სამელე კლდე
სამელე კლდე — მღვიმე საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირას. იგი ნეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლია (ძვ. წ. V-IV ათასწლეულის მიჯნა) და წარმოადგენს კლდოვან ფარდულს, რომლის სიგანე დაახლოებით 30 მ-ია, სიღრმე - 25 მ, სიმაღლე - 11 მ. ძეგლი გამოვლენილია და გათხრები მიმდინარეობს 1959 წლიდან (გ. ჯავახიშვილი, დ. თუშაბრამიშვილი). დადგენილია კულტურული ჰორიზონტი. აღმოჩენილია კაჟის საფხეკები, სახოკები, სახვრეტები, ქვის სატეხისებრი და სათლელისებრი გახეხილ-გაპრიალებული იარაღი, ხელსაფქვავები, ძვლისა და ირმის რქისაგან გაკეთებული სადგისები, მახათები, საპრიალებლები, საჩიჩქნები და სხვა, აგრეთვე თიხის ჭურჭლის, ძირითადად ქილისებრი მოყვანილობის, თხელ- და სქელკეციანი დაჭდეულზედაპირიანი ნატეხები.
სამელე კლდე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
სიღრმე | 25 მ |
აღმოჩენის წელი | 1959 |
სამელე კლდე ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურული ძეგლია.
სამელე კლდის ანალოგიური ძეგლი მიკვლეულია სოფელ რგანის ტერიტორიაზე (ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია), მდინარე ჭერულის ხეობაში. არქეოლოგიური მასალა დაცულია აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 717.