მღვიმევის მონასტერი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 26 ოქტომბერი 2021. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

მღვიმევის დედათა მონასტერი — მონასტერი მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად.

მღვიმევის დედათა მონასტერი


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა მღვიმევი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი დედათა მონასტერი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
თარიღდება XIII საუკუნე
დეტალები

მონასტერში მოხვედრა ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი. ჭიათურიდან მონასტერში მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით.

სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. აქ გვხვდება: სარკმლის გარშემო შესრულებული ჩუქურთმები, მონუმენტური ჯვრები, ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვ. მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით, ხოლო მის ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, მისი (მაცხოვრის) ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც, მათ შორის XIII საუკუნეში ამ მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლისა და ძმის, ნიანია კახაბერისძის პორტრეტები. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება.

მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა. მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].