სამერცხლე კლდე
სამერცხლე კლდე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და სოფელ დარკვეთს შორის, მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირზე. წარმოადგენს მრავალფენებიან ნამოსახლარს. ზღვის დონიდან 600 მ. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა, დერეფნისებრი (სიგრძე 450 მ) იწყება სოფელ დარკვეთიდან, კარსტული ჭის სახით, რომლის სიგანეა 8 მ და სიღრმე - 17 მ. როგორც არქეოლოგიური ძეგლი, მიკვლეულია 1962 წელს. გათხარეს 1963-64 წლებში (დ. თუშაბრამიშვილი) და 1966 წელს (მ. ნიორაძე). ფიქსირებულია 3 მ სისქის 7 ლითოლოგიური (3 კულტურული) ფენა. ყველაზე ქვედა ფენა (III კულტურული ფენა) მუსტიეს ხანისაა. მასში აღმოჩნდა ქვის მხოლოდ რამდენიმე ნივთი. ზედაპალეოლითურ ფენაში (II) მოპოვებულია კაჟისა (229 ცალი) და ობსიდიანის (49 ცალი) საგნები, სხვადასხვა ტიპის ნუკლეუსი, ანამტვრევები, ანატკეც-ლამელები, საფხეკები, საჭრისები, საყურადღებოა ძვლის ნაკეთობანი. სადგისები, შუბისპირები.
სამელე კლდე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 600 მ |
სიგრძე | 450 მ |
სიღრმე | 17 მ |
აღმოჩენის წელი | 1962 |
ტიპი | კარსტული |
სამერცხლე კლდის ზედა პალეოლითის მასალისათვის დამახასიათებელია ვიწრო, გრძელი (7-12 სმ) ფირფიტების (ლამელების) სიმრავლე. სრულიად არ გვხვდება გეომეტრიული მოყვანილობის მიკროლითები და გრავეტის ტიპის დანები. აღნიშნული ნიშნებით სამერცხლე კლდის ზედაპალეოლითური მასალა საქართველოს სხვა ძეგლებისაგან განცალკევებით დგას. ფაუნა წარმოადგენილია დომბის, ცხენის, კეთილშობილი ირმის, მღვიმური დათვისა და სხვა ცხოველთა ძვლებით. ამ ფენის მასალა საქართველოს ზედაპალეოლითური კულტურით შუა (განვითარებული) საფეხურით თარიღდება. სამერცხლე კლდის ზედა ფენა (I კულტურული ფენა) შეიცავს ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მასალას. მასში აღმოჩენილია ძირმომრგვალებული, მუცელგაბერილი და სწორყელიანი თიხის ქოთნები, დერგები, რომელთა ზედაპირი ზოგჯერ კარგადაა გაპრიალებული. აქვეა აღმოჩენილი თიხის კვირისტავები, გახეხილ-გაპრიალებული ქვის ცულები, სატეხისებური იარაღი, კაჟისაგან დამზადებული სატევარ-შუბისპირი, სხვადასხვა ტიპის ისრისპირი და სხვა. ამ ფენის არქეოლოგიური მასალა მსგავსებას იჩენს ადრინდელ მაიკოპის კულტურასთან (მეშოკო, სკალა), მაგრამ ქრონოლოგიურად წინ უსწრებს მას. სამერცხლე კლდის მასალა დაცულია აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- თუშაბრამიშვილი დ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 717.