საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

1918–1921 წლებში არსებული ქვეყანა
(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს დრ)

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე. შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი — სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი — 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი — ტფილისი. სახელმწიფო ენა — ქართული.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სახით აღდგენილია 1991 წლის 9 აპრილიდან დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით

1918–1921
 

დროშა გერბი
ჰიმნი
დიდება
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1921 წლის დასაწყისში
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
საქართველოს დელეგაციის მიერ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარდგენილი რუკა მოთხოვნილი ტერიტორიებით
დედაქალაქი ტფილისი
უდიდესი ქალაქები სოხუმი, ქუთაისი, ბათუმი
ენები ქართული
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
მთავრობის თავმჯდომარე
 -  1918 ნოე რამიშვილი
 -  1918-1921 ნოე ჟორდანია
ისტორიული ერა XX საუკუნე
 -  შეიქმნა 26 მაისი 1918
 -  საბჭოთა რუსეთის შეჭრა 11 თებერვალი, 1921
 -  კონსტიტუციის მიღება 21 თებერვალი, 1921
 -  საბჭოთა რუსეთის მიერ თბილისის აღება 25 თებერვალი, 1921
 -  საბჭოთა რუსეთის მიერ ანექსია 17 მარტი 1921
ფართობი
 -  1919 107 600 კმ² (41 545 მლ²)
მოსახლეობა
 -  1919 წელი 2 500 000 
სიმჭიდროვე 23,2 /კმ²  (60,2 /მლ²)
ვალუტა ქართული მანეთი
დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველოს დროშა საქართველო
სომხეთის დროშა სომხეთი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
თურქეთის დროშა თურქეთი
რუსეთის დროშა რუსეთი

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შემოიტანა და წარმატებით დანერგა საყოველთაო არჩევნები, ქალთა თანასწორუფლებიანობა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, რელიგიური პლურალიზმი და სხვ. რესპუბლიკის არსებობის მცირე პერიოდში მოესწრო მსოფლიოში დეპუტატად პირველი მუსლიმი ქალის არჩევა.[1]

რუსეთისა და თურქეთის აგრესიის წინაშე, ბლოკადისა და ომის პირობებში, რესპუბლიკამ მიაღწია ეკონომიკურ და ინსტიტუციურ პირველობას რუსეთის ყოფილ იმპერიაში. არაერთი წარმატებული ომის ხარჯზე, შეინარჩუნა ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის შემადგენლობაში შეინარჩუნა: სამუსლიმანო საქართველო, აფხაზეთი, სამაჩაბლო, ლორე, ზაქათალის ოლქი. საერთაშორისო ასპარეზზე, ფაქტობრივად არარსებული ბიუჯეტის პირობებში, პოლიტიკურმა ელიტამ, პროპაგანდისა და დიპლომატიური მუშაობის მეშვეობით, გაიტანა საქართველოს სახელი. საქართველოს დამოუკიდებლობა იურიდიულად აღიარეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა. ერთა ლიგაში საქართველოს წევრობას მხარი დაუჭირა ათმა სახელმწიფომ, ხოლო ესტონეთისა და ლატვიის წევრობას - ხუთმა სახელმწიფომ. მთავრობასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ ელიტას ცალსახა კონსენსუსი ჰქონდა რუსეთის თაობაზე. 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულების ხელმოწერის მიუხედავად, ციხეში მრავალი ბოლშევიკი აგენტი რჩებოდა.[1]

საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, ჯარში, სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში რუსული ენა ქართულმა ჩაანაცვლა. დაარსდა პირველი ქართული უნივერსიტეტი.[2] დაიწყო ქართულ სახელმძღვანელოებსა და ქართულ ტერმინოლოგიაზე მუშაობა. ამის პარალელურად, ეთნიკური უმცირესობებისთვის არსებობას აგრძელებდნენ სკოლები და ნოყიერი ნიადაგი არსებობდა მათი კულტურული განვითარებისთვის.[1]

წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯერ ტფილისის, ხოლო შემდეგ სურამის ბრძოლებში პირველი რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ, რესპუბლიკა 1921 წელს წითელმა არმიამ დაიპყრო. 1921 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის დაძალებით ჯერ ყარსის ხელშეკრულება, ხოლო მოგვიანებით მოსკოვის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა შედეგად საქართველომ დაკარგა პირველი რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიები. 1922 წელს საქართველო ჯერ ამიერკავკასიის სფსრ-ში გააწევრიანეს, ხოლო შემდეგ იმავე წელს, ფედერაციასთან ერთად საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირს შეუერთეს. საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში საფრანგეთში გადავიდა.[3] ემიგრაციაში ყოფნისას მთავრობის წევრები აგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ლევილის მამულში ქართული კულტურის კერა შეიქმნა. რესპუბლიკის მთავრობამ უზრუნველყო საქართველოს ეროვნული განძის უსაფრთხოება, რომელიც მოგვიანებით საქართველოში დაბრუნდა და ბოლშევიკების მიერ განადგურებას გადაარჩინეს. საბჭოთა პროპაგანდა არსებობის განმავლობაში ცდილობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მისი პოლიტიკური ლიდერების, განსაკუთრებით კი — ნოე ჟორდანიას, დისკრედიტაციას.[4] 1990 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შეაფასა როგორც ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია. თანამედროვე საქართველოს დამოუკიდებლობა პირველი რესპუბლიკის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით გამოცხადდა.

 
კაპიტანი ეგან კრიეგერი. გერმანული სამხედრო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, 1918 წ.

1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, მეფისნაცვალმა ნიკოლოზ რომანოვმა თავისთან მიიწვია თბილისის ქალაქის თავი ალექსანდრე ხატისოვი, ასევე პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოების წარმომადგენლები და განუცხადა, რომ იგი ტოვებდა თბილისს და სთხოვდა მასთან შეკრებილთ, ეზრუნათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე. რუსეთის იმპერიის მოულოდნელმა აღსასრულმა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში დაბნეულობა გამოიწვია. ნოე ჟორდანიას სიტყვებით მათ რევოლუცია „ფოსტით მიიღეს“. რუსეთის დროებითმა მთავრობამ კავკასიაში დანიშნა ხელისუფლების სამხარეო ორგანო - ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი (ოზაკომი), რომელიც ეროვნული და პარტიული პრინციპით იყო შექმნილი. რეალურად კი ორხელისუფლებიანობა დამყარდა. ოზაკომის გვერდით არსებობდა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოები, რომელთა თავმჯდომარედაც ნოე ჟორდანია აირჩიეს და რომელსაც ეპყრა ხელთ რეალური ძალაუფლება.

1917 წლის აპრილის ქართულ პოლიტიკურ ძალთა ორგანიზების მიზნით მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი და მეორე ინტერპარტიული კრებები, რომლებზეც წარმოდგენილი იყვნენ სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები. მიუხედავად უთანხმოებისა, ინტერპარტიულმა კრებებმა სამოქმედო პროგრამის განსაზღვრა შეძლეს. ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი გახდა. ქართული პოლიტიკური ელიტა მომავლის ძიებაში იყო, როცა უკვე რუსეთში მესამედ კარდინალურად შეიცვალა პოლიტიკური ვითარება. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება. 1917 წლის 19 ნოემბერს შედგა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახდა. ეროვნული საბჭო პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა. 15 ნოემბრიდან თბილისში ამოქმედდა ამიერკავკასიის კომისარიატი (თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი). ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნით ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს სურდათ, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა რუსეთის მთავრობის მიერ ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანოს დანიშვნას, ანუ ამიერკავკასიაზე საბჭოთა რუსეთის მთავრობის იურისდიქციის გავრცელებას. რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შეიქმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი.

 
გერმანიის ჯარები თბილისში, 1918 წ. (უკანა ფონზე მამა დავითის ეკლესია მთაწმინდაზე და ფუნიკულიორი)

რუსეთის კავკასიის არმია ბოლშევიკური აგიტაციის შედეგად უმართავ ძალად იქცა. საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, სწორედ ამ სამხედრო ძალით მოეხდინა ამიერკავკასიის ოკუპაცია. 1918 წლის იანვარში კავკასიის ფრონტზე განლაგებული არმიის ნაწილებმა ფრონტის ხაზები მიატოვეს და თბილისისკენ დაიძრნენ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ახალშექმნილმა ქართულმა რეგულარულმა ჯარმა (პირველმა ქართულმა კორპუსმა) და სახალხო გვარდიის ნაწილებმა შეძლეს რუსეთის არმიის შეჩერება. რუსები იძულებულნი გახდნენ, თბილისის ოკუპაციაზე ხელი აეღოთ და ბაქოსკენ დაიხიეს. ამიერკავკასიის კომისარიატმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები არ ცნო. 1918 წლის პირველ აპრილს ოსმალეთმა ბათუმის ოლქი, გურიის ნაწილი და სამცხე-ჯავახეთი დაიკავა. 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა გამოაცხადა დამოუკიდებელი სახელმწიფოს - ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. ამიერკავკასიის დელეგაცია ოსმალეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებისათვის გაემგზავრა ბათუმში, სადაც დელეგაციათა ერთადერთი შეხვედრა 1918 წლის 11 მაისს გაიმართა. ბათუმის მოლაპარაკებაზე გაირკვა, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას შინაგანი წინააღმდეგობა ღრღნიდა. სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ქართველები გერმანოფილურ, სომხები ანგლოფილურ, ხოლო აზერბაიჯანელები თურქოფილურ ორიენტაციას აღიარებდნენ. გენერალმა ოტო ფონ ლოსომ აკაკი ჩხენკელს განუცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში გერმანიის იმპერია ოსმალეთის აგრესიისგან ამიერკავკასიის ფედერაციას ვერ დაიცავდა, ხოლო თუ ქართველებს გერმანიის მფარველობა სურდათ, უნდა გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკა უნდა დაშლილიყო. გენერალი ოტო ფონ ლოსოვი ქართველებს პირდებოდა, რომ ამ შემთხვევაში იგი იშუამდგომლებდა გერმანიის იმპერიის მთავრობის წინაშე საქართველოს დაცვის თაობაზე.

1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

დამოუკიდებლობის გამოცხადება

რედაქტირება
 
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1918 წლის 26 მაისი

1918 წლის 24 მაისს, ფრეილინის ქუჩაზე, ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში გაიმართა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. კრებაზე განიხილეს აკაკი ჩხენკელის მიერ 1918 წლის 23 მაისს გამოგზავნილი წერილი. სხდომა 24 მაისს, ღამის 11 საათზე გაიხსნა. ჟორდანიამ დამსწრეთ გააცნო ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის მიერ გამოგზავნილი წერილის შინაარსი, სადაც იგი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. 25 მაისს საღამოს 10 საათზე უნდა შეკრებილიყო ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც ამიერკავკასიის რესპუბლიკას დაშლილად გამოაცხადებდა. მოგვიანებით, სეიმის სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატების თხოვნით, სხდომა გადაიდო 26 მაისის დღის 12 საათისთვის. ნოე ჟორდანიამ დააყენა წინადადება: საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ მას შემდეგ, რაც სეიმი დაშლილად გამოაცხადებდა ამიერკავკასიის ფედერაციას. კენჭისყრის შედეგად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუყოვნებლივ, 25 მაისს ხმა მისცა ექვსმა წევრმა, 26 მაისს გამოცხადებას — ოთხმა წევრმა. 25 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადება მაინც ვერ მოხერხდა, რადგან აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი სრულყოფილი არ იყო და გადამუშავებას საჭიროებდა. აქტის ტექსტის გადამუშავება და მისი საბოლოო ვარიანტის მომზადება ნოე ჟორდანიას დაევალა. საბოლოოდ აქტი იურისტმა გვაზავამ შეადგინა და წინასწარ გააცნო ჟორდანიას. მასში გარდა ნაციონალური დებულებებისა, იყო შეტანილი სოციალური საკითხებიც: რვა საათიანი სამუშაო დღე, მამულების კონფისკაცია და სხვ. ჟორდანიამ ამოიღო სოციალური დებულებები, როგორც შესაძლო გამთიშველი ელემენტები და დატოვა მხოლოდ ნაციონალურ-პოლიტიკური საკითხები.

 
რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრები.

1918 წლის 26 მაისს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელმაც ნაშუადღევის 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. ნოე ჟორდანია სიტყვით გამოვიდა და მისი დასრულების შემდეგ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“. ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს სამინისტროების რაოდენობა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობა. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი. დამოუკიდებლობის აქტი შემდგომ დაადასტურა და ოფიციალურად გამოსცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, პირველსავე სხდომაზე, 1919 წლის 12 მარტს. დამოუკიდებლობის აქტში ნათქვამი იყო:

 
საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ დამტკიცებული დოკუმენტი. 1919 წლის 12 მარტი.
  1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
  2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა — დემოკრატიული რესპუბლიკა.
  3. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
  4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.

1918-1919 წლებში მთავრობა კოალიციური იყო. 1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება. დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემდეგ მთავრობა მხოლოდ ამ პარტიამ დააკომპლექტა. კრებამ შექმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც კრებას წარუდგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტი.

ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია

რედაქტირება
 
წითელი არმია თბილისში

1920 წლის დასაწყისში საბჭოთა რუსეთმა სამოქალაქო ომში გარდატეხას მიაღწია: მოიგერია პოლონეთის არმიისა და თეთრგვარდიელი გენერლის ვრანგელის შემოტევები, შემდეგ კი დაამარცხა დენიკინის არმია და ამიერკავკასიის საზღვრებს მიუახლოვდა. აპრილში XI არმიამ აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა, მაისის დასაწყისში კი შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ უშედეგოდ. მისი შემდგომი ცდები ოკუპაციისა დროებით აღკვეთა საბჭოთა რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს გააფორმებულმა ხელშეკრულებამ. საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუშლიდა წითელი არმიის შემოსვლას საქართველოში. 1920 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის ბედი გაიზიარა სომხეთმაც, რამაც გარდაუვალი გახადა საქართველოს გასაბჭოებაც.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმია (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა თბილისი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის 17 მარტს დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა.

გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რაც აღიარებულ იქნა 1921 წლის 21 მაისის ახალი ხელშეკრულებით და 1922 წლის კონსტიტუციით, თუმცა იურუდიული ფორმა არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს.

სახელმწიფო მოწყობა

რედაქტირება

ხელისუფლება

რედაქტირება
 
დამფუძნებელი კრების სხდომა, 1919.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო საპარლამენტო რესპუბლიკა. 1919 წლამდე პარლამენტის ფუნქციას ასრულებდა საქართველოს ეროვნული საბჭო, ხოლო 1919 წლიდან ხელისუფლების უმაღლესი ორგანო გახდა დემოკრატიული წესით არჩეული საქართველოს დამფუძნებელი კრება, ხოლო აღმასრულებელი ორგანო იყო მინისტრთა საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. დამფუძნებელ კრებაში წარმოდგენილი იყო 4 პარტია, უმრავლესობას საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია ფლობდა. მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობდა მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც უმაღლესი წარმომადგენლის ფუნქციასაც ასრულებდა. მინისტრთა საბჭო 1919 წლამდე იყო კოალიციური, რომელშიც 4 მინისტრი წარმოადგენდა მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ხოლო 4 მინისტრი ოპოზიციურ პარტიებს .

1918-1919 წლებში მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:

1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალ-დემოკრატების დიდი უპირატესობით გამარჯვების შემდეგ, მთავრობა დაკომპლექტდა მხოლოდ სოციალ-დემოკრატებით. 10 სამინისტრო დაკომპლექტდა 4 მინისტრით:

  • ევგენი გეგეჭკორი — საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი
  • ნოე რამიშვილი — შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი
  • ნოე ხომერიკი ― მიწათმოქმედების, შრომის და გზათა მინისტრი
  • კონსტანტინე კანდელაკი ― ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი

1919-1920 წლებში მათ კიდევ ოთხი მინისტრი დაემატა: გიორგი ერაძე (მომარაგების), რაჟდენ არსენიძე (იუსტიციის), გრიგოლ ლორთქიფანიძე (ჯერ სამხედრო, შემდგომ განათლების) და პარმენ ჭიჭინაძე (სამხედრო).

გატარდა სასამართლო რეფორმა. სისხლის სამართლის საქმეებზე შეიქმნა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. დაწესდა მოსამართლეთა და ნაფიც მსაჯულთა არჩევითობა. უმაღლეს სასამართლო ინსტანციას წარმოადგენდა სენატი. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლის მიზნით შეიქმნა კონტროლის სამსახური.[5]

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

რედაქტირება

გატარდა თვითმმართველობის რეფორმა, გაუქმდა რუსეთის იმპერიის დროინდელი გუბერნიები. 1918 წლის აგვისტოში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნებები ერობებში. 1919 წლიდან მილიცია დაექვემდებარა ადგილობრივ თვითმმართველობას.[6] იმავე წლის შემოდგომაზე ერობებს გადაეცათ ტყეების მართვის ფუნქცია. 1920 წლიდან მიენიჭათ ადგილობრივი გადასახადების დაწესების უფლება.

შემოღებულ იქნა ორ-დონიანი თვითმმართველობა ქალაქებსა და თემებში, რომელთა საერთო რაოდენობა 1920 წლის ზაფხულის მდგომარეობით იყო 356, ასევე საერობო ანუ რეგიონული თვითმმართველობა 21 მაზრაში.

 
საქართველოს ტერიტორიის ახალ ადმინისტრაციულ ერთეულებად (ოლქებად) დაყოფის პროექტის რუკა 1920 წ.

საშინაო მდგომარეობა

რედაქტირება
ჟორდანია და სხვა ოფიციალური პირები იბარებენ აღლუმს, 1919 წ.

არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: დაადგინა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია.

გატარდა განათლების რეფორმა. 1918 წლის სექტემბერში მიღებუოლ იქნა კანონი უფასო განათლების შესახებ. მოხდა სკოლების ნაციონალიზაცია, სახელმწიფო სტატუსი მიიღო თბილისის უნივერსიტეტმა. სავალდებულო საგნებად იქნა დადგენილი ქართული ენა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია.[7]სახაზინო და კერძო სკოლებში გაუქმდა რელიგიის სწავლება. ის დაშვებულ იქნა მხოლოდ სამრევლო სკოლებში.[8]

გატარდა სეკულარიზაცია, რელიგიურ ორგანიზაციებს აეკრძალათ განათლების სფეროში საქმიანობა, ჩამოერთვათ მიწები და ქონება, რომელიც სახელმწიფო ქონებად გამოცხადდა.[9]ხელისუფლება რელიგიის საკითხებში არ ერეოდა და რელიგიათა თანასწორობის პრინციპს იცავდა. [10]

ეკონომიკა

რედაქტირება

დაშვებული იყო თავისუფალი მეწარმეობა და კერძო საკუთრება. ზოგიერთი ნედლეულის, მაგ. მანგანუმის, თამბაქოს, მატყლის, აბრეშუმის პარკის და სხვა, ექსპორტზე დაწესებული იყო სახელმწიფო მონოპოლია. სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა სასარგებლო წიაღისეული, კურორტები და სამკურნალო მინერალური წყლები.[11]

გატარდა მიწის რეფორმა. 1918-1919 წლებში მიწები ჩამოერთვა მემამულეებს, რომლებიც დაწესებულ ნორმაზე მეტს ფლობდნენ.[12] განაწილებას არ დაექვემდებარა ტყეები, მდინარეები და საძოვრები.[13] 1919 წლის იანვრის კანონით დაიწყო ჩამორთმეული მიწების შეღავათიან ფასად მიყიდვა გლეხობისთვის. რეფორმამდე გლეხების 65% იჯარით აღებულ მიწას ამუშავებდა, ეს მაშინ, როცა მოსახლეობის 80% ცხოვრობდა სოფელში.[14] 1920 წელს გაუქმდა აკრძალვა მიწის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. სოფლის მეურნეობაში გავრცელებული დარგები იყო პურის მოყვანა, მეთამბაქოეობა (სოხუმის ოლქში), მევენახეობა და მეღვინეობა (კახეთსა და ზემო იმერეთში), მებამბეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეჩაიეობა (ოზურგეთის მაზრა და ჩაქვი), მესაქონლეობა, მეცხვარეობა (აღმოსავლეთ საქართველო), მეაბრეშუმეობა (დასავლეთ საქართველო).[15]

ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა მაინც მძიმედ რჩებოდა. რესპუბლიკამ მხოლოდ ერთხელ შეძლო საბიუჯეტო კანონის მიღება.[16]

მოქალაქეთა უფლებები

რედაქტირება

მოქალაქეობა მიენიჭა ყველას, ვინც 1914 წლის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე. დროებით დაკანონდა სიკვდილით დასჯა. ყველა მოქალაქეს 20 წლიდან მიეცა საარჩევნო უფლებები, მათ შორის ქალებს, რაც XX საუკუნის 20-იანი წლების მსოფლიოში იშვიათობა იყო.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა შრომის თავისუფლებას. რესპუბლიკაში შეიქმნა შრომის სამინისტრო, რომელიც, თავდაპირველად, მიწათმოქმედების სამინისტროსთან ერთად არსებობდა, 1919 წლიდან კი ცალკე გამოიყო მომარაგების სფეროსთან ერთად. რესპუბლიკის კანონმდებლობამ აღიარა შრომითი უფლებები, პროფესიული კავშირის შექმნისა და გაფიცვის თავისუფლება, შემოღებულ იქნა შრომითი რეგულაციები. 1919 წელს შეიქმნა სატარიფო პალატა მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების გაუმჯობესების მიზნით.

ეთნიკური უმცირესობები

რედაქტირება

ყველა ეთნიკურ უმცირესობას საკუთარ საქმეთა გასაძღოლად შექმნილი ჰქონდა საკუთარი ეროვნული საბჭო. თბილისში მოქმედი სომეხთა ეროვნული საბჭო ითხოვდა სომხური ენის სტატუსის გაზრდასა და მის გამოყენებას ადმინისტრაციულ ორგანოებში. 1918 წელს სომეხ ლტოლვილთა დასახმარებლად მთავრობამ გამოყო 40 მილიონი მანეთი[17] რესპუბლიკაში ფუნქციონირებდა 80 სომხური, 60 რუსული, 31 აზერბაიჯანული სკოლა. თბილისში დაფუძნდა გერმანული რეალური გიმნაზია.

1918-1920 წლებში რამდენიმე ოსური აჯანყება განხორციელდა. საქართველოს მთავრობა ოსებს რუს ბოლშევიკებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა.აჯანყებების ჩასახშობად საქართველოს მთავრობამ ცხინვალში სახალხო გვარდია და რეგულარული არმიის შენაერთები გაგზავნა.

1918 წლის ბოლოს ცხინვალში დაარსდა ოსური გიმნაზია რომელსაც განათლების სამინისტრო აფინანსებდა.[18] რაჭის, შორაპნის, გორისა და დუშეთის მაზრებში გახსნილი იყო სახელმწიფო დაწყებითი ოსურენოვანი სკოლები. 1919 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობამ საჭიროდ მიიჩნია ოსებისთვის ფართო თვითმმართველობის მინიჭება. მომზადდა ოსებით დასახლებული სასოფლო საზოგადოებების ცალკე მაზრად გამოყოფის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა შორაპნის, რაჭის და გორის მაზრების ოსური სოფლების შეერთებას და ახალი ადმინისტრაციული ერთეულის „ჯავის მაზრის“ შექმნას ადმინისტრაციული ცენტრით სოფელ ჯავაში. ოსთა ეროვნული საბჭო მოითხოვდა „სამხრეთ ოსეთის ოლქის“ ჩამოყალიბებას ადმინისტრაციული ცენტრით ცხინვალში, ოლქის ფარგლებში დუშეთის მაზრის ნაწილის ჩართვით. 1920 წელს ოსების მორიგი აჯანყების გამო ჯავის მაზრის შექმნის საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა [19]

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იქცა რუსეთის სამოქალაქო ომიდან გაქცეული არაერთი რუსი ხელოვანის თავშესაფრად. საქართველოს შეაფარა თავი მოსკოვის სამხატვრო თეატრის თითქმის მთელმა დასმა.1920 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ იოსებ მანდელშტამი, ილია.ერენბურგი და სხვები.

საგარეო მდგომარეობა

რედაქტირება

პირველი სახელმწიფო, რომელმაც რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ფაქტობრივად სცნო, იყო გერმანიის იმპერია. ეს მოხდა 28 მაისის ფოთის ხელშეკრულებით. მაისიდან საქართველოში განთავსდა გერმანიის კავკასიური ექსპედიცია. შემდეგი იყო ოსმალეთის იმპერია, რომელთანაც 4 ივნისს ბათუმის ხელშეკრულება გაფორმდა. სტამბოლში საქართველოს წარმომადგენლად გრიგოლ რცხილაძე გაიგზავნა. 1918 წელს საქართველოს დიპლომატიური მისია გაიხსნა უკრაინაშიც.

1919 წლის გაზაფხულზე ერთმანეთის სუვერენიტეტი აღიარეს საქართველომ და სომხეთმა და საქართველომ და აზერბაიჯანმა. ამ უკანასკნელთან ხელშეკრულება გაფორმდა 16 ივნისს. 15 სექტემბერს საქართველო სცნო არგენტინამ.

პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების და გერმანიის მიერ კავკასიის დატოვების შემდეგ საქართველომ წარადგინა საკუთარი დელეგაცია პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რათა გამარჯვებული მოკავშირე სახელმწიფოებისგან მიეღო აღიარება. 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოსთან დადებულმა მოსკოვის ხელშეკრულებამ გაამარტივა რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების პროცესი. იმავე წლის აგვისტოში სევრის ხელშეკრულებაში საქართველო დაფიქსირდა, როგორც სუვერენული სახელმწიფო. 16 დეკემბერს ერთა ლიგამ უარი უთხრა საქართველოს წევრად მიღებაზე. კენჭისყრის მონაწილე 24 სახელმწიფოდან საქართველოს გაწევრებას მხარი დაუჭირა მხოლოდ 10-მა. 1921 წლის 27 იანვარს საქართველო იურიდიულად სცნეს ანტანტის მოკავშირე სახელმწიფოებმა. დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც გრძელდებოდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება
სახელმწიფო დე-ფაქტო დე-იურე ხელშეკრულება
  გერმანიის იმპერია 28 მაისი, 1918 ფოთის შეთანხმება
  ოსმალეთის იმპერია 4 ივნისი, 1918 ბათუმის ხელშეკრულება
  არგენტინა 15 სექტემბერი, 1918
  სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა გაზაფხული, 1919
  აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა 16 ივნისი, 1919 საქართველო-აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების ხელშეკრულება
  რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა 7 მაისი, 1920 მოსკოვის ხელშეკრულება
  აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა 12 ივნისი, 1920 აღსთაფის საზავო შეთანხმება
  პოლონეთის მეორე რესპუბლიკა 24 მარტი, 1920 28 იანვარი, 1921 პოლონურ-ქართული სამხედრო კავშირი
  თურქეთი 13 ნოემბერი, 1920 8 თებერვალი, 1921

---

საზღვრები

რედაქტირება
 
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის 1918-1921 წლებში ცვლილებების რუკა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში იცვლებოდა სახელმწიფოს საზღვრები. სამხრეთ-დასავლეთით საზღვრის გამო ომი და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ოსმალეთის იმპერიასთან. საქართველო იძულებული იყო კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის სამხედრო აგრესიის ფონზე დათანხმებოდა 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის საზავო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით საქართველო თმობდა ბათუმის ოლქს და ახალციხის და ახალქალაქის მაზრებს. აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირება არ მომხდარა და ის არ ამოქმედებულა. პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ, 1918 წლის ოქტომბერში, საზღვარი დადგინდა მუდროსის დროებითი ზავის მიხედვით, რომლის თანახმად საქართველოს დაუბრუნდა ახალციხის და ახალქალაქის მაზრები. ბათუმის და ყარსის ოლქები დარჩა დროებით თურქული ოკუპაციის ქვეშ. 1919 წლის თებერვალ-აპრილში ოსმალეთის მარიონეტულ ყარსის რესპუბლიკასთან ომის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველომ დაამყარა კონტროლი ყოფილ არტაანის ოკრუგზე. რამდენიმე თვეში საქართველომ სომხეთს გადასცა ოკამის და ჩილდირის სექტორის ნაწილები. 1920 წლის მარტში საქართველომ წარუდგინა მემორანდუმი ანტანტის მოკავშირეთა უმაღლეს სამხედრო საბჭოს, რომლითაც პრეტენზია განაცხადა შემდეგ ტერიტორიებზე: ლაზისტანის სანჯაყი, ერზურუმის სანჯაყის ქეშქიმის და თორთომის კაზები და სპერის კაზის ნაწილი. საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები სევრის ხელშეკრულებამ არ დაადასტურა. 1920 წლის ივლისში საქართველოს გადაეცა მხოლოდ ბათუმის ოლქი. 1920 წლის ოქტომბერში სომხეთ-ოსმალეთის ომის დროს საქართველომ ხელახლა დაიკავა ჩილდირი.

ვერ მოხერხდა საზღვრების დადგენა სომხეთსა და აზერბაიჯანთან. 1918 წლის 11 ივნისს შეიქმნა კომისია, რომელსაც ეს საზღვრები უნდა დაედგინა. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ ირაკლი წერეთელი, დავით ონიაშვილი, პავლე ინგოროყვა და ილია ოდიშელიძე. კომისიის მიხედვით საქართველოს საზღვრებში სახმრეთით და აღმოსავლეთით უნდა მოქცეულიყო ახალქალაქის მაზრა, ბორჩალოს მაზრა, ბამბაკი, ყაზახი და საინგილო. ამავე ტერიტორიებზე პრეტენზიას აცხადებდნენ სამხრეთით სომხეთის და აღმოსავლეთით და სამხრეთით აზერბაიჯანის რესპუბლიკები.

აზერბაიჯანთან სადავო ტერიტორიას წარმოადგენდა ზაქათალის ოკრუგი, რომელზეც აზერბაიჯანმა პრეტენზიები 1918 წლის 14 ივნისს საქართველოს მთავრობას ოფიციალურად წაუყენა. აზერბაიჯანმა ყოფილი ზაქათალის ოკრუგი სამხედრო ძალით დაიკავა და მასზე საკუთარი იურისდიქცია გაავრცელა.[21] აზერბაიჯანის პრეტენზიები ასევე შეეხებოდა სიღნაღის და ბორჩალოს მაზრებს, სადაც დიდი რაოდენობით მუსლიმები ცხოვრობდნენ. მიუხედავად პრეტენზიებისა, ორივე სახელმწიფო თანხმდებოდა მშვიდობასა და ტერიტორიული დავის საერთაშორისო არბიტრაჟით გადაწყვეტაზე. 1920 წლის აპრილში რსფსრ-მ აზერბაიჯანის ოკუპაცია მოახდინა. რსფსრ არ ცნობდა ზაქათალის ოკრუგს საქართველოს შემადგენელ ნაწილად.

დაუდგენელი იყო საზღვარი სომხეთთანაც. 1918 წლის დეკემბერში სომხეთმა ომი დაიწყო, რომელიც დიდი ბრიტანეთის ჩარევით შეწყდა. სამხედრო მოქმედებებში საქართველომ წარმატებას მიაღწია და მოწინააღმდეგემ უკან დაიხია.[22]

1919 წლის იანვარში, დიდი ბრიტანეთის ჩარევით ბორჩალოს მაზრით სამხრეთ ნაწილში შეიქმნა ლორეს ნეიტრალური ზონა. 1920 წლის ნოემბერში თურქეთის სომხეთში შეჭრის შემდეგ, სომხეთის მთავრობასთან შეთანხმებითა და თურქული ოკუპაციის მოლოდინით, ნეიტრალური ზონა ქართულმა მხარემ დაიკავა.

ჩრდილო-დასავლეთით დე-ფაქტო საზღვარი ჩამოყალიბდა სოჭის კონფლიქტის შედეგად 1919 წლის მაისში, მდინარე ფსოუზე. 1920 წლის 7 მაისს მოსკოვის ხელშეკრულებით იურიდიულად დადგინდა საზღვარი მდინარე ფსოუზე.

შეიარაღებული ძალები

რედაქტირება
 
ქართველი არტილერისტები სოჭში.

ქართული რეგულარული შენაერთების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 1917 წელს რევოლუციების შემდეგ დაიწყო. კავკასიის ფრონტზე დაიწყო ნაციონალური შენაერთების ჩამოყალიბება და დაიგეგმა ქართული საარმიო კორპუსის შექმნაც. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორი კვირის შემდეგ ქართულ არმიად გარდაქმნილი ქართული საარმიო კორპუსი მხოლოდ 10 227 ჯარისკაცისაგან შედგებოდა. 2 ივნისს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა სამხედრო უწყების დროებითი მმართველობის გეგმა. 20 აგვისტოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი რეგულარული არმიის ორგანიზაციის შესახებ, დებულება რესპუბლიკის სამხედრო მმართველობისა, ასევე დებულება სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ჯარის შევსების შესახებ. შეიარაღებული ძალების უზენაესი ორგანო ეროვნული საბჭო იყო.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არსებობის არასრული სამი წლის განმავლობაში ცდილობდა შეიარაღებული ძალების ფორმირებას: შეიქმნა სამხედრო კანონმდებლობა, დაიწყო ჯარის ორგანიზაცია, დიდი ყურადღება ექცეოდა სამხედრო განათლებას, სამხედრო ვალდებულება დაეკისრა 20-დან 40 წლამდე ასაკის ყოველ მოქალაქეს, მაგრამ რესპუბლიკამ არსებული სამხედრო კადრების უმეტესი ნაწილის გამოყენებაც კი ვერ მოახერხა. რეგულარული არმია სხვადასხვა დროს, მშვიდობიანობისას, 9 000 - 15 000 ჯარისკაცისაგან შედგებოდა, ხოლო ომიანობის ან საომარი საფრთხის შემთხვევაში – 20 000 - 30 000 სამხედრო მოსამსახურისაგან. დეზერტირობის მასობრივი შემთხვევები ხელს უშლიდა არმიის შევსებას. 1919 წლის რეორგანიზაციის შემდეგ რეგულარული ჯარი შემდეგი სტრუქტურით ჩამოყალიბდა:[23]

I საარმიო ქვეითი ბრიგადა (შტაბი: ქუთაისი)

  • 1-ლი ქვეითი ბატალიონი (ქუთაისი)
  • მე-2-ე ქვეითი ბატალიონი (სოხუმი)
  • მე-3-ე ქვეითი ბატალიონი (ფოთი)
  • მე-4-ე ქვეითი ბატალიონი (ოზურგეთი)
  • 1-ლი საარტილერიო დივიზიონი (ქუთაისი)

II საარმიო ქვეითი ბრიგადა (შტაბი: თბილისი)

  • მე-5-ე ქვეითი ბატალიონი (თბილისი)
  • მე-6-ე ქვეითი ბატალიონი (თელავი)
  • მე-7-ე ქვეითი ბატალიონი (თბილისი)
  • მე-8-ე ქვეითი ბატალიონი (დედოფლისწყარო)
  • მე-2-ე საარტილერიო დივიზიონი (მუხროვან-გომბორი)

III საარმიო ქვეითი ბრიგადა (შტაბი: გორი)

  • მე-9-ე ქვეითი ბატალიონი (ახალციხე)
  • მე-10-ე ქვეითი ბატალიონი (გორი)
  • მე-11-ე ქვეითი ბატალიონი (ახალქალაქი)
  • მე-12-ე ქვეითი ბატალიონი (მანგლისი)
  • მე-3-ე საარტილერიო დივიზიონი (გორი)

ამას გარდა არსებობდა:

  • ტფილისის სადარაჯო ათასეული (თბილისი)
  • საარმიო არტილერიის ბრიგადა (თბილისი)
  • არმიის ცხენოსანი დივიზიონი (თეთრიწყარო)
  • მესანგრეთა ბატალიონი (თბილისი)

სასაზღვრო ჯარის 6 ქვედანაყოფი (სოხუმი, ფოთი, ახალციხე, შულავერი, სიღნაღი, დარიალი). საქართველოს შეიარაღებული ძალები განიცდიდა შაშხანების, საარტილერიო დანადგარების, ტყვიამფრქვევების, ვაზნებისა და საარტილერიო ჭურვების დიდ ნაკლებობას.[24]

საქართველოს პირველ რესპუბლიკას მცირე ზომის საზღვაო ფლოტი ჰყავდა, რომელიც სტრუქტურულად, რეგულარული არმიის სანაპირო ჯარის (მესაზღვრეთა ნაწილები) შემადგენლობაში შედიოდა. საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში შედიოდა „გრინპორის“ ტიპის საპატრულო გამანადგურებელი კატარღები - „პატარა კახი“, „ტარიელი“, „ფრიდონი“ და „ავთანდილი“, ასევე რამდენიმე ბარჟა და სასწავლო გემი. შეიარაღებული ძალები სამხედრო მიზნებისთვის არასამხედრო დანიშნულების გემებსაც იყენებდა.[25]

სამხედრო ავიაცია

რედაქტირება
 
ლებედ-12

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს კავკასიის ფრონტის საავიაციო ტექნიკიდან, მემკვიდრეობით, რამდენიმე ათეული ფრანგული, ბრიტანული და რუსული წარმოების საფრენი აპარატი დარჩა. თვითმფრინავები, ძირითადად, მოძველებული „ფარმან-7“, „ფარმან-16“, „მორან-პარასოლის“, „ვუაზენის“, „ლებედ-12“, ერთძრავიანი და ორძრავიანი „კოდრონის“ და „ნიუპორ-21“-ს ტიპის გახლდათ. თვითმფრინავებზე დამონტაჟებული იყო „გნომის“, „რონის“ და „სალსონის“ ტიპის ძრავები, რომელთა საფრენოსნო რესურსი არათუ ამოწურული იყო, არამედ რამდენჯერმე აღემატებოდა ძრავების ექსპლოატაციის განსაზღვრულ ნორმას. 1920 წლის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა ჩრდილო კავკასია დაიკავეს, მოხალისეთა არმიის მეექვსე ავიარაზმის თეთრგვარდიელმა მფრინავებმა მოწინააღმდეგეს თბილისში გადმოფრენით დააღწიეს თავი. შედეგად, „სოფვიჩ-ქემალის“ „F1“ მოდელის 4 აეროპლანი ქართული არმიის საავიაციო პარკს შეუერთდა. მოგვიანებით, 1920 წლის ივლისში, საქართველომ იტალიაში, „ანსალდოს“ ქარხანაში, 10 ერთეული „SVA-10“ ტიპის თანამედროვე აეროპლანი შეიძინა.[26]

სახალხო გვარდია

რედაქტირება
 
ქართული ჯავშანმატარებელი

სახალხო გვარდია ომის პერიოდში 10 000 - 15 000 კაცის მობილიზებას ახერხებდა. სახალხო გვარდია ექვემდებარებოდა უშუალოდ მთავრობის მეთაურს. სახალხო გვარდიის შენაერთებში შედიოდა და შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შენაერთს წარმოადგენდა ჯავშანმატარებლების რაზმი. მის შემადგენლობაში, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა რაოდენობის ჯავშნოსანი მატარებელი ირიცხებოდა. ქართულმა ჯავშანმატარებლებმა პირველი რესპუბლიკის დროს წარმოებულ არაერთ სამხედრო ოპერაციაში გამოიჩინა თავი.[27]

დღესასწაულები

რედაქტირება

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოცხადებული იყო 12 უქმე დღე[28]:

  1. ახალი წელი1 იანვარი
  2. შობა7 და 8 იანვარი
  3. რევოლუციის დღე — 12 მარტი
  4. ხარება7 აპრილი
  5. აღვსების ორშაბათი — მოძრავი
  6. მშრომელთა საერთაშორისო დღე1 მაისი
  7. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე26 მაისი
  8. ამაღლება — მოძრავი
  9. სულთმოფენობა — მოძრავი
  10. ღვთისმშობლის შობა21 სექტემბერი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მიხეილ გვაძაბია. რატომ მიყვარს პირველი რესპუბლიკა? – ბექა კობახიძე.
  2. Lang, David Marshall (1962), A Modern History of Georgia, p. 211. London: Weidenfeld and Nicolson.
  3. Stefan Talmon (1998), Recognition of Governments in International Law, p. 289-290. Oxford University Press, ISBN 0-19-826573-5.
  4. ირემაძე ი., სილაქაძე დ., ჭანტურიძე ს., „ნოე ჟორდანია — 150“, თბილისი, 2018, გვ. 7
  5. ათანელიშვილი, 2006, გვ. 69
  6. ჯანელიძე ო., დაუშვილი ა., ხოსიტაშვილი მ.,, „თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი თბილისი 1918-1921 წლებში“, თბ., 2019. — გვ. 101, ISBN 978-9941-9653-1-9.
  7. ჭუმბურიძე დ., განათლება 1918-1921 წლებში, თბილისი, 2000, გვ 70, 76
  8. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული 1918-1921, თბილისი, 1990, გვ. 110
  9. ვარდოსანიძე ს., საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში, თბილისი, 2001, გვ. 41
  10. ჯანელიძე, ო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, თბ., 2018, გვ. 114
  11. ათანელიშვილი, 2006, გვ. 42
  12. ათანელიშვილი, 2006, გვ. 49
  13. ათანელიშვილი, 2006, გვ. 55
  14. ათანელიშვილი, 2006, გვ. 44
  15. ხომერიკი ნ., აგრარული რეფორმა და ჩვენი სასოფლო მეურნეობა, თბ.: ქალაქთა კავშირი, 1920.
  16. ათანელიშვილი, 2006, გვ. 23
  17. კვაჭანტირაძე.ე., „სომეხთა მიგრაცია საქართველოში 1918 წელს „კლიო“ .2001 N11, გვ.92.
  18. Дзидзоев. В.,. Дзугаев. К.,. Южная. Осетия. в. ретроспективе. грузино-осетинских. отношений,.Цхинвал,.2007,.ст..80
  19. ჯანელიძე ო., „ნატეხი ერები“ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, თბილისი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, 2018. — გვ. 63-64, ISBN 978-9941-8-0034-4.
  20. საქართველოს ისტორია, XX საუკუნე,(რედაქტორი ვახტანგ გურული), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, არტანუჯი, თბ., 2003, გვ. 77
  21. ჯანელიძე ო.,.საქართველოს.ახალი.და.თანამედროვე.ისტორია,.თბ.,.2009,.გვ..131.
  22. ჩაჩხიანი ა., „დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს1918-1919 წლების ომი, .თბ, 2007, გვ.397–398
  23. არმიის ქვედანაყოფები
  24. როგორი იყო პირველი რესპუბლიკის შეიარაღება რადიო „თავისუფლება“
  25. პირველი რესპუბლიკის ფლოტი
  26. პირველი რესპუბლიკის ავიაცია
  27. პირველი რესპუბლიკის ჯავშანმატარებლები
  28. გურიის ერობის მოამბე N1 გვ.4-5 1 იანვარი 1920