ვაშლი

(გადამისამართდა გვერდიდან მაჟალო)

ვაშლი (ლათ. Malus) — ხე და ბუჩქოვან მცენარეთა გვარი ვარდისებრთა (ლათ. Rasaceae) ოჯახისა. მოიცავს 33 ველურ სახეობას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გავრცელებული. მცირე აზიასა და კავკასიაში ფართოდაა კულტივირებული აღმოსავლური ვაშლი (მაჟალო) (ლათ. Malus Orientalis).

ვაშლი
ვაშლის ყვავილობა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ვარდისებრთა
ლათინური სახელი
Malus (P. Mill., 1754)

ველური ვაშლი ძვირფასი მასალაა ხილის გადასამუშავებელი მრეწველობისათვის. თესლს იყენებენ საძირეების მისაღებად, მასზე ამყნობენ ვაშლის კულტურულ ჯიშებს. ზოგი სახეობა გამოიყენება დეკორატიულ მცენარედ. ყველა ვაშლის ყვავილს საუცხოო ნექტარი აქვს. კულტურული ვაშლი 14 მ-მდე სიმაღლის ხეა. სხვადასხვა ჯიშის ნაყოფის ზომა, ფორმა და შეფერილობა სხვადასხვაგვარია. წვრილნაყოფიანი ჯიშების ნაყოფი შეიძლება 25 -ზე ნაკლები იყოს, მსხვილნაყოფიანებისა 600 გ-მდე. ფორმის მიხედვით ნაყოფი მომრგვალო, ბრტყელი, ცილინდრული, კვერცხისებრი, წაგრძელებული ან ზარისებრია. ნაყოფის ზედაპირი გლუვია, წიბოიანი, ზოგჯერ ბორცვიანი კანის ძირითადი შეფერვა ცვალებადობს მომწვანოდან ყვითელსა და თეთრამდე. გარდა ძირითადი ფერისა, ნაყოფს აქვს მფარავი ფერი, რომელიც წარმოიქმნება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებით. მფარავი ფერი შეიძლება იყოს ზოლებიანი ან მთლიანი, ის იცვლება ვარდისფერიდან ღია-წითელ ან მუქ-წითელ ფერამდე. ვაშლის რბილობი თეთრი, მომწვანო, ყვითელი ან ვარდისფერია. ვაშლი სინათლის მოყვარული, ტენისა და საკვები ნივთიერებების მომთხოვნი მცენარეა. მოჰყავთ მეხილეობის ყველა ზონაში სხვადასხვაგვარ ნიადაგზე.

ვაშლი ყვავილობისას

ვაშლი ერთ-ერთი უძველესი ხეხილოვანი მცენარეა, კულტივირებულია დაახლოებით 4 ათასი წლის წინათ. ხეხილის ნარგაობათა შორის, ფართობისა და პროდუქციის მხრივ, ვაშლს პირველი ადგილი უჭირავს დედამიწის ზომიერი სარტყლის ფარგლებში. ცნობილია 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოშია 200. განსაკუთრებით დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ვაშლის იმ ჯიშებს, რომლებიც ადრე მსხმოიარეა, იძლევა უხვ მოსავალს, კლიმატური პირობების, დაავადებისა და მავნებლებისადმი გამძლეა, ხოლო ნაყოფი გამოირჩევა მაღალი საგემოვნო თვისებებით, ტრანსპორტაბელობით, შენახვის კარგი უნარით და სხვა. საქართველოში ვაშლის ყველაზე უფრო გავრცელებული ჯიშები წარმოშობილია მაჟალოს უშუალო მონაწილეობით. ხალხური სელექციით მისგან მიღებულია ცნობილი ჯიშები — თურაშაული, კეხურა, ძუძუვაშლა და სხვა. საქართველოში ვაშლი ფართოდაა გავრცელებული მეხილეობის ყველა ზონაში, კერძოდ, კახეთში, ქართლში, მესხეთში, აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, აფხაზეთში და სხვაგან.

ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა), მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, C), წყალს (83-90%) და სხვა. კულტურული და ველური ვაშლის ნაყოფს იყენებენ ნედლად, ჩირისა და კონსერვის სახით, მისგან ამზადებენ აგრეთვე ჯემს, პასტილას, მარმელადს, მურაბას, კომპოტს და სხვადასხვა სასმელს (წვენები, ხილის ღვინოები და სხვა). ვაშლის კულტურულ ჯიშებს საძირეზე მყნობით ამრავლებენ, ამისათვის იყენებენ როგორც ველურ ფორმებს, ისე კულტურული ჯიშების თესლებიდან მიღებულ საძირეებს. ძლიერ საძირეზე დამყნობით დიდი ხე იზრდება, დუსენზე დამყნობით — საშუალო ხე.

საქართველოში გავრცელებული ვაშლის ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია აბილაური, ქართული დანა ვაშლი, მამულო, მახარა, კეხურა, თურაშაული, ყინულა, ნისკარტა და სხვა. შემოტანილი ჯიშებიდან დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ზამთრის ბანანს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ჯიშია და საქართველოში შემოიტანეს XX საუკუნის დასაწყისში. იძლევა საუკეთესო პროდუქციას; ასევე კანადურ რენეტს, შამპანურ რენეტს, აპორტს, როზმარინ თეთრს, ბელფლორ ყვითელს, შაფრანს, ზამთრის პარმენს და სხვა. ქართველმა სელექციონერმა თ. ცერცვაძემ გამოიყვანა ვაშლის ახალი ჯიშები: „საგამოფენო“, „გორული სინაპი“, „ ივერია“, „საქართველოს პიონერი“. ვაშლს საგრძნობ ზიანს აყენებს ვაშლის ჩრჩილი, ვაშლის ნაყოფჭამია, ფოთლის რინქიტი და სხვა. დაავადებათაგან ვაშლისთვის საშიშია ვაშლის ქეცი და ნაყოფის სიდამპლე.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • დიასამიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 330.
  • საქართველოს მეხილეობა, ტ. 3, თბ., 1973.
  • Жуковский П. М. Культурные растения и их соподичи. — 2 изд. — М., 1964.