ვაშლის ნაყოფჭამია
ვაშლის ნაყოფჭამია (ლათ. Carpocapsa pomonella) — პეპელა ფოთოლხვევიების ოჯახისა. გავრცელებულია ყველგან. საქართველოში ძლიერ აზიანებს ვაშლს, მსხალს, კაკალს; ნაკლებად — კომშს, ქლიავსა და სხვა. პეპლის ფრთების შლილია 14–18 მმ. წინა ფრთები მუქი ნაცრისფერია, ხოლო უკანა მურა-ნაცრისფერი ღია ფერის ფოჩებით. მატლი მოვარდისფროა, 12–18 მმ სიგრძისა. პარკში მოთავსებული მატლი ზამთრობს მცენარის ქერქის ნაპრალებში, საწყობებში, იშვიათად ნიადაგში. პირველი თაობის პეპელა თითო კვერცხს დებს ფოთოლზე (სულ 50–100), შემდგომი თაობისა — ნაყოფზე. გამოსული მატლი შეიჭრება ნაყოფის გულში და ღრღნის მას. ვაშლის ნაყოფჭამია წელიწადში იძლევა 1–3 თაობას.
ბრძოლის ღონისძიებანი: შტამბისა და ძირითადი ტოტების გამხმარი ნაწილების ჩამოფხეკა და დაწვა, ნაქარის სისტემატური შეგროვება და გატანა, ავტოციდური სარტყლის გამოყენება, ინსექტიციდების შესხურება და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოდერძიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 331.