კაჟნარი, საქორია-კაჟნარი — არქეოლოგიური ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის განაპირას, მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს, დაახლოებით 200-500 მ სიმაღლის პლატოზე, რომელსაც ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ჩაუდის მდ. კაცხუ­რა, აღმოსავლეღიდან – საკმაოდ ღრმა ღელე, ხოლო სამხრეთით – მდ. ყვირილა. იგი შუა და გვიანდელი აშელის ხანის ნაბინარ-სახელოსნოა.

ტერიტორია ძირითადად წარმოადგენს მოვაკებულ სახნავ ფართობს, რომლის ზედაპირი თითქმის მთლიანად დაფარულია კაჟის სხვა­და­სხვა ზომის ბუნებრივი ნატეხებით, მ. შ. გვხდება ადამიანის ნახელავი იარაღი და წარმოების სხვა ნაშთები. საქორია-კაჟნარზე კაჟის შემადგენელი კირქვის ქანები ნაწილობრივ გაშიშვლებულია. ნიადაგის ხშირმა ხვნა-გადაბრუნებამ კი ხელი შეუწყო კაჟის დამტვრევას და მის დიდ ფართობზე მიმოფანტვას. კაჟი თურონ-სენონის იარუსისაა და ძირითადად მოყავისფრო ან მონაცრისფროა. წარმოების ნაშთები მიწის ზედაპირზე სავარაუდოდ მოხვედრილია ნიადაგის ლოკალური გადარეცხვის გზით – მასალას არ ეტყობა შორ მანძილზე გადაადგილება, ამ პროცესს არც რელიეფი უწყობს ხელს. ძეგლი მიკვლეულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის სა­ქართველოს მუზეუმის ყვირილის აუზის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (1958; ­ხელმძღვანელი დ. თუშაბრამი­შვი­ლი). მასალის შეგროვება მიწის ზედაპირზე მომდევნო წლებშიც ხდებოდა. სულ მოპოვებულია 4000-მდე ქვის ნივთი. კოლექცია წარმოდგენილია სხვა­და­სხვა ტიპის ნუკლეუსებით, კლექტონური და ლევალუაზური ანატკეცებით, ლამელებით და მათ­ზე დამზადებული ­იარაღებით. მ. შ. აღსანიშნავია უაღრესად მასიური, ტლანქი ხელცული ფართო ქუსლით, შედარებით სრულყოფილად დამუშავებული მცირე ზომის ხელცულები, სახო­კები, ნუკლეუს-საჩეხები და სხვ. ­მთელი მასალა დაფარულია მოყვითალო, მოწითალო და მოთეთრო ღრმა პატინით. საქორია-კაჟნარის ქვის ნაწარმი არაერთგვაროვანია, კოლექციის მცირე ნაწილი თა­რიღ­დება შუა აშელის ეპოქით, მოზრდილი ნაწილი კი – გვიანი აშელით. მასალა და­ცუ­ლია სა­ქართველი ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თუშაბრამიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 536.
  • თუშაბრამიშვილი დ., არქეოლოგიური დაზვერვები მდინარე ყვირილას ხეობაში, „ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“, 1962, ტ. 23 B