საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე — საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი — პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე — აღინიშნება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე | |
ქართველი სამხედროების აღლუმი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 26 მაისი, 2008 წელი. | |
1919 წლის 26 მაისი — „შევარდენის“ აღლუმი. | |
მნიშვნელობა | საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა რუსეთის იმპერიისგან |
---|---|
დაწესდა | 26 მაისი, 1918 — საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება |
აღნიშნავენ | საქართველო |
ზეიმობა | ეროვნული |
ისტორია
რედაქტირება1917 წლის თებერვლის რევოლუციამ რუსეთში მონარქია დაამხო. 2 მარტს ტახტიდან გადადგა ნიკოლოზ II და დამყარდა ორხელისუფლებიანობა — სამართლებრივი თვალსაზრისით, სახელმწიფო ხელისუფლებას ფლობდა დროებითი მთავრობა, ხოლო რეალურ ხელისუფლებას კი დეპუტატთა საბჭოები. ორხელისუფლებიანობა დამყარდა ამიერკავკასიასა და საქართველოშიც. რევოლუციის გამარჯვების შედეგად შეიქმნა თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭო, ხოლო 1917 წლის მარტში თბილისში მუშაობას შეუდგა რუსეთი დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული სამხარეო ხელისუფლების ორგანო — ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი (ოზაკომი)[1].
1917 წლის აპრილში თბილისში შეიქმნა ეროვნული ხელისუფლების ჩანასახი — საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო. ინტერპარტიული საბჭო წარმოადგენდა პოლიტიკურ პარტიათა და მიმდინარეობათა ნებაყოფლობით გაერთიანებას. მან თავის თავზე აიღო ქართული ეროვნული მოძრაობის კოორდინატორის ფუნქცია — სათავეში ჩაუდგა ეროვნულ მოძრაობას[2].
1917 წლის 25 ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ამიერკავკასიაში მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია. დაემხო რუსეთის დროებითი მთავრობა და ოზაკომმა მოქმედება შეწყვიტა. საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოსთვის ცხადი იყო, რომ საბჭოთა რუსეთის მთავრობა შეეცდებოდა ხელისუფლების ახალი ორგანოს დანიშვნასა და თავისი იურისდიქციის გავრცელებას საქართველოში. ამიტომ ქართველი პოლიტიკოსების ინიციატივით ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა საბჭოთა რუსეთისგან გამიჯვნა გადაწყვიტეს. 1917 წლის ნოემბერში თბილისში ფუნქციონირება დაიწყო სამხარეო ხელისუფლების ორგანომ — ამიერკავკასიის კომისარიატმა. მას უნდა შეესრულებინა კომისარიატის სამხარეო ხელისუფლების ორგანოს ფუნქცია რუსეთში კანონიერი ხელისუფლების (დროებითი მთავრობის) აღდგენამდე[3].
1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა. ეროვნულმა ყრილობამ გადაწვიტა საბჭოთა რუსეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ თუ რუსეთში დემოკრატიული წყობილების აღდგენა დააგვიანებდა, მაშინ მოწვეულ იქნებოდა საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელიც გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს ნოე ჟორდანია[4].
1918 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთმა კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი სამხედრო ძალით სცადა საქართველოს ოკუპაცია. ახლადშექმნილმა ჯარმა რუსეთის ჯარები სასტიკად დაამარცხა. გარდა ამისა, თურქეთი აგრესიას ამჟღავნებდა და არ მალავდა თავის ზრახვებს ამიერკავკასიის მიმართ. თურქეთის მხარე თავის სასარგებლოდ იყენებდა იმ ფაქტს, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ წარმოადგენდა და მას მიიჩნევდა რუსეთის ნაწილად. ამიტომ თურქეთთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად საჭირო იყო ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება. შექმნილ სიტუაციაში, ამიერკავკასიის კომისარიატმა ამიერკავკასიიდან არჩეული რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან 1918 წლის თებერვალში მოიწვია საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც 1918 წლის 22 აპრილს გამოაცხადა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა, რომელშიც შედიოდა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. მიუხედავად ამისა, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნამ ვერ გააუმჯობესა მდგომარეობა. თურქეთმა ბათუმის საზავო კონფერენციაზე უფრო მძიმე პირობები წამოაყენა. გარდა ამისა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ თანხმდებოდნენ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. საქართველო გერმანოფილურ ორიენტაციას ირჩევდა, სომხეთი — ანგლოფილურს, ხოლო აზერბაიჯანი — თურქოფილურს[5].
1918 წლის მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა გერმანოფილური საგარეო-პოლიტიკური კურსი. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი უფიციალურად შეუდგა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის მზადებას.
დამოუკიდებლობის აქტის მიღება
რედაქტირება1918 წლის მაისის მეორე ნახევარში თურქეთის არმია აგრძელებდა შეტევით ოპერაციებს. მალე გაირკვა, რომ გერმანია უარს ამბობდა დაეცვა ანგლოფილური სომხეთი და თურქოფილური აზერბაიჯანი, ხოლო საქართველოს იმ შემთხვევაში დაიცავდა, თუ დაიშლებოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა და საქართველო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა[6].
1918 წლის 26 მაისს გოლოვინის გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. სხდომა გაიხსნა 4 საათსა და 50 წუთზე, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“[7].
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი
რედაქტირება1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სსრ-ის არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და ხელისუფლება გადავიდა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციის „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ ხელში[8].
1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 %-მა, რომელთაგან 98,9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იქნებოდა 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს სახელმწიფოებმა და გაერომ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნეს არა როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრის, არამედ როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე[9].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სახელმწიფოების ეროვნული დღესასწაულები დაარქივებული 2014-12-16 საიტზე Wayback Machine. , საქართველოს მთავრობა დაარქივებული 2007-10-25 საიტზე Wayback Machine. .
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. ციტირების თარიღი: 2021-05-26. დაარქივებული 2011-08-09 საიტზე Wayback Machine.
- პ. ცნობილაძე (2004). კონსტიტუციური სამართალი, ტომი პირველი. თბილისი.
- (2003) საქართველოს ისტორია, XX საუკუნე. თბილისი. ISBN 99928-991-9-0.
- ა. სურგულაძე; პ. სურგულაძე (1991). საქართველოს ისტორია. თბილისი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს ისტორია (2003), გვ. 46
- ↑ საქართველოს ისტორია (2003), გვ. 48
- ↑ საქართველოს ისტორია (2003), გვ. 49
- ↑ საქართველოს ისტორია (2003), გვ. 50
- ↑ საქართველოს ისტორია (2003), გვ. 53
- ↑ საქართველოს ისტორია (1991), გვ. 195-196
- ↑ საქართველოს ისტორია (1991), გვ. 196-198
- ↑ საქართველოს ისტორია (2003), გვ. 224
- ↑ საქართველოს ისტორია (2003), გვ. 231-232