The Beatles

(გადამისამართდა გვერდიდან ბითლზი)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „The Beatles“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. The Beatles ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

The Beatles1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. [1] ოთხეულში 1962 წლიდან შედიოდნენ: ჯონ ლენონი (რიტმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკ-კარტნი (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონი (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარი (დასარტყმელი საკრავები, ვოკალი). დაიწყო რა სკიფლით, ბიტით და 1950-იანი წლების როკ-ენ-როლით, ჯგუფმა საკუთარი მუსიკა მოგვიანებით აქცია ექსპერიმენტებად პოპულარული ჟანრის ბალადებთან ფსიქოდელიურ და მძიმე როკამდე, რასაც ნოვატორული სახით ერწყმოდა ხოლმე კლასიკური მუსიკა. The Beatles სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა.

The Beatles

The Beatles 1964 წელს
ზემოთ: ლენონი, მაკ-კარტნი
ქვემოთ: ჰარისონი, სტარი
ბიოგრაფია
წარმოშობა ლივერპული, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკ-ენ-როლი, პოპი
აქტიური 1960-1970
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი
The Beatles ვიკისაწყობში

1960-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ლივერპულისა და ჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სეტკლიფმა დატოვა კოლექტივი. შემდეგ წელს ბესტი რინგო სტარმა შეცვალა. კოლექტივის მენეჯერი გახდა ბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, ხოლო ალბომების პროდიუსერი — ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით „Love Me Do“. შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებს მართავდნენ. 1966 წლის შემდეგ მათ, 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის საკონცერტო გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. მისმა ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო. ჯონ ლენონი მოკლული იქნა ნიუ-იორკში, 1980 წელს. ჰარისონი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 2001 წელს. ამჟამად მაკ-კარტნი და სტარი კვლავ აქტიური მუსიკოსები არიან და ზრუნავენ როგორც საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე, ასევე The Beatles-თან დაკავშირებულ პროექტებზე.

სტუდიური წლების პერიოდში The Beatles-მა ჩაწერა ალბომი Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1967), რომელსაც კრიტიკოსები თვლიან მათ საუკეთესო მასალად. ოთხეული კვლავ რჩება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ჯგუფად, ხოლო მათი ჩანაწერები ჯგუფის დაშლიდან 40 წლის შემდეგ კვლავ მოთხოვნადია. ბრიტანულ ჩარტში სხვადასხვა დროს ერთდროულად მოხვედრილა მათი რამდენიმე ალბომი, რომელიც ამა თუ იმ პოზიციას უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იკავებდა, ვიდრე სხვა მუსიკოსების ნამუშევრები. RIAA-ს თანახმად, ჯგუფს აშშ-ში გაყიდული აქვს უფრო მეტი ალბომი, ვიდრე რომელიმე სხვა მუსიკოსს. 2008 წელს ჟურნალმა ბილბორდი აშშ-ში სინგლების ჩარტების აღრიცხვიდან 50-ე წელიწადის აღსანიშნავად გამოაქვეყნა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსების სია, რომელშიც The Beatles პირველ პოზიციას იკავებდა. კოლექტივს მიენიჭა გრემის 7 და აივორ ნოველოს 15 ჯილდო. ჟურნალმა Time ისინი დაასახელა XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი პიროვნების სიაში.

ისტორია

1957–62: შექმნა, ჰამბურგი და პოპულარობა ბრიტანეთში

1957 წლის მარტში, ლივერპულში, ქუორი ბენკის სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი.[2] ისინი თავის თავს პირობითად The Blackjacks-ს უწოდებდნენ, შემდეგ კი, აღმოაჩინეს რა, რომ ამ სახელწოდებას კიდევ ერთი ჯგუფი იყენებდა, The Quarrymen დაირქვეს. [3] 15 წლის პოლ მაკ-კარტნი მათ რიტმული გიტარისტის სახით შეუერთდა, როდესაც იმ წლის ივლისში ლენონი გაიცნო. [4] 1958 წლის თებერვალში მაკ-კარტნიმ ჯგუფის შესრულების სანახავად მიიწვია მეგობარი ჯორჯ ჰარისონი. 14 წლის ბიჭუნამ დაუკრა ლენონის წინაშე და მასზე შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ ლენონმა თავდაპირველად ჩათვალა, რომ ჰარისონი ჯგუფისთვის ზედმეტად ახალგაზრდა იყო. ჰარისონი ერთი თვის განმავლობაში შეუპოვარი იყო, ამიტომ საბოლოოდ წამყვან გიტარისტად აიყვანეს.[5][6] 1959 წლის იანვრისთვის ლენონის მეგობრემა ქუორი ბენკის სკოლიდან ჯგუფი დატოვეს, თავად ჯონმა კი სწავლა ლივერპულის ხელოვნების კოლეჯში განაგრძო.[7] სამი გიტარისტი, სულ მცირე, სამჯერ, Johnny and the Moondogs-ის სახელით [8] გამოვიდა. ისინი უკრავდნენ როკ-ენ-როლს ყველგან, სადაც დრამერს პოულობდნენ. [9] ლენონის მეგობარი ხელოვნების კოლეჯიდან, სტიუარტ სეტკლიფი, რომელმაც მანამდე გაყიდა ერთ-ერთი ნახატი და შეიძინა ბას-გიტარა, ჯგუფს 1960 წლის იანვარში შეუერთდა. მისი შემოთავაზება იყო ჯგუფის სახელწოდების Beatals-ით ჩანაცვლება, როგორც პატივისცემა ბადი ჰოლისა და The Crickets-ისადმი. [10] ამ სახელით ისინი მაისამდე გამოდიოდნენ, შემდეგ კი Silver Beetles დაირქვეს. ამას მოჰყვა მცირე ტურნე შოტლანდიაში ლივერპულელ პოპ-მომღერალ ჯონი ჯენტლთან ერთად. ივლისის პირველი რიცხვებისთვის მათ Silver Beatles ერქვათ, მაგრამ შუა აგვისტოში - უკვე Beatles.[11]

ალან უილიამსმა, ჯგუფის არაოფიციალურმა მენეჯერმა, ჰამბურგში კოლექტივისთვის კონცერტების ორგანიზება მოახერხა, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ ჰყავდათ მუდმივი დრამერი. ამიტომ, 1960 წლის აგვისტოში ჯგუფს, მოსმენის შემდეგ შეუერთდა პიტ ბესტი. ამრიგად, ხუთი მუსიკოსისგან შემდგარმა კოლექტივმა აგვისტოს შუა რიცხვებში დატოვა ინგლისი და სამ ნახევარი თვის განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა.[12] The Beatles-ის ისტორიკოსი მარკ ლუისონი წერს: „ჰამბურგში ჩავიდნენ 17 აგვისტოს, შებინდებისას, როდესაც ცოცხლდება წითელი ფარნების რაიონი ...მოციმციმე ნეონი სთავაზობდა გართობის ნაირფეროვან საშუალებას, ხოლო შეზღუდულად გამოწყობილი ქალები უშიშრად ისხდნენ ვიტრინებში და ელოდებოდნენ თავის საქმიან შანსებს.“ [13]

ბრუნო კოშმიდერმა, კლუბების მფლობელმა, რომელიც ჰამბურგში ჯგუფს პატრონობდა, რამდენიმე სტრიპტიზ-კლუბი, არსებული წითელი ფარნების რაიონში, მუსიკალურ დარბაზებად აქციია და The Beatles-ის გამოსვლა თავიდანვე დაიგეგმა კლუბში Indra. Indra-ს ხმაურის გამო საჩივრების შედეგად დახურვას მოჰყვა ოქტომბერში ჯგუფის Kaiserkeller-ში გადაყვანა. [14] მოგვიანებით The Beatles-მა მასთან გაფორმებული კონტრაქტი დაარღვია, გამოვიდა რა კონკურენტ კლუბში Top Ten Club, რის გამოც კოშმიდერმა კონტრაქტის გაუქმებაზე ერთი თვით ადრე შეატყობინა, [15] ხოლო გერმანელ სამართალდამცველებს შეატყობინა ჰარისონის არასრულწლოვნების შესახებ, რაც მას არ აძლევდა მუშაობის უფლებას.[16] ნოემბრის ბოლოს ჯორჯი დეპორტირებული იქნა. [17] ერთი კვირის შემდეგ კოშმიდერმა დააპატიმრებინა მაკ-კარტნი და ბესტი, რომლებმაც საკუთარ ოთახში კედელზე ჩამოკიდებულ ხალიჩას ცეცხლი წაუკიდეს. დეპორტირება მათაც შეეხო.[18] ლენონი ლივერპულში დეკემბრის დასაწყისში დაბრუნდა, ხოლო სეტკლიფი ჰარბურგში თებერვლის ბოლომდე, გერმანელ საცოლე ასტრიდ კირხერთან დარჩა,[19] რომელმაც The Beatles-ის პირველი, ნახევრად პროფესიონალური ფოტოსურათები გადაიღო. [20]

შემდეგი ორი წლის განმავლობაში The Beatles დრო და დრო ჰამბურგში ბრუნდებოდა. ისინი ძალ-ღონის მოსაკრებად და მთელი ღამის განმავლობაში ენერგიულად მუშაობისთვის იყენებდნენ ფენმეტრაზინს.[21] 1961 წელს, ჰამბურგში მეორედ ვიზიტისას, კირხერმა სეტკლიფს თმა შეჭრა „ეგზი“ (ეგზისტენციალიზმის) სტილში, რაც მოგვიანებით აგრეთვე The Beatles-ის სხვა წევრების მიერ იქნა გამოყენებული. [22][23] როდესაც სეტკლიფმა გადაწყვიტა ჯგუფის იმ წლის დასაწყისში დატოვება და გერმანიაში მხატვრობის სწავლის გაგრძელება, ბასზე მაკ-კარტნიმ გადაინაცვლა.[24] 1962 წლის ივნისის ჩათვლით ოთხეულად ქცეულ The Beatles-თან კონტრაქტი გააფორმა პროდიუსერმა ბერტ კემპფერტმა. ისინი მონაწილეობდნენ ტონი შერიდანის მხარდამჭერი ჯგუფის სახით, რამდენიმე ჩანაწერზე.[25][nb 1]

ჰამბურგში მეორედ ჩასვლის შემდეგ ლივერპულში The Beatles-ის პოპულარობამ მერსიბიტის მოძრაობის ზრდასთან ერთად იმატა. თუმცა, მათ მობეზრდათ ერთსა და იმავე კლუბში ყოველ საღამოს გამოსვლის მონოტონურობა.[27] 1961 წლის ნოემბერში, როდესაც The Beatles გამოდიოდა ადგილობრივ კლუბში Cavern, ისინი მოისმინა და გაიცნო ბრაიან ეპსტაინმა, ადგილობრივი მუსიკალური მაღაზიის მფლობელმა და მუსიკალურმა მიმომხილველმა.[28] მოგვიანებით იგი იხსენებდა: „უმალვე მომეწონა, რაც მოვისმინე. ისინი იყვნენ ახლები და პატიოსნები, და ჰქონდა ის, რაც წარმოადგენდა ...ვარსკვლავურობას.“[29] ეპსტაინი მათ შემდეგი ორი თვის განმავლობაში აკვირდებოდა, 1962 წლის იანვარში კი The Beatles-ის მენეჯერი გახდა.[30] თებერვალში მოსმენის შემდეგ, Decca Records-მა უარი თქვა მათთან კონტრაქტზე, კომენტარით „გიტარებიან ჯგუფებს მომავალი არ აქვთ, მისტერ ეპსტაინ“[31][nb 2] გერმანიაში აპრილში დაბრუნებისას კირხერმა ჯგუფს აეროპორტში ტრაგიკული ამბავი აცნობა - წინა დღეს ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად დაიღუპა სეტკლიფი.[33] შემდეგ თვეში პროდიუსერ ჯორჯ მარტინის თანაშემწეობით The Beatles მოხვდა EMI-ს კუთვნილ ლეიბლ Parlophone-ზე.[33]

 
ები-როუდის სტუდიების ცენტრალური შესასვლელი

მარტინის პირველი ხმისჩამწერი სესია ჯგუფთან გაიმართა EMI-ს კუთვნილ სტუდიებში, 1962 წლის 6 ივნისს. [34] მარტინს თავიდანვე არ მოეწონა ბესტის დრამზე დაკვრის სტილი, რაზეც ეპსტაინს უამბო. მისი შემოთავაზებით, პიტის მაგივრად უნდა მოსულიყო სესიური დრამერი.[35] ჯგუფი უკვე აპირებდა ბესტის გაშვებას,[36] ამიტომ აგვისტოს შუა რიცხვებში იგი რინგო სტარმა შეცვალა, რომელმაც ამისთვის Rory Storm and the Hurricanes დატოვა.[34] 4 სექტემბრის ხმისჩამწერი სესიის შედეგად ჯგუფს ჰქონდა „Love Me Do“ დასარტყმელი საკრავებზე სტარის მონაწილეობით, მაგრამ მარტინს კვლავ არ მოსწონდა ჟღერადობა, ამიტომ მესამე სესიისთვის, ერთი კვირის შემდეგ რინგოს მაგივრად სტუდიაში აღმოჩნდა ენდი უაიტი. ამ სესიისას ჩაიწერა „Love Me Do“, „Please Please Me“ და „P.S. I Love You“.[34] საბოლოოდ, მარტინმა „Love Me Do“, ჩაწერილი რინგოსთან ერთად, აირჩია ჯგუფის პირველ სინგლად, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ გამოცემებზე გამოიყენებოდა უაიტის ვერსია, რომელშიც სტარი დაირაზე უკრავდა.[34] ოქტომბრის დასაწყისში გამოცემული „Love Me Do“ Record Retailer-ის ჩარტში ავიდა მე-17 პოზიციამდე. [37] თვის ბოლოს გაიმართა ჯგუფის სატელევიზიო დებიუტი რეგიონალურ საინფორმაციო გადაცემა People and Places-ში.[38] იმავე წლის ნოემბრის ბოლოს გაიმართა სტუდიური სესია, რომელზეც ჩაიწერა „Please Please Me“-ს კიდევ ერთი ვერსია,[39] რომელზეც მარტინმა ფრთხილად განაცხადა „თქვენ ახლა პირველი #1 ჰიტი შექმენით“.[40]

1962 წლის დეკემბერში დასრულდა ჯგუფის მეხუთე და უკანასკნელი სამუშაო ვიზიტი ჰამბურგში.[41] 1963 წლისთვის შეთანხმდნენ, რომ ჯგუფის ოთხივე წევრი ალბომებისთვის ვოკალებს ჩაწერდა, მათ შორის სტარი, მიუხედავად შეზღუდული ვოკალური დიაპაზონისა, რათა The Beatles-ში დარჩენა განემტკიცებინა.[42] ლენონსა და მაკ-კარტნის შორის ჩამოყალიბდა სიმღერების ავტორობის ძლიერი პარტნიორობა და ჯგუფის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მათმა დომინირებადმა თანამშრომლობამ შეზღუდეს ჰარისონის, როგორც წამყვანი ვოკალისტის პერსპექტივები.[43] ეპსტაინმა, The Beatles-ის კომერციული პოტენციალის გასაფართოებლად, ოთხეული დაარწმუნა შესრულებისადმი პროფესიონალურ მიდგომაში.[44] ლენონი იხსენებდა, თუ როგორ ამბობდა ბრაიანი: „თუ ნამდვილად გსურთ ამ დიდ ადგილებში მოხვედრა, უნდა შეიცვალოთ - სცენაზე აღარ ჭამოთ, არ ილანძღოთ, შეწყვიტოთ მოწევა...“[31] ლენონი ამბობდა: „ვიცვამდით, როგორც მოგვწონდა, სცენაზე და მის მიღმა. გვითხრა, რომ ჯინსები არ იყო მაგარი, ამიტომ შეიძლებოდა შესაბამისი შარვლების ტარება, მაგრამ მას არ სურდა, რომ ძველებურები ვყოფილიყავით. ინდივიდუალურობის საკუთარი შეგრძნების უფლება მოგვცა.“[31]

1963–66: ბიტლომანია და შემდგომი წლები

Please Please Me და With the Beatles

 
ჯგუფის ლოგო, რომელიც ეფუძნება ინსტრუმენტების დისტრიბუტორ და დიზაინერ აივონ არბიტერის ჩანახატს.[45]

1963 წლის 11 თებერვალს ერთი სესიის განმავლობაში ჯგუფმა ჩაწერა პირველი ალბომის, Please Please Me ათი სიმღერა. ალბომს დაემატა ოთხი სიმღერა უკვე გამოცემული პირველ ორ სინგლზე.[46][nb 3] „Love Me Do“-ს შედარებით გულგრილი მიღების შემდეგ, „Please Please Me“ უფრო დადებითად აღიქვეს. 1963 წლის იანვარში, ალბომამდე ორი თვით ადრე გამოცემულმა ამ სინგლმა ლონდონის ყველა ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა - გარდა Record Retailer-ისა, რომელშიც იგი მეორე ადგილს დასჯერდა.[47] საუბრისას იმაზე, თუ „როგორ ეჩქარებოდა The Beatles-ს სადებიუტო ალბომის შექმნა, ჩაწერა რა Please Please Me ერთ დღეში“, AllMusic-ის სტივენ თომას ერლეუაინი ამატებს: „გამოცემიდან ათწლეულების თავზე, ალბომი კვლავ ასეთივე ხასხასა ჟღერადობისაა, კერძოდ, თავისი მძლავრი წარმომავლობის გამო.“[48] ლენონი ამბობდა, რომ სიმღერების კომპოზიციურად აგებაზე ცოტას ზრუნავდნენ; იგი და მაკ-კარტნი „უბრალოდ წერდნენ სიმღერებს Everly Brothers-ის, ბადი ჰოლის სტილში, პოპულარულ სიმღერებს, ნაკლები ჩანაფიქრით - ჟღერადობის შესაქმნელად. ხოლო ტექსტი მუსიკას თითქმის არ შეესაბამებოდა.“[49]

1963 წლის მარტში გამოცემული ალბომით დამყარდა ბრიტანეთის ჩარტებში 1970 წლის ჩათვლით გამოსული ალბომების პირველ ადგილზე მოხვედრის ტრადიცია. [50] ჯგუფის მესამე სინგლი, „From Me to You“, გამოვიდა აპრილში და ასევე მოექცა ჩარტების სათავეში, რასაც მოჰყვა ჯგუფის ზედიზედ 17 სინგლის თითქმის უწყვეტად მოხვედრა ჩარტების პირველ პოზიციებზე.[51] აგვისტოში გამოვიდა მეოთხე სინგლი, „She Loves You“, რომელიც იმ დროისთვის ბრიტანეთში ყველაზე სწრაფად გაყიდვად სინგლად იქცა, გაიყიდა რა დაახლოებით ოთხი კვირის განმავლობაში 750 000 ასლის სახით.[52] იგი იქცა ჯგუფის პირველ სინგლად, რომელიც მილიონი ასლის სახით იქნა გაყიდული და დღემდე ინარჩუნებს 1978 წლამდე ჯგუფის მიერ დამყარებულ რეკორდს - 1978 წელს მაკ-კარტნის Wings-ის „Mull of Kintyre“-მა მას გაყიდვებით გაუსწრო.[53] კომერციულმა წარმატებამ თან მოიტანა მედიის მხრიდან მეტი ყურადღება, რაზეც The Beatles-მა უპატივცემლობითა და იუმორით უპასუხა, რაც იმ დროს პოპულარული მუსიკოსებისგან მოულოდნელი ნაბიჯი იყო. ამან მათ მიმართ ინტერესი გაზარდა.[54][nb 4] პოპულარობის ზრდას მოჰყვა ფენომენი, რომელსაც „ბიტლომანია“ ეწოდა.[56][nb 5]

 
მაკ-კარტნი, ჰარისონი, შვედი პოპ-მომღერალი ლილ-ბაბსი და ლენონი შვედური ტელეგადაცემა Drop-In-ის ეთერში, 30 ოქტომბერი 1963[59]

ოქტომბრის ბოლოს შვედეთში დაიწყო ჯგუფის ხუთდღიანი, პირველი უცხოური ტურნე ჰამბურგის 1962 წლის დეკემბრის უკანასკნელი გამოსვლის შემდეგ[60] ბრიტანეთში დაბრუნებისას, 31 ოქტომბერს, ლუისონის თანახმად, ჯგუფს ლონდონის ჰითროუს აეროპორტში დახვდა „რამდენიმე ასეული მყვირალა მსმენელი“. 50-დან 100 ჟურნალისტამდე და ფოტოგრაფამდე, ისევე, როგორც BBC-ის ტელევიზიის წარმომადგენლები, ასევე შეუერთდნენ მიღებას აეროპორტის ფოიეში, ერთ-ერთს ასზე მეტი მსგავსი ღონისძიებიდან.[61] მეორე დღეს ჯგუფმა დაიწყო ბრიტანეთის რიგით მეოთხე ტურნე უკანასკნელი ცხრა თვის განმავლობაში, ამჯერად - ექვსი კვირით.[62] ნოემბრის შუა რიცხვებში, ბიტლომანიის გაძლიერებასთან ერთად, პოლიცია პლიმუთში კონცერტის წინ იძულებული გახდა, დიდი ბრბო დაეშალა წყლის მძლავრი ნაკადებით.[63]

Please Please Me Record Retailer-ის ჩარტებში უმაღლეს პოზიციას 30 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა. მას ჩაენაცვლა მხოლოდ ჯგუფის შემდეგი ალბომი, With the Beatles, რომლის გამოცემა EMI-მ გადადო, სანამ არ იკლო Please Please Me-ს გაყიდვამ.[64][nb 6] ივლისიდან ოქტომბრამდე ჩაწერილი With the Beatles აღინიშნა სტუდიური წარმოების ტექნოლოგიების უკეთესი გამოყენებით, ვიდრე მისი წინამორბედი.[66] იგი იკავებდა უმაღლეს პოზიციას ჩარტში 21 კვირის განმავლობაში, ხოლო მთლიანობაში ჩარტში 40 კვირა იმყოფებოდა.[67] ერლეუაინმა ალბომი აღწერა, როგორც „უმაღლესი რანგის გაგრძელება - თავდაპირველზე უკეთესი.“[68][nb 7] ალბომმა დაიმსახურა The Times-ის მუსიკალურ კრიტიკოს უილიამ მენის ყურადღება, რომელმაც გამოხატა ვარაუდი, რომ ლენონი და მაკ-კარტნი იყვნენ „1963 წლის გამორჩეული კომპოზიტორები“.[66] გაზეთმა გამოაქვეყნა სტატიების მთელი სერია, სადაც მენი დეტალურად მიმოიხილავდა მუსიკას, რამაც გამოცემისადმი პატივისცემა გაზარდა.[70] With the Beatles გახდა ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში რიგით მეორე ალბომი, გაყიდული მილიონი ასლის ოდენობით - წინა რეკორდი ეკუთვნოდა „წყნარი ოკეანის სამხრეთის“ საუნდტრეკს.[71] ალბომის ანოტაციების შემუშავებისას, ჯგუფის პრეს-მდივანმა, ტონი ბეროუმ პირველად გამოიყენა ტერმინი „არაჩვეულებრივი ოთხეული“ (ინგლ. fabulous foursome), მედიაში კი იგი შემდგომში ხშირად ჟღერდა, როგორც „Fab Four“.[72]

„ბრიტანული შემოჭრა“

EMI-ს ამერიკული წარმომადგენლობა, Capitol Records, ბრიტანული წარმატების პერიოდში წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა მათი ალბომების აშშ-ში გამოცემისგან. ეს პოლიტიკა ვრცელდებოდა პირველ სამ სინგლზეც. აშშ-ის ლეიბლებთან Vee-Jay და Swan მოლაპარაკებებს მოჰყვა სიმღერების 1963 წელს გამოქვეყნება[73], მაგრამ ჰონორარების და საგამომცემლო უფლებების პრობლემების გამო ჯგუფის წარმატებული მარტეკინგი აშშ-ში შეფერხდა. [74][nb 8] ამერიკულ ჩარტებში წარმატება დაიწყო, როდესაც ეპსტაინმა მოახერხა 40 000 დოლარიანი მარკეტინგული კონტრაქტის გაფორმება, რაშიც შედიოდა 1963 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში რადიოწამყვან კეროლ ჯეიმზის მიერ ეთერში The Beatles-ის სიმღერების გაშვება. იმავე თვის ბოლოს The Beatles ვირჯინიის ტაიდუოტერის ტერიტორიაზე WGH-AM-ის რადიოწამყვანმა ჯინ ლავინგმა საკუთარ მსმენელებს გააცნო. ამას ახლდა სრული მარკეტინგული კამპანია, The Beatles-ის მაისურების დარიგებით, რამდენიმე დღეში ყოველი მეორე სიმღერა, გასული აშშ-ის რადიოეთერში, The Beatles-ს ეკუთვნოდა. მხოლოდ 1964 წლის იანვრის პირველ კვირაში მათი ჩანაწერები მოხვდა ნიუ-იორკის ეთერში (ასევე მნიშვნელოვანი მარკეტინგული კამპანიით და ხშირი ეთერით), შემდეგ კი - მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, რითაც დაიწყო The Beatles-ის მუსიკის გავრცელება მთელ აშშ რადიო ქსელში. მოთხოვნილებამ მათ მუსიკაზე იმატა და თვის ბოლოს Capitol-მა სასწრაფოდ გამოუშვა „I Want to Hold Your Hand“.[76] იგი გამოვიდა 1963 წლის 26 დეკემბერს, აშშ-ში ჯგუფის ჩასვლამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, და გაიყიდა მილიონი ასლი სახით, რამაც იგი ჯგუფის რიგით პირველ აშშ #1 ჰიტ-სინგლად აქცია.[77]

 
The Beatles ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, 7 თებერვალი, 1964

1964 წლის 7 თებერვალს The Beatles-მა დატოვა ბრიტანეთი. ჰითროუს აეროპორტიდან მათ დაახლოებით 4000 მოყვარული აცილებდა, აყოლებდა რა თვიმფრინავის აფრენას ხელების ქნევასა და კივილს.[78] ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაშვების შემდეგ მათ დაახლოებით 3000 ხმაურიანი ადამიანისგან შემდგარი ბრბო დახვდა.[79] აშშ-ში ჯგუფის პირველ სატელევიზიო გამოსვლას ადგილი ჰქონდა ორი დღის შემდეგ, ედ სალივანის შოუში. 23 მილიონზე მეტ ოჯახში მას დაახლოებით 73 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს,[80] რაც ამერიკის მოსახლეობის 34 პროცენტს შეადგენდა. ბიოგრაფი ჯონათან გულდი წერს, რომ ნილსენის რეიტინგების სამსახურის თანახმად, ეს იყო „ყველაზე დიდი რაოდენობის მაყურებელი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ამერიკის ტელევიზიის ეთერის დროს.“[81] The Beatles-ის გამოსვლას მეორე დილით მოჰყვა უარყოფითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან,[82] მაგრამ ერთი დღის შემდეგ ვაშინგტონის კოლიზეუმის დარბაზში გაიმართა მათი პირველი კონცერტი აშშ-ში.[83] ნიუ-იორკში მეორე დღეს ჯგუფმა კარნეგი-ჰოლში ორი კონცერტი გამართა, რასაც ასევე მოჰყვა მყარი გამოხმაურებები.[80] შემდეგ ჯგუფი გაფრინდა ფლორიდაში და ედ სალივანის შოუში მეორედ გამოვიდა. ამჯერად შოუს 70 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვა. 22 თებერვალს The Beatles ბრიტანეთში დაბრუნდა.[84]

A Hard Day's Night

Capitol Records-ის მხრიდან 1963 წელს პასიურობას უყურადღებოდ არ ჩაუვლია და კონკურენტმა, United Artists Records-მა, United Artists-ს შესთავაზა, ჯგუფი დაეთანხმებინა სამ მხატვრულ ფილმიან კონტრაქტზე - ძირითადად საუნდტრეკების კომერციული პოტენციალის გამო.[85] რიჩარდ ლესტერის ფილმმა „მძიმე დღის ღამე“ ნახევრად დოკუმენტური სახით აღბეჭდა The Beatles-ის 1964 წლის მარტის-აპრილის ექვსი კვირა.[86] ფილმის პრემიერა გაიმართა ლონდონში ივლისში, ხოლო ნიუ-იორკში - აგვისტოში. მას საერთაშორისო წარმატება ხვდა წილად. ბევრი კრიტიკოსი მას ძმები მარქსების ნამუშევრებს ადარებდა.[87] ერლეუანის თანახმად, თანმხლები საუნდტრეკი A Hard Day's Night „ასახავს მათი ნამდვილი ჯგუფის სახით ჩამოყალიბებას. ყველა განსხვავებული გავლენა პირველი ორი ალბომიდან გადაიზარდა ნათელ, მხიარულ, ორიგინალურ ჟღერადობაში, რომელსაც ავსებენ გიტარების ჟღარუნი და უძლეველი მელოდიები.“[88] „გიტარის ჟღარუნის“ ხმა ძირითადად ჰარისონის 12 სიმიანი ელექტრონული Rickenbacker-ის შედეგი იყო. ეს იყო პროტოტიპი, რომელიც მას მწარმოებელმა გადასცა და ალბომზე გაიმართა მისი დებიუტი.[89][nb 9]

1964 წლის 4 აპრილს ჯგუფი ბილბორდის ცხელი ასეულის სიაში 12 სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, მათ შორის - ხუთეულში.[90][nb 10] პოპულარობამ წარმოშვა უპრეცედენტო დაინტერესება ბრიტანული მუსიკით და ამერიკაში მოგვიანებით გაიმართა რამდენიმე სხვა ბრიტანული ჯგუფის დებიუტი, რამაც შემდგომ წლებში დაამკვიდრა ტერმინი „ბრიტანული შემოჭრა“.[92] მათი თმების ვარცხნილობა, არაბუნებრივად გრძელი იმ პერიოდისთვის და გაკრიტიკებული მრავალი ზრდასრულის მიერ, იქცა ახალგაზრდობის წინააღმდეგობის სიმბოლოდ.[93]

 
მაკ-კარტნი, ჰარისონი და ლენონი, გამოსვლა ჰოლანდიის ტელევიზიის ეთერში, 1964

ივნისსა და ივლისში გაიმართა ჯგუფის კონცერტები მსოფლიო მასშტაბით. 27 დღის განმავლობაში გაიმართა 37 კონცერტი დანიაში, ნიდერლანდებში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.[94][nb 11] აგვისტოში ისინი დაბრუნდნენ აშშ-ში და 23 ქალაქში 30 კონცერტი გამართეს. [96] ერთთვიანმა ტურნემ კვლავ გაზარდა ინტერესი. სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკამდე დაახლოებით 30 წუთიან კონცერტებს 10.000-დან 20.000 მოყვარულამდე დაესწრო.[96]

აგვისტოში ჟურნალისტმა ელ ჰოროვიცმა გაუწია ორგანიზება ჯგუფის შეხვედრას ბობ დილანთან.[97] უკანასკნელი The Beatles-ს ნიუ-იორკში, სასტუმროში ეწვია და გაასინჯა მარიხუანა.[98] გულდი აღნიშნავს ამ შეხვედრის მუსიკალურ და კულტურულ მნიშვნელობას, რომელმაც ადგილი იქონია დილანის და The Beatles-ის მოყვარულთა ორი „სუბკულტურული სამყაროს ჩამოყალიბებამდე“: დილანის მსმენელები, „კოლეჯის ბავშვები მხატვრული ან ინტელექტუალური ინტერესებით; მომაკვდავი პოლიტიკური და სოციალური იდეალიზმი; მშვიდი ბოჰემური სტილი“ კონტრასტში The Beatles-ის „ნამდვილ მოზარდებთან - ბავშვებთან უმაღლესი სკოლებიდან, რომელთა ცხოვრება მოიცვა ტელევიზიის, რადიოს, პოპულარული მუსიკის ჩანაწერების, მოყვარულთა ჟურნალებისა და მოზარდული მოდის კომერციულად ქცეულმა პოპულარულმა კულტურამ. ისინი იყვნენ კერპთაყვანისმცემლები და არა იდეალისტები.“ [99] შეხვედრიდან ექვსი თვის განმავლობაში, როგორც გულდი წერს, „ლენონი ქმნიდა ჩანაწერებს, სადაც იგი განასახიერებდა დილანის ცხვირში ზუზუნით სიმღერას, მტვრე­ვა­დ დაკვრას გიტარაზე და თვითანალიზს“,[99] ერთი წლის განმავლობაში „დილანი ცდილობდა ხალხური მუსიკის თავიდან მოცილებას...განსხვავებები ხალხური და როკ-მუსიკის მოყვარულებს შორის თითქმის აორთქლდა და შეინიშნებოდა, რომ ჯგუფის მსმენელიც იზრდებოდა.“ [99][nb 12]

Beatles for Sale, Help! და Rubber Soul

გულდის თანახმად, Beatles for Sale, The Beatles-ის მეოთხე სტუდიური ალბომი, დაემთხვა კონფლიქტს მათი გლობალური წარმატების სირთულეებსა და შემოქმედებით ამბიციებს შორის.[101] დაგეგმილი იყო, რომ ალბომი, ჩაწერილი 1964 წლის აგვისტოში-სექტემბერში[102] განაგრძობდა A Hard Day's Night-ის ფორმატს, რომელიც, წინა ორი ალბომისგან განსხვავებით შედგენილი იქნებოდა მხოლოდ ორიგინალური სიმღერებისგან.[103] The Beatles-მა უკვე ამოწურა სიმღერების მარაგი წინა ალბომის ჩაწერისას და სიმღერების შექმნასთან ერთად მუდმივ საკონცერტო გამოსვლებთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით ლენონმა აღნიშნა: „მასალა ძალიან დიდ პრობლემად იქცევა.“[104] შედეგად, ალბომის დასასრულებლად ჩაწერილი იქნა ექვსი ქავერ-ვერსია. დეკემბრის დასაწყისში გამოცემულ ალბომზე გამოირჩეოდა რვა ორიგინალური კომპოზიცია, ახდენდა რა ლენონის/მაკ-კარტნის საავტორო პარტნიორობის მზარდ სიმწიფეს.[103]

1966 წლის დასაწყისში ისინი სტუმრობდნენ ვახშამზე ლენონისა და ჰარისონის კბილის ექიმს. მათ ყავაში მან ფარულად ჩაყარა LSD. ლენონი აღწერდა ამ მოვლენას: „უბრალოდ შემაძრწუნებელი იყო, მაგრამ ფანტასტიკური. ერთი-ორი თვე საკმაოდ გაოგნებული დავდიოდი.“[105] ჰარისონთან ერთად იგი მოგვიანებით იქცა ამ ნარკოტიკის ხშირ მომხმარებლად, ხოლმე რინგო სტარის თანამონაწილეობით. მაკ-კარტნი თავდაპირველად უარს ამბობდა მის გასინჯვაზე, მაგრამ 1966 წლის ბოლოს საბოლოოდ დათანხმდა.[106] იგი იქცა The Beatles-ის პირველ წევრად, რომელიც LSD-ის საჯაროდ განიხილავდა, განაცხადა რა ჟურნალთან ინტერვიუში - „მან ამიხილა თვალები“ და „უკეთესად, უფრო პატიოსნად, საზოგადოების უფრო მომთმენ მონაწილედ მაქცია“.[107]

უსიამოვნება წარმოიშვა 1965 წლის ივნისში, როდესაც დედოფალ ელისაბედ II-სგან ჯგუფის ოთხივე წევრს ბრიტანული იმპერიის ორდენები გადაეცა, მას შემდეგ, რაც ამ ჯილდოზე მათ ნომინირებაზე იზრუნა პრემიერ-მინისტრმა ჰაროლდ უილსონმა.[108] პროტესტის სახით - იმ პერიოდში ეს ჯილდო ძირითადად გადაეცემოდა ომის ვეტერანებსა და სამოქალაქო სტრუქტურების ხელმძღვანელებს - ორდენის მფლობელმა რამდენიმე კონსერვატორმა დააბრუნა თავისი სიმბოლოები.[109]

 
კადრი ფილმის მიშველე! აშშ ტრეილერიდან - ჰარისონი მაკ-კარტნი, ლენონი და (დამალული) სტარი

ივლისში გამოვიდა The Beatles-ის მეორე ფილმი მიშველე!, გადაღებული კვლავ ლესტერის მიერ. მას აღწერდნენ, როგორც „ძირითადად ჯეიმზ ბონდის სასტიკ პაროდიას“.[110] გამოხმაურება არაერთგვაროვანი იყო. მაკ-კარტნი: „მიშველე! დიდებული იყო, მაგრამ ეს ჩვენი ფილმი არ ყოფილა, ჩვენ მიწვეული ვარსკვლავებივით ვიყავით. სახალისო იყო, მაგრამ ძირითადად, ფილმის იდეა, მცდარი იყო.“[111] საუნდტრეკზე დომინირებადი იყო ლენონი, რომელმაც დაწერა და იმღერა მისი სიმღერების დიდი ნაწილი, მათ შორის, სინგლებად გამოცემული „Help!“ და „Ticket to Ride“.[112] თანმხლები, ჯგუფის მეხუთე სტუდიური ალბომი, შეიცავდა ორიგინალურ მასალას, გარდა ორი ქავერ-ვერსიისა „Act Naturally“ და „Dizzy Miss Lizzy“. ალბომამდე Let It Be, რომელზეც მოხვდა „Maggie Mae“, ჯგუფს ქავერ-ვერსიები სტუდიურ ალბომებში არ შეუტანია.[113] ვოკალური დამატებების გამოყენებამ ახალ ალბომზე იმატა, რასაც დაემატა კლასიკური ინსტრუმენტების არანჟირება, მათ შორის - სიმებიანი კვარტეტის, ბალადაში „Yesterday“. [114] მაკ-კარტნის მიერ დაწერილი ეს სიმღერა შემდგომში, როგორც ქავერ-ვერსია, ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაიწერა.[115]

ჯგუფის მესამე აშშ ტურნე დაიწყო გამოსვლით ნიუ-იორკის შის სტადიონზე, 1965 წლის 15 აგვისტოს, სარეკორდო, 55.600 მსმენელის წინაშე. ლუისონი მას აღწერს, როგორც „ალბათ, The Beatles-ის ყველაზე ცნობილ კონცერტს“.[116] ამას მოჰყვა ცხრა წარმატებული კონცერტი ამერიკის სხვა ქალაქებში. ატლანტაში გამართულ კონცერტზე ჯგუფმა პირველად გამოიყენა სახეებისკენ მოქცეული ხმოვანი სისტემა.[117] ტურნეს დასასრულს მათ მიეცათ საშუალება, შეხვედროდნენ ელვის პრესლის, რომელსაც ჯგუფზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. ელვისის მიწვევით, ოთხივე წევრი მოხვდა მის სახლში, ბევერლი-ჰილზში.[118][119][nb 13]

მუსიკალური ნაწყვეტები:

1965 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ჯგუფი დაბრუნდა ხმისჩამწერ სტუდიაში. პირველად, ალბომის ჩაწერისას, მათ ჰქონდათ ხანგრძლივი და შეუზღუდავი ვადები, სხვა პირობების გარეშე.[122] დეკემბერში გამოსული Rubber Soul კრიტიკოსების მიერ აღინიშნა, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჯგუფის მუსიკის სიმწიფესა და კომპლექსურობაში. [121] ჯგუფის თემატური ფარგლები იზრდებოდა რომანტიკისა და ფილოსოფიის ასპექტების ვრცლად შესწავლით.[123] ბიოგრაფები პიტერ ბრაუნი და სტივენ გეინსი ახალ მუსიკალურ მიმართულებას მიაწერენ „მარიხუანის გამოყენების ჩვევას“,[124] რასაც ადასტურებდა ჯგუფი - ლენონი ამბობდა, რომ „ეს იყო მარიხუანის ალბომი“[125], ხოლო სტარი ამბობდა: „ბალახი ნამდვილად იყო გავლენიანი მრავალი ცვლილებისას, განსაკუთრებით, მათ შორის, ვინც სიმღერებს წერდა. და რადგან ისინი წერდნენ სხვადასხვა მასალას, ჩვენც სხვადასხვანაირად ვუკრავდით.“[125] ფილმის მიშველე! შემდეგ კლასიკური მუსიკის სამყაროში მოგზაურობას, ფლეიტებითა და სიმებიანებით, ჰარისონის მიერ სიტარის პირველად გამოყენებით, ადგილი ჰქონდა სიმღერაში „Norwegian Wood (This Bird Has Flown)“, რომელიც წარმოადგენდა პროგრესს პოპულარული მუსიკის ტრადიციულ ფარგლებს გარეთ. ვინაიდან ჯგუფის ტექსტები უფრო მარჯვე გახდა, მოყვარულებმა დაიწყეს მათი ღრმა აზრის შესწავლა. „Norwegian Wood“-ზე ლენონმა თქვა: „ვცდილობდი ურთიერთობაზე დამეწერა, როგორც გამოცდილს ...მაგრამ ისე ფარულად, რომ ამას ვერ მიხვდებოდნენ.“[126]

Rubber Soul-ის უფრო აღსანიშნავი სიმღერები იყო დაწერილი ლენონისა და მაკ-კარტნის მიერ[127], ყველამ საკუთარი სიმღერები დაწერა, თუმცა ოფიციალური ავტორობა მითითებული იყო.[128] მაგალითად, „In My Life“, რომელზეც მოგვიანებით ავტორობას ყველა აცხადებდა, ითვლება მაკ-კარტნისა და ლენონის მთლიანი კატალოგის ყველაზე ნათელ წერტილად. [129] ჰარისონი Rubber Soul-ს თავის საყვარელ ალბომს უწოდებდა[125], ხოლო სტარი - „ამოსავალ წერტილს“[130]. მაკ-კარტნი: „საყვარელმა დრომ ჩაიარა, დროა, გავიზარდოთ.“[131] თუმცა, ხმის ინჟინერი ნორმან სმითი მოგვიანებით ამბობდა, რომ სტუდიური სესიებისას ჯგუფში მზარდი კონფლიქტის ნიშნები ჩანდა - „შეჯახება ჯონსა და პოლს შორის უეჭველი იყო“, წერდა იგი და „რამდენადაც პოლი იყო დარწმუნებული, ჯორჯიც არასწორად იქცეოდა“.[132] 2003 წელს Rolling Stone-მა Rubber Soul დაასახელა მეხუთე ადგილზე ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში[133], ხოლო AllMusic-ის რიჩი უნტერბერგერის მიერ იგი აღინიშნა, როგორც „ერთ-ერთი კლასიკური ფოლკ-როკ ჩანაწერი“[134].

1966–70: კამათი, სტუდიური წლები და დაშლა

უკანასკნელი ტურნეს წინა მოვლენები

1966 წლის ივნისში ალბომმა Yesterday and Today - ერთ-ერთმა Capitol Records-ის მიერ აშშ-ში გამოცემული კრებულებიდან - გამოიწვია ხმაური თავისი ყდით, რომელზეც The Beatles-ის წევრები გამოსახულები იყვნენ მეყასბების სახით, ხორცის ნაჭრებით ხელში და დაშლილი თოჯინებით. არსებობდა ვერსია, რომ ეს იყო სატირული პასუხი Capitol-ის მიერ ბრიტანული გამოცემების „დაკვლაზე“.[135] გრამფირფიტის ათასობით ასლი გამოვიდა ახალი ყდით. ერთ-ერთი ადრეული ვერსია ორიგინალური გამოსახულებით 2005 წლის დეკემბერში გამართულ აუქციონზე გაიყიდა 10 500 აშშ დოლარად.[136]

ინგლისში ჰარისონმა ამ პერიოდში გაიცნო სიტარის ოსტატი რავი შანკარი, რომელიც დათანხმდა, მისთვის ესწავლებინა ამ ინსტრუმენტზე დაკვრა.

Yesterday and Today-ს ფურორიდან ერთი თვის შემდეგ ფილიპინების ტურნეს დროს The Beatles-მა უნებლიეთ აწყენინა ქვეყნის პირველ ქალბატონ იმელდა მარკოსს, რომელიც მათ პრეზიდენტის სასახლეში ელოდა.[137] მოსაწვევის მიღების შემდეგ ეპსტაინმა ჯგუფის წევრების სახელით უარი თქვა ასეთ ვიზიტზე, ვინაიდან მის პოლიტიკაში მსგავს ღონისძიებებზე სტუმრობა არ შედიოდა. [138] აღმოჩნდა, რომ მარკოსის რეჟიმისთვის ასეთი პასუხი უჩვეულო იყო. ამას მოჰყვა საპროტესტო დემონსტრაციები. ჯგუფს საფრთხე ემუქრებოდა და მათ ძლივს დააღწიეს თავი ამ მოვლენას.[139] მოგვიანებით The Beatles პირველად გაემგზავრა ინდოეთში.[140]

შინ დაბრუნებისას ჯგუფს დახვდა რეაქცია აშშ-ის რელიგიური და სოციალური კონსერვატორებისგან (როგორიც იყო კუ-კლუქს-კლანი) კომენტარზე, რომელიც ლენონმა იმ წლის მარტში გააკეთა ბრიტანელ ჟურნალისტ მორინ კლივთან ინტერვიუს დრო.[141] „ქრისტიანობა გაქრება,“ განაცხადა მან. „იგი გაუჩინარდება და შემცირდება. ამაზე კამათს არ ვაპირებ. მე მართალი ვარ და ჩემს სიტყვებსაც გაამართლებენ. ჩვენ ამჟამად ვართ უფრო პოპულარული ვიდრე იესო, არ ვიცი, რომელი უფრო ადრე გაქრება, როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა. იესო მართალი იყო, მაგრამ მისი მიმდევრები - შტერი და ჩვეული. სწორედ მათი სიჩლუნგეა, რომ აფუჭებს ყველაფერს.“[142] ინგლისში კომენტარი შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ როდესაც აშშ-ის ჟურნალმა Datebook იგი ხუთი თვის შემდეგ დაბეჭდა - აგვისტოში ჯგუფის აშშ-ის ტურნეს წინ - ამერიკულ ბიბლიურ სარტყელში მან გამოიწვია დავა.[141] ვატიკანმა საპროტესტო წერილი გამოაქვეყნა, ხოლო ესპანეთისა და ჰოლანდიის რადიოსადგურებში და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ სამაუწყებლო საშუალებებში შეწყდა ჯგუფის ტრანსლირება.[143] ეპსტაინმა Datebook დაადანაშაულა ლენონის სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯაში. პრეს-კონფერენციაზე ლენონმა განაცხადა: „რომ მეთქვა, რომ ტელევიზიაა უფრო პოპულარული, ვიდრე იესო, ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა.“[144] ლენონი ამტკიცებდა, რომ იგი გულისხმობდა იმას, თუ როგორ ხედავენ სხვა ადამიანები მათ წარმატებას, მაგრამ ჟურნალისტების მხრიდან მინიშნების შემდეგ შეაჯამა: „თუკი ისურვებთ, რომ მოვინანიო, თუკი ეს ბედნიერებას მოგიტანთ, მაშინ, კარგი, ბოდიშს ვიხდი.“ [144]

აშშ-ის ტურნესთვის მომზადებისას ჯგუფმა იცოდა, რომ მათ მუსიკას ვერ მოისმენდნენ. მანამდე ისინი იყენებდნენ Vox AC30-ის გამაძლიერებლებს, მოგვიანებით კი შეიძინეს 100 ვატიანი გამაძლიერებლები, რომლებიც Vox-მა მათთვის სპეციალურად მოამზადა, როდესაც ოთხეული 1964 წელს უფრო მასშტაბურ საკონცერტო გამოსვლებს მართავდა. მიუხედავად ამისა, ტექნიკა არ იყო საკმარისი. მოყვარულების კივილისგან წარმოშობილი ხმაურის გამო, ჯგუფი სულ უფრო მეტად იღლებოდა საკონცერტო გამოსვლების სირთულეებისგან.[145] ხვდებოდნენ რა, რომ მათი გამოსვლები უკვე ნაკლებად წარმოადგენდნენ მუსიკალურ სანახაობას, გადაწყვიტეს, რომ აგვისტოს ტურნე მათი უკანასკნელი იქნებოდა.[146]

Revolver და Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band

მუსიკალური ნაწყვეტები:

Rubber Soul-ით მოხდა წინ ნაბიჯის გადადგმა. Revolver-მა, გამოცემულმა 1966 წლის აგვისტოში, ჯგუფის უკანასკნელი ტურნედან ერთი კვირის შემდეგ, მორიგი ცვლილება მოიტანა. [147] Pitchfork-ის ჟურნალისტი სკოტ პლაგენჰოფი მას აღწერს, როგორც „ჟღერადობას ჯგუფისა, რომელმაც უმაღლეს თავდაჯერებულობას მიაღწია“ და „ხელახლა განსაზღვრა ის, რასაც პოპულარული მუსიკისგან ელოდნენ.“[148] Revolver აღინიშნა სიმღერების გამოცდილი ავტორობით, სტუდიური ექსპერიმენტებით და მუსიკალური სტილების ფართოდ განვრცობილი რეპერტუარით, რომელიც მერყეობდა ნოვატორული კლასიკური სიმებიანი არანჟირებიდან ფსიქოდელიურ როკამდე.[147] ტრადიციად ქცეული ჯგუფის ფოტოსურათის მაგივრად მისი ყდა - რომლის ავტორი იყო კლაუს ფორმანი, ჯგუფის მეგობარი ჰამბურგის კონცერტების პერიოდიდან - „იყო ერთიანი, მხატვრული, შავ-თეთრი კოლაჟი, რომელზეც გამოსახული იყო The Beatles-ის კარიკატურები, შესრულებული მელნიანი კალმით, ობრი ბერდსლის სტილში“, როგორც გულდი მას აღწერს.[147] ალბომს წინ უსწრებდა სინგლის „Paperback Writer“ გამოცემა, რომლის მეორე მხარეზე შეტანილი იქნა „Rain“.[149] ორივე სიმღერისთვის მომზადდა მოკლე პრომო ფილმები, რომლებსაც კულტურის ისტორიკოსი სოლ აუსტერლიცი აღწერს, როგორც „ერთ-ერთ პირველ ნამდვილ მუსიკალურ ვიდეოებს“[150]. ფილმები გადაიცა ედ სალივანის შოუს ეთერში და გადაცემაში Top of the Pops, 1966 წლის ივნისში.[151]

ექსპერიმენტულ სიმღერებს შორის ალბომზე იყო „Tomorrow Never Knows“, რომლის ტექსტი ლენონმა აიღო ტიმოთი ლირისს წიგნიდან The Psychedelic Experience: A Manual Based on the Tibetan Book of the Dead. მისი ჩაწერისას გამოყენებული იქნა რვა მაგნიტოფონი, განლაგებული EMI-ს შენობაში. ყოველ მათგანს მართავდა ხმის ინჟინერი ან ჯგუფის წევრი და ქმნიდა შემთხვევით მანიპულირებას ხმოვანი ყულფებით. ჯორჯ მარტინი მთელ ამ ჩანაწერს ერთ კომპოზიციაში აერთიანებდა.[152] მაკ-კარტნის „Eleanor Rigby“ გამოირჩევა სიმებიანი ოქტეტის მონაწილეობით. გულდი მას აღწერს, როგორც „ნამდვილ ჰიბრიდს, რომელიც სიმღერების არც ერთ ცნობილ ჟანრს არ ერგება“.[153] ჰარისონი ყალიბდებოდა, როგორც სიმღერების ავტორი. მისი კომპოზიციებიდან ამ ალბომზე მოხვდა სამი.[154] 2003 წელს Rolling Stone-მა Revolver ყველა დროის 500 უდიდესი ალბომის სიაში მესამე პოზიციაზე დაასახელა.[133] აშშ-ის ტურნეს დროს, რომელიც ალბომს მოჰყვა, ჯგუფს არ შეუსრულებია მასში შეტანილი რომელიმე სიმღერა.[155] ავტორი კრის ინგემი წერს, რომ ეს სიმღერები „წარმოადგენდნენ სტუდიურ ქმნილებებს ...და შეუძლებელი იყო, ოთხი მონაწილისგან შემდგარ როკ-ენ-როლ ჯგუფს ისინი სრულყოფილად შეესრულებინა, განსაკუთრებით, მოყვარულების კივილების გამო. საკონცერტო The Beatles და სტუდიური The Beatles იქცნენ სხვადასხვა არსებებად.“[156] ჯგუფის უკანასკნელი კონცერტი, გამართული 29 აგვისტოს სან-ფრანცისკოს Candlestick Park-ში, იყო მათი უკანასკნელი კომერციულიც.[157] ამით დასრულდა ოთხწლიანი პერიოდი, გამორჩეული თითქმის დაუსრულებელი ტურნეებით და მსოფლიოს მასშტაბით გამართული 1400-ზე მეტი კონცერტით.[158]

ტურნეებისგან გათავისუფლებულმა ჯგუფმა მზარდი ექსპერიმენტული მიდგომა გამოავლინა ალბომის Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band ჩაწერისას, რომელიც დაიწყო 1966 წლის ნოემბრის ბოლოს.[159] ხმის ინჟინერ ჯეფ ემერიკის თანახმად, მისმა ჩაწერამ საერთო ჯამში 700-ზე მეტი საათი დაიკავა.[160] იგი იხსენებდა ჯგუფის დაჟინებას, რომ „ყველაფერი Sgt. Pepper-ზე უნდა ყოფილიყო განსხვავებული. ჩვენ თითბერიან ინსტრუმენტებში ჩამაგრებული გვქონდა მიკროფონები, ხოლო ყურსასმენები გადაიქცა მიკროფონებად, რომლებიც ვიოლინოებზე იყო მიმაგრებული. ვიყენებდით ვეებერთელა სიგნალების გენერატორებს, რათა ინსტრუმენტებისა და ვოკალების სიჩქარის მანიპულირება მოგვეხდინა და გვქონდა ნაწილებად დაჭრილი ფირები, რომლებიც სხვადასხვა სახით შევაერთეთ.“[161] სიმღერის „A Day in the Life“ ნაწილში გამოიყენებოდა 40 ადამიანისგან შემდგარი ორკესტრი[161] ამ სესიებზე, 1967 წლის თებერვალში აგრეთვე ჩაიწერა ორმაგი A-მხარე „Strawberry Fields Forever“/„Penny Lane“, რომელიც ალბომში არ შეიტანეს.[162] თავად ალბომი გამოვიდა ივნისში.[163]

მუსიკალურმა სირთულემ ამ ჩანაწერებში, შედარებით პრიმიტიული ოთხ ფირიანი ხმისჩამწერი ტექნოლოგიის გამოყენებით, გააოგნა იმ დროის კრიტიკოსები.[164] ჯგუფ The Beach Boys-ის ლიდერ ბრაიან უილსონისთვის, რომელსაც პირადი კრიზისი ჰქონდა და ცდილობდა ჯგუფის ამბიციური ალბომ Smile-ის დასრულებას, „Strawberry Fields“-ის მოსმენა ნამდვილი დარტყმა იყო და მოგვიანებით მან შეწყვიტა The Beatles-თან პაექრობა.[165][166] მუსიკალურ კრიტიკოსებს შორის ალბომის აღიარება ფაქტობრივად ერთსულოვანი იყო.[167] გულდი წერს:

 
„აურაცხელი რაოდენობა ერთმანეთს ეთანხმება, რომ The Beatles-მა შექმნა პოპულარული შედევრი: მდიდარი, მყარი და დიდებული ნამუშევარი გენიალური თანამშრომლობისგან, რომლის გაბედულმა ამბიციებმა და განსაცვიფრებელმა ორიგინალურობამ დრამატულად გააფართოვა საშუალებები და გაზარდა მოლოდინი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პოპულარული მუსიკის მოსმენის შეგრძნება. ამ აღქმის მიხედვით, Sgt. Pepper იქცა მასობრივ ენთუზიაზმად ალბომების ფორმატის როკისადმი, რომელმაც მოახდინა რევოლუცია ხმისჩამწერი ბიზნესის ესთეტიკაშიც და ეკონომიკაშიც, რითაც ჩამოიტოვა 1956 წლის ელვისის და 1963 წლის The Beatles-ის ფენომენების პოპ-აფეთქებები.[168]
 
ალბომის Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band გარეკანი - „რომელიმე მუსიკალური ალბომის ყველაზე ცნობილი გარეკანი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად იმიტირებული გამოსახულება“.[164]

Sgt. Pepper იყო პირველი ძირითადი პოპ/როკ გრამფირფიტა, რომლის უკანა მხარეს გამოტანილი იყო სიმღერების ტექსტები.[169][170] ისინი კრიტიკული ანალიზის საგნად იქცნენ. მაგალითად, 1967 წლის ბოლოს ალბომი ამერიკელი ლიტერატურული კრიტიკოს და ინგლისური ენის პროფესორ რიჩარდ პუარიეს სამეცნიერო ნაშრომის თემად იქცა, რომელიც აკვირდებოდა, თუ როგორ უსმენდნენ მისი სტუდენტები „ჯგუფის მუსიკას ისეთი აღტაცებით, რომლისაც მას, ლიტერატურის პედაგოგს მხოლოდ შეშურდებოდა.“[171] პუარიემ დაადგინა, როგორც თავად მას უწოდებდა, „აღრეული ქარაგმულობა“: „სულელური იქნება, დავუშვათ, რომ ისინი ერთ სტილში საკუთარი თავის გამოსახატავად მხოლოდ ერთ რამეს აკეთებენ ... ერთი თემის შესახებ ერთი შეგრძნება არ არის საკმარისი ... ყოველი გრძნობა ხშირად უნდა არსებობდეს გარეგნულად საპირისპირო ალტერნატივების კონტექსტში.“[171] იმ პერიოდში მაკ-კარტნიმ აღნიშნა: „ჩვენ ვწერთ სიმღერებს. ვიცით, რას ვგულისხმობთ მათი სახით. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ვინმე მათზე რამეს იტყვის და შეუძლებელია ამის უარყოფა. ... ჩვენს სიმღერებში საკუთარ მნიშვნელობას დებთ.“[171] 2003 წელს ჟურნალმა Rolling Stone Sgt. Pepper ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში პირველ ადგილზე შეიყვანა.[133]

Sgt. Pepper-ის გულმოდგინედ შესრულებულმა გარეკანმა ასევე გამოიწვია ინტერესი და შესწავლები.[172] პოპ-არტისტების, პიტერ ბლეიკისა და იან ჰევორთის მიერ შექმნილი კოლაჟი ასახავდა The Beatles-სს, როგორც გამოგონილ ჯგუფს, რომელიც ნახსენები იყო სასათაურო სიმღერაში.[173] იგი იდგა ცნობილ ხალხთან ერთად.[174] დიდი ულვაშები, რომლებსაც ჯგუფის წევრები ატარებდნენ, ასახავდნენ ჰიპების კულტურის გავლენას.[175] მათ კოსტიუმებს კულტურის ისტორიკოსი ჯონათან ჰარისი აღწერს, როგორც „სამხედრო უნიფორმების პაროდიებს ნათელი ფერებით“, რაც იყო ცნობილი „ანტი-ავტორიტარული და ანტი-ისტებლიშმენტური“ გამოხატვა.[176]

1967 წლის 25 ივნისს ბითზლმა მომავალი სინგლი, „All You Need Is Love“, შეასრულა დაახლოებით 350 მილიონი მაყურებლის წინაშე, გადაცემაში Our World, რაც იყო ისტორიაში პირველი მსოფლიო სატელევიზიო ტრანსლირება.[177] ერთი კვირის შემდეგ, სიყვარულის ზაფხულის პერიოდში გამოცემული ეს სიმღერა ყვავილების ძალის ჰიმნად იქცა.[178] ორი კვირის შემდეგ ჯგუფმა განიცადა დანაკარგი, რომელმაც მათ კარიერაში ალიაქოთი შემოიტანა. მაჰარიში მაჰეშ იოგისთან წინა საღამოს, 25 აგვისტოს, ლონდონში გაცნობის შემდეგ ისინი გაემგზავრნენ ბანგორში, ტრანსცენდენტალური მედიტაციის სეანსზე. ორი დღის შემდეგ მათი მენეჯერის ასისტენტმა, პიტერ ბრაუნმა, დარეკა და შეატყობინა, რომ ბრაიან ესპტაინი გარდაიცვალა.[179] გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი შეიწირა კარბიტოლის შემთხვევითმა გადაჭარბებამ, თუმცა პოპულარული ვერსიის მიხედვით, ეს იყო თვითმკვლელობა.[180] ეპსტაინი უკანასკნელ პერიოდში იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, რაზეც გავლენა ჰქონდა პირად პრობლემებს და განცდას იმისა, რომ ჯგუფი არ გააგრძელებდა მასთან გაფორმებულ კონტრაქტს, რომელიც იწურებოდა ოქტომბერში. უკანასკნელის მიზეზი იყო ჯგუფის უკმაყოფილება მის მიერ ბიზნეს-მხარეების მართვით, განსაკუთრებით Seltaeb-ით, კომპანიით, რომელიც დაკავებული იყო აშშ-ში ჯგუფის პროდუქციის დისტრიბუციით.[181] ეპსტაინის გარდაცვალების გამო ჯგუფმა ორიენტაცია დაკარგა და მომავალს შიშით შეჰყურებდა. ლენონი იხსენებდა: „მარცხი განვიცადეთ. მივხვდი, რომ უსიამოვნებაში ამოვყავით თავი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რა შეგვეძლო, გარდა მუსიკის დაკვრისა და მეშინოდა. ვიფიქრე, რომ ყველაფერი დასრულდა.“[182]

Magical Mystery Tour, The White Album და Yellow Submarine

Magical Mystery Tour, საუნდტრეკი The Beatles-ის მომავალი სატელევიზიო ფილმიდან, ბრიტანეთში გამოვიდა ექვსი სიმღერისგან შედგენილ ორმაგ EP-ზე, 1967 წლის დეკემბრის დასაწყისში.[73][183] აშშ-ში, ექვსი სიმღერა გამოვიდა ამავე სახელწოდების გრამფირფიტაზე, რომელზეც აგრეთვე წარმოდგენილი იყო ხუთი სიმღერა ჯგუფის უკანასკნელი სინგლებიდან.[91] უნტერბერგერი აშშ-ის გამოცემას აღწერს ასე: „ფსიქოდელიური ჟღერადობა არის Sgt. Pepper-ის სტილში და ხოლმე უფრო კოსმიურიც (განსაკუთრებით, „I Am the Walrus“-ის ხმოვან კოლაჟებში)“. ჯგუფის 1967 წლის სინგლებიდან აღებულ ხუთ სიმღერას იგი უწოდებს „დიდებულ, წარმტაც და ნოვატორულს“.[184] გამოცემიდან პირველი სამი კვირის განმავლობაში ალბომმა დაამყარა რეკორდი Capitol-ის გრამფირფიტებს შორის პირველი გაყიდვების მხრივ. ეს არის ლეიბლის ერთადერთი კრებული, რომელმაც მოგვიანებით ჯგუფის სტუდიური ალბომების რიგში კანონიკურობა შეიძინა.[185] ფილმი „ჯადოსნური იდუმალი მოგზაურობა“ პირველად ნაჩვენები იქნა საჩუქრების დღეს. მისი რეჟისურა ძირითადად მაკ-კარტნის ეკუთვნოდა. ჯგუფმა ამ ფილმის შემდეგ ბრიტანეთში მიიღო პირველი მნიშვნელოვანი უარყოფითი შეფასებები. Daily Express-მა მას „აშკარა სისულელე“ უწოდა, Daily Mail-მა - „უზარმაზარი ახირება“, ხოლო The Guardian-მა — „მეოცნებე მორალური თამაში მაყურებლის უხეშობაზე, სითბოსა და უგუნურობაზე“.[186] გულდი მას აღწერს, როგორც „დაუმუშავებელი კადრების დიდ რაოდენობას, სადაც ნაჩვენებია ხალხი, რომელიც ჯდება, გადმოდის და მოგზაურობს ავტობუსით“.[186] მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელთა რაოდენობის მონაცემები მნიშვნელოვანი იყო, პრესაში მის მიმოხილვებს მოჰყვა აშშ-ის სატელევიზიო ქსელებისგან ფილმის ტრანსლირების მიმართ ინტერესის დაკარგვა.[187]

1968 წლის იანვარში The Beatles-ის წევრები დამატებითი მონაწილეების სახით გამოჩნდნენ ანიმაციურ ფილმში „ყვითელი წყალქვეშა ნავი“, რომელშიც ძირითადი როლი ეკავა მათ ანიმაციურ ვერსიებსა და საუნდტრეკს 11 სიმღერით, მათ შორის ოთხი მანამდე გამოუცემელი სიმღერით, რომელთა დებიუტი ფილმში გაიმართა.[188] 1968 წლის ივნისში გამოსული ეს ფილმი კრიტიკოსებმა აღიარეს მისი მუსიკის, იუმორისა და ნოვატორული ვიზუალური სტილისთვის.[189] თუმცა, ფილმის საუნდტრეკი მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ გამოჩნდა.[190]

 
The Beatles, აგრეთვე ცნობილი როგორც The White Album (თეთრი ალბომი) თავისი მინიმალისტური გარეკანის გამო. პოპ-არტის მხატვარ რიჩარდ ჰემილტონის აზრით, იგი არის „Sgt. Pepper-ის პირდაპირი კონტრასტი“.[191]

შუალედში გამოვიდა The Beatles, ორმაგი გრამფირფიტა, უფრო მეტად ცნობილი, როგორც The White Album, რისი მიზეზიც იყო მისი ფაქტობრივად ცარიელი გარეკანი.[192] ალბომის შემოქმედებითი შთაგონება მომდინარეობდა ახალი მიმართულებიდან: ეპსტაინის ხელმძღვანელობის გარეშე ჯგუფი დროებით დაუახლოვდა მაჰარიში მაჰეშ იოგის, როგორც გურუს.[193] რიშიკეშში (ინდოეთი). მის აშრამში ჩატარებულმა სპეციალურმა კურსმა, რომელიც სამი თვით დაიგეგმა, ჯგუფის ისტორიას ერთ-ერთი ნაყოფიერი პერიოდი შემატა, რომლის დროსაც შეიქმნა მრავალი სიმღერა. ალბომზე აქედან მოხვდა 30.[194] თუმცა, სტარმა ეს სეანსები დატოვა ათი დღის შემდეგ, შეადარა რა ისინი ბატლინებს, ხოლო მაკ-კარტნი საბოლოოდ დაიღალა და ერთი თვის შემდეგ წამოვიდა.[195] ლენონისთვის და ჰარისონისთვის შემოქმედებითი პროცესი დადგა კითხვის ქვეშ, როდესაც ელექტრონულმა ტექნიკოსმა, ცნობილმა, როგორც Magic Alex, გამოხატა ვარაუდი, რომ მაჰარიში უბრალოდ ჯგუფის მანიპულირებას ცდილობდა.[193] როდესაც მან დაამტკიცა, რომ მაჰარიში კურსზე დამსწრე ქალებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა, ლენონმა დატოვა კურსი და თან გაიყოლა ჰარისონი (რომელიც ჯერ ბოლომდე არ იყო ყველაფერში დარწმუნებული) და მთელი მუსიკალური ტექნიკა, რაც ჯგუფმა ინდოეთში თან წაიღო.[195] გაბრაზებულმა ლენონმა დაწერა სიმღერა „Maharishi“, რომელიც მოგვიანებით „Sexy Sadie“-ზე გადააკეთა, პოტენციური სასამართლო დავებისგან თავის არიდების მიზნით. მაკ-კარტნიმ მაჰარიშის შესახებ განაცხადა: „შეცდომა დავუშვით. გვეგონა, იგი უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩანდა.“[193]

The White Album-ის ხმისჩამწერი სესიებისას, რომლებიც გაგრძელდა 1968 წლის მაისის ბოლოდან შუა ოქტომბრამდე, ურთიერთობები The Beatles-ის წევრს შორის გადაიზარდა აზრთა ღია სხვადასხვაობაში.[196] სტარმა ჯგუფი დატოვა ორი კვირით, ამიტომ მისი პარტია „Back in the U.S.S.R.“-ში საკუთარ თავზე აიღო მაკ-კარტნიმ (მის გარდა, დასარტყმელი საკრავებზე ლენონიც და ჰარისონიც უკრავდნენ), ისევე, როგორც „Dear Prudence“-ის შემთხვევაში.[197] ლენონმა მაკ-კარტნისთან თანამშრომლობის ინტერესი დაკარგა.[198] მის „Ob-La-Di, Ob-La-Da“-ს ჯონმა „ბებიის მუსიკალური ნაგავი“ უწოდა.[199] დაძაბულობამ იმატა ლენონის ავანგარდ ხელოვან იოკო ონოსთან ურთიერთობით, რომელიც მას მოჰყავდა სტუდიაში, მიუხედავად ჯგუფში სამუშაო ადგილზე მეგობარი გოგონების მოყვანის აკრძალვის ჩამოყალიბებული პოლიტიკისა.[200] ორმაგი ალბომის აღწერისას ლენონმა განაცხადა: „ყოველი სიმღერა ინდივიდუალურია, მასზე The Beatles-ის მუსიკა არ არის. ეს არის ჯონი და ჯგუფი, პოლი და ჯგუფი, ჯორჯი და ჯგუფი.“[201] მაკ-კარტნი იხსენებდა, რომ ალბომის ჩაწერა „სასიამოვნო არ ყოფილა“.[202] როგორც პოლი, ასევე ჯონი აღიარებდნენ, რომ ამ სესიებით დაიწყო ჯგუფის დაშლა.[203][204]

ნოემბერში გამოსული The White Album იყო ჯგუფის პირველი გამოცემა Apple Records-ზე, თუმცა EMI განაგრძობდა მათი ჩანაწერების გამოშვებას.[205] ახალი ლეიბლი იყო Apple Corps-ს ფილიალი, რომელიც ეპსტაინმა ჩამოაყალიბა გადასახადებისთვის მომგებიანი ბიზნეს-სტრუქტურისთვის.[206] ჩანაწერს წინ უსწრებდა 2 მილიონზე მეტი წინასწარი შეკვეთა. ერთი თვის განმავლობაში იგი აშშ-ში 4 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა, ხოლო მასში შეტანილი სიმღერები დომინირებდნენ ამერიკული რადიო სადგურების ეთერში.[207] მიუხედავად პოპულარობისა, იმ პერიოდში ალბომს სახარბიელო შეფასებები არ ჰქონია. გულდი:

 
„კრიტიკული გამოხმაურება ... მერყეობდა შერეულიდან სუსტამდე. აღსანიშნავი კონტრასტით Sgt. Pepper-თან, რომელმაც ჩამოაყალიბა როკ-მუსიკის კრიტიკის ტრადიცია, White Album-ს ვინმეს შემოქმედებაზე გავლენა არ მოუხდენია. ყველაზე კეთილგანწყობილმა მიმოხილველებმაც  ... აშკარად არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ სიმღერების ამ უფორმო გამომჟღავნებისთვის. Newsweek-ის ჰუბერტ ზაალი, აღნიშნავდა რა პაროდიების დიდი რაოდენობას, ადანაშაულებდა ჯგუფს დიდი რაოდენობით ხუმრობებში.[207]

კრიტიკოსების ძირითადი შეფასებები შეიცვალა ალბომის სასარგებლოდ და 2003 წელს იგი Rolling Stone-ის ყველა დროის ალბომების სიაში მე-10 ადგილზე მოხვდა.[133] მარკ რიჩარდსონი (Pitchfork) მას აღწერს, როგორც „დიდს და მცოცავს, აღსავსეს იდეებით, მაგრამ ამავე დროს პრივილეგიებით, დაკომპლექტებულს მასალის ნაირფეროვნებით ...მისი უარყოფითი მხარები ისეთივე უნიკალურია, როგორც ტრიუმფები.“[208] ერლეუაინი წერს: „ჯგუფის სიმღერების ორი ძირითადი შემქმნელი ძალა აღარ იყო ერთად, თუმცა არც ჯორჯი და რინგო იყვნენ“, თუმცა „ლენონს აქ აქვს ორი თავის საუკეთესო ბალადებს შორის“, მაკ-კარტნის სიმღერები „განსაცვიფრებელია“, ჰარისონი იქცა „სიმღერების ავტორად, რომელსაც უფრო ვრცელი წარდგენა ესაჭიროებოდა“, ხოლო სტარის კომპოზიცია იყო „სასიამოვნო“.[209]

ალბომი Yellow Submarine, გამოცემული 1969 წლის იანვარში, შეიცავდა მხოლოდ ოთხ მანამდე გამოუცემელ სიმღერას, რომელიც ფილმში იქნა წარდგენილი, სასათაუროს (რომელიც მანამდე Revolver-ზე გამოვიდა) და „All You Need Is Love“-ის თანხლებით (რომელიც აგრეთვე არსებობდა სინგლზე და აშშ-ში გამოცემული იყო Magical Mystery Tour-ზე). ამას დაემატა შვიდი ინსტრუმენტული პიესა, დაწერილი ჯორჯ მარტინის მიერ. [190] The Beatles-ის ახალი მუსიკის სიმწირის გამო, უნტერბერგერი და ბრიუს ედერი (AllMusic) აღნიშნავენ, რომ ალბომი, შესაძლოა, „არ იყოს გამორჩეული“, მაგრამ ჰარისონის „It's All Too Much“ არის „ახალი სიმღერების ძვირფასეულობა ...რომელიც ბრწყინავს მელოტრონის მორევში, არაჩვეულებრივ პერკუსიაში და გიტარის უკუკავშირების ტალღების მიმოქცევებში ... ვირტუოზული გასეირნება ნისლოვან ფსიქოდელიაში“.[210]

Abbey Road, Let It Be და დაშლა

 
Apple Corps-ის შენობა სევილ როუს 3-ში, სადაც გაიმართა Let It Be-ს კონცერტი სახურავზე.

მიუხედავად იმისა, რომ Let It Be იყო The Beatles-ის უკანასკნელი ალბომი, იგი ჩაიწერა Abbey Road-ამდე. პროექტი წარმოშობას მარტინი მიაწერს მაკ-კარტნის, რომლის შემოთავაზებით, ჯგუფს უნდა „ჩაეწერა ალბომი ახალი მასალით და მისი რეპეტიცია გაევლო, შემდეგ კი პირველად საკონცერტო გარემოში შეესრულებინა მაყურებლების წინაშე და ეს უნდა დაეფიქსირებინა როგორც ალბომზე, ასევე ფილმის სახით“.[211] თავდაპირველად განკუთვნილი ერთსაათიანი გადაცემისთვის Beatles at Work, ალბომის მასალის დიდი ნაწილი აღებული იქნა ხანგრძლივი რეპეტიციებიდან, რომლებიც რეჟისორ მაიკლ ლინდზი-ჰოგის მიერ ტუიკინჰემის კინოსტუდიის ტერიტორიაზე იქნა გადაღებული, 1969 წლის იანვრიდან.[211][212] მარტინმა განაცხადა, რომ პროექტი არ იყო „ჩაწერის სახალისო პროცესი. ამ პერიოდში ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთობები ყველაზე მეტად დაეცა.“[211] ლენონმა ძირითად იმპროვიზებული სესიები აღწერა, როგორც „ჯოჯოხეთი ...ყველაზე საშინელი ...დედამიწაზე“, ხოლო ჰარისონმა მას „ყველა დროის სიმდაბლე“ უწოდა.[213] გაღიზიანებული როგორც მაკ-კარტნის, ასევე ლენონის მიერ, ჰარისონი გაქრა ხუთი დღით. დაბრუნების შემდეგ იგი იმუქრებოდა, რომ ჯგუფიდან წავიდოდა, თუ ისინი არ „გადაიფიქრებდნენ კონცერტებით გამოსვლას“ და ყურადღებას გაამახვილებდნენ ახალი ალბომის დასრულებაზე (რომელსაც თავდაპირველად Get Back ეწოდებოდა), გადაცემისთვის განკუთვნილი სიმღერების გამოყენებით.[214] იგი აგრეთვე მოითხოვდა ტუიკენჰემში მუშაობის შეწყვეტას და ახლად აშენებულ Apple Studio-ში გადასვლას. ჯგუფის წევრები დაეთანხმნენ და ტელევიზიისთვის განკუთვნილი კადრები მომავალი ფილმისთვის გადადეს.[215]

ჯგუფში დაძაბულობების გაქრობის და საკონცერტო ჟღერადობის გაუმჯობესების მიზნით ჰარისონმა მიიწვია კლავიშისტი ბილი პრესტონი, რომელიც უკანასკნელი ცხრა დღის სესიებში მონაწილეობდა.[216] პრესტონი მითითებული იქნა სინგლზე „Get Back“ - ეს იყო ერთადერთი გარე მუსიკოსი, რომელიც აღნიშნული იქნა The Beatles-ის საავტორო ჩანაწერებზე, როგორც თანაავტორი.[217] რეპეტიციების დასრულებისას ჯგუფის წევრები ვერ შეთანხმდნენ კონცერტის გადაღების ადგილზე, რამდენიმე ვარიანტი უარჰყვეს (მათ შორის - გემი, ტუნისის უდაბნო, კოლიზეუმი და ფსიქიატრიული საავადმყოფო) და საბოლოოდ ავიდნენ Apple Corps-ის სახურავზე. შენობა მდებარეობდა სევილ როუს 3-ში (ლონდონი). 1969 წლის 30 იანვარს[218] გაიმართა მათი უკანასკნელი საკონცერტო გამოსვლა მსმენელების წინაშე. ხუთი კვირის შემდეგ ინჟინერი გლინ ჯონსმა, რომელსაც ლუისონი აღწერს, როგორც Get Back-ის სესიების „მიუთითებელ პროდიუსერს“, დაიწყო მუშაობა ალბომზე, მიეცა რა სრული თავისუფლება იმ დროს, როდესაც „ჯგუფმა ალბომთან მიმართებაში ფაქტობრივად ხელები დაიბანა“.[219]

ახალი სირთულეები წარმოიშვა ჯგუფის წევრებს შორის ფინანსური კონსულტანტის არჩევისას, რომლის აუცილებლობა წარმოიშვა, ვინაიდან მანამდე ამ საქმიანობით ეპსტაინი იყო დაკავებული. ლენონს, ჰარისონსა და სტარს მოსწონდათ ალენ კლაინი, რომელიც როლინგ სტოუნზისა და სემ კუკის მენეჯერი იყო. მაკ-კარტი ირჩევდა ჯონ ისტმენს, ლინდა ისტმენის ძმას (ლინდასთან პოლმა იქორწინა იმავე წლის 12 მარტს). შეთანხმება ვერ გაიმართა, ამიტომ დროებით ორივე იქნა აყვანილი, მაგრამ ამას მოჰყვა შემდგომი კონფლიქტი.[220] 8 მაისს კლაინი გახდა ჯგუფის ერთპიროვნული მენეჯერი.[221]

მარტინი იხსენებდა, რომ იგი გაოგნებული იყო, როდესაც მაკ-კარტნიმ სთხოვა კიდევ ერთი ალბომის პროდიუსერობა, ვინაიდან Get Back-ის სესიები „საშინელი მოვლენა“ იყო და მან „იფიქრა, რომ ეს ყველასთვის ისტორიის დასასრული იყო“.[222] Abbey Road-ის ძირითადი ხმისჩამწერი სესიები დაიწყო 1969 წლის 2 ივლისს.[223] ლენონს, რომელსაც არ მოსწონდა მარტინის მიერ შემოთავაზებული „ხანგრძლივი პიესების“ ფორმატი, სურდა, რომ მაკ-კარტნის და მისი სიმღერები ალბომის სხვადასხვა მხარეს მოექციათ.[224] საბოლოოდ ინდივიდუალური ავტორობის კომპოზიციები მოხვდა პირველ მხარეს, ხოლო მეორეზე ძირითად პოპურები მოთავსდა, რაც მაკ-კარტნის მიერ შემოთავაზებული კომპრომისს წარმოადგენდა.[224] 4 ივლისს გამოვიდა The Beatles-ის წევრის პირველი სოლო სინგლი - ლენონის „Give Peace a Chance“, რომლის ავტორებად მითითებულები იყვნენ Plastic Ono Band-ის წევრები. 1969 წლის 20 აგვისტოს „I Want You (She's So Heavy)“-ს დასრულება და ხმის მიქსი წარმოადგენდა ჯგუფის ოთხივე წევრის ერთ სტუდიაში თავმოყრის უკანასკნელ შემთხვევას.[225] 20 სექტემბერს ლენონმა დანარჩენებს განუცხადა, რომ ჯგუფიდან მიდიოდა, მაგრამ გადაწყდა, რომ საჯარო განცხადება ამის შესახებ არ გაკეთდებოდა, რათა მომავალი ალბომის გაყიდვები არ ჩაშლილიყო.[226]

ლენონის განცხადებიდან ექვსი დღის შემდეგ გამოცემული Abbey Road სამი თვის განმავლობაში გაიყიდა 4 მილიონი ასლის სახით და 17 კვირის განმავლობაში იკავებდა ბრიტანეთის ჩარტების პირველ პოზიციებს.[227] მეორე სიმღერა, ბალადა „Something“ გამოვიდა სინგლის სახით - ეს იყო ჰარისონის ავტორობის ერთადერთი სიმღერა, რომელიც The Beatles-ის სინგლის A-მხარეზე გამოცემულა.[228] Abbey Road-მა მიიღო შერეული შეფასებები, თუმცა პოპური ძირითადად დადებითად იქნა შეფასებული.[227] უნტერბერგერის აზრის, იგი არის „ჯგუფისთვის ხელსაყრელი გედის სიმღერა“, რომელშიც შეტანილია „როკ-ჩანაწერზე ოდესმე გაჟღერებული უდიდესი ჰარმონიები“.[229] მუსიკის მკვლევარი და ავტორი იენ მაკდონალდი ალბომს უწოდებს „ახირებულს და ხშირად ჩავარდნილს“, მიუხედავად გარეგნულად პოპურის „ერთიანობისა და შეთანხმებულობისა“.[230] მარტინი მას აღნიშნავს, როგორც ჯგუფის ალბომებს შორის თავის პირად ფავორიტს. ლენონის აზრით, იგი იყო „კომპეტენტური“, მაგრამ „უსიცოცხლო“. ხმის ინჟინერი ემერიკი აღნიშნავს, რომ სტუდიაში წინა ხმის პულტის ტრანზისტორიანით ჩანაცვლებამ დადებითად იმოქმედა ჟღერადობაზე, რომელიც უფრო რბილი გახდა, წინა ალბომებთან შედარებით.[231]

ჯერ კიდევ დაუსრულებელი ალბომისთვის Get Back (რომელსაც საბოლოოდ Let It Be დაერქვა), 1970 წლის 3 იანვარს ჩაიწერა უკანასკნელი, ჰარისონის კიდევ ერთი სიმღერა „I Me Mine“. ლენონი ამ დროს იმყოფებოდა დანიაში და ჩაწერაში მონაწილეობა არ მიუღია.[232] მარტში, გლინ ჯონსის ნამუშევარზე უარის თქმის შემდეგ, კლაინისგან სესიური ფირები გადაეცა ამერიკელ პროდიუსერ ფილ სპექტორს, რომელმაც მანამდე მუშაობა დაასრულა ლენონის სოლო-სინგლზე „Instant Karma!“.[233] მასალის ხელახალი მიქსის გარდა, სპექტორმა დაარედაქტირა, გადააბა და ერთმანეთს დაუმატა რამდენიმე პარტია ჩანაწერებში, რომლებიც ჩაფიქრებული იყო, როგორც „საკონცერტო“. მაკ-კარტნი არ იყო კმაყოფილი პროდიუსერის მიდგომით და განსაკუთრებით არ მოსწონდა „The Long and Winding Road“-ის მდიდრული ორკესტრირება - 14 ვოკალისგან შემდგარი გუნდით და 36 ინსტრუმენტიანი ანსამბლით.[234] მაკ-კარტნის მოთხოვნა ამ სიმღერაში ცვლილებების უკან დაბრუნების შესახებ უგულებელყოფილი იქნა[235] და მან, 1970 წლის 10 აპრილს, თავისი სადებიუტო სოლო ალბომის გამოცემამდე ერთი კვირით ადრე საჯაროდ განაცხადა ჯგუფიდან წასვლის შესახებ.[234][236]

8 მაისს გამოვიდა ფილ სპექტორის პროდიუსერობით შედგენილი Let It Be. თანმხლები სინგლი „The Long and Winding Road“ იყო The Beatles-ის უკანასკნელიც. იგი გამოვიდა აშშ-ში, მაგრამ არა ბრიტანეთში.[149] დოკუმენტური ფილმი დაე ასე იყოს გამოვიდა თვის ბოლოს და მიიღო ოსკარი საუკეთესო ორიგინალური ორკესტრული საუნდტრეკის კატეგორიაში.[237] Sunday Telegraph-ის კრიტიკოსმა პენელოპა ჯილიატიმ მას უწოდა „ძალიან ცუდი ფილმი და ამავე დროს, ძალიან ემოციური ...დამარწმუნებელ, გეომეტრიულად სრულყოფილ, ერთ დროს აშკარად უბერებელი ტყუპისცალების დაშლის შესახებ“.[238] რამდენიმე მიმომხილველი აცხადებდა, რომ ფილმში რამდენიმე სიმღერა უფრო კარგად ჟღერდა, ვიდრე მათი ანალოგი ალბომიდან.[239] უნტერბერგერი Let It Be-ს უწოდებს „The Beatles-ის ერთადერთ ალბომს, რომელსაც მოჰყვა უარყოფითი, უფრო მეტიც, მტრული მიმოხილვები“ და ამბობს, რომ „მთლიანად დაუფასებელია“, გამოჰყოფს რა „პირდაპირი მძიმე როკის გარკვეულ კარგ მომენტებს „I've Got a Feeling“-ში და „Dig a Pony“-ში და აქებს სიმღერებს „Let It Be“, „Get Back“ და ხალხურ Two of Us“-ს, ჯონისა და პოლის ერთობლივი ჰარმონიებით“.[240] 1970 წლის 31 დეკემბერს მაკ-კარტნიმ სასამართლოში შეიტანა განაცხადი The Beatles-ის საკონტრაქტო თანამშრომლობის გაუქმების შესახებ.[241] იურიდიული დავები კვლავ გაგრძელდა მათი დაშლის შემდეგ, სანამ ეს გადაწყვეტილება 1974 წლის 29 დეკემბერს ფორმალურად გაფორმდებოდა.[242]

1970–დღემდე: დაშლის შემდგომ

1970-იანები

ლენონმა, მაკ-კარტნიმ, ჰარისონმა და სტარმა 1970 წელს სოლო ალბომები გამოუშვეს. მათი სოლო ნამუშევრები სხვების დახმარებით იწერებოდა ხოლმე. [243] სტარის Ringo (1973) არის ერთადერთი, რომელზეც წარმოდგენილია The Beatles-ის ოთხივე ყოფილი წევრის ავტორობის სიმღერები და შესრულება, თუმცა სხვადასხვა კომპოზიციების სახით. სტარის მონაწილეობით ჰარისონმა ნიუ-იორკში, 1971 წლის აგვისტოში გამართლა კონცერტი ბანგლადეშისთვის.[244] 1974 წლის გამოუცემელი სესიის გარდა, რომელიც ბუტლეგური ჩანაწერის A Toot and a Snore in '74 სახით გავრცელდა, ლენონსა და მაკ-კარტნის ერთად არაფერი ჩაუწერიათ.[245]

ორი ორმაგი გრამფირფიტა The Beatles-ის უდიდესი ჰიტებით, რომლებიც კლაინის მიერ იქნა შედგენილი, 1962–1966 და 1967–1970, გამოვიდა 1973 წელს, თავდაპირველად Apple Records-ის სახელით.[246] უფრო ხშირად მითიტებულმა, როგორც წითელი ალბომი და ლურჯი ალბომი, ყოველმა მათგანმა აშშ-ში მრავალჯერადი, ხოლო ბრიტანეთში - უბრალოდ პლატინის სტატუსი შეიძინა.[247][248] 1976-1982 წლებში EMI/Capitol უშვებდნენ კრებულების მთელ რიგს ჯგუფის ყოველი წევრების მხრიდან წვლილის გარეშე, დაწყებული გრამფირფიტით Rock 'n' Roll Music.[249] მანამდე გამოუცემელი მასალით დაკომპლექტებული იყო მხოლოდ The Beatles at the Hollywood Bowl (1977); ჯგუფის საკონცერტო ჩანაწერების პირველ ოფიციალური გამოცემული კრებული. მასში შეტანილი იქნა The Beatles-ის 1964 და 1965 წლებში აშშ-ში გამართული ორი კონცერტის ფრაგმენტები.[250][nb 14]

The Beatles-ის მუსიკა და წარმატება კომერციულად გამოიყენებოდა სხვა გზითაც, თუმცა, მათი შემოქმედებითი კონტროლის გარეშე. 1974 წლის აპრილში ლონდონში დაიდგა მიუზიკლი „ჯონი, პოლი, ჯორჯი, რინგო...და ბერტი“, რომლის ავტორი იყო უილიამ რასელი, ხოლო ერთ-ერთი წამყვანი ვოკალისტი - ბარბარა დიქსონი. მასში, Northern Songs-ის ნებართვით, შეტანილი იქნა ლენონის/მაკ-კარტნის 11 სიმღერა და ერთი - ჰარისონის ავტორობის, „Here Comes the Sun“. ჯორჯს არ მოეწონა შედეგი და შემქმნელებს სიმღერის გამოყენების უფლება ჩამოართვა.[252] „ყოველივე ეს და III მსოფლიო ომი“ (1976) იყო ფილმი, რომელშიც მოხვდა ახალი ამბების ქრონიკის კადრები, The Beatles-ის სიმღერების ქავერ-ვერსიების თანხლებით, რომლებსაც ასრულებდნენ ცნობილი შემსრულებლები, ელტონ ჯონიდან და კით მუნიდან, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრამდე.[253] ბროდვეის მიუზიკლი „ბიტლომანია“, არაავტორიზებული ნოსტალგიური მიმოხილვა, ნაჩვენები იქნა 1977 წლის დასაწყისში და პოპულარობა შეიძინა. მას მოჰყვა ხუთი ტურნე მიუზიკლის სხვა ქვეყნებში წარდგენით.[254] 1979 წელს ჯგუფმა უჩივლა მის პროდიუსერებს, რასაც მოჰყვა უკანასკნელების რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობით დაჯარიმება.[254] ინგემის თანახმად, „სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების კლუბის ბენდი“ (1978), მუსიკალური ფილმი ბი ჯიზისა და პიტერ ფრემპტონის მონაწილეობით კომერციულად წარუმატებელი და „შემოქმედებითი ფიასკო“ აღმოჩნდა.[255]

1980-იანები

1980 წლის დეკემბერში ჯონ ლენონის მკვლელობის შემდეგ ჰარისონმა შეცვალა სიმღერის „All Those Years Ago“ ტექსტი და იგი ლენონს მიუძღვნა. დასარტყმელ საკრავებზე სტარის, აგრეთვე მაკ-კარტნისა და მისი მეუღლის, ლინდას (ბეკ-ვოკალი) მონაწილეობით ჩაწერილი ეს სიმღერა გამოვიდა სინგლის სახით 1981 წლის მაისში.[256] მაკ-კარტნის მიძღვნა, „Here Today“ გამოვიდა ალბომზე Tug of War, 1982 წლის აპრილში.[257] 1987 წელს ჰარისონის ალბომში Cloud Nine შეტანილი იქნა „When We Was Fab“, სიმღერა ბიტლომანიის პერიოდის შესახებ.[258]

The Beatles-ის სტუდიური ალბომები CD-ზე EMI-სა და Apple Corps-ის მიერ პირველად გამოვიდა 1987 წელს, რასაც მოჰყვა ჯგუფის კატალოგის სტანდარტიზაცია მსოფლიო მასშტაბით. ამით ჩამოყალიბდა 12 ორიგინალური სტუდიური ბრიტანული ალბომის კანონიკურობა, რასაც დაემატა Magical Mystery Tour-ის 1967 წლის აშშ ვერსია.[259] დარჩენილი მასალა სინგლებიდან და EP-ებიდან, რომელიც არ გამოვიდა ორიგინალურ ალბომზე, შეგროვდა ორდისკიან ალბომზე Past Masters (1988). გარდა წითელი და ლურჯი ალბომებისა, EMI-მ შეწყვიტა სხვა კრებულების დისტრიბუცია - მათ შორის, Hollywood Bowl-ის ჩანაწერის.[250]

1988 წელს The Beatles შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. ჰარისონი და სტარი ცერემონიას დაესწრნენ ლენონის ქვრივ იოკო ონოსთან და მის ორ შვილთან, ჯულიანთან და შონთან ერთად.[260][261] მაკ-კარტნიმ უარი თქვა დასწრებაზე, განაცხადა რა, რომ „საქმიან სფეროში უთანხმოებათა გამო იგი თავს იგრძნობდა ფარისევლად, რომელიც ყალბი გაერთიანებისას ხელს დაუქნევდა და გაუღიმებდა თავის კოლეგებს“.[261] შემდეგ წელს EMI-ს/Capitol-ის მხრიდან ჯგუფთან დასრულდა ათწლიანი დავა ჰონორარების შესახებ, რამაც ლეიბლებს მანამდე გამოუცემელი მასალის კომერციულად გამოშვების საშუალება მისცა.[262][263]

1990-იანები

Live at the BBC, The Beatles-ის პირველი ოფიციალური ალბომი მანამდე გამოუცემელი მასალით, გამოვიდა 1994 წელს.[264] იმავე წელს მაკ-კარტნიმ, ჰარისონმა და სტარმა ერთად იმუშავეს პროექტ The Beatles Anthologyზე. ჯერ 1970 წელს Apple Corps-ის ხელმძღვანელმა ნის ესპინოლმა დაიწყო მასალის შეგროვება დოკუმენტური ფილმისთვის სამუშაო სახელწოდებით The Long and Winding Road. ამრიგად, Anthology იქცა მის ერთგვარ დასრულებად.[265] ასახავდა რა ჯგუფის დარჩენი წევრების მიერ მოთხრობილ ისტორიას, პროექტში შედიოდა ჯგუფის გამოუცემელი ჩანაწერების სერიაც. ლენონის ორი სტუდიური დემო გამოყენებული იქნა მაკ-კარტნის, ჰარისონისა და სტარის მიერ, სტუდიაში ახალი ინსტრუმენტული და ვოკალური ნაწილების დასამატებლად.[266]

1995-1996 წლებში პროექტს მოჰყვა სატელევიზიო მინისერიალი, რვა ნაწილისგან შემდგარი ვიდეო კრებული და სამი 2 დისკიანი კრებული, რომლებსაც კლაუს ფორმანის დიზაინით შექმნილი გარეკნები ახლდა. ორი სიმღერა, დაფუძნებული ლენონის დემოებზე, „Free as a Bird“ და „Real Love“, გამოვიდა სინგლების სახით. ეს გამოცემები კომერციულად წარმატებული გამოდგა, ხოლო მინისერიალი იხილა დაახლოებით 400 მილიონმა მაყურებელმა.[267] 1999 წელს, 1968 წლის ფილმის „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ხელახლა გამოსვლას მოჰყვა ახალი საუნდტრეკული კრებული Yellow Submarine Songtrack.[268]

2000-იანები

The Beatles-ის კომპილაციური ალბომი 1, რომელშიც მოხვდა ჯგუფის ბრიტანული და ამერიკული #1 პოზიციაზე მოხვედრილიჰიტები, გამოვიდა 2000 წლის 13 ნოემბერს. იგი იქცა ყველა დროის ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად, გაიყიდა რა გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში 3,6 მილიონი[269], ხოლო ერთ თვეში - 13 მილიონი ასლის ოდენობით.[270] იგი მოხვდა ალბომების ჩარტების სათავეებში სულ ცოტა, 28 ქვეყანაში, მათ შორის, ბრიტანეთსა და აშშ-ში.[271] 2009 წლის აპრილისთვის კრებული მსოფლიო მასშტაბით 31 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა[272] და იქცა აშშ-ში ათწლეულის ყველაზე გაყიდვად ალბომად.[273]

ჰარისონი ფილტვის კიბოთი, 2001 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.[274][275][276] მაკ-კარტნი და სტარი, სხვა მუსიკოსებთან ერთად გამოვიდნენ ღონისძიებაზე Concert for George, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ერიკ კლეპტონი და ჰარისონის ქვრივი, ოლივია. კონცერტი როიალ ალბერტ ჰოლის სცენაზე გაიმართა, ჰარისონის გარდაცვალების წლისთავზე. გარდა ჯგუფისთვის და სოლო კარიერის დროს დაწერილი სიმღერებისა, შესრულდა ინდური კლასიკური მუსიკა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჰარისონზე.[277]

2003 წელს გამოვიდა Let It Be... Naked, ალბომის Let It Be განსხვავებული ვერსია, რომლის შედგენისას კონსულტანტი მაკ-კარტნი იყო. სპექტორის ორიგინალური ვერსიისგან იგი განსხვავდება ორიგინალური სიმებიანი პარტიების გამოკლებით.[278] ალბომი საუკეთესო 10-ეულში მოხვდა, როგორც ბრიტანეთში, ასევე ამერიკაში. 1964-1965 წლების ორიგინალური აშშ ალბომების CD ვერსიები გამოვიდა 2004 და 2006 წელს, კრებულების The Capitol Albums, Volume 1 და The Capitol Albums, Volume 2 სახით. მათში შეტანილი იქნა სტერეო და მონო ვერსიები, რომლებიც ეფუძნებოდნენ გრამფირფიტებისთვის ამერიკაში თავდაპირველად გამოცემისას მომზადებულ მიქსებს.[279]

ლას-ვეგასის დასის Cirque du Soleil მიერ მომზადდა შოუ, რომელიც ეფუძნებოდა The Beatles-ის სიმღერებს. მისი საუნდტრეკის სახით შედგენილი იქნა Love, რომელზეც მუშაობდნენ ჯორჯ მარტინი და მისი შვილი ჯაილზი. მათ მიერ მომზადდა ჯგუფის 130 ჩანაწერის რემიქსი, რომელიც აგრეთვე ერთმანეთთან იქნა გადაბმული, ჯორჯ მარტინის თქმით, „ჯგუფის მთელი მუსიკალური ისტორიის ძალიან მცირე პერიოდში გასავლელად“.[280] შოუ გაიხსნა 2006 წლის ივნისში. იმავე დღეს გამოვიდა ალბომიც. მაკ-კარტნი ამ პერიოდში გამოხატავდა იმედს, რომ „Carnival of Light“, 14 წუთიანი ექსპერიმენტული კომპოზიცია, მომზადებული ები-როუდის სტუდიებში 1967 წელს, ოფიციალურად გამოიცემოდა. [281] The Beatles-ის ყოფილი წევრების იშვიათი ერთობლივი გამოსვლა გაიმართა 2009 წლის აპრილში, მაკ-კარტნის მიერ ნიუ-იორკში ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, სადაც მას სამი სიმღერის შესასრულებლად შეუერთდა სტარი.[282]


2009 წლის 9 სექტემბერს გამოვიდა The Beatles-ის ძირითადი სტუდიური კატალოგი, მომზადებული ოთხწლიანი რემასტერინგის შედეგად.[259] ჯგუფის ორიგინალური ბრიტანული ალბომების სტერეო ვერსიები, Magical Mystery Tour-ისა და Past Masters-ის ჩათვლით, გამოვიდა CD-ის ფორმატში, ცალ-ცალკე და ყუთის სახით. ახალი გამოცემების 1987 წლის ორიგინალურ CD-ებთან შედარებისას, რომლებსაც, როგორც ამტკიცებდნენ, აკლდა სიცხადე და დინამიურობა, დენი ეკლსტონმა (Mojo) დაწერა: „რემასტერზე ვოკალები უფრო ნათელია, უფრო ბუნებრივად ჟღერს და ქმნის მიქსში უფრო მაღლა მოთავსების შთაბეჭდილებას.“ [283] მეორე მსგავსი კრებული, The Beatles in Mono, შეიცავდა ყველა ალბომის ორიგინალურ მონო ვერსიას, ალბომების Help! და Rubber Soul 1965 წლის სტერეო მიქსებით (რომლებიც მარტინმა 1987 წლის გამოცემისთვის ხელახალი მიქსის სახით წარადგინა).[284] The Beatles: Rock Band, მუსიკალური ვიდეო თამაში სერიიდან Rock Band, იმავე დღეს გამოვიდა. [285] 2009 წლის დეკემბერში ჯგუფის კატალოგი ოფიციალურად გავრცელდა FLAC და MP3 ფორმატებში 30.000 ასლის სახით შეზღუდული რაოდენობით გამოსულ USB დისკწამყვანზე.[286]

2010-იანები

The Beatles-ს ჰქონდა ვალდებულება ჰონორარების თემის საფუძველზე წარმოქმნილი დავის გამო. იგი იყო წამყვანი ჯგუფებიდან ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელმაც გააფორმა კონტრაქტები ონლაინ მუსიკის სერვისებთან.[287] ეს პროცესი აგრეთვე გაიწელა დროში Apple Corps-ის Apple Computer-თან დავის გამო (Apple Computer ფლობს iTunes-ს). დავა ეხებოდა სახელის „Apple“ გამოყენებას. თუმცა, 2008 წელს მაკ-კარტნიმ განაცხადა, რომ ჯგუფის კატალოგის ონლაინში გაშვების მთავარ დაბრკოლებად იქცა ის, რომ EMI-ს „სურს რაღაც, რაც ჯერ არ შეგვიძლია, მივცეთ“.[288] 2010 წელს ჯგუფის კანონიკური 13 სტუდიური ალბომის, Past Masters-ისა, Red-ის და Blue-ს თანხლებით, განთავსდა iTunes-ზე.[289]

2012 წელს EMI-ს მუსიკალურ კატალოგზე უფლებები შეიძინა Universal Music Group-მა. მის მფლობელობაში EMI-ს გადასაცემად ევროკავშირმა უნდობლობის გამო EMI აიძულა, გათავისუფლებულიყო კუთვნილი კომპანიებისგან, როგორიც არის Parlophone. EMI-ს ამის შემდეგ ნება დართეს, შეენარჩუნებინა The Beatles-ის მუსიკალური კატალოგი, რომელსაც ამჟამად ბრიტანეთში Universal Music-ის კუთვნილი Capitol Records-ის ახლადჩამოყალიბებული ფილიალი მართავს.[290] 2012 წელს EMI-მ ჯგუფის მთლიანი კატალოგი ხელახლა გამოსცა გრამფირფიტებზე, ყუთის და ცალკეული სახით.[291]

2013 წლის დეკემბერში iTunes-ზე გამოვიდა ჯგუფის კიდევ 59 სიმღერა. კრებული The Beatles Bootleg Recordings 1963 ემსახურებოდა ჯგუფის შემოქმედების საჯარო მოხმარებაში გადასვლის თავიდან აცილებას. Apple Records-მა ჩანაწერები გამოუშვა 17 დეკემბერს და იმავე დღეს ამოიღო გაყიდვიდან. მოყვარულთა რეაქციები არაერთგვაროვანი იყო. ერთ-ერთი ბლოგერი წერდა: „The Beatles-ის დიდი კოლექციონერები, რომლებიც ცდილობენ ყველაფრის შეგროვებას, ამას უკვე ფლობენ.“[292][293]

2014 წლის 26 იანვარს პოლ მაკ-კარტნიმ და რინგო სტარმა გრემის დაჯილდოებაზე შეასრულეს მაკ-კარტნის „Queenie Eye“.[294] მეორე დღეს ედ სალივანის თეატრის სცენაზე გაიმართა სანახაობა The Night That Changed America: A Grammy Salute to The Beatles. ამით გაიმართა სპეციალური ტელეტრანსლირება, რომელიც მიეძღვნა The Beatles-ის პირველ გამოჩენას აშშ-ის ტელეეთერში. იგი 9 თებერვალს იქნა ნაჩვენები, იგივე დღეს, რაც ორიგინალური გადაცემა მანამდე 50 წლით ადრე. ამ ღონისძიებაზე The Beatles-ის სიმღერები შეასრულეს თანამედროვე შემსრულებლებმა. გამოყენებული იქნა საარქივო კადრები, ხოლო მაკ-კარტნი და სტარი ესაუბრებოდნენ დევიდ ლეტერმენს.[295][296]

მუსიკალური სტილი და განვითარება

გავლენა

ჯგუფის ადრეულ პერიოდში შთაგონებებს შორის გამოირჩეოდნენ ელვის პრესლი, კარლ პერკინსი, ლიტლ რიჩარდი და ჩაკ ბერი.[297] The Beatles-ის ლიტლ რიჩარდთან ერთად ჰამბურგში, 1962 წლის აპრილში-მაისში გამოსვლებისას, მომღერალმა ჯგუფს შესთავაზა ტექნიკის დახვეწა, რათა მისი სიმღერები შეესრულებინათ.[298] პრესლიზე ლენონი ამბობდა: „ელვისის მოსმენამდე ჩემზე გავლენა არაფერს მოუხდენია. ელვის რომ არ ყოფილიყო, არც The Beatles იარსებებდა.“[299]

სხვა მნიშვნელოვან გავლენიან შემსრულებლებს შორის იყვნენ ბადი ჰოლი, ედი კოქრენი, როი ორბისონი[300] და The Everly Brothers.[301] The Beatles-მა თავდაპირველი წარმატების მოსაპოვებლად შთაგონება მრავალი მუსიკოსისგან აიღო. ჯგუფის წევრები მუსიკისა და ტექსტის მხრივ სხვადასხვა შთაგონებას პოულობდნენ. მათ მოსწონდათ ბობ დილანი, ფრენკ ზაპა, The Lovin' Spoonful, The Byrds და The Beach Boys, რომლის 1966 წლის ალბომმა Pet Sounds მაკ-კარტნი გააოცა და შთააგონა.[302][303][304] ჯორჯ მარტინმა განაცხადა: „Pet Sounds რომ არა, Sgt. Pepper არ იქნებოდა ...Pepper იყო Pet Sounds-ის დონის ალბომის შექმნის მცდელობა.“[305] რავი შანკარი, რომელიც ჰარისონს სიტარას 1966 წელს ინდოეთში, ექვსი კვირის განმავლობაში ასწავლიდა, იყო მნიშვნელოვანი გავლენა ჯორჯის მუსიკალურ განვითარებაზე ჯგუფის ადრეულ წლებში.[306]

ჟანრები

 
Höfner-ის ვიოლინოს ტიპის ბას-გიტარა და Gretsch Country Gentleman ტიპის გიტარა, მოდელები, რომლებზეც უკრავდნენ მაკ-კარტნი და ჰარისონი; მათ უკან მდგარი Vox AC30-ის გამაძლიერებელი არის მოდელი, რომელსაც The Beatles 1960-იანი წლების დასაწყისში იყენებდნენ

თავდაპირველად, როგორც სკიფლ-ჯგუფმა, The Beatles-მა მალე აითვისა 1950-იანი წლების როკ-ენ-როლი და მერსიბიტი (იგი უკანასკნელის პიონერად ითვლება).[307] მათი რეპერტუარი უფრო ვრცელი გახდა და მოიცვა პოპულარული მუსიკის მრავალი სფერო.[308] სტილებზე საუბრისას ლენონმა ახსენა Beatles for Sale: „შეგიძლიათ, ახალ ალბომს უწოდოთ The Beatles-ის ქანთრი-ვესტერნული გრამფირფიტა“,[309] ხოლო გულდის აზრით, Rubber Soul არის „ინსტრუმენტი, რომლის გამოც ხალხური მუსიკის ენთუზიასტები პოპულარული მუსიკით დაინტერესდნენ“.[310]

მიუხედავად იმისა, რომ 1965 წლის სიმღერა „Yesterday“ არ იყო პოპულარული მუსიკის ჟანრის პირველი ჩანაწერი ორკესტრული არანჟირებებით, ჯგუფისთვის ეს იყო კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტების პირველი გამოყენება. გულდი: „სიმებიანი ინსტრუმენტების უფრო ჩვეულმა ჟღერადობამ მათ, ვინც სხვა მხრივ ალერგიულად აღიქვამდა დასარტყმელებისა და ელექტრონული გიტარების ჟღერადობას, The Beatles-ის, როგორც კომპოზიტორების დაფასების საშუალება მისცა.“[311] ჯგუფმა განაგრძო სიმებიანებთან ექსპერიმენტები სხვადასხვა ეფექტის მისაღებად. მაგალითად, „Sgt. Pepper-ის „She's Leaving Home“ არის ვიქტორიანული ეპოქის სევდიანი ბალადის ტიპი. მისი ტექსტი და მუსიკა სავსეა მუსიკალური მელოდრამის კლიშეებით.“[312]

ჯგუფის სტილისტური არე უფრო ვრცელი გახდა 1966 წლის B-მხარით „Rain“, რომელსაც მარტინ სტრონგი აღწერს, როგორც „The Beatles-ის პირველ აშკარად ფსიქოდელიური ჩანაწერს“.[313] ამას მოჰყვა ფსიქოდელიური ჟანრის სხვა ნომრები, როგორიც იყო „Tomorrow Never Knows“ (ჩაწერილი „Rain“-ამდე), „Strawberry Fields Forever“, „Lucy in the Sky with Diamonds“ და „I Am the Walrus“. ინდური კლასიკური მუსიკის გავლენა შეიმჩნეოდა ჰარისონის სიმღერებში „The Inner Light“, „Love You To“ და „Within You Without You“. გულდი უკანასკნელ ორს აღწერს, როგორც „რაგას ფორმის მინიატიურის სახით წარდგენის მცდელობას“.[314]

ნოვატორულობა იყო ჯგუფის შემოქმედებითი ევოლუციის ყველაზე დიდი მოვლენა, როგორც ამბობს ისტორიკოსი და პიანისტი მაიკლ კემპბელი: „'A Day in the Life' მოიცავს The Beatles-ის ხელოვნებასა და მიღწევებს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სიმღერა. მასში კულმინაციას აღწევს ჯგუფის მუსიკის მთავარი თავისებურებები: ჟღერადობის წარმოსახვა, მელოდიის შეუპოვრობა და კოორდინირება ტექსტსა და მუსიკას შორის. იგი წარმოადგენს სიმღერის ახალ კატეგორიას - უფრო გამოცდილს, ვიდრე პოპულარული მუსიკაა ...და უნიკალურად ნოვატორულს. ფაქტოვრივად, მანამდე არ ყოფილა სიმღერა - კლასიკური თუ ადგილობრივი - რომელსაც ასეთი წარმოდგენით შეეძლო ამდენი უთანასწორო ელემენტის შეერთება.“[315] ფილოსოფიის პროფესორი ბრიუს ელის ბენსონი ეთანხმება: „The Beatles ... გვაძლევს შესანიშნავ მაგალითს იმისა, თუ რამდენად შეიძლება ახლებურად შეერწყას ერთმანეთისგან შორს მდგარი ისეთი გავლენები, როგორიც არის კელტური მუსიკა, რიტმ-ენდ-ბლუზი, ქანთრი და ვესტერნი.“[316]

ავტორი დომინიკ პედლერი აღწერს იმას, თუ როგორ მოხდა მუსიკალური სტილების გადაკვეთა: „შორს მყოფმა ჟანრების უბრალო ცვლილებისგან (როგორც ეს ხშირად ხდება), ჯგუფმა პარალელურად შეიმუშავა ტრადიციული, მიმზიდველი ჩარტის ჰიტის ოსტატობა, ხოლო ამავე დროს შექმნა როკი და ჭყუმპალაობდა გარე გავლენების დიდ სპექტრთან, ქანთრიდან ვოდევილამდე. ერთ-ერთი მაგალითია მათი მიდგომა ხალხური მუსიკისადმი, რომელმაც ჩამოაყალიბა საძირკველი მათ მიერ უფრო მოგვიანებით ინდურ მუსიკასთან და ფილოსოფიასთან შეჯახებისა.“[317] მათი ინდივიდუალური გემოვნებები უფრო გამოიკვეთა, როდესაც დაიძაბა პირადი ურთიერთობები ჯგუფის წევრებს შორის. The White Album-ის მინიმალისტური გარეკანი მუსიკასთან კონტრასტს და მრავალფეროვნებას ქმნის: ლენონის „Revolution 9“-თან, რომლის კონკრეტული მუსიკალური მიდგომა იოკო ონოს გავლენა იყო; სტარის ქანთრი-სიმღერასთან „Don't Pass Me By“; ჰარისონის როკ-ბალადასთან „While My Guitar Gently Weeps“; და მაკ-კარტნის პროტო-მეტალისტურ ღრიალთან „Helter Skelter“.[209]

ჯორჯ მარტინის წვლილი

აქტიურმა მონაწილეობამ პროდიუსერის სახით ჯორჯ მარტინს მოუპოვა „მეხუთე ბიტლის“ არაფორმალური წოდება.[318] კლასიკურ მუსიკაში გამოცდილება მან სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენა და ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სიმღერების ავტორების „მუსიკის არაფორმალურ მასწავლებლად“ იქცა.[319] სკეპტიკოს მაკ-კარტნის მარტინმა შესთავაზა „Yesterday“-ში სიმებიანი ორკესტრის არანჟირების დამატება, რითაც The Beatles-ს გააცნო „მანამდე უცნობი კლასიკური ინსტრუმენტული ფერის სამყარო“, როგორც ამას მაკდონალდი წერს.[320] ჯგუფის შემოქმედებითი განვითარება უფრო გამარტივდა, ვინაიდან მარტინიც ექსპერიმენტებს ატარებდა მათი თხოვნების თანახმად, მაგალითად, როდესაც სთხოვდნენ „რამე ბაროკულის დამატებას“.[321] ჩანაწერების ორკესტრული არანჟირებების გარდა, მარტინი მათში ხოლმე თავად ასრულებდა, უკრავდა რა სხვადასხვა ინსტრუმენტზე - ფორტეპიანოზე, ორგანსა და სასულე საკრავებზე.[322]

ლენონთან და მაკ-კარტნისთან მუშაობა მარტინისგან მოითხოვდა მათი სიმღერების შექმნისა და ჩაწერის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებას. მაკდონალდი: „თუკი მაკ-კარტნისთან მუშაობა, რომელიც უფრო გარკვევით აყალიბებდა აზრებს, ჩვეულებრივად მუშაობდა, ლენონის ინტუიციური მიდგომისადმი მორგებამ შეაქმნევინა უფრო ორიგინალური არანჟირებები, მაგალითად „Being for the Benefit of Mr. Kite!“ ამის შესანიშნავი მაგალითია.“[323] მარტინი სიმღერების ორი ავტორის სტილებისა და თავის, როგორც სტაბილიზატორის როლის შესახებ ამბობდა:

 
„პოლის სიმღერებთან შედარებით, რომლებიც უფრო რეალობასთან ახლოს იყო, ჯონს ჰქონდა ფსიქოდელიური, თითქმის მისტიკური თვისებები ... ჯონის ფანტაზია მის ნამუშევრებში ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის – 'მანდარინის ხეები', 'მარმელადის ცა', 'ცელოფნის ხეები' ... მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ იგი იყო სმენითი სალვადორ დალი, ვიდრე უბრალოდ ნარკოტიკებით არსებული შემსრულებელი. მეორე მხრივ, სულელური იქნება, თუკი განვაცხადებ, რომ ნარკოტიკებს იმ პერიოდში The Beatles-ის ცხოვრებაში უხვად ფიგურირება არ ჰქონიათ ... იცოდნენ, რომ მე, დირექტორის როლში, ამას არ ვეთანხმებოდი ... არა მხოლოდ თავად არ მქონია ინტერესი, არც აუცილებლობას ვხედავდი და უეჭველია, მეც რომ მომეწია, Pepper არასოდეს იქნებოდა ისეთი ალბომი, როგორიც არის. შესაძლოა, ეს სწორედ მარიხუანის არგამოყენებისა და გამოყენების შერწყმამ იმოქმედა, ვინ იცის?[324]

ჰარისონი მარტინის, როგორც სტაბილიზატორის როლს გამოეხმაურა: „ვფიქრობ, იმ წლებში ერთად გავიზარდეთ, ის - როგორც პირდაპირი, ჩვენ - როგორც მთვარეულები, მაგრამ ყოველთვის გვერდით იყო, რათა ჩვენი შეშლილობა ამოეხსნა - კვირის გარკვეულ დღეებში საკმაოდ ავანგარდულები ვიყავით და იგი დამაკავშირებელი იყო და ამ ყველაფერს გადასცემდა ინჟინრებს და ფირზე.“[325]

სტუდიური მუშაობა

ჩაწერილი მუსიკის შესაძლებლობების გაფართოებასთან ერთად, The Beatles ახორციელებდა ტექნოლოგიის ნოვატორულ გამოყენებას და მარტინსა და მის ინჟინრებს მოუწოდა ექსპერიმენტებისკენ. შემთხვევითი შედეგების შემოქმედებითად გამოყენებისთვის, როგორიც იყო გიტარის მოულოდნელი უკუკავშირი; შუშის ბოთლის რეზონანსი; არასწორად მოთავსებული ფირი, რომელიც შებრუნებულად ტრიალებდა - ნებისმიერი ამ ელემენტებიდან მათ მუსიკას მოერგო.[326] ყოველ ახალ ალბომზე ახალი ხმების მიღების სურვილი, რომელსაც დაემატა მარტინის არანჟირების შესაძლებლობები და EMI-ს სტუდიური ექსპერტები, როგორებიც იყვნენ ინჟინრები ნორმან სმითი, კენ ტაუნსენდი და ჯეფ ემერიკი, მნიშვნელოვან წვლილად იქცა მათ ჩანაწერებში, Rubber Soul-იდან და, განსაკუთრებით Revolver-იდან მოყოლებული შემდგომი ალბომების ჩათვლით.[326] ნოვატორული სტუდიური ტექნიკის, როგორიც იყო ხმოვანი ეფექტები; მიკროფონების არასტანდარტული განთავსების, ფირების ყულფების, ორმაგი ტრეკინგის და სხვადასხვა სიჩქარის გამოყენების პარალელურად, The Beatles-მა გაამდიდრა სიმღერები ისეთი ინსტრუმენტებით, რომლებიც როკ-მუსიკაში არატიპიური იყო. მათ შორის იყო სიმებიანი და სასულე, ისევე, როგორც ინდური ინსტრუმენტები, მაგალითად, სიტარა „Norwegian Wood“-ში და სვარმანდალი „Strawberry Fields Forever“-ში.[327] მათ აგრეთვე გამოიყენეს ადრეული ელექტრონული ინსტრუმენტები, როგორიც იყო მელოტრონი, რომლითაც მაკ-კარტნიმ შექმნა ფლეიტის ხმები „Strawberry Fields“-ის შესავალში[328], და კლავიოლინი, ელექტრონული ფორტეპიანო, რომელმაც შექმნა არატიპიური, ჰობოის მსგავსი ჟღერადობა „Baby, You're a Rich Man“-ში.[329]

მემკვიდრეობა

Rolling Stone-ის მთავარი რედაქტორის ყოფილი თანაშემწე რობერტ გრინფილდი The Beatles-ს ადარებდა პიკასოს, როგორც „შემსრულებლებს, რომლებმაც თავისი დროის სირთულეები გადალახეს და გამოიგონეს რაღაც უნიკალური და ორიგინალური ...პოპულარული მუსიკის ფორმით, არავინ იქნება ამაზე რევოლუციური, შემოქმედი და გამორჩეული ...“[285] მათ არა მხოლოდ აშშ-ში ბრიტანული შემოჭრა წარმოშვეს,[330] არამედ იქცნენ მსოფლიო მასშტაბით გავლენიან ფენომენადაც.[331][nb 15]

ჯგუფის მუსიკალურმა ნოვატორობამ და კომერციულმა წარმატებამ შთააგონა მრავალი მუსიკოსი მსოფლიო მასშტაბით.[331] მრავალმა შემსრულებელმა აღიარა The Beatles-ის გავლენა და მათი სიმღერების ქავერ-ვერსიებით თავი ჩარტებში დაიმკვიდრა.[332] რადიო ეთერში ჯგუფის გამოჩენისთანავე დაიწყო ახალი ეპოქა; 1968 წელს ნიუ-იორკის რადიოსადგურ WABC-ის ხელმძღვანელმა დიჯეებს The Beatles-ამდე შექმნილი მუსიკის ტრანსლირებაც კი აუკრძალა.[333] მათი გავლენით, ალბომის ფორმატი იქცა უფრო მეტად, ვიდრე მხოლოდ რამდენიმე ჰიტის და შემავსებელი მასალის კრებულად.[334] გარდა ამისა, ჯგუფი თანამედროვე მუსიკალური ვიდეოს ნოვატორადაც ითვლება.[335] შის სტადიონზე გამართულმა შოუმ, რომლითაც დაიწყო ჯგუფის 1965 წლის ჩრდილოეთ ამერიკული ტურნე, შეკრიბა დაახლოებით 55 600 მაყურებელი[116], რაც იმ პერიოდში საკონცერტო ისტორიაში იყო ყველაზე დიდი აუდიტორია. სპიცი ამ მოვლენას აღწერს, როგორც „მნიშვნელოვან გარღვევას ... საკონცერტო ბიზნესის შესაცვლელად გადადგმულ დიდ ნაბიჯს“.[336] მათი ჩაცმულბისა და განსაკუთრებით, ვარცხნილობების იმიტირებამ, რაც იქცა აჯანყების ერთგვარ სიმბოლოდ, მსოფლიო მასშტაბით მოდაზე გავლენა მოახდინეს.[93]

გულდის თანახმად, The Beatles-ით ადამიანებმა შეცვალეს პოპულარული მუსიკის მოსმენის სტილი და საკუთარ ცხოვრებაში მისი როლი იგრძნეს. ბიტლომანური ახირებიდან მოყოლებული, ჯგუფის პოპულარობა იქცა ათწლეულის სოციოკულტურულ განსახიერებად. 1960-იანი წლების კონტრკულტურის სიმბოლოებად ქცეული The Beatles, როგორც გულდი წერს, გახდა სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ არენებზე ბოჰემიურობისა და აქტივიზმის კატალიზატორი, აამოქმედა რა ქალთა და გეების უფლებებთან, ისევე, როგორც გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოძრაობების არსებობა.[337] პიტერ ლავეზოლის თანახმად, 1966 წელს „The Beatles-ის იესოზე უფრო პოპულარობის“ განცხადების შემდეგ, ჯგუფმა იგრძნო სიმართლის თქმის მოთხოვნა და „შეთანხმებულად წამოიწყო კეთილგონიერებისა და უმაღლესი ცნობიერების შესახებ გზავნილების გავრცელება“.[338]

ჯილდოები და მიღწევები

1965 წელს დედოფალმა ელისაბედ II ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი და სტარი ბრიტანეთის იმპერიის ორდენებით დააჯილდოვა.[108] ფილმმა „დაე ასე იყოს“ (1970) ოსკარის 1971 წლის ცერემონიაზე მიიღო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისთვის.[237] The Beatles-ს მიღებული აქვს შვიდი გრემი[339] და 15 აივორ ნოველოს ჯილდო[340]. მათ ალბომებს აშშ მიღებული აქვს ექვსი ალმასი, 24 მულტი-პლატინა, 39 პლატინა და 45 ოქრო.[247][341] ბრიტანეთში ჯგუფს მიენიჭა ოთხი მულტი-პლატინა, ოთხი პლატინა, რვა ოქრო და ერთი ვერცხლი.[248] 1988 წელს The Beatles შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

როგორც მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვად ჯგუფს, The Beatles-ს გაყიდული აქვს 600 მილიონი[342][343] და (EMI-ს თანახმად) მსოფლიო მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი დისკი.[344][331][345] მათ აქვთ უფრო მეტი #1 ალბომი ბრიტანეთის ჩარტებში (15)[346] და ბრიტანეთში გაყიდული აქვთ უფრო მეტი, 21,9 მილიონი სინგლი, ვიდრე რომელიმე სხვა შემსრულებელს.[347] 2004 წელს Rolling Stone-მა The Beatles ყველა დროის უდიდეს შემსრულებლად დაასახელა.[348] ჯგუფს უკავია პირველი პოზიცია ჟურნალ ბილბორდის ყველა დროის შემსრულებლების „ცხელ ასეულში“.[349] 2012 წლისთვის ისინი ბილბორდის ცხელ ასეულში რეკორდს ფლობდნენ - 20 #1 სინგლით.[350] RIAA-ს დადასტურებით The Beatles-ს აშშ-ში გაყიდული აქვს 177 მილიონზე მეტი ჩანაწერი, უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა შემსრულებელს.[351] ჯგუფის ოთივე წევრები შეყვანილია Time-ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.[352] 2014 წელს ჯგუფს მიენიჭა გრემის ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის.[353]

დისკოგრაფია

ორიგინალური ბრიტანული ალბომები

იხილეთ აგრეთვე EP Long Tall Sally (1964) და ორმგაგი EP Magical Mystery Tour (1967), რომლებშიც შეტანილია ორიგინალურ ბრიტანულ ალბომებზე გამოუცემელი მუსიკა. როდესაც აღნიშნული ალბომები გამოვიდა CD-ებზე, ამერიკული Magical Mystery Tour CD-ზე მსოფლიო მასშტაბით გამოჩნდა, რასაც დაემატა Past Masters-ის CD გამოცემა. შესაბამისად, The Beatles-ის ნებისმიერი კომერციულად გამოშვებული სიმღერა საბოლოოდ CD ფორმატში იყო ხელმისაწვდომი.

იხილეთ აგრეთვე

სიმღერების კატალოგი

1969 წლის განმავლობაში The Beatles-ის კატალოგი თითქმის ერთპიროვნულად გამოიცემოდა Northern Songs Ltd.-ის მიერ. კომპანია 1963 წლის თებერვალში დააარსა მუსიკალურმა გამომცემელმა დიკ ჯეიმზმა, სპეციალურად ლენონისა და მაკ-კარტნისთვი, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მფლობელობაში მოგვიანებით გადავიდა სხვა შემსრულებლების სიმღერების. კომპანია ორგანიზებული იქნა ჯეიმზის და მის პარტნიორ ემანუელ სილვერის მიერ, რომელიც ფლობდა აქტივების მნიშვნელოვან წვლილს, სხვადასხვა ვერსიით - 51 % ან 50 %-ს. ლენონის წვლილი ასევე დაუდგენელია - იგი მერყეობს 19-დან 20 %-მდე, ხოლო ბრაიან ეპსტაინის წვლილი 9-10 %-ს შეადგენდა, პარალელურად ჯგუფის მენეჯმენტისა, რაშიც მას სხვა შემოსავლების 25 %-ს უხდიდნენ.[354][355][356]

1965 წელს კომპანიამ საჯარო სტატუსი შეიძინა. შეიქმნა 5 მილიონის ოდენობის წილი, საიდანაც თავდაპირველ წევრებს ეკუთვნოდა 3,75 მილიონი. ჯეიმზის და სილვერის შემოსავალი თითოეულზე შეადგინა 937 500-ს (5 მილიონის 18,75 %); ლენონის და მაკ-კარტნის თითოეულზე - 750 000-ს (15 %); ხოლო ეპსტაინის მენეჯმენტის კომპანია, NEMS Enterprises, 375 000-ს ფლობდა (7,5 %). 1.25 მილიონიდან, რომელიც გამოტანილი იქნა გასაყიდად, ჰარისონმა და სტარმა მიიღეს 40.00.[357] ამ შემოთავაზების პერიოდში ლენონმა და მაკ-კარტნიმ განაახლეს სამწლიანი საგამომცემლო კონტრაქტები და Northern Songs-ზე 1973 წლამდე დარჩნენ.[358]

ჰარისონმა The Beatles-ში შექმნილი კომპოზიციების სამართავად შექმნა Harrisongs, მაგრამ Northern Songs-თან გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი, რომელმაც კომპანიას მის მასალაზე უფლებები მიანიჭა 1968 წლის მარტის ჩათვლით - მათ შორის იყო „Taxman“ და „Within You Without You“.[359] სიმღერები, რომელთა თანაავტორად სტარი მითითებული იყო 1968 წლამდე, როგორიც იყო „What Goes On“ და „Flying“, ასევე მოხვდა Northern Songs-ის მფლობელობაში.[360] ჰარისონს კონტრაქტი Northern Songs-თან მისი ამოწურვის შემდეგ არ განუახლებია. ამის სანაცვლოდ მან გააფორმა კონტრაქტი Apple Publishing-თან და შეინარჩუნა უფლება მასალაზე, რომელიც ამის შემდგომ დაიწერა. Harrisongs ამრიგად ფლობს უფლებას The Beatles-ის უფრო გვიანდელ სიმღერებზე, როგორიც არის „While My Guitar Gently Weeps“ და „Something“. იმავე წელს სტარმა ჩამოაყალიბა Startling Music, რომელიც ფლობს უფლებას მის საავტორო კომპოზიციებზე, მაგალითად, „Don't Pass Me By“ და „Octopus's Garden“.[361][362]

1969 წლის მარტში ჯეიმზმა Northern Songs-ში საკუთარი და პარტნიორის წვლილი გაყიდა. მისი მფლობელი გახდა ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია Associated Television (ATV), დაარსებული იმპრესარიო ლიუ გრეიდის მიერ. ეს შეთანხმება The Beatles-ის წევრების ინფორმირების გარეშე გაიმართა. ჯგუფმა სცადა ლონდონის საბროკერო ფირმების კონსორციუმთან შეთანხმების გაფორმება (რომლებიც ფლობდნენ ჰოლდინგის 14 %-ს) - ამით მას სურდა მნიშვნელოვანი წვლილის კონტროლი.[363] შეთანხმება ჩაიშალა ლენონის წინააღმდეგობის გამო, რომელმაც განაცხადა: „მომბეზრდა, რომ ცხოვრებას მიფუჭებენ სიტიში სქელ უკანალებზე დამჯდარი კოსტიუმიანი მამაკაცები.“[364] მაისის ბოლომდე ATV დაეუფლა Northern Songs-ის კუთვნილების მნიშვნელოვან ნაწილს და თითქმის მთლიანად აკონტროლებდა ლენონის/მაკ-კარტნის კატალოგს, ისევე, როგორც 1973 წლამდე შექმნილ ნებისმიერ მასალას.[365] იმედგაცრუებულმა ლენონმა და მაკ-კარტნიმ ATV-ს 1969 წლის ოქტომბერში თავისი სრული აქტივები მიჰყიდეს.[366]

1981 წელს ACC-ს, ATV-ს შვილობილ კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები. მუსიკალური განყოფილების გაყიდვის მცდელობისას, როგორც ავტორები ბრაიან საუზბოლი და რუპერტ ფერი წერენ, გრეიდი დაუკავშირა მაკ-კარტნის და შესთავაზა 30 მილიონ აშშ დოლარად ATV Music-ის და Northern Songs-ის შეძენა.[367] მაკ-კარტნის 1995 წლის ინტერვიუს თანახმად, იგი შეხვდა გრეიდს და აუხსნა, რომ იგი დაინტერესებული იყო მხოლოდ Northern Songs-ის კატალოგით, თუკი გრეიდი დათანხმდებოდა ATV Music-ის ამ ქვედანაყოფის „განცალკევებაზე“. მოგვიანებით გრეიდმა შესთავაზა Northern Songs-ის 20 მილიონად შეძენა და The Beatles-ის ყოფილ წევრს ფიქრისთვის მისცა „დაახლოებით კვირა“. მაკ-კარტნის თქმით, მან და ონომ თითოეულმა შესთავაზეს 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი, მაგრამ გრეიდმა უარი განაცხადა.[368] ამ პერიოდში ამბობდნენ რომ გრეიდმა საბოლოოდ Northern Songs-ის ცალკე განხილვაზე და მაკ-კარტნისგან/ონოსგან ATV Music-ისთვის 21-25 მილიონი ფუნტის ოდენობის შემოთავაზე უარი თქვა. 1982 წელს ACC 60 მილიონ ფუნტად მთლიანად შეიძინა ავსტრალიურმა Robert Holmes à Court-მა.[369]

სამი წლის შემდეგ მაიკლ ჯექსონმა ATV, როგორც ამბობდნენ, 47,5 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. ამით მან მიიღო უფლება The Beatles-ის 200-ზე მეტი სიმღერის გამოცემაზე, ისევე, როგორც 40 000 სხვა საავტორო უფლებაზე.[370] 1995 წელს, საქმიანი გარიგების ფარგლებში, რომელმაც მას, როგორც ამბობდნენ, 110 მილიონი დოლარი მოუტანა, ჯექსონმა მუსიკალური გამომცემლობა გააერთიანა Sony-სთან და ჩამოაყალიბა ახალი კომპანია Sony/ATV Music Publishing, რომელშიც აქტივების 50 %-ს ფლობდა.[371]

მიუხედავად იმისა, რომ არ ფლობდნენ საკუთარი სიმღერების უმეტესობაზე საავტორო უფლებებს, ლენონის და მაკ-კარტნის საქმეების მმართველები კვლავაც იღებდნენ შემოსავალს სიმღერების გაყიდვებიდან, როგორც სიმღერების ავტორები. ეს შემოსავალი აშშ-ში ჯამური კომერციული შემოსავლების 33⅓ %-ს შეადგენს, ხოლო მსოფლიოში 50-დან 55 %-მდე მერყეობს.[372] სანამ ჯგუფი ჯეიმზთან კონტრაქტს გააფორმებდა, ლენონის ორი ადრეული სიმღერა, „Love Me Do“ და „P.S. I Love You“ გამოსცა EMI-ს ფილიალმა, Ardmore & Beechwood-მა. მაკ-კარტნიმ საგამომცემლო უფლებები Ardmore-ისგან მიიღო 1980-იან წლებში[373]. ეს არის The Beatles-ის მხოლოდ ორი სიმღერა, რომელსაც ფლობს მაკ-კარტნის კომპანია MPL Communications.[374]

შენიშვნები

  1. Tony Sheridan & the Beat Brothers-ის სახელით გამოცემული სინგლი „My Bonnie“, ჩაწერილი 1961 წლის ივნისში და გამოცემული ოთხი თვის თავზე, მოხვდა Musikmarkt-ის ჩარტის 32-ე პოზიციაზე.[26]
  2. 1962 წლის დასაწყისიდან შუა თვეებამდე ესპტაინმა The Beatles გაათავისუფლა Bert Kaempfert Productions-თან საკონტრაქტო ვალდებულებებისგან. ჯგუფი კონტრაქტისგან გათავისუფლდა ჰამბურგში უკანასკნელი ხმისჩამწერი სესიის სანაცვლოდ.[32]
  3. მარტინი თავდაპირველად ჯგუფის სადებიუტო გრამფირფიტის ჩაწერას კლუბში Cavern აპირებდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ შენობის აკუსტიკა არ იყო ადეკვატური და ჩაიფიქრა „საკონცერტო ალბომის“ მინიმალური პროდიუსერული შრომით მიღება, „ები-როუდზე ერთი მარათონული სესიის შედეგად“.[46]
  4. ჯგუფმა ბრიტანეთში წლის პირველ ნახევარში სამჯერ იმოგზაურა. ოთხკვირიანი ტურნე დაიწყო თებერვალში. ეს იყო The Beatles-ის პირველი ეროვნული ტურნე, რომელსაც მოჰყვა სამკვირიანი ტურნეები მარტში და მაისში-ივნისში.[55]
  5. მიუხედავად იმისა, რომ The Beatles ამ ტურნეს დროს წამყვანი კოლექტივი არ იყო, თებერვლის გამოსვლებისას მათმა პოპულარობამ დაჩრდილა ამერიკელები ტომი რო და კრის მონტესი. მან გამოიწვია უმაღლესი სარეკლამო ხელშეწყობა, „მაყურებლის თხოვნით“, როგორც ლუისონი წერს. ეს იყო ბრიტანული ჯგუფების ისტორიაში მანამდე არარსებული მოვლენა.[57] მისი ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება იყო ენთუზიაზმით აღსავსე მყვირალა მსმენელების ბრბოები. მსგავს რეაქციებს პუბლიკის მხრიდან ადგილი ჰქონდა, როდესაც მაისში-ივნისში The Beatles როი ორბისონის ტურნეში მხარდამჭერი ჯგუფის სახით გამოდიოდა.[58]
  6. ნოემბრის ბოლოს EMI-მ გამოსცა With the Beatles, სარეკორდო წინასწარი შეკვეთების საფუძველზე, რომლებმაც 270.000 ასლი შეადგინეს. ალბომი ერთ კვირაში 500 ათასი გრამფირფიტის სახით გაიყიდა.[65]
  7. EMI-მ ჩვეული პრაქტიკა შეცვალა და ალბომი გამოსცა სინგლის, ამ შემთხვევაში - „I Want to Hold Your Hand“-ის წინ. ამრიგად სიმღერის გამოცემა გამორიცხავდა სინგლის ხარჯზე ალბომის წარმატებულ გაყიდვას.[69]
  8. ფორმატზე სრული კონტროლის დასამყარებლად, Capitol-მა მასალის გამოცემა დაიწყო 1963 წლის დეკემბერში,[73] შეადგინა რა ჯგუფის ჩანაწერებისგან განსხვავებული აშშ ალბომები და საკუთარი გემოვნებით შეარჩია სინგლების სახით გამოსაცემი სიმღერები.[75]
  9. ჰარისონის 12 სიმიანი იქცა რობერტ მაკ-გუინის შთაგონებად, რომელმაც საკუთარი Rickenbacker შეიძინა და მისი მეშვეობით ჩამოაყალიბა The Byrds-ის ცნობილი ჟღერადობა.[89]
  10. იმავე კვირაში, 1964 წლის აპრილში, The Beatles-ის მესამე ამერიკული გრამფირფიტა დაემატა მანამდე არსებულებს; სამიდან ორი მოხვდა ბილბორდის ჩარტის სათავეებში, მესამე მეორე პოზიციამდე ავიდა.[91]
  11. სტარი დროებით მოხვდა საავადმყოფოში, ტონზილექტომიის შემდეგ. იგი დასარტყმელი საკრავებზე რამდენიმე დღით ჯიმი ნიკოლმა შეცვალა.[95]
  12. სექტემბერში The Beatles-მა უარი თქვა ფლორიდაში დაკვრაზე, სანამ ადგილობრივმა პრომოუტერმა არ დაარწმუნა, რომ მაყურებელი არ იქნებოდა რასობრივად დაყოფილი.[100]
  13. სექტემბერში ამერიკული ტელეარხების ეთერში შაბათობით დაიწყო ანიმაციური სერიალის „The Beatles“ ჩვენება.[120]
  14. ჯგუფის წევრებმა წარუმატებლად სცადეს 1977 წელს Live! at the Star-Club in Hamburg, Germany; 1962-ის გამოცემის დაბლოკვა. დამოუკიდებლად გამოცემულ ამ ალბომში გაერთიანებული იქნა ჯგუფის ჰამბურგის პერიოდის საკონცერტო ჩანაწერები, ჩაწერილი ჩვეულებრივ ხმისჩამწერ მოწყობილობაზე ერთი მიკროფონის მეშვეობით.[251]
  15. 1920-იანი წლებიდან აშშ დომინირებდა პოპულარული კულტურის მხრივ მსოფლიოში, ჰოლივუდის ფილმებით, ჯაზით, ბროდვეის მუსიკით, Tin Pan Alley-თ და მოგვიანებით როკ-ენ-როლით რომელიც პირველად წარმოიშვა მემფისში (ტენესი).[270]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. უნტერბერგერი, რიჩი. The Beatles AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 5 ივლისი 2013.
  2. AMG ბიოგრაფია
  3. სპიცი 2005, pp. 47–52.
  4. სპიცი 2005, pp. 93–99.
  5. მაილზი 1997, p. 47.
  6. ლუისონი 1992, p. 13.
  7. ჰარი 2000a, p. 103.
  8. ლუისონი 1992, p. 17.
  9. ჰარი 2000b, pp. 742–743.
  10. ლუისონი 1992, p. 18.
  11. ლუისონი 1992, pp. 18–22.
  12. ლუისონი 1992, pp. 21–25.
  13. ლუისონი 1992, p. 22.
  14. ლუისონი 1992, p. 23.
  15. ლუისონი 1992, pp. 24, 33.
  16. გულდი 2007, p. 88.
  17. ლუისონი 1992, p. 24.
  18. ლუისონი 1992, pp. 24–25.
  19. ლუისონი 1992, p. 25.
  20. სპიცი 2005, pp. 222–224.
  21. მაილზი 1997, pp. 66–67.
  22. ლუისონი 1992, p. 32.
  23. მაილზი 1997, p. 76.
  24. გულდი 2007, pp. 89, 94.
  25. სპიცი 2005, pp. 249–251.
  26. ევერეტი 2001, p. 100.
  27. ლუისონი 1992, p. 33.
  28. მაილზი 1997, pp. 84–87.
  29. ლუისონი 1992, pp. 34–35.
  30. მაილზი 1997, pp. 84–88.
  31. 31.0 31.1 31.2 The Beatles 2000, p. 67.
  32. უინი 2008, p. 10.
  33. 33.0 33.1 ლუისონი 1992, p. 56.
  34. 34.0 34.1 34.2 34.3 ლუისონი 1992, p. 59.
  35. სპიცი 2005, pp. 318, 322.
  36. მაილზი 1998, pp. 49–50.
  37. ლუისონი 1992, pp. 59–60.
  38. ლუისონი 1992, pp. 81, 355.
  39. ლუისონი 1992, pp. 62, 84.
  40. ჰარი 2000a, p. 875.
  41. ლუისონი 1992, pp. 62, 86.
  42. გულდი 2007, p. 191.
  43. ჰარი 2000a, p. 494.
  44. გულდი 2007, pp. 128, 133–134.
  45. უომეკი 2007, p. 76.
  46. 46.0 46.1 გულდი 2007, p. 147.
  47. ლუისონი 1992, pp. 88, 351.
  48. ერლეუაინი 2009a.
  49. შეფი 1981, p. 129.
  50. ლუისონი 1992, pp. 90, 351.
  51. ლუისონი 1992, pp. 89, 350–351.
  52. გულდი 2007, p. 159.
  53. ჰარი 2000a, p. 990.
  54. გულდი 2007, pp. 166–169.
  55. ლუისონი 1992, pp. 90, 98–105, 109–112.
  56. სპიცი 2005, pp. 444–445.
  57. ლუისონი 1992, p. 88.
  58. ლუისონი 1992, p. 90.
  59. მაილზი 1998, p. 86.
  60. ჰარი 2000a, p. 1088.
  61. ლუისონი 1992, pp. 92–93.
  62. ლუისონი 1992, pp. 127–133.
  63. დეივისი 1968, pp. 184–185.
  64. ლუისონი 1992, pp. 90, 92, 100.
  65. ლუისონი 1992, p. 93.
  66. 66.0 66.1 გულდი 2007, p. 187.
  67. ჰარი 2000a, p. 1161.
  68. ერლეუაინი 2009b.
  69. გულდი 2007, pp. 187–188.
  70. ჰარი 2000a, p. 1162.
  71. ჰარი 2000b, p. 978.
  72. ჰარი 2000a, p. 402.
  73. 73.0 73.1 73.2 ლუისონი 1992, p. 350.
  74. ჰარი 2000a, pp. 225–226, 228, 1118–1122.
  75. გულდი 2007, pp. 295–296.
  76. ევერეტი 2001, p. 206.
  77. ლუისონი 1992, pp. 136, 350.
  78. სპიცი 2005, p. 457.
  79. სპიცი 2005, p. 459.
  80. 80.0 80.1 ლუისონი 1992, p. 137.
  81. გულდი 2007, p. 3.
  82. სპიცი 2005, pp. 473–474.
  83. ჰარი 2000a, pp. 1134–1135.
  84. ლუისონი 1992, pp. 137, 146–147.
  85. ჰარი 2000a, pp. 483–484.
  86. გულდი 2007, pp. 230–232.
  87. ჰარი 2000a, pp. 489–490.
  88. ერლეუაინი 2009c.
  89. 89.0 89.1 გულდი 2007, pp. 286–287.
  90. ლუისონი 1992, p. 138.
  91. 91.0 91.1 ლუისონი 1992, p. 351.
  92. გულდი 2007, pp. 9, 250, 285.
  93. 93.0 93.1 გულდი 2007, p. 345.
  94. ლუისონი 1992, pp. 161–165.
  95. ლუისონი 1992, pp. 160–161, 163.
  96. 96.0 96.1 გულდი 2007, p. 249.
  97. გულდი 2007, p. 252.
  98. მაილზი 1997, p. 185.
  99. 99.0 99.1 99.2 გულდი 2007, pp. 252–253.
  100. ლუისონი 1992, p. 171.
  101. გულდი 2007, pp. 255–56.
  102. ლუისონი 1992, pp. 167–176.
  103. 103.0 103.1 გულდი 2007, pp. 255–256.
  104. გულდი 2007, p. 256.
  105. გულდი 2007, p. 316.
  106. გულდი 2007, p. 317.
  107. ბრაუნი & გეინზი 2002, p. 228.
  108. 108.0 108.1 სპიცი 2005, p. 556.
  109. სპიცი 2005, p. 557.
  110. გულდი 2007, p. 275.
  111. გულდი 2007, p. 274.
  112. გულდი 2007, pp. 276–277.
  113. გულდი 2007, pp. 276–280.
  114. გულდი 2007, pp. 290–292.
  115. გინესის მსოფლიო რეკორდები.
  116. 116.0 116.1 ლუისონი 1992, p. 181.
  117. ემერსონი 2009.
  118. ჰარი 2000a, pp. 882–883.
  119. გულდი 2007, pp. 283–284.
  120. მაკ-ნილი 1996, p. 82.
  121. 121.0 121.1 უნტერბერგერი 2009b.
  122. ლუისონი 1992, p. 202.
  123. ბრაუნი & გეინზი 2002, pp. 181–182.
  124. ბრაუნი & გეინზი 2002, p. 182.
  125. 125.0 125.1 125.2 The Beatles 2000, p. 194.
  126. გულდი 2007, pp. 297–298, 423.
  127. სპიცი 2005, pp. 584–592.
  128. მაილზი 1997, pp. 268, 276, 278–279.
  129. სპიცი 2005, p. 587.
  130. სპიცი 2005, p. 591.
  131. The Beatles 2000, p. 197.
  132. ჰარი 2000b, p. 780.
  133. 133.0 133.1 133.2 133.3 Rolling Stone 2003.
  134. უნტერბერგერი 2009a.
  135. ჰარი 2000a, p. 1187.
  136. გეფნი 2004.
  137. სპიცი 2005, p. 619.
  138. სპიცი 2005, p. 620.
  139. სპიცი 2005, p. 623.
  140. ლავეზოლი 2006, p. 177.
  141. 141.0 141.1 ლუისონი 1992, pp. 212–213.
  142. გულდი 2007, pp. 307–9.
  143. ნორმანი 2008, p. 449.
  144. 144.0 144.1 გულდი 2007, p. 346.
  145. ჰარი 2000a, p. 1093.
  146. ლუისონი 1992, pp. 210, 230.
  147. 147.0 147.1 147.2 გულდი 2007, p. 348.
  148. პლაგენჰოფი 2009.
  149. 149.0 149.1 ლუისონი 1992, pp. 350–351.
  150. აუსტერლიცი 2007, p. 18.
  151. ლუისონი 1992, pp. 221–222.
  152. გულდი 2007, pp. 364–366.
  153. გულდი 2007, pp. 350, 402.
  154. ლუისონი 1992, p. 224.
  155. ლუისონი 1992, pp. 361–365.
  156. ინგემი 2006, p. 44.
  157. მაილზი 1997, pp. 293–295.
  158. გულდი 2007, pp. 5–6, 249, 281, 347.
  159. ლუისონი 1992, p. 232.
  160. ემერიკი & მეისი 2006, p. 190.
  161. 161.0 161.1 გულდი 2007, pp. 387–388.
  162. მაკდონალდი 2005, p. 221.
  163. მაკდონალდი 2005, p. 220.
  164. 164.0 164.1 ჰარი 2000a, p. 970.
  165. გეინზი 1986, p. 177.
  166. BBC News Online 2004.
  167. გულდი 2007, pp. 420–425.
  168. გულდი 2007, p. 418.
  169. ლუისონი 1992, p. 236.
  170. ინგლისი 2008, p. 96.
  171. 171.0 171.1 171.2 გულდი 2007, pp. 423–425.
  172. გულდი 2007, pp. 394–95.
  173. მაკდონალდი 2005, p. 312.
  174. The Beatles 2000, p. 248.
  175. The Beatles 2000, p. 236.
  176. ჰარისი 2005, pp. 12–13.
  177. ლუისონი 1992, pp. 237, 259–260.
  178. გულდი 2007, pp. 428–429.
  179. სპიცი 2005, pp. 709, 713–719.
  180. ბრაუნი & გეინზი 2002, p. 249.
  181. ბრაუნი & გეინზი 2002, pp. 227–228.
  182. The Beatles 2000, p. 268.
  183. გულდი 2007, p. 452.
  184. უნტერბერგერი 2009c.
  185. ჰარი 2000a, p. 699.
  186. 186.0 186.1 გულდი 2007, pp. 455–456.
  187. ჰარი 2000a, p. 703.
  188. გულდი 2007, p. 485.
  189. გულდი 2007, pp. 487, 505–506.
  190. 190.0 190.1 ლუისონი 1992, pp. 304, 350.
  191. გულდი 2007, pp. 510–511.
  192. გულდი 2007, p. 510.
  193. 193.0 193.1 193.2 ჰარი 2000a, pp. 705–706.
  194. ჰარი 2000a, pp. 108–109.
  195. 195.0 195.1 გულდი 2007, pp. 463–468.
  196. ლუისონი 1992, pp. 283–304.
  197. უინი 2009, pp. 205–207.
  198. გულდი 2007, pp. 513, 516.
  199. ემერიკი & მეისი 2006, p. 246.
  200. ჰარი 2000b, p. 103.
  201. გულდი 2007, p. 509.
  202. The Beatles 2000, p. 310.
  203. The Beatles 2000, p. 237.
  204. ჰარი 2000b, p. 102.
  205. ლუისონი 1992, p. 278.
  206. გულდი 2007, p. 470.
  207. 207.0 207.1 გულდი 2007, p. 528.
  208. რიჩარდსონი 2009.
  209. 209.0 209.1 ერლეუაინი 2009d.
  210. უნტერბერგერი & ედერ 2009.
  211. 211.0 211.1 211.2 ჰარი 2000b, p. 539.
  212. ლუისონი 1992, p. 306–307.
  213. ლუისონი 1992, p. 310.
  214. ლუისონი 1992, p. 307.
  215. ლუისონი 1992, pp. 306–307, 309.
  216. ლუისონი 1992, pp. 309–314.
  217. ჰარი 2000a, pp. 451, 660.
  218. ლუისონი 1992, pp. 307–308, 312.
  219. ლუისონი 1992, pp. 309, 316–323.
  220. ჰარი 2000a, p. 612.
  221. ლუისონი 1992, p. 322.
  222. გულდი 2007, p. 560.
  223. ლუისონი 1992, p. 324.
  224. 224.0 224.1 გულდი 2007, p. 563.
  225. ლუისონი 1988, p. 191.
  226. ნორმანი 2008, pp. 622–624.
  227. 227.0 227.1 გულდი 2007, p. 593.
  228. მაილზი 1997, p. 553.
  229. უნტერბერგერი 2009d.
  230. მაკდონალდი 2005, p. 367.
  231. ემერიკი & მეისი 2006, pp. 277–278.
  232. ლუისონი 1992, p. 342.
  233. ლუისონი 1992, pp. 342–343.
  234. 234.0 234.1 ლუისონი 1992, p. 349.
  235. ჰარი 2000a, p. 682.
  236. სპიცი 2005, p. 853.
  237. 237.0 237.1 საუზოლი & პერი 2006, p. 96.
  238. გულდი 2007, p. 600.
  239. გულდი 2007, p. 601.
  240. უნტერბერგერი 2009e.
  241. ჰარი 2002, p. 139.
  242. ჰარი 2002, p. 150.
  243. გულდი 2007, pp. 601–604.
  244. გულდი 2007, pp. 603–604.
  245. სენდფორდი 2006, pp. 227–229.
  246. ინგემი 2006, p. 69.
  247. 247.0 247.1 RIAA 2009b.
  248. 248.0 248.1 ბრიტანეთის ფონოგრაფული ინდუსტრია 2009.
  249. საუზოლი & პერი 2006, p. 109.
  250. 250.0 250.1 ინგემი 2006, pp. 66, 69.
  251. ჰარი 2000a, pp. 124–126.
  252. საუზოლი & პერი 2006, pp. 109–110.
  253. როდრიგესი 2010, pp. 306–307.
  254. 254.0 254.1 ინგემი 2006, pp. 66–67.
  255. ინგემი 2006, p. 66.
  256. ბედმენი 1999, p. 284.
  257. ჰარი 2002, pp. 412–413.
  258. დოგეტი 2009, p. 292.
  259. 259.0 259.1 EMI & 7 აპრილი 2009.
  260. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი 2009.
  261. 261.0 261.1 ჰარი 2002, p. 753.
  262. კოზინი 1989.
  263. ჰარი 2002, p. 192.
  264. ჰარი 2000a, pp. 661–663.
  265. ჰარი 2000a, pp. 110–111.
  266. ჰარი 2000a, pp. 111–112, 428, 907–908.
  267. ჰარი 2000a, pp. 111–112.
  268. დოგეტი 2009, p. 342.
  269. CNN.com 2000.
  270. 270.0 270.1 გულდი 2007, p. 9.
  271. საუზოლი & პერი 2006, p. 204.
  272. ლუისი 2009.
  273. ლევინი 2009.
  274. The Smoking Gun 2001.
  275. BBC News Online 2001.
  276. ჰარი 2003, p. 119.
  277. ჰარი 2003, pp. 138–139.
  278. ჰურვიცი 2004.
  279. უომეკი 2007, p. 100.
  280. NME 2006.
  281. კოლეტ-უაიტი 2008.
  282. ლუსტიგი 2009.
  283. ეკლსტონი 2009.
  284. კოლეტ-უაიტი 2009.
  285. 285.0 285.1 გროსი 2009.
  286. მერტენსი 2009.
  287. ლა მონიკა 2005.
  288. კეპლანი 2008.
  289. ესუოდი 2010.
  290. CMU 2012.
  291. ლუისი 2012.
  292. ბრაუნი, მარკ (12 დეკემბერი 2013). „იყიდება The Beatles: საავტორო უფლებების კანონი Apple-ს აიძულებს 59 სიმღერის გამოცემას“. The Guardian. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი 2013.
  293. ნოპერი, სტივ. (17 დეკემბერი 2013) The Beatles აოცებს Beatles Bootleg Recordings 1963-ის გამოცემით. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი 2013.
  294. პოლ მაკ-კარტნი და რინგო სტარი გრემის ერთ სცენაზე იშვიათი გამოსვლისას, Rolling Stone, 26 იანვარი 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 23 მაისი 2014.
  295. გრემის The Beatles-ის სპეციალური გადაცემა ეთერში გავა 2014 წლის 9 თებერვალს, გრემის ჯილდოს საიტი, 13 ნოემბერი 2013
  296. დევიდ ლეტერმენი გადაცემისთვის Grammy Salute to the Beatles პოლ მაკ-კარტნის და რინგო სტარს გაესაუბრება, კლივლენდი, Plain Dealer, 7 თებერვალი, 2014
  297. ჰარი 2000a, pp. 140, 660, 856–858, 881.
  298. ჰარი 2000a, p. 660.
  299. ჰარი 2000a, p. 881.
  300. ჰარი 2000a, pp. 289, 526, 830.
  301. სპიცი 2005, pp. 111, 123, 131, 133.
  302. ჰარი 2000a, pp. 99, 217, 357, 1195.
  303. გულდი 2007, pp. 333–335, 359.
  304. ლავეზოლი 2006, pp. 147, 150, 162, 169.
  305. მაკ-კიგინი 2009.
  306. ლავეზოლი 2006, pp. 147, 165, 177.
  307. მერსიბიტი | აღსანიშნავი ალბომები, შემსრულებლები და სიმღერები | AllMusic
  308. გულდი 2007, pp. 30–32, 100–107.
  309. გულდი 2007, p. 255.
  310. გულდი 2007, p. 296.
  311. გულდი 2007, p. 278.
  312. გულდი 2007, p. 402.
  313. სტრონგი 2004, p. 108.
  314. გულდი 2007, pp. 406, 462–463.
  315. კემპბელი 2008, p. 196.
  316. ბენსონი 2003, p. 43.
  317. პედლერი 2003, p. 256.
  318. ჰარი 2000a, p. 721.
  319. გულდი 2007, p. 121, 290.
  320. მაკდონალდი 2005, p. 158.
  321. გულდი 2007, p. 290.
  322. გულდი 2007, pp. 382, 405, 409, 443, 584.
  323. მაკდონალდი 2005, p. 238.
  324. მარტინი 1979, pp. 205–206.
  325. ჰარი 2003, p. 264.
  326. 326.0 326.1 ჰერტსგაარდი 1995, p. 103.
  327. მაკდონალდი 2005, p. 212.
  328. მაკდონალდი 2005, p. 219.
  329. მაკდონალდი 2005, p. 259.
  330. ევერეტი 1999, p. 277.
  331. 331.0 331.1 331.2 გულდი 2007, p. 8.
  332. BBC რადიო 2 2009.
  333. ფიშერი 2007, p. 198.
  334. ევერეტი 1999, p. 91.
  335. სპიცი 2005, pp. 609–610.
  336. სპიცი 2005, pp. 576–578.
  337. გულდი 2007, pp. 8–9.
  338. ლავეზოლი 2006, p. 176.
  339. Grammy.com.
  340. ჰარი 2000a, pp. 559–560.
  341. RIAA 2009c.
  342. ავტორები, CNNMoney.com (9 სექტემბერი 2009). „The Beatles-ის რემასტერების ყუთი, ვიდეო თამაშის გამოსვლა“. CNNMoney.com. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი 2011.
  343. ჰოტენი, რასელ (4 ოქტომბერი 2012). „50 წლის The Beatles: არაჩვეულებრივი ოთხეულიდან არაჩვეულებრივ სიმდიდრემდე“. BBC News. ციტირების თარიღი: 28 იანვარი 2013.
  344. გინესი 2012.
  345. საუზოლი & პერი 2006, p. 158.
  346. გლენი 2012.
  347. ჩარტების ოფიციალური კომპანია 2012.
  348. კოსტელო 2004.
  349. ბილბორდი 2008a.
  350. ბილბორდი 2008b.
  351. RIAA 2009a.
  352. ლოდერი 1998.
  353. პოლ მაკ-კარტნი და რინგო სტარი გრემის ერთ სცენაზე იშვიათი გამოსვლისას. RollingStone.com (26 იანვარი 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 30 იანვარი 2014.
  354. საუზოლი & პერი 2006, pp. 15–17.
  355. ნორმანი 1996, pp. 169–71, 368–369.
  356. ბრაუნი & გეინზი 2002, p. 178.
  357. საუზოლი & პერი 2006, pp. 37–38.
  358. საუზოლი & პერი 2006, p. 42.
  359. საუზოლი & პერი 2006, p. 45.
  360. საუზოლი & პერი 2006, pp. 46–47.
  361. საუზოლი & პერი 2006, pp. 60–61.
  362. მაკდონალდი 2005, p. 351.
  363. ნორმანი 1996, pp. 369–372.
  364. ნორმანი 1996, p. 372.
  365. მაილზი 1998, p. 296.
  366. ევერეტი 1999, p. 236.
  367. საუზოლი & პერი 2006, p. 129.
  368. საუზოლი & პერი 2006, p. 130.
  369. საუზოლი & პერი 2006, pp. 130, 139.
  370. საუზოლი & პერი 2006, pp. 140, 174, 176.
  371. საუზოლი & პერი 2006, p. 198.
  372. საუზოლი & პერი 2006, p. 195.
  373. საუზოლი & პერი 2006, pp. 192–193.
  374. ჰარი 2002, p. 536.

წყაროები

ლიტერატურა


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Beatles&oldid=4720042“-დან