მაიკოპის კულტურაძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრის არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გავრცელებული იყო ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში. სახელი ეწოდა 1897 წ. შესწავლილი მაიკოპის ყორღანის მიხედვით. მაიკოპის კულტურა წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი გორასამარხებით, ზოგჯერ გამაგრებული ნამოსახლარებით. მაიკოპის კულტურის გვიანდელ საფეხურზე გაჩნდა ქვის აკლდამები (მ. შ. დოლმენებიც). ქვის ცულების, დანისა და ნამგლის ჩასართების, ისრისპირების გვერდით გვხვდება სპილენძის ცულები, თოხები, დანები, სატეხები, სატევრები, შუბისპირები. აღმოჩენილი მასალა მიგვანიშნებს, რომ მაიკოპის კულტურის მქონე ტომებს კავშირი ჰქონდათ აღმოსავლეთთან. მაიკოპის კულტურის კერამიკა ნაწილობრივ მორგვზეა დამზადებული, ჭარბობს წითლად გამომწვარი, გაპრიალებული, ზოგჯერ მოხატული ჭურჭელი. ჩანს, რომ მოსახლეობა მისდევდა მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას, საზოგადოებრივი წყობა იყო პირველყოფილურ-თემური. მაიკოპის კულტურის მდიდარი სამარხეული მასალა მოწმობს, რომ ქონებრივ უთანასწორობას ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული.

მაიკოპის კულტურის გავრცელების არეალი

ლიტერატურა

რედაქტირება