ჯორჯ ჰარისონი[nb 1] (დ. 25 თებერვალი, 1943 — გ, 29 ნოემბერი, 2001) — ინგლისელი მუსიკოსი, მულტი ინსტრუმენტალისტი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, აგრეთვე მუსიკალური და კინო პროდიუსერი, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა, როგორც ჯგუფ The Beatles-ის წამყვანმა გიტარისტმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის სიმღერების ძირითადი ავტორები იყვნენ ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, 1965 წლიდან The Beatles-ის ალბომების უმეტესობაში შეტანილი იყო ჰარისონის სულ მცირე, ორი საავტორო კომპოზიცია. მის მიერ ჯგუფისთვის დაიწერა „Taxman“, „Within You Without You“, „While My Guitar Gently Weeps“, „Here Comes the Sun“ და „Something“, აქედან უკანასკნელი იქცა The Beatles-ის შემოქმედებიდან სხვა შემსრულებლების მიერ რიგით მეორე ყველაზე ხშირად შესრულებულ სიმღერად.

ჯორჯ ჰარისონი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 25 თებერვალი, 1943
დაბ. ადგილი ლივერპული
ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
გარდ. თარიღი 29 ნოემბერი, 2001 (58 წლის)
გარდ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მუსიკოსი
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მუსიკოსი და კინოპროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი
აქტიური 1958–2001
ლეიბლ(ებ)ი
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
ხელმოწერა
საიტი georgeharrison.com
ჯორჯ ჰარისონი ვიკისაწყობში

ადრეულ პერიოდში მუსიკოსზე გავლენა მოახდინეს ჯორჯ ფორმბიმ და ჯანგო რეინჰარდტმა; კარლ პერკინსმა, ჩეტ ატკინსმა, ჩაკ ბერიმ და რაი კუდერმა იქონიეს გავლენა უფრო გვიანდელ შემოქმედებაზე. 1965 წლისთის ჰარისონმა The Beatles-ის მუსიკა წაიყვანა უფრო მეტად ფოლკ-როკის მიმართულებით, ვინაიდან დაინტერესებული იყო The Byrds-ის და ბობ დილანის შემოქმედებით. ჯგუფის მელოდიებს დაემატა ინდური კლასიკური მუსიკის ჟღერადობაც - როდესაც „Norwegian Wood (This Bird Has Flown)“-ში ჰარისონმა სიტარი გამოიყენა. ჯორჯი დაინტერესებული იყო ჰარე კრიშნას მოძრაობით და იქცა ინდოეთის კულტურის და მისტიციზმის მოყვარულად, გააცნო რა ისინი The Beatles-ის სხვა წევრებს და მათ დასავლელ მსმენელებს სიმღერებში ინდური ინსტრუმენტული ფრაგმენტების დამატებით. 1970 წელს, ჯგუფის დაშლის შემდეგ, ჰარისონმა გამოსცა სამმაგი ალბომი All Things Must Pass, კრიტიკოსების მიერ აღიარებული ნაშრომი, მისი ყველაზე წარმატებული ჰიტ-სინგლით „My Sweet Lord“, და, როგორც სოლო შემსრულებელმა, ჩამოაყალიბა თავისი ცნობილი ჟღერადობა, შექმნილი სლაიდ-გიტარით. 1971 წელს მან გაუწია ორგანიზება საქველმოქმედო კონცერტს ბანგლადეშის დასახმარებლად, ინდოელ მუსიკოს რავი შანკართან ერთად (ეს მოვლენა იყო Live Aid-ის მსგავსი მასშტაბური საქველმოქმედო კონცერტების წინამორბედი). ჰარისონი აგრეთვე მუსიკალური და კინო პროდიუსერი იყო. 1974 წელს მან დააარსა ლეიბლი Dark Horse Records, ხოლო 1978 წელს იყო კინოკომპანია HandMade Films-ის თანადამაარსებელი.

როგორც სოლო შემსრულებელმა, ჰარისონმა გამოსცა რამდენიმე გაყიდვადი სინგლი და ალბომი. 1988 წელს მან, სხვა მუსიკოსებსთან ერთად, დააარსა სუპერჯგუფი Traveling Wilburys. როგორც ნაყოფიერი შემსრულებელი, მონაწილეობდა Badfinger-ის, რონი ვუდის და ბილი პრესტონის სიმღერების ჩაწერაში, თანამშრომლობდა ბობ დილანთან, ერიკ კლეპტონთან, რინგო სტართან, ტომ პეტისთან და სხვა მუსიკოსებთან. Rolling Stone-მა ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტის სიაში ჰარისონი #11 ადგილზე დაასახელა. 1988 წელს ჰარისონი, როგორც The Beatles-ის წევრი, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს, ისევე, როგორც გარდაცვალების შემდეგ, სოლო კარიერისთვის - 2004 წელს.[3]

ჰარისონის პირველი ქორწინება იყო მოდელ პატი ბოიდთან, 1966 წლიდან, რომელიც 1977 წელს დასრულდა. შემდეგ წელს მაგ ოლივია არიასთან იქორწინა, რომელთანაც ერთი შვილი, დჰანი ჰარისონი ეყოლა. ჯორჯი 2001 წელს, 58 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ჩატარდა მისი კრემაციის ცერემონია. მისი ფერფლი გაფანტე ინდოეთში, მდინარეებზე, განგზე და იამუნაზე, ინდუიზმის ტრადიციის შესაბამისად. ჰარისონის შემდეგ დარჩა დაახლოებით 100 მილიონი გირვანქის ოდენობის ქონება.

ადრეული წლები: 1943–57

რედაქტირება
 
ჰარისონის პირველი სახლი და დაბადების ადგილი - 12 Arnold Grove

დაბადებული ლივერპულში (ლანკაშირი, ინგლისი), 1943 წლის 25 თებერვალს, ჰარისონი იყო ჰაროლდ ჰარგრივზ ჰარისონის და მისი მეუღლის, ლუიზას (ქორწინებამდე - ფრენჩის) ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი.[4] ჰყავდა ერთი და, ლუიზა და ორი ძმა, ჰარი და პიტერი.[5] დედა მუშაობდა მაღაზიაში თანაშემწედ, მომდინარეობდა კათოლიკური ოჯახიდან, ირლანდიელი წინაპრებით, ხოლო მამა იყო ავტობუსის კონდუქტორი, რომელმაც მანამდე White Star Line-ში იმუშავა.[6] ჯორჯის მომავალი მეუღლი, პატი ბოიდი, ჰარისონის მშობლებს აღწერდა, როგორც "მოკძალებულებს და ძალიან ლივერპულელებს".[7] ბოიდის თანახმად, ჰარისონის დედა განსაკუთრებით გულშემატკივრობდა შვილებს: "მას მხოლოდ ის სურდა, ბედნიერები ყოფილიყვნენ და იცოდა, რომ ჯორჯს არაფერი ანიჭებდა ისეთ ბედნიერებას, როგორც მუსიკა".[7] როგორც მუსიკის მოყვარული, ლუიზაც ცნობილი იყო მძლავრი ვოკალით, რომელიც იქცევდა ჰარისონის სახლთან ავლილ-ჩავლილი ხალხის ყურადღებას.[8] ჯორჯით ფეხმძიმობისას იგი ხშირად უსმენდა ყოველკვირეულ გადაცემას Radio India. ჰარისონის ბიოგრაფი ჯოშუა გრინი წერს: "ყოველ კვირას რადიოს მომართავდა სიტარების და ტაბლების იდუმალ ჟღერადობაზე, იმ იმედით, რომ ეგზოტიკური მუსიკა საშვილოსნოში მყოფ ბავშვს დაამშვიდებდა".[9]

ჰარისონი დაიბადა და პირველი ექვსი წელი იცხოვრა უეივერტრიზე, 12 Arnold Grove-ზე - ჩიხში აშენებულ ტერასებიან სახლში.[10] ტუალეტი გარეთ იდგა. სახლში თბებოდნენ მხოლოდ პატარა ბუხრით. 1949 წელს ოჯახშს შესთავაზეს საბჭოს სახლი და ისინი გადავიდნენ 25 Upton Green-ზე, სპეკის რაიონში.[11] 1948 წელს, ხუთი წლის ასაკში, ჰარისონი დავდეილის დაწყებით სკოლაში შევიდა.[12] 11+ გამოცდის ჩაბარების შემდეგ 1954-1959 წლებში ლივერპულის ინსტიტუტის ბიჭების საშუალო სკოლაში დადიოდა.[13][14] მიუხედავად იმისა, რომ მასში არსებობდა მუსიკალური სექცია, ჰარისონს არ მოსწონდა, რომ იქ გიტარები არ ჰქონდათ. მისი აზრით, სკოლა "მოსწავლეებს აქცევდა შეშინებულებად".[15]

ადრეულ პერიოდში ჰარისონზე გავლენა მოახდინა ჯორჯ ფორმბის, კებ კალოუეის, ჯანგო რეინჰარდტის და ჰოუგი კარმაიკლის მუსიკამ.[16] 1950-იანი წლებისთვის მასზე გავლენა ჰქონდა კარლ პერკინსის და ლონი დონეგანის შემოქმედებას.[17] 1956 წელს მოხდა გარდატეხა - ველოსიპედით გასეირნებისას მან ერთ-ერთ სახლში აჟღერებული ელვის პრესლის „Heartbreak Hotel“ მოისმინა და როკ-ენ-როლით დაინტერესდა.[18] კლასში ჯდომისას, რვეულებში ხშირად ხატავდა გიტარებს. მოგვიანებით ამბობდა: "მთლიანად გიტარებით ვიყავი დაინტერესებული".[19] მისი თქმით, სლიმ უიტმენი აგრეთვე იყო ერთ-ერთ ადრეული შთაგონება: "სლიმ უიტმენი იყო პირველი ადამიანი, რომელიც გიტარით ვიხილე, იყო ეს ფოტო ჟურნალში თუ გამოსვლა ტელევიზიით. უდავოდ გიტარები მელოდნენ."[20]

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად შვილის მხრიდან მუსიკალური კარიერისადმი ინტერესისადმი ეჭვით განწყობილი იყო, 1956 წლის ბოლოს მამამ ჯორჯს უყიდა დაჩ ეგმონდის ფირმის აკუსტიკური გიტარა.[21] მამის შვილი ბიჭუნა ასწავლიდა სიმღერებს „Whispering“, "Sweet Sue" და „Dinah“. დონეგანის მუსიკის შთაგონებით ჰარისონმა ჩამოაყალიბა სკიფლ-ჯგუფი The Rebels, რომელშიც შედიოდნენ მისი ძმა, პიტერი და მეგობარი, ართურ კელი.[22] ერთხელ, გზად სკოლისკენ, ავტობუსში ჯორჯმა პოლ მაკ-კარტნი გაიცნო. ისინი დაახლოვდნენ მუსიკისადმი საერთო ინტერესით.[23]

ჰარისონი The Beatles-ის წევრად იქცა, როდესაც იგი იყო სკიფლ-ჯგუფ The Quarrymen, მაკ-კარტნის და ჯონ ლენონის მონაწილეობით. პოლმა ჯონს უამბო ჰარისონის, თავისი მეგობრის შესახებ, რომელსაც გიტარაზე „Raunchy“-ს დაკვრა შეეძლო. ჯგუფის კასტინგზე ჰარისონი მივიდა რორი სტორმის კლუბში Morgue Skiffle, სადაც დაუკრა ართურ სმითის „Guitar Boogie Shuffle“. თუმცა, ლენონი თვლიდა, რომ ჯორჯი, რომელსაც იმ პერიოდში მხოლოდ 15 წელი შეუსრულდა, ჯგუფისთვის ახალგაზრდა იყო.[24] მეორე შეხვედრა მაკ-კარტნიმ მოაწყო. აქ ჯორჯმა, ლივერპულური ავტობუსის სახურავიდან დაუკრა ინსტრუმენტული „Raunchy“ სოლო.[25] მან დაიწყო ჯგუფის წევრებთან დაახლოება და აქა-იქ გიტარის სოლოების დამატება[26], საბოლოო კი მისი წევრები გახდა.[27] მიუხედავად იმისა, რომ მამას სურდა, რომ მას განათლების მიღება გაეგრძელებინა, ჯორჯმა სკოლა 16 წლის ასაკში დატოვა და რამდენიმე თვე შეგირდად, ადგილობრივ მაღაზიაში Blacklers მუშაობდა, უმცროსი ელექტრიკოსის სახით.[28] 1960 წელს ჯგუფმა შოტლანდიაში ტურნე გამართა, რომლის ფარგლებში მუსიკოსი კარლ პერკინსის პატივსაცემად თავს კარლ ჰარისონს უწოდებდა.[29]

1960 წელს პრომოუტერმა ალან უილიამსმა ჯგუფს, რომელიც საკუთარ თავს უკვე The Beatles-ს უწოდებდა, მოუპოვა კონტრაქტი ჰამბურგში კონცერტების სერიის გამართვით, კლუბში Kaiserkeller, რომელსაც ბრუნო კოშმიდერი ფლობდა.[30] ჯორჯმა მრავალსაათიანი იმპროვიზაციით დახვეწა საკუთარი სტილი. როდესაც ჯგუფი დროებით უკრავდა ტონი შერიდანის მხარდამჭერი ბენდის სახით, უკანასკნელმა მას გიტარის რამდენიმე გაკვეთილიც ჩაუტარა. ამ პერიოდმა საფუძველი დაუდო ჯორჯის სტილს და მის მშვიდ იმიჯს.[31][32] ჰამბურგში სტუმრობა მოულოდნელად შეწყდა, როდესაც ჰარისონი, არასრულწლოვანი ასაკის და ღამის კლუბებში შესრულების გამო დეპორტირებული იქნა.[33] 1961 წლის დეკემბერში ჯგუფის მენეჯერი ბრაიან ეპსტაინი გახდა, რომელმაც ოთხეულის იმიჯი სრულყო და მათ EMI-სთან კონტრაქტი მოუპოვა.[34] ჯგუფის პირველი სინგლი, „Love Me Do“, #17 პოზიციამდე ავიდა Record Retailer-ის ჩარტში და იმ დროისთვის, როდესაც 1963 წლის დასაწყისში გამოვიდა სადებიუტო ალბომი Please Please Me, უკვე აქტიურ ფაზაში იყო ბიტლომანია.[35] მეორე ალბომში, With the Beatles (1963), მოხვდა ჯორჯის მიერ ჯგუფის ალბომებისთვის დაწერილი პირველი საავტორო სიმღერა „Don't Bother Me“.[36]

 
ჰარისონი (მესამე მარცხნიდან და ჯგუფის სხვა წევრები ნიუ-იორკში, 1964

1965 წლის Rubber Soul-ისთვის ჰარისონს ჯგუფი მიჰყავდა ფოლკ-როკის განხრითაც, ვინაიდან აინტერესებდა The Byrds-ის და ბობ დილანის შემოქმედება. მისი გავლენით The Beatles-ის მუსიკაში აგრეთვე გაჩნდა ინდური კლასიკური მუსიკის ელემენტები, რაც აისახა „Norwegian Wood (This Bird Has Flown)“-ში.[37][nb 2] მოგვიანებით ჯორჯმა Rubber Soul დაასახელა თავის საყვარელ ალბომად The Beatles-ის შემოქმედებაში.[39] Revolver (1966) შეიცავდა მის სამ კომპოზიციას - „Taxman“, „Love You To“ და „I Want to Tell You“.[40] დრონულის მსგავსი ტანპურას ჟღერადობა, რომელიც ჰარისონმა ლენონის „Tomorrow Never Knows“-ს დაამატა, ხაზს უსვამდა ჯგუფის მხრიდან არადასავლური ინსტრუმენტული არსენალის გამოყენებისადმი ინტერესს.[41] მნიშვნელოვანი იყო ტაბლას გამოყენება "Love You To"-ში.[42] მუსიკათმცოდნე დევიდ რეკი წერდა, რომ ამ სიმღერამ პოპულარულ მუსიკაში შექმნა პრეცედენტი და მაგალოთი დასავლურ კულტურაში აზიურის წარმოჩენის, ისე, რომ ეს მოხდა პატივისცემით და პაროდირების გარეშე.[43] არადასავლური ინსტრუმენტების შესწავლა გაგრძელდა მომავალშიც, როდესაც ჯორჯმა „Strawberry Fields Forever“-ში დაუკრა სვარმანდალზე.[44]

1966 წლის ბოლოსთვის ჰარისონს ნაკლებად აინტერესებდა The Beatles-თან მუშაობდა, რაც აისახა გურუს და რელიგიური წინამძღვრების ალბომის Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band გარეკანზე (1967) გამოტანით.[45][nb 3] ალბომზე მისი ერთადერთი საავტორო კომპოზიცია იყო ინდური მუსიკით შთაგონებული „Within You Without You“, რომელშიც ჯგუფის სხვა წევრებს არ დაუკრავს.[47] სიმღერაში იგი სიტარზე დ ტამბურაზე უკრავს. მას უერთდებიან აზიური მუსიკალური წრის ლონდონელი მუსიკოსები, რომლებიც უკრავენ ესრაჯზე (დილრუბა), სვარმანდალზე და ტაბლაზე. [48][nb 4] მოგვიანებით Sgt. Pepper-ს შესახებ იგი ამბობდა - „წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და მუსიკაში მიღწევა. მასში შეტანილი სიმღერების ნახევარი მომწონს, ნახევარს კი ვერ ვიტან.“[50]

1968 წლის სიმღერა „The Inner Light“ EMI-ს ბომბეურ სტუდიაში ჩაიწერა, ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით, რომლებიც ხალხურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ.[51] სიმღერა გამოვიდა მაკ-კარტნის „Lady Madonna“-ს b-მხარის სახით და ჰარისონის საავტორო ნამუშევრის The Beatles-ის სინგლზე გამოცემის იშვიათი შემთხვევა იყო.[51] სიმღერის ტექსტში ასახულია ჯორჯის დაინტერესება ინდუიზმით და ტრანსცენდენტური მედიცინით, თუმცა უფრო მეტად ინდური მუსიკის კარნატიკის სტილისტიკას მიჰყვება, ვიდრე ინდოსტანურს, როგორც ეს წინა ნამუშევრებში იყო. [52] ალბომის The Beatles იმავე წელს ჩაწერისას ჯგუფში დაძაბულობა უფრო გაიზარდა და რინგო სტარი კოლექტივიდან დროებით წავიდა.[53] მნიშვნელოვანი იყო ამ ორმაგ ალბომში ჯორჯის წვლილი - „While My Guitar Gently Weeps“ ერიკ კლეპტონის მონაწილეობით, „Piggies“, „Long, Long, Long“ და „Savoy Truffle“.[54]

გვიანდელ პერიოდში ჰარისონზე გავლენა მოახდინა ბობ დილანის და The Band-ის შემოქმედებამ.[55] 1968 წელს ვუდსტოკში იგი ბობს დაუახლოვდა და უფრო მეტად მიიზიდა The Band-ის მუსიკის შექმნის ერთობლივმა მანერამ და შემოქმედებითმა თანასწორუფლებიანობამ, რაც კონტრასტში იყო ლენონის და მაკ-კარტნის The Beatles-ში დომინირებასთან. ამას აგრეთვე დაემთხვა მის კარიერაში შემოქმედებითი აქტიურობა და ჯგუფისგან დამოუკიდებლობის მზარდი სურვილი.[56] უთანხმოებები წევრებს შორის კვლავ წარმოიშვა 1969 წლის იანვარში, ტუიკენჰემის სტუდიაში მუშაობისას, სადაც იწერდნენ მასალას, რომელიც იქცა ალბომად Let It Be და ამავე სახელწოდების ფილმად.[56] უნაყოფო მუშაობის და ზოგადად ცუდი სამუშაო პირობების, აგრეთვე მაკ-კარტნის მხრიდან დომინირების სურვილის და ლენონის როლის შესუსტების ფონზე, ჰარისონმა 10 იანვარს ჯგუფი დატოვა, მაგრამ 12 დღის შემდეგ დაბრუნდა.[57]

ურთიერთობები The Beatles-ში უფრო დათბა, თუმცა ნაწილობრივ დაძაბულიც იყო, როდესაც იწერდნენ მასალას ალბომისთვის Abbey Road (რომელიც ქრონოლიგიურად უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარი იყო, თუმცა Let It Be-მდე გამოვიდა).[58] ალბომში მოხვდა ჰარისონის ორი კომპოზიცია - „Here Comes the Sun“ და „Something“. უკანასკნელი იქცა ჯგუფის ახალი სინგლის A-მხარედ და ჰარისონის პირველ სიმღერად, რომელიც ჩარტის პირველ პოზიციაზე მოხვდა.[59] 1969 წელს იგი ფრენკ სინატრამ ჩაწერა და წინა 50 წლის უდიდესი სასიყვარულო სიმღერა უწოდა.[60] ლენონი მას Abbey Road-ის საუკეთესო სიმღერად თვლიდა. თავის მხრივ, "Something" იქცა ჯგუფის შემოქმედებიდან ყველაზე ხშირად გადამღერებულ კომპოზიციად - „Yesterday“-ს შემდეგ.[61] პიტერ ლავეზოლი: „ჰარისონმა საბოლოოდ მიაღწია თანასწორ პირობებს სიმღერების ავტორობისას...ორი კლასიკური წვლილით The Beatles-ის უკანასკნელ ალბომში.“[62]

1970 წლის აპრილში, როდესაც ჰარისონის „For You Blue“ ამერიკაში მაკ-კარტნის „The Long and Winding Road“-თან ერთად სინგლზე გამოვიდა, სიმღერა იქცა ჯგუფის ჩარტების სათავეში მოხვედრილ რიგით მეორე ორმაგ A-მხარედ, ხოლო თავად "For You Blue" - ჰარისონის მეორე #1 ჰიტად.[63] აქტიური პროდუქტიულობა და ჯგუფის მხრიდან მისი სიმღერების ალბომებში შეტანისგან თავშეკავება ნიშნავდა, რომ The Beatles-ის დაშლის დროისთვის მას დაუგროვდა მრავალი გამოუცემელი სიმღერა.[64] მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სიმღერების ავტორმა, მან საკუთარი თავი დახვეწა, The Beatles-ის ალბომებზე მისი ავტორობის სიმღერების რაოდენობა ორამდე ან სამამდე იყო შეზღუდული, რასაც მოჰყვა იმედგაცრუება. ეს იყო The Beatles-ის დაშლის ერთ-ერთი მიზეზიც.[65] უკანასკნელად ჯგუფში მან იმუშავა 1970 წლის 4 იანვარს, როდესაც მაკ-კარტნისთან და სტართან ერთად ჩაწერა საავტორო „I Me Mine“.[66]

სოლო კარიერა: 1968–87

რედაქტირება

ადრეული სოლო ნამუშევრები: 1968–69

რედაქტირება

The Beatles-ის დაშლამდე ჰარისონმა უკვე ჩაწერა და გამოსცა ორი ალბომი, Wonderwall Music და Electronic Sound, ძირითადად ინსტრუმენტული კომპოზიციებით. პირველი არის 1968 წლის ფილმის Wonderwall საუნდტრეკი და შეიცავს ინდური და დასავლურ ინსტრუმენტებზე შესრულებულ მუსიკას. მეორე არის ექსპერიმენტული დისკი, რომელშიც ძირითადად მუგის სინთეზატორი გამოიყენება.[67] 1968 წლის ნოემბერში Apple Records-ზე გამოცემული Wonderwall Music The Beatles-ის რომელიმე წევრის პირველი სოლო ალბომი იყო.[68] ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ ინდოელი მუსიკოსები ააშიშ კჰანი და შივკუმარ შარმა. აღსანიშნავია, რომ ლენონის „Revolution 9“-ის გამოჩენამდე თვეებით ადრე ამ ალბომში შევიდა ხმოვანი კოლაჟი "Dream Scene".[69]

1969 წლის დეკემბერში ჰარისონი მონაწილეობით ხანმოკლე ევროპულ ტურნეში, ჯგუფთან Delaney & Bonnie and Friends ერთად. [70] ტურნეში აგრეთვე მონაწილეობდნენ კლეპტონი, ბობი უიტლოკი, დრამერი ჯიმ გორდონი და დელეინი და ბონი ბრემლეტები. ამ პერიოდში ჰარისონმა დაწერა „My Sweet Lord“, მოგვიანებით გამოცემული, როგორც მისი სადებიუტო სოლო სინგლი.[71] დელეინიმ იგი დააინტერესა სლაიდ-გიტარით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჯორჯის უფრო გვიანდელ კარიერაზე.[72]

All Things Must Pass: 1970

რედაქტირება

The Beatles-ის ალბომებზე შეზღუდვის რამდენი წლის შემდეგ ჰარისონმა გამოსცა All Things Must Pass, სამმაგი ალბომი[73] - ორი გრამფირფიტა შედგებოდა მისი სიმღერებისგან, ხოლო მესამე მეგობრებთან ერთად ჯემინგის დროს ჩაწერილი მასალით იყო შეივსო.[64][74] ბევრი მსმენელის მიერ აღიარებული, როგორც ჯორჯის საუკეთესო ნაშრომი, იგი მოხვდა მრავალი ქვეყნის ჩარტების პირველ პოზიციებზე.[75][76][nb 5] ალბომში შეტანილია #1 ჰიტი "My Sweet Lord", ისევე, როგორც ათეულში მოხვედრილი „What Is Life“.[78] ალბომის პროდიუსერია ფილ სპექტორი, რომელიც ჩაწერის თავის ცნობილ ტექნოლოგიას, ჟღერადობის კედელს იყენებდა.[79] მონაწილე მუსიკოსებს შორის არიან რინგო სტარი, ერიკ კლეპტონი, ბილი პრესტონი, კლაუს ფორმანი, დელეინის და ბონი მეგობრების ბენდი და ჯგუფი Badfinger.[64][80][nb 6] გამოსვლისთანავე ალბომს კრიტიკოსთა მხრიდან აღიარება ხვდა წილად;[82] ბენ გერსონი, Rolling Stone-იდან, წერდა, რომ იგი იყო „სავსე კლასიკური სპექტორული პროპორციებით, ვაგნერით, ბრუკნერით, მწვერვალების მუსიკით და ფართო ჰორიზონტებით“.[83] მწერალი და მუსიკათმოცნე იენ ინგლისი სასათაურო სიმღერის ტექსტს თვლის „ადამიანის არსებობის ცვალებადობის აღიარებად...მარტივ და მახვილ შეჯამებად“ (წინა ჯგუფის მისამართით).[84] 1971 წელს Bright Tunes-მა ჰარისონს სასამართლოში საავტორო უფლებების დარღვევის გამო უჩივლა, სიმღერისთვის "My Sweet Lord", რომელიც ჟღერდა, როგორც The Chiffons-ის 1963 წლის ჰიტი „He's So Fine“.[85] 1976 წელს აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში საქმე განიხილეს და ჯორჯმა უარყო პლაგიატის ბრალდება, თუმცა საქმე წააგო, ვინაიდან მოსამართლემ ჩათვალა, რომ ჰარისონს ორიგინალური სიმღერა ქვეცნობიერად ახსოვდა.[86]

2000 წელს გამოვიდა ალბომის 30 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემა. ჯორჯი თავად მონაწილეობდა მის პრომო-კამპანიაში და სპეციალურ ინტერვიუში ისაუბრა ამ ჩანაწერის შესახებ: „ეს იყო The Beatles-ის გაგრძელება. ჩემთვის ეს იყო The Beatles-იდან თავის გაღწევა და უბრალოდ საკუთარი გეზით წასვლა...ბედნიერება.“[87] ალბომის ჩაწერის შესახებ საუბრისას მან განმარტა: „მაშინ არეკლვის ეფექტს უფრო ხშირად ვიყენებდი, ვიდრე ახლა, ახლა საერთოდ აღარ ვიყენებ. ვერ ვიტან მას...იცით, რთულია, დაუბრუნდე რამე 30 წლის თავზე და ისე იყოს, როგორიც გინდა, დღეს იყოს.“[88]

The Concert for Bangladesh: 1971

რედაქტირება

რავი შანკარის თხოვნით, ჰარისონმა გაუწია ორგანიზება კონცერტს, რომელსაც კონცერტი ბანგლადეშისთვის ერქვა. იგი 1971 წლის 1 აგვისტოს, 40.000 მაყურებლის წინაშე, ნიუ-იორკის მედისონ-სკვერ-გარდენზე გაიმართა.[89] მიზანი იყო ბანგლადეშის გამათავისუფლებელი ომის შედეგად დარჩენილი მშიერი ლტოლვილების დახმარება.[90] კონცერტი შანკარმა გახსნა, მას კი მოჰყვნენ დილანი, კლეპტონი, ლეონ რასელი, Badfinger, პრესტონი, სტარი და სხვები.[90]

სამმაგი ალბომი The Concert for Bangladesh იმავე წელს Apple Corps-მა გამოსცა. 1972 წელს გამოვიდა საკონცერტო ფილმიც. გადასახადების და საეჭვო ხარჯების გამო მოგვიანებით კონცერტიდან შემოსული თანხა შემცირდა, მაგრამ ჰარისონი ამბობდა: „კონცერტი ძირითადად, ისახავდა მიზანს, ხალხის ყურადღება მიექცია ამ პრობლემისადმი...ფული მეორეხარისხოვანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ფინანსური პრობლემები...მათ საკმაოდ მიიღეს...მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ზღვაში წვეთი. მთავარია, რომ ამაზე ინფორმაცია გავრცელდა და ომის დასრულებაში მონაწილეობა მივიღეთ.“[91] ამ მოვლენას ხშირად აღწერენ, როგორც სხვა საქველმოქმედო მარათონების წინამორბედს (როგორიც არის Live Aid).[92][nb 7]

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
შენიშვნები
  1. სხვადასხვა წყაროში მითითებულია ჰარისონის მეორე სახელი;[1] სხვა წყაროები ამას უარყოფენ, მისი დაბადების მოწმობის თანახმად.[2]
  2. ალბომში აგრეთვე შეტანილია ჰარისონის „If I Needed Someone“ და „Think for Yourself“.[38]
  3. ეს გურუები იყვნენ თვითრეალიზაციის საძმოს წევრები მაჰავატარ ბაბაჯი, ლაჰირი მაჰასაია, შრი იუკტესვარი და პარამაჰანსა იოგაჰანდა, რომლებიც ჯორჯის თხოვნით დაამატეს.[46]
  4. ჰარისონის მიერ ინდური მუსიკით ექსპერიმენტები აგრეთვე აისახა მაკ-კარტნის „Getting Better“-ში (1967) და ლენონის „Lucy in the Sky with Diamonds“-ში (1967), აგრეთვე სიტარის და ტამბურის გამოყენებით ლენონის „Across the Universe“-ში (1968).[49]
  5. 2006 წლის ივლისში აღმოჩნდა, რომ All Things Must Pass სინამდვილეში 1970 წლის #1 ბრიტანული ალბომი იყო, გაყიდვების თანახმად.[77]
  6. სესიების დასაწყისში კლეპტონმა, უიტლოკმა, გორდონმა და კარლ რედლმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი Derek and the Dominos.[81]
  7. 1971 წლის ნოემბერში ჰარისონი გამოჩნდა The Dick Cavett Show-ში, სადაც გერი რაიტის მონაწილეობით "Two-Faced Man" შეასრულა.[93]
წყაროები
  1. Everett 2001, p. 36; Giuliano და Giuliano 1998, p. 246
  2. George Harrison biography. Shawstar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 1 January 2013.
  3. 2015 Rock Hall inductees. Radio.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 16 December 2014.
  4. Miles 2001, p. 6.
  5. Harry 2000, p. 492.
  6. Harry 2000, p. 492; Leng 2006, p. 24.
  7. 7.0 7.1 Boyd 2007, p. 82.
  8. Spitz 2005, p. 120.
  9. Greene 2006, p. 2.
  10. Harrison 2002, pp. 20–21.
  11. Miles 2001, p. 7.
  12. Inglis 2010, p. xiii.
  13. Everett 2001, p. 36
  14. Greene 2006, p. 7
  15. George Harrison (2002). I, Me, Mine. Chronicle Books. 
  16. Leng 2006, pp. 302, 303–04.
  17. Rock & Roll Hall of Fame: George Harrison Biography. rockhall.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 29 October 2015.
  18. Laing, Dave. (30 November 2001) George Harrison, 1943–2001: Former Beatle George Harrison dies from cancer aged 58. The Guardian. ციტირების თარიღი: 25 December 2012.; Leng 2006, p. 302–304: Harrison's earliest musical influences.
  19. Lange 2001, p. 6.
  20. Harrison, George (2000). The Beatles Anthology. New York: Chronicle Books, გვ. 28. 
  21. Babiuk 2002, p. 17: Dutch Egmond; Boyd 2007, p. 82: His father was apprehensive about his interest in pursuing a music career.
  22. Babiuk 2002, p. 17; Everett 2001, p. 36: A friend of his father's taught Harrison some chords; Spitz 2005, p. 120; Gray, Sadie (20 July 2007). „Lives in Brief: Peter Harrison“. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 22 July 2007.(ფასიანი რეგისტრაცია)
  23. Inglis 2010, p. xiii–xiv; Miles 2001, p. 13.
  24. Spitz 2005, pp. 125–126.
  25. Miles 1997, p. 47; Spitz 2005, p. 127.
  26. Davies 2009, pp. 44–45.
  27. Lewisohn 1992, p. 13.
  28. Boyd 2007, p. 82: (secondary source); Davies 2009, p. 55: (secondary source); Harrison 2002, p. 29: (primary source).
  29. Lewisohn, Mark (2013). The Beatles: All These Years: Volume I: Tune In. New York: Crown Archetype, გვ. 309. ISBN 978-1-4000-8305-3. 
  30. Miles 1997, pp. 57–58.
  31. Laing, Dave. (30 November 2001) George Harrison 1943–2001. guardian.co.uk. ციტირების თარიღი: 2008-12-27.
  32. „George Harrison: The quiet Beatle“. BBC News. 30 November 2001. ციტირების თარიღი: 1 January 2013..
  33. Miles 2001, p. 27.
  34. Babiuk 2002, p. 59; Miles 1997, p. 84–88.
  35. Greene 2006, p. 34; Lewisohn 1992, p. 59–60.
  36. Everett 2001, p. 193.
  37. Unterberger 2002, p. 180–181; Leng 2006, p. 19; Everett 2001, p. 313–315.
  38. Womack 2007, pp. 124–125.
  39. The Beatles 2000, p. 194.
  40. Leng 2006, p. 19; Schaffner 1980, p. 75–78.
  41. Everett 1999, pp. 35–36.
  42. Everett 1999, pp. 40–42.
  43. Leng 2006, p. 22: (secondary source); Reck, D. B. (1985). „Beatles Orientalis: Influences from Asia in a Popular Song Form“. Asian Music. XVI: 83–150.: (primary source).
  44. Winn 2009, p. 74.
  45. Tillery 2011, pp. 59–60.
  46. Tillery 2011, p. 81.
  47. Everett 1999, p. 111–112; Leng 2006, p. 29–30.
  48. Lavezzoli 2006, pp. 178–179.
  49. Everett 1999, pp. 103–106, 156–158.
  50. Clayson 2003, pp. 214–215.
  51. 51.0 51.1 Tillery 2011, p. 63.
  52. Harrison 2002, p. 118; Lavezzoli 2006, p. 183; Tillery 2011, p. 87.
  53. Lewisohn 1992, pp. 295–296.
  54. Everett 1999, p. 200–202: "While My Guitar Gently Weeps"; Harry 2003, p. 254: "Long, Long, Long"; Harry 2003, p. 329: "Savoy Truffle"; Greene 2006, p. 110: "Piggies".
  55. Leng 2006, p. 52.
  56. 56.0 56.1 Leng 2006, pp. 39–52.
  57. Doggett 2009, pp. 60–63.
  58. Miles 2001, p. 354.
  59. Gould 2007, p. 576; Bronson 1992, p. 262.
  60. Fricke 2002, p. 178.
  61. Spignesi და Lewis 2009, p. 97: "Something" is the Beatles' second most covered song after "Yesterday"; Gilmore 2002, p. 39: Lennon considered "Something" the best song on Abbey Road.
  62. Lavezzoli 2006, p. 185.
  63. Bronson 1992, p. 275.
  64. 64.0 64.1 64.2 Howard 2004, pp. 36–37.
  65. George-Warren 2001, p. 413.
  66. Lewisohn 1988, p. 195.
  67. Bogdanov, Woodstra და ერლეუაინი 2002, p. 508: Electronic Sound; Lavezzoli 2006, p. 182: Wonderwall Music.
  68. Harry 2003, p. 393: Wonderwall Music as first LP released by Apple Records; Strong 2004, p. 481: Wonderwall Music as first solo album released by a Beatle.
  69. Harry 2003, p. 393: Khan and Sharma; Leng 2006, p. 49–50: "Dream Scene".
  70. Leng 2006, pp. 63–65.
  71. Leng 2006, p. 67.
  72. Leng 2006, pp. 64, 84.
  73. Schaffner 1980, p. 155.
  74. Bogdanov, Woodstra & ერლეუაინი 2002, p. 508.
  75. Bogdanov, Woodstra & ერლეუაინი 2002, p. 181.
  76. Inglis 2010, pp. xv, 23.
  77. icLiverpool – Number one for Harrison at last. icliverpool.icnetwork.co.uk. ციტირების თარიღი: 1 January 2013.
  78. Roberts 2005, p. 227.
  79. Schaffner 1978, p. 142.
  80. Leng 2006, p. 78.
  81. Leng 2006, p. 101.
  82. Frontani 2009, pp. 158, 266.
  83. Gerson, Ben. (21 January 1971) George Harrison – All Things Must Pass. ციტირების თარიღი: 25 April 2013.
  84. Inglis 2010, p. 30.
  85. Doggett 2009, pp. 147–148.
  86. Doggett 2009, pp. 251–252.
  87. Harry 2003, p. 16.
  88. Harry 2003, pp. 12–13.
  89. Concert for Bangladesh. Concertforbangladesh. ციტირების თარიღი: 1 January 2013.
  90. 90.0 90.1 Harry 2003, pp. 132–136.
  91. Doggett 2009, p. 181–206; Harry 2003, p. 132–138; Harry 2003, p. 135: "Mainly the concert was to attract attention to the situation".
  92. Harry 2003, p. 135.
  93. Harry 2003, p. 72.