ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ისტორიული მუზეუმი საქართველოში, ქალაქ ჭიათურაში.
ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი | |
---|---|
42°17′23″ ჩ. გ. 43°17′11″ ა. გ. / 42.289806° ჩ. გ. 43.286583° ა. გ. | |
დაარსდა | 1962 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | ჭიათურა |
სტატუსი | ისტორიული |
ექსპონატი | 16 292 |
ვიზიტორები | 1000 |
ექსპონატები
რედაქტირებამუზეუმში დაცულია გამყინვარებამდე წყალში მცხოვრებ ცხოველთა გაქვავებული სხეულები, კერძოდ ზვიგენის გაქვავებული მალა, მოლუსკები, კუ, თევზი, ნიჟარები და სხვა. ექსპონატებს შორისაა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვის და ძვლის სამუშაო და საბრძოლო იარაღები, ძვ. წ. III ათასწლეულის ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ასევე ქალის ბრინჯაოს სამკაულები: სამაჯურები, საყურეები, ბალთები, ქინძისთავები, მძივები და სხვ.
ფეოდალურ პერიოდს მუზეუმში წარმოადგენს წყლის გაყვანილობის თიხის მილები, თიხის ჭურჭელი, შუა საუკუნეების ქართველი მეომრის საბრძოლო აღჭურვილობა, ასევე სპარსული და ოსმალური საბრძოლო იარაღები. მუზეუმში ცალკე კუთხე აქვს დათმობილი საეკლესიო ნივთებს, რომელთა შორის აღსანიშნავია ვახტანგ მეექვსის დროინდელ სტამბაში გადაწერილი "სამოციქულ". აღსანიშნავია მღვიმევის დედათა მონასტერის კარის ფრაგმენტი, რომელიც თარიღდება XIII საუკუნის მეორე ნახევრით.
აგრეთვე ინახება ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები. მოწყობილია მანგანუმის მრეწველობის განვითარების კუთხე წარმოების დაწყების დღიდან დღემდე.
მუზეუმი აქვს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები და გამოცემები.
საკონტაქტო ინფორმაცია
რედაქტირებამუზეუმი მუშაობს ყოველდღე, კვირა-ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე. ბილეთის ფასია 1 ლ. მოქმედებს შეღავათები და გამონაკლისები სხვადასხვა ჯგუფებისთვის. მისამართი: 5500, ჭიათურა, თხელიძის ქ. 5 ტელეფონი: (+995 95) 20 16 61 ელ-ფოსტა: ch.culturiscenter@gmail.com