იმერეთის მაღლობი
იმერეთის მაღლობი, ზემო იმერეთის მაღლობი (პლატო) — საქართველოს მთათაშორისო ბარის ამაღლებული ნაწილი ზესტაფონის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ხაშურის ტერიტორიებზე და ყოფილ ზნაურის რაიონზე. გეოლოგიურად ემთხვევა ძირულის კრისტალურ მასივს — კავკასიონისა და მცირე კავკასიონის ნაოჭა ზონებს შორის მოქცეულ შუალედურ მასივს, რომელიც აგებულია პალეოზოური გრანტოიდებით, კრისტალური ფიქლებით და ნაწილობრივ დაფარულია სუსტად დანაოჭებული მეზო-კაინოზოური დანალექი ქანებით. გეომორფოლოგიურად იყოფა ორ ძირითად ნაწილად: გაშიშვლებული კრისტალური სუბსტატის არეში (სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი) გაბატონებულია საშუალმთიაბნი ეროზიული რელიეფი (აბსოლუტური სიმაღლე 150 მ) ძვ. პენეპლენიზებული ზედაპირის ნაშთებით (ლიხის ქედის თხემზე, გედსამანიის ქედზე და სოფ. გეზრულის მიდამოებში) და მეზოკაინოზოური დანალექი წყებებით აგებულ არეში (ჩრდილოეთი ნაწილი) განვითარებულია სუსტად დანაწევრებული პლატო კანიონისებრი ხეობებითა და კარსტით ზედაცარცულ კირქვებში (აქაა მღვიმეები — დევისხვრელი, ამაშუკეთი, ნიგოზეთი, გვარჯილასკლდე, მღვიმევი და სხვა, კარსტული ძაბრები, უწყლო ხეობები). პლატოზე ამართულია გორასძირის ორი ვულკანური კონუსი. ჰავა — ზღვიური ნოტიო სუბტროპიკულია, იცის შედარებით ცივი და უხვნალექიანი ზამთარი. მთავარი მდინარეების ყვირილა, ძირულა, ჩხერიმელა. გაშიშვლებული კრისტალური სუბსტრატის არეში გავრცელებულია კოლხური ტიპის ფოთლოვანი ტყეები; დანალექი ქანებით აგებულ ნაწილში ტყე გაჩეხილია, შემორჩენილია მხოლოდ ხეობათა ციცაბო ფერდობებზე. იმერეთის მაღლობზეა ქალაქები: ჭიათურა, საჩხერე, დაბა ხარაგაული.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 245–246.