთა საფუძველზე და მათი დასახელებაც შეესაბამებოდა ძველი სამხედრო ნაწილების დასახელებას. თემების სისტემამ აპოგეას მიაღწია IX–X სს., როდესაც ახალი ტერიტორიული ერთეულების შექმნა გახდა საჭირო ახალდაპყრობილი მიწებისა და ძველი ოლქების გაყოფის დროს. თემების ორიგინალურმა სისტემამ არსებითი ცვლილება განიცადა XI და XII საუკუნეებში, მაგრამ ძველი ტერმინი გამოიყენებოდა თვით იმპერიის აღსასრულამდე.

წინარე ისტორია

რედაქტირება
 
თემები 650 წლისათვის

VI საუკუნის ბოლოს და VII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიის იმპერია იყო ყველა მხრიდან გამუდმებული თავდასხმების ქვეშ. სასანიდების იმპერიამ იერიში მიიტანა სირიაზე, ეგვიპტესა და ანატოლიაზე, სლავთა და ავართა ალიანსმა გაანადგურა საბერძნეთი, შეაღწია და დასახლდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ლანგობარდებმა დაიპყრეს ჩრდ. იტალია. იმპერატორმა მავრიკიოსმა იუსტინიანე I-ის მიერ დაპყრობილი მიწების შენარჩუნება სცადა სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლების გაერთიანებით. მან გააერთიანა ორი ხელისუფლება ეგზარქის სახით, შექმნა რა რავენის და კართაგენის ეგზარქატები, რომელშიც არმიის მეთაურებს მისცა სრული სამოქალაქო მმართველობის განხორციელების უფლება.

ჯერ კიდევ იუსტინიანე I-ის მმართველობის დროს განხორციელებული ადმინისტრაციული რეფორმით, მცირე აზიაში ცალკეული ოლქების გუბერნატორებს ჰქონდათ გადაცემული სამხედრო ხელისუფლება ბანდიტთა თავდასხმების მოსაგერიებლად. იმპერიის დიდ ნაწილში კი მართვის ძველი სისტემა ფუნქციონირებდა. მხოლოდ VII ს. 40-ან წლებში, როდესაც დაიწყო არაბეთის სახალიფოს შეტევა ბიზანტიაზე, რის გამოც ბიზანტიამ დაკარგა თავისი ტერიტორიების ნაწილი, კერძოდ, სირია და ეგვიპტე — მცირე აზიის საიმპერატორო პროვინციები გაიყო ოთხ დიდ თემად, რომელთაგან თითოეული დაემორჩილა სტრატეგოსის ხელისუფლებას.

წარმოშობა

რედაქტირება

ტერმინი „თემი“ უცნობი წარმოშობისაა. ვარაუდობენ, რომ ის უნდა იყოს ხაზარული სიტყვა „ტუმენის“ („ტ'მენ“) სახეცვლილი ფორმა, რომელიც „10 000 ადამიანს“ აღნიშნავს, მაგრამ იმპერატორ კონსტანტინე VII-ს სწავლულთა თანახმად, ის წარმოშობილია ბერძნული სიტყვიდან thesis („დასახლება“). უცნობია, აგრეთვე, ტერმინის წარმოშობის დროც. XX საუკუნის მეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ ტერმინი დამკვიდრდა ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლე I კეისრის (610–641 წწ.) მიერ უკანასკნელი ირან-ბიზანტიური ომების დროს. არსებობს კიდევ სხვა მრავალი მოსაზრება ტერმინის წარმოშობის შესახებ. არავინ დაობს იმას, რომ თავდაპირველად ტერმინი „თემი“ უშუალოდ არმიასთან იყო დაკავშირებული და მხოლოდ VII ს. ბოლოსა და VIII ს. დასაწყისში დაუკავშირდა იგი ტერიტორიულ ოლქს, რომელზეც იმყოფებოდა სამხედრო ნაწილის ბანაკი.

პირველი თემების შექმნა VII–VIII ს.ს.

რედაქტირება

თემების ფორმირებამ რამდენიმე ეტაპი გაიარა. პირველ ეტაპზე მობილური რომაული არმია დაამაგრეს გარკვეულ ტერიტორიებზე, რამაც გამოიწვია სამხედრო-ადმინისტრაციულ ორგანიზაციაში გადასვლა. თითოეული შექმნილი თემი მოიცავდა ადრე არსებულ ოლქებს და უმნიშვნელო გამონაკლისით ინარჩუნებდა ძველ პროვინციულ საზღვრებს.

თავდაპირველად შეიქმნა 4 თემი:

  • ანატოლიკი — 669 წ. რეორგანიზაცია განიცადა აღმოსავლეთის არმიამ ანატოლიკში (ბერძ. . Θέμα Άνατολικῶν),მისი მეთაური (ლათ. magister militum per Orientem) გახდა სტრატეგოსი (ბერძ. Στρατηγὸς) ახალი თემი რაოდენობრივად შეადგენდა 15 000 ჯარისკაცს. მის შემადგენლობაში შევიდა ცენტრალური მცირე აზიის სამხრეთ რაიონები. დედაქალაქი გახდა ამორიუმი.
  • თრაკისია — 740 წ. შეიქმნა თრაკისია (ბერძ. Θέμα Θρακησίων), მისი მეთაური (ლათ. magister militum per Thraciem) მართავდა 6000 ჯარისკაცს. მისი წარმომშობი გახდა თრაკიის დიოცეზის არმია. თემმა შეიერთა მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიები (იონია, ლიდია, კარია). მისი დედაქალაქი გახდა ქალაქი ხონი (კონა).

სკვითიის პროვინციის დამცველი (ლათ. Quaestura exercitus), განსაკუთრებული ქვედანაყოფი გადაყვანილ იქნა ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და საბერძნეთის სანაპიროზე, სადაც წარმოიქმნა ახალი თემი კარაბისიანი (ბერძ. Θέμα ναυτικόν Καραβησιάνων). ეს თემი დაკავებული იყო საუკეთესო ბიზანტიური ფლოტის მომარაგებით, რომელიც არაბებს ხმელთაშუა ზღვაზე კონტროლს ეცილებოდა. 732 წ. მცირეოდენი წარმატების გამო ის მიუერთეს კივირეოტის (ბერძ. Θέμα ναυτικόν Κιβυρραιωτῶν) თემს, რომლის ბაზა მდებარეობდა ეგეოსის კუნძულებსა და მცირე აზიის სანაპიროზე.

680 წ. ბულგარული საფრთხის საპასუხოდ, ოპსიკიის თემის აღმოსავლეთ ნაწილს (ბერძ. Θέμα Ὀψικίου) გამოეყო ახალი თემი თრაკია (ბერძ. Θέμα Θράκης). სიცილიის დამცველი ქვედანაყოფები გარდაიქმნა სიკელიის თემად (ბერძ. Θέμα Σικελίας). იმავე დროს კრეტა და ხერსონის მიწები ყირიმში ფუნქციონირებდნენ არქონტიარის ხარისხში.

ამრიგად VII ს. ბოლოს თემი გახდა ბიზანტიური ადმინისტრაციული პოლიტიკის მნიშვნელოვანი თავისებურება. მათი სიდიდე და ძალა აჯანყების საშუალებას აძლევდა მხედართმთავრებს, რაც კარგად გამოჩნდა 695–715 წწ. სომხური წარმოშობის ბიზანტიელი იმპერატორის არტავაზდის მეფობის დროს, რომელმაც უარი თქვა ხატმებრძოლეობაზე.

თემების განვითარების ზენიტი IX–X ს.ს.

რედაქტირება
 
ბიზანტიის იმპერია 950 წელს

იმპერიის შემდგომი ადმინისტრაციული პოლიტიკა გამოიხატა თანდათანობით თემების სისტემის განადგურებასა და ოლქების სისტემის შექმნაში. იმავე დროს, ბიზანტია მივიდა მცირე სასაზღვრო რაიონების – კლისურის შექმნამდე (ბერძ. κλεισούρα), რომლებსაც კლისურარქები ჩაუყენეს სათავეში. მათი შექმნის აუცილებლობა დღის წესრიგში დააყენა არაბთა თარეშმა სასაზღვრო რაიონებში და მცირე აზიის დაცვის აუცილებლობამ VIII–IX საუკუნის დასაწყისში. მათი მმართველი კლისურარქები უფრო მაღალი უფლებებით სარგებლობდნენ ვიდრე სტრატეგოსები.

ცვლილებები და თემების დაშლა XI–XII საუკუნეებში

რედაქტირება

ტერმინი თემი არაერთგვაროვანია, გულისხმობს სამხედრო მიწათმფლობელობის და ადმინისტრაციული ოლქის ფორმას. თემი წარმოადგენდა მიწის ნაკვეთებს, რომელიც განკუთვნილი იყო ჯარისკაცებისთვის სოფლის მეურნეობის საწარმოებლად. ისინი იმყოფებოდა სტრატეგოსის განკარგულებაში და იყო სახელმწიფოსაგან არენდით აღებული. ჯარისკაცებისათვის საარენდო გადასახადი იყო მცირე იმ პირობით, რომ მათი შთამომავლები უნდა დარჩენილიყვნენ ჯარში და თემში სამსახურისთვის. სტრატეგოსი ფლობდა არა მხოლოდ სამხედრო ხელისუფლებას, არამედ სამოქალაქო ხელისუფლებასაც საკუთარ ოლქში.

მოგვიანებით საოლქო ან სათემო ხელისუფლებამ ვერ შეძლო სწორი ფუნქციონირება, განსაკუთრებით, პალეოლოგების მმართველობისას. ძველებური საიმპერიო მართვისათვის იმპერიას არ ჰყოფნიდა ტერიტორიები. სტრატეგოსის სახელი XI ს–დან შეიცვალა სახელ „დუკსით“. ეს იყო ტიტული, რომელსაც ატარებდა ზოგიერთი მცირე პროვინციის მმართველი. XIV ს. ბოლომდე ბიზანტიის კონტროლის ქვეშ მყოფი პროვინციები გარდაიქმნა თავისებურ დესპოტიად, რომლის ხელმძღვანელები თანდათან დამოუკიდებელი ხდებოდნენ ცენტრალური ხელისუფლებისაგან.

ლიტერატურა

რედაქტირება