ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჭიათურა.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ჭიათურის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | იმერეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | ჭიათურა | ||||
კოორდინატები | 42°17′22″ ჩ. გ. 43°17′01″ ა. გ. / 42.28944° ჩ. გ. 43.28361° ა. გ. | ||||
გამგებელი | სულხან მახათაძე | ||||
ფართობი | 542 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 39 884 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 73,52 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,56 % სომხები 0,19 % რუსები 0,13 % უკრაინელები 0,05 % ოსები 0,02 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 99,07 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://chiatura.gov.ge/ | ||||
| |||||
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე ყვირილის აუზში, უჭირავს იმერეთის მაღლობის ნაწილი. ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება საჩხერის, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით — ხარაგაულის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტები, დასავლეთით — ტყიბულის, ჩრდილო-დასავლეთით კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.
რელიეფი
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს ჭიათურის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს და რაჭის ქედის სამხრეთ კალთას. პლატო, ძირითადად, აგებულია ქვედაიურულიდან დაწყებული ქვედაპლიოცენით დამთავრებული ნალექებით. ფართოდ არის გავრცელებული კირქვული ქანები, რომლებიც მდინარე ბუჯის ხეობაში, სოფლების სალიეთის, ცხრუკვეთისა და სკინდორის მიდამოებში განლაგებულია გრანიტებზე, ქ. ჭიათურის მიდამოებში - კვარცპორფირულ წყებაზე, კაცხ-ხრეითის ზოლში — ბაიოსის ტუფოგენურ ქანებზე. აღმავალ ჭრილს აგრძელებს ოლიგოცენისა და მიოცენის თიხიან-ქვიშიანი წყებები.
ჭიათურის პლატო მდინარე ყვირილისა და მისი შენაკადების ხეობებით ცალკეულ პლატოებად იყოფა, მათ აქ ზეგნებს უწოდებენ (სარეკის, დარკვეთის, მღვიმევის, თაბაგრების, ზედა რგანის, ბუნიკაურის, ითხვისის, შუქრუთის, პერევისისა და სხვა). პლატოები სამი მხრიდან ეროზიული ხეობებით არის შემოფარგლული. ჭიათურის პლატოზე ბევრგანაა რელიეფის კარსტული ფორმები; ზოგი მღვიმე ციხესიმაგრებად იყო გამოყენებული. პლატოზე ვხვდებით აგრეთვე ახალგაზრდა ვულკანურ კონუსისებურ ნაგებობებს (პერევისა, გორაძირი), რელიეფის ანთროპოგენურ ფორმებსა და ეგზოტექტონიკურ მოვლენებს (მეწყრები და სხვ). მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებშია აგრეთვე ცარცული კირქვებით აგებული რაჭის ქედის სამხრეთ ციცაბო კალთა, რომელიც დანაწევრებულია მდინარეების ბუჯის, ვარხმელის, ციხისწყლისა და სხვა ღრმა ეროზიული ხეობებით. ქედის აბსოლუტური სიმაღლე აქ 1996 მ-ს აღწევს (მთა საწალიკე). მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია აგრეთვე მდინარე ყვირილის კანიონისებრი ღრმა ხეობა.
ჰავა
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი, შედარებით მშრალი ზაფხული. 400-700 მეტრამდე სიმაღლის ზონაში ჰაერის სშუალო წლიური ტემპერატურაა 10-14 °C, იანვარში 1,4-4 °C, ივლისში 22-24 °C, აბსოლუტური მინიმუმი -16-20 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 39-40 °C. ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 1100-1200 მმ-ია. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა მოდის შემოდგომასა და ზამთარში. უფრო მაღალ ზონაში ჰაერის ტემპერატურა სიმაღლის მიხედვით კლებულობს, ნალექები კი რამდენადმე მატულობს. ზამთარში გაბატონებულია ჩრდილო-აღმოსავლეთის, ზაფხულში სამხრეთ-დასავლეთის ქარები. ხშირია ფიონური ქარებიც.
შიგა წყლები
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორია შიგა წყლებით მდიდარია. მთავარი მდინარეა ყვირილა, რომელიც აქ 16 კმ-ზე მიედინება და თითქმის შუაზე ჰყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. მისი მარჯვენა შენაკადებია ბუჯა, კაცხურა, რგანისღელე, ნეკრისა, ჯრუჭულა და სხვა, მარცხენა — შავლეთისღელე, ითხვისისწყალი, შუქრუთისწყალი, საძალიხევი და სხვა. მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. ბევრია კარსტული წყარო და მიწისქვეშა მდინარე, მ.შ. აღსანიშნავია ვოკლუზური ნაკადი ღრუდო (მაქსიმალური ხარჯი 346 ლ/წმ, მინიმალური 150 ლ/წმ), მონასტრის წისქვილის (მღვიმევის), „გოლიათის“ და ლეჟუბნის წყაროები, რომლებიც გამოყენებულია ქალაქის წყალმომარაგებისთვის.
ნიადაგები და ლანდშაფტები
რედაქტირებაჭარბობს კირქვებისა და კარბონატული ქვიშაქვების გამოფიტვის პროდუქტებზე განვითარებული კორდიან-კარბონატული ნიადაგები. 1300-1500 მ. სიმაღლემდე საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი და გაეწერებული ყომრალი ნიადაგებია. მდინარე ყვირილისა და მისი შენაკადების დაბალ ტერასებზე გვხვდება ალუვიური, ძველ ტერასებზე მძიმე თიხიანი და თიხიან გაეწერებული ნიადაგები.
გავრცელებულია ლანდშაფტის შემდეგი ძირითადი სახეები: 1. ბორცვიანი პლატო მუხნარ-რცხილნარით, ტყის ყომრალი და კორდიან-კარბონატული ნიადაგებით. 2. ბრტყელი პლატო მუხნარით და წიფლნარით, კორდიან-კარბონატული და ტყის ყომრალი ნიადაგებით. 3. კარსტული დაბალი მთები, რცხილნარ-მუხნარით და კორდიან-კარბონატული ნიადაგებით. 4 საშუალო მთები წიფლის ტყეებით და ტყის ყომრალი ნიადაგებით 5. ვაკე-ბორცვიანი მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, კორდიან-კარბონატული, ყვითელმიწა და ეწერი ნიადაგებით.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაჭიათურის სტრუქტურული პლატოს ფარგლებში ტყე განადგურებულია და მცენარეულობა მეორეული წარმოშობისაა. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი სახნავ-სათეს ფართობებს უკავია. ტყის ძირითადი კორომები შემონახულია რაჭისა და ლიხის ქედების კალთებზე. ტყეში გაბატონებულია ჯიშებია: წიფელი, მუხა, რცხილა, წაბლი, ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი. იშვიათია წიწვიანები. ქვედტყეში არის მარადმწვანე (შქერი, ბაძგი, თაგვისარა და სხვა) და ფოთოლმცვივანი ჯიშები. ტყეში ბევრია გარეული ხილი: მაჟალო, პანტა, მოცვი და სხვა.
რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე გავრცელებულია კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, დათვი, ასევე გვხვდება მელა, მგელი, ტურა, ტყის კატა, კურდღელი, ციყვი, ფოცხვერი. ფრინველებიდან მრავლად არის ყვავი, ჭკა, ყორანი, მოლაღური, შაშვი, ჩხიკვი, ბულბული, ოფოფი, კოდალა. ქვეწარმავლებიდან არის გველი, ხვლიკი, მდინარეებში — წვერა, ქაშაპი, ღორჯო, მდინარეთა ზემო ნაწილებში — კალმახი.
ისტორია
რედაქტირებაჭიათურის მუნიციპალიტეტის მიდამოები მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ, რომ მოსახლეობა აქ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა. მუნიციპალიტეტის დღევანდელ ტერიტორიაზე რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლია აღმოჩენილი, მათ შორის: სამგლე კლდე, სამელე კლდე, სამერცხლე კლდე, ხერგულის კლდე, დარკვეთის ეხი, კაჟნარი, ნიგოზეთის მღვიმე, ბეხნარი, კაჟები, მღვიმევის მღვიმე, თარო კლდე, ასევე მღვიმეები პერევისაში, ხალიფაურში, სვერში. გამოქვაბულები მიეკუთვნებიან მუსტიესა და აშელის კულტურებს, პალეოლითის, ბრინჯაოსა და ნეოლითის ხანებს.
1930 წლამდე ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში. 1930-1958 წლებში არსებობდა ჭიათურის რაიონის სახით. 1958 წლიდან ჭიათურის რაიონში შემავალი სოფლები დაექვემდებარა ჭიათურის საქალაქო საბჭოს. 1963-1964 წლებში შედიოდა საჩხერის რაიონში. 1965 წლიდან კვლავ ჩამოყალიბდა როგორც ჭიათურის საქალაქო საბჭო.
დემოგრაფია
რედაქტირებამუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი და 60 სოფელი. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი კარგადაა დასახლებული ათვისებული მეურნეობრივად. სოფლების უმეტესობა მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზოგიერთი დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი ჭიათურა, მდებარეობს მდინარე ყვირილისა და მისი შენაკადების ვიწრო ხეობებში. განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება 400-1000 მეტრის ფარგლებში. სოფლის მოსახლეობა შეადგენს მოსახლეობის 67 %-ზე მეტს. მოსახლეობის უმეტესობა ქართველები არიან. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 1 კვადრატულ კილომეტრზე 73,52 ადამიანია.
აღწერის მონაცემები
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 68 501 |
2002 | 53 998 |
2014 | 39 884 |
2021[3] | 38 200 |
ადგილობრივი თვითმმართველობა
რედაქტირებაადმინისტრაციული ერთეულები
რედაქტირებაადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტში შექმნილია შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
- 1 ქალაქი - ჭიათურა
- 12 თემი - ვაჭევი, ზოდი, ითხვისი, კაცხი, მანდაეთი, ნიგოზეთი, პერევისა, სარქველთუბანი, სვერი, ქვაციხე, წირქვალი, ხვაშითი
- 3 სოფელი - გეზრული, რგანი, ხრეითი
საკრებულო
რედაქტირებაპარტია | 2017[4] | 2021[5] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 28 | 26 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ახალი | 5[ა] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტრატეგია აღმაშენებელი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხალხის ძალა | 1[ბ] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 33 | 36 |
ეკონომიკა
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მთავარ როლს ასრულებს მრეწველობა, კერძოდ მანგანუმის მადნის მოპოვება-გამდიდრება. მანგანუმის მადნის მოპოვებას 130 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ასევე მოიპოვება სხვა სასარგებლო წიაღისეული: მარმარილო და კვარციანი ქვიშა. კვარციანი ქვიშა გამოიყენება სხვადასხვა სახის მშენებლობაში, როგორც ბეტონის შემავსებელი და შესალესი მასალა. სოფელ სალიეთში მოიპოვება ყავისფერი მარმარილო, რომელიც ძვირფასი მოსაპირკეთებელი მასალაა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ჭიათურა-საჩხერე-გომი. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძეა 270 კმ.
განათლება და კულტურა
რედაქტირებამუნიციპალიტეტში მოქმედებს 23 საბავშვო ბაღი, 17 საჯარო და ორი საბაზო სკოლა, არის კერძო და სასულიერო სკოლები. ჭიათურაში არის სამუსიკო და სასპორტო სასწავლებლები. სოფელ პერევისაში მოქმედებს საზაფხულო ბანაკი მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაცუველი ბავშვებისთვის.
მუნიციპალიტეტში მოქმედებს სამი საავადმყოფო, სასოფლო საექიმო ამბულატორიები, გამოდის რამდენიმე ადგილობრივი გაზეთი. ჭიათურაში არის საფეხბურთო კლუბი ჭიათურა.
ჭიათურაში არის ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ჭიათურის დრამატული თეატრი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობისაა.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნების ძეგლია კაცხის სვეტი. ასევე არის მღვიმეები და გამოქვაბულები:
რელიგიური მნიშვნელობის ისტორიული ძეგლებია: კაცხის ტაძარი, მღვიმევის მონასტერი, პერევისის წმინდა გიორგის ეკლესია, უსახელოს მთავარანგელოზის ეკლესია, რგანის წმინდა გიორგის ეკლესია, მღვიმევის მონასტერი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე შემორჩენილია ეკლესიები ზედუბანში, ნავარძეთში, მეჩხეთურში, ზედა ბერეთისაში, სვერში.
საერო ისტორიული ძეგლებია: ნავარძეთის ციხე, კაცხის ციხე, სვერის ციხე, დიდველის ციხე, ციხე-დარბაზი ხრეითში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტინტილოზოვი ზ. ჯაოშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 395-396.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაშენიშვნები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 68-69. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-19[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 84-86. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-19[მკვდარი ბმული]
- ↑ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარტია დატოვეს (2023-12-05). ციტირების თარიღი: 2024-06-22
- ↑ "ქართულ ოცნებას" რეგიონული ჩინოვნიკებიც ტოვებენ და კელი დეგნანს აკრიტიკებენ (2022-07-11). ციტირების თარიღი: 2024-06-14