თედო სახოკია

ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი და ლექსიკოგრაფი
(გადამისამართდა გვერდიდან სახოკია, თედო)

თედო ტიმოთეს ძე სახოკია (დ. 15 მარტი, 1868, ხეთა, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 17 თებერვალი, 1956, თბილისი) — ქართველი ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, ფოლკლორისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და პედაგოგი, რეიმსის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1902) და პარიზის ანთროპოლოგიური საზოგადოების საზღვარგარეთელი წევრ-კორესპონდენტი (1904).

თედო სახოკია
დაბ. თარიღი 15 მარტი, 1868(1868-03-15)
დაბ. ადგილი ხეთა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 17 თებერვალი, 1956(1956-02-17) (87 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა მწერალი და მთარგმნელი
ალმა-მატერი მარტვილის სასულიერო სასწავლებელი, თბილისის სასულიერო სემინარია, ჟენევის უნივერსიტეტი და პარიზის უნივერსიტეტი

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც არალეგალური საქმიანობის გამო გარიცხეს.[⇨] უმაღლესი განათლება პარიზში, ჟენევასა და ბრიუსელში მიიღო. იყო საქართველოს თავისუფლების ლიგის წევრი.[⇨] ხელმძღვანელობდა „ქართული პარტიის“ სახელით ცნობილ პოლიტიკურ მოძრაობას.[⇨] 1903-1905 წლებში იყო გაზეთ „საქართველოს“ თანარედაქტორი.[⇨]

1905 წელს თედო სახოკია საქართველოში იარაღის არალეგალურად შემოტანის გამო დააპატიმრეს.[⇨] 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც ევროპაში გაიქცა და 1916 წლამდე ემიგრაციაში იმყოფებოდა ბელგიაში, საფრანგეთსა და ინგლისში.[⇨] საქართველოში დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად ჩაება სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში, განსაკუთრებით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.[⇨]

თედო სახოკია პირველი იყო ქართველ მოღვაწეთა შორის, რომელმაც სპეციალური განათლება მიიღო ეთნოგრაფიის დარგში. მას ეკუთვნის ცნობილი ნაშრომები: „მოგზაურობანი“, „ეთნოგრაფიული ნაწერები“ და „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი“. მისი ეთნოგრაფიული ნარკვევები იბეჭდებოდა ქართულ, ინგლისურ, რუსულ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე.[⇨]

აქტიურად თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან.[⇨] რეგულარულად აქვეყნებდა მასალებს ქართულ და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში: „ცნობის ფურცელი“, „მოამბე“, „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „Кавказ" და სხვ.[⇨]

თედო სახოკია ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც. მან იტალიურიდან თარგმნა ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“ და ჯუზეპე გარიბალდის „კლელია“, ფრანგულიდან - ვოლტერის, გი დე მოპასანის, ემილ ზოლას, ალფონს დოდეს, ფრანსუა კოპეს, ანრი ბარბიუსისა და ოქტავ მირბოს ნაწარმოებები, რუსულიდან - კორნელი ბოროზდინის „სამეგრელო“ და „ბატონყმობა სამეგრელოში“, ივანე ვაზოვის „დამონებულნი“ და ა.შ.[⇨]

 
თედო სახოკიას მამა, ტიმოთე სახოკია 1886 წელს

თედო სახოკიას თქმით, მათი გვარის შორეული წინაპარი რაჭველი გამყრელიძე იყო, რომელიც მკვლელობის გამო ლეჩხუმში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ვაჟებიც მოურავ ჩიქოვანის მკვლელობის გამო იძულებული გახდნენ სამეგრელოში გაქცეულიყვნენ. ორი ძმა სოფელ შხეფში დასახლდა და გვარად სახოკია მიიღო, ორმა კი ― გახოკია.[1]

თედო სახოკიას პაპის მამა დადიანის კარის მღვდელი იყო. სახოკიებს დიდმარხვაში ბატონისა და სასახლეში მომარხულეთათვის ჭინჭრის კრეფა ევალდებოდათ, რის გამოც მათ „მეჭინჭრე“ სახოკიებს ეძახდნენ. პაპა (მამის მხრიდან) მარკოზ სახოკია ოქრომჭედელი იყო და მისი ოჯახი შეძლებულ ოჯახად ითვლებოდა. თედო სახოკიას მამა ტიმოთე (1832-1887) წარმოშობით სოფელ შხეფიდან იყო და ხეთის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდლად მსახურობდა. დედა ელისაბედი იმავე ტაძრის მღვდელმსახურის, დავით კუკავას ქალიშვილი იყო.[1]

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

თედო სახოკია 1868 წლის 15 მარტს ზუგდიდის მაზრის სოფელ ხეთაში (დღევანდელი ხობის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. სახოკიების ოჯახი შეძლებულ და დაფასებულ ოჯახად ითვლებოდა და იმ პერიოდის სამეგრელოში გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, თედო მახლობელ სოფელში ირინე ლატარიასა და უთოთია იოსავას ოჯახში გააძიძავეს, სადაც ის სამ წლამდე იზრდებოდა.[1][2]

1872 წელს თედო სახოკია ხეთაში დაბრუნდა, თუმცა მალე ოჯახი სოხუმში გადასახლდა. 1874 წელს თედო სახოკიას დედა გარდაეცვალა. 41 წლის ტიმოთე სახოკიას 4 ქალიშვილი და 2 ვაჟი დარჩა.[1]

თედო სახოკიამ რუსულად წერა-კითხვა 5 წლის ასაკში ისწავლა, რის შემდეგაც მამამ სოხუმში არსებულ ე.წ. „მთიელთა სკოლაში“ („Горская школа“) შეიყვანა, მაგრამ რუსეთ-ოსმალეთის ომის მოახლოების გამო ტიმოთე სახოკიამ ოჯახი კვლავ სოფელ ხეთაში გადაიყვანა და თან საეკლესიო ნივთებიც წაიღო.[3]

სასულიერო სასწავლებელი და სემინარია

რედაქტირება
 
თედო სახოკია 1884 წელს

მარტვილის სასულიერო სასწავლებელში მისაღებად ქართული წერა-კითხვის ცოდნა უცილებელი იყო, ამიტომაც ტიმოთე სახოკიამ ვაჟი მღვდელ შიო იოსავას მიაბარა, რომელთანაც თედომ თითქმის ერთი წელი იცხოვრა, მაგრამ ქართული წერა-კითხვა მაინც ვერ ისწავლა.[4] 1877 წელს იგი მარტვილის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, მაგრამ ქართული წერა-კითხვის არცოდნის გამო პირველ მოსამზადებელში დასვეს. თედო სახოკია გლეხ ივანე ოდიშარიას სახლში დაბინავდა, სადაც უკვე ცხოვრობდნენ ბესარიონ და გიორგი ხელაიები. თედოს ქართულად წერა-კითხვა სწორედ ბესარიონმა (შემდეგში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია) ასწავლა.[1] სასწავლელებში ყოფნისას თედო სახოკიას ვასილ ბარნოვიც ასწავლიდა.[5]

თედო სახოკიამ მარტვილის სასულიერო სასწავლებელი 1884 წელს დაასრულა. მცირეწლოვანების გამო ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეორე კლასში ვერ ჩაირიცხა. სამაგიეროდ, სასულიერო სასწავლებლის პირველი ხარისხით დამთავრების გამო, თედო სახოკია იმავე წელს თბილისის სასულიერო სემინარიის პირველ კლასში გამოცდების გარეშე მიიღეს.[1]

თბილისის სასულიერო სემინარიაში ყოფნისას თედო სახოკია მასზე ერთი წლით უფროს შიო დედაბრიშვილსა და იოსებ ლაღიაშვილს დაუმეგობრდა, რომლებმაც იგი სოციალიზმს აზიარეს. მეორე წელს ალექსანდრე ჯაბადარი და ზაქარია ჭიჭინაძეც გაიცნო, რომლისგანაც „აკრძალულ წიგნებსაც“ შოულობდა. ამ პერიოდში თედო სახოკია მიხა ცხაკაიასთან ერთად ცხოვრობდა. 1886 წლის 21 თებერვალს მოსწავლეთა არალეგალურ საქმიანობაში მონაწილეობის გამო თედო სახოკია სასწავლებლიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე დაითხოვეს.

უმაღლესი განათლება

რედაქტირება
 
ახალგაზრდა თედო სახოკია

სემინარიიდან გარიცხვის შემდეგ თედო სახოკია სოხუმში დაბრუნდა. იმ პერიოდში აგრონომია დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ანთიმოზ ჯუღელის რჩევით, ტიმოთე სახოკიამ შვილი საზღვარგარეთ სასოფლო-სამეურნეო განათლების მისაღებად გაგზავნა. 1886 წლის გაზაფხულზე თედო სახოკია შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩავიდა, სადაც ცნობილ მწერალსა და მთარგმნელს, ივანე მაჭვარიანს შეხვდა. მისი რჩევით, იქვე დარჩა, ფრანგულ ენაში მოემზადა და შემოდგომაზე ჟენევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლის პარალელურად მჭიდრო კავშირი ჰქონდა იქ მყოფ ქართველ სტუდენტებთან.

1887 წელს თედო სახოკიას მამა გარდაეცვალა და იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო. შემდეგ პარიზის სორბონის უნივერსიტეტის ისტორიის განყოფილებაზე ჩაირიცხა, რადგანაც საისტორიო ნაწილზე სწავლა უფასო იყო. მიუხედავად ამისა, თედო სახოკიამ სასწავლო კურსი ვერ დაასრულა და 1889 წელს კვლავ საქართველოში დაბრუნდა.[1][6]

1900 წელს თედო სახოკია ტფილისში ჩავიდა და „ცნობის ფურცელსა“ და „მოამბეს“ თვეში სამ თუმნად უცხოეთიდან თანამშრომლობას შეჰპირდა. საზღვარგარეთიდან იგი თვეში ოთხჯერ მაინც გზავნიდა ფელეტონებს. საზღვარგარეთ ყოფნისას თანხით დახმარება აღუთქვა ეპისკოპოსმა, შემდეგში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ.

იმავე წელს თედო სახოკია პარიზში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო გამოფენასაც დაესწრო. იგი საქართველოს წარმომადგენლობის კორესპონდენტი იყო. შემდეგ პარიზის საანთროპოლოგიო უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა, სადაც 4 წელი სწავლობდა. ისმენდა შარლ ლეტურნოს, ლ. მანუვრიეს, ანდრე ლეფევრისა და სხვათა ლექციებს. სწავლის პარალელურად დე-მორტილიეს სახელობის სემინარებში, ყოველკვირეულ სამეცნიერო ექსპედიციებსა და სამეცნიერო სხდომებში მონაწილეობდა.[7]ამ ხანებში ფრანგულად დაიბეჭდა თედო სახოკიას „ქართული ანდაზები“, რომელშიც შოთა რუსთაველის აფორიზმებიც იყო შესული.[8] 1902 წელს იგი რეიმსის აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს. მომდევნო წლის 16 აპრილს კი პარიზის ანთოპოლოგიური საზოგადოების სხდომაზე მოხსენება „ყვავილ-ბატონები საქართველოში: ერთი ფურცელი ხალხური მედიცინიდან“ წაიკითხა. 1904 წლის ერთ-ერთ სხდომაზე იგი ამ საზოგადოების საზღვარგარეთელ წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს.[9]

1890-1900-იანი წლები

რედაქტირება
 
თედო სახოკია 1891 წელს

1890-1894 წლებში თედო სახოკია საარსებო სახსრების საშოვნელად სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა: მუშაობდა მეტყევედ (ბორჯომში), „წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობაში“, ნიკოლოზ ღოღობერიძის მრეწველობაში უცხოეთთან კორესპონდენტად (ზესტაფონში). 1894 წელს მან ე.წ. „ფილოქსერიის დასში“ დაიწყო მუშაობა.[10] ამ პერიოდში თედო სახოკია ძირითადად დასავლეთ საქართველოს სოფლებში არსებული მდგომარეობის შესწავლით იყო დაკავებული და დასთან ერთად გლეხებში ვაზის დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად ცოდნის დონის ამაღლებისთვის იბრძოდა.[11][12]

1895-1897 წლებში თედო სახოკია თბილისში გადავიდა, სადაც „წიგნების გამომცემელ ქართველთა ამხანაგობის“ საგამომცემლო საქმიანობაში ჩაება. ამ პერიოდში დაიბეჭდა მისი წიგნები: „აკაკის ნაკვესები“ (1895), „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ (1897) და ჰანს ქრისტიან ანდერსენის „გედების“ თარგმანი (1897).[13]

პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება

საქართველოს თავისუფლების ლიგა

რედაქტირება

1892 წელს ვარშავის უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა საიდუმლო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს, რომელშიც სხვა უმაღლესი სასწავლებლების ქართველი სტუდენტებიც გაერთიანდნენ. ორგანიზაციას „საქართველოს თავისუფლების ლიგა“ ეწოდა და თედო სახოკია მის საქმიანობაში 1892 წელს ჩაერთო. ორგანიზაციის პოპულარიზაციისა და ახალი წევრების მოზიდვის მიზნით თედო სახოკიას საიდუმლო მიმოწერა ჰქონდა შიო არაგვისპირელთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან და სხვებთან.[14]

რუსეთის მთავრობის ჟანდარმერიას ორგანიზაციის წევრთა მიმოწერა ჩაუვარდა ხელში. 1894 წლის 20 სექტემბერს თედო სახოკია შიო დედაბრიშვილთან მიმოწერისა და „საქართველოს თავისუფლების ლიგასთან“ თანამშრომლობის გამო დააპატიმრეს და მეორე დღეს ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. იგი ციხიდან სამი თვის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა პოლიცია და ჟანდარმერია კვლავ მეთვალყურეობდა.[15]

„ქართული პარტია“

რედაქტირება
 
თედო სახოკია 1893 წელს

1898 წელს თედო სახოკია სოხუმში გადავიდა. აფხაზეთში იგი სათავეში ჩაუდგა „ქართული პარტიის“ სახელით ცნობილ პოლიტიკურ მოძრაობას და ანთიმოზ ჯუღელთან, ივანე გეგიასთან, გრიგოლ კანდელაკთან და სხვებთან ერთად რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო. თედო სახოკიას გვერდით იბრძოდნენ სპირიდონ ნორაკიძე, ივანე ბურჭულაძე, ივანე გეგია და ფარნა დავითაია. პარტიის საქმიანობაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც: დეკანოზი დავით მაჭავარიანი და მღვდლები: აქვსენტი სახოკია და ივანე ჩხენკელი. თედო სახოკიას „ქართული პარტიის“ წევრები იყვნენ საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქებიც: კირიონ II, ლეონიდე და ამბროსი.

თედო სახოკია და მისი ჯგუფის წევრები ძირითადად მიწერ-მოწერით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. ამ მიმოწერას კოორდინაციას თედო სახოკია უწევდა. მალე რუსეთის იმპერიის წარმომადგენლებმა „ქართული პარტიისა“ და თედო სახოკიას საქმიანობის შესწავლა დაიწყეს. საბრალდებო დოკუმენტის შედგენას მათ ოთხი წელი მოანდომეს. თედო სახოკიამ მეგობრების წყალობით საზღვარგარეთ გამგზავრება მოახერხა, რის შემდეგაც ორგანიზაციის საქმიანობა შენელდა, თუმცა 1903 წელს მისი დაბრუნების შემდეგ შეხვედრები განახლდა.[15]

გაზეთი „საქართველო“

რედაქტირება

1901 წლის ზაფხულში თედო სახოკიამ იტალიაში იმოგზაურა, სადაც რომში მიხეილ თამარაშვილს ნაწერების დასაბეჭდად მომზადებაში ეხმარებოდა. შემდეგ ორი თვე ტოსკანაში გაატარა. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ იგი არჩილ ჯორჯაძეს დაუახლოვდა, რომელსაც ქართული ენის გახსენებაში ეხმარებოდა.

1902 წელს პარიზში არალეგალური ორგანოს „საქართველოს“ ბეჭდვა გადაწყდა, რომლის პირველი ნომერიც ფრანგულ ვარიანტთან („ლა ჟორჟი) ერთად მომდევნო წლის 1 მაისს გამოვიდა. თედო სახოკია არჩილ ჯორჯაძესთან და გიორგი ლასხიშვილთან ერთად გაზეთის თანარედაქტორი იყო და საქართველოში მის არალეგალურ გავრცელებაში მონაწილეობდა.[16] მეფის ადმინისტრაციამ თედო სახოკიას ხუთი წლით დაპატიმრება და ციმბირში გადასახლება გადაწყვიტა, მაგრამ მან თავს უშველა: ჯერ ნოვოროსიისკში ჩავიდა, სადაც საზღვარგარეთის პასპორტი იშოვა და პარიზში დაბრუნდა.[10]

საფრანგეთიდან დროებით დაბრუნების შემდეგ თედო სახოკია სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დავალებით, სხვა წევრებთან ერთად ილია ჭავჭავაძეს შეხვდა და გაზეთისა და სხვა ფინანსურ საკითხებში მხარდასაჭერად დავით სარაჯიშვილთან შუამდგომლობა სთხოვა, თუმცა საგურამოში სტუმრობა უშედეგოდ დასრულდა.[15]

იარაღის შემოტანის საქმე და გადასახლება

რედაქტირება
 
თედო სახოკია

1904 წელს ჟენევაში ქართული პოლიტიკური მიმდინარეობებისა და დაჯგუფებების კონფერენციაზე საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია შეიქმნა. სწორედ ამ ხანებში პარტიის რიგებში უნდა შესულიყო თედო სახოკიაც. იგი ჟენევის კონფერენციის მონაწილეთა შორისაა მოხსენიებული, თუმცა უცნობია, რა იყო მისი ფსევდონიმი.[17]

1905 წელს საფრანგეთში მყოფმა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გიორგი დეკანოზიშვილმა თედო სახოკიას შავიზღვისპირეთის სხვადასხვა პუნქტში საზღვარგარეთიდან უკანონოდ შემოტანილი იარაღის მიღება და ხალხის დახვედრა დაავალა. საქართველოში დაბრუნებისთანავე თედო სახოკია პარტიის ფოთის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ ესაკიას დუკავშირდა და კომიტეტები ბათუმსა და სოხუმშიც დააარსეს. თედო სახოკია და ალექსანდრე ჯაბადარი ბათუმში მყოფ დავით კლდიაშვილს შეხვდნენ, თუმცა მისგან მნიშვნელოვანი დახმარება ვერ მიიღეს. იმავე წელს ნიდერლანდურ გემ „სირიუსით“ შვეიცარიაში ნაყიდი იარაღი შემოიტანეს, რომელთა ნაწილი მოსახლეობას დაურიგეს, ნაწილი მთავრობამ ჩაიგდო ხელში, ნაწილი კი ზღვაში გადაყარეს.[10]

საქართველოში იარაღის შემოტანის საქმე განსახილველად სასამართლო ორგანოებს გადაეცა. 1906 წლის თებერვალში თედო სახოკია დააპატიმრეს. სასამართლო პროცესზე მას პეტერბურგიდან ჩამოსული ვექილები: ლუარსაბ ანდრონიკაშვილი და დავით ერისთავი და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მხრიდან გიორგი გვაზავა და იოსებ ბარათაშვილი იცავნდნენ. ციხეში მაისამდე იმყოფებოდა, რის შემდეგაც თავდებით გამოუშვეს.[18]

იმავე წლის შემოდგომაზე თედო სახოკია დაოჯახდა და სოხუმის თვითმმართველობის მდივნად დაიწყო მუშაობა. მომდევნო წლის თებერვალში კვლავ დააპატიმრეს. სექტემბერში გაასამართლეს და სამუდამოდ ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. სანამ სენატი მისი საქმის საჩივარს განიხილავდა, თედო სახოკია თავდებით გამოუშვეს, თუმცა სოხუმის დატოვება და საცხოვრებლად სხვა ადგილას გადასვლა აეკრძალა. თედო სახოკიამ კავკასიის მუზეუმის, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და პეტერბურგის ალექსანდრე III-ის სახელობის საეთნოგრაფიო მუზეუმის მინდობილობით, სამეგრელოში იმოგზაურა და ეთნოგრაფიული მასალები შეაგროვა.

1908 წლის სექტემბერში სენატის გადაწყვეტილებით, თედო სახოკია დააპატიმრეს. იმავე წლის ნოემბერში იგი ირკუტსკის გუბერნიაში, ვერხოლენსკის მაზრაში გადაასახლეს. თედო სახოკია სოფელ ჟიგალოვოში 1909 წლის მარტიდან აპრილის ბოლომდე იმყოფებოდა. გადასახლებაში მყოფმა იაკობ გოგებაშვილსა და თედო ჟორდანიას დეპეშები გამოუგზავნა, რომლებშიც 5-5 თუმნით დახმარებას სთხოვდა. 3 მაისს თედო სახოკია საგანგებოდ ჩავიდა ირკუტსკში, სადაც ქართველ ანარქისტ ნესტორ კალანდარიშვილს შეხვდა. ამ უკანასკნელმა მას ყალბი პასპორტი და საქართველოში დაბრუნების ნებართვის ქაღალდი მისცა. თედო სახოკია თბილისში უვნებლად ჩავიდა და ბათუმისკენ გასწია, სადაც სოხუმიდან ჩასულ მის მეუღლესა და ორი წლის ქალიშვილს შეხვდა.[10]

ემიგრაცია

რედაქტირება
 
თედო სახოკია

სხვადასხვა დროს თედო სახოკია ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში ემიგრაციაში იმყოფებოდა. იგი სამეცნიერო და პოლიტიკურ მოღვაწეობას მეორე პოლიტიკური ემიგრაციის დროსაც (1909-1916) აგრძელებდა. 1909 წელს თედო სახოკია ბათუმიდან თურქეთში გადავიდა. ხოფაში მის ლაზ მეგობარს, ბექირ-ოღლის შეხვდა, ტრაპიზონში კი თანაპარტიელს, მემედ-ბეგ აბაშიძეს. ტრაპიზონში თედო სახოკია მცირე ხნით ქართველი კათოლიკე ბერების მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი მარსელისა და პარიზის გავლით ბრიუსელში გადავიდა. ბელგიის მთავრობის კანონის ძალით, იგი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ხელშეუხებელი იყო.

ბელგიაში ყოფნისას თედო სახოკიას მისი მეგობარი, პალიკო ყიფიანი დაეხმარა. იგი ბელგიაში ცოლ-შვილის ჩაყვანასაც გეგმავდა, მაგრამ მეუღლის ჭლექით დაავადების გამო ვერ მოახერხა. თედო სახოკიამ ელექტროტექნიკურ სასწავლებელში ჩააბარა და სხვადასხვა დროს ფოტოგრაფიას სწავლობდა. ემიგრაციაში ყოფნისას ის არაერთ ადგილას მუშაობდა, მათ შორის: ბიბლიოთეკის მეთვალყურედ, იარაღის ქარხანაში, შოკოლადის ქარხანაში და სხვ.

ემიგრაციაში ყოფნისას თედო სახოკია სამეცნიერო მუშაობასაც აგრძელებდა. ამ პერიოდში პეტროგრადის საეთნოგრაფიო მუზეუმისათვის სამეგრელოს შესახებ წერილებს წერდა. გოლუბევის დავალებით, სამეგრელოს ეთნოგრაფიულ საკითხებზე მუშაობდა, რისთვისაც მეუღლეს მასალების გამოგზავნას სთხოვდა და ა.შ. პარალელურად საქართველოში არაერთი ჟურნალ-გაზეთის რედაქციისთვის საგაზეთო კორესპოდენციებს გზავნიდა.[18]

1910 წელს თედო სახოკია, როგორც ჭიათურის შავი ქვის ერთ-ერთი მრეწველის წარმომადგენელი, ინგლისში ჩავიდა, სადაც ერთი წელი იცხოვრა. აქ იგი ოლივერ უორდროპს შეხვდა, რომელთანაც ბრიუსელში დაბრუნების შემდეგაც 4-5 წლის მანძილზე მიმოწერა ჰქონდა. 1916 წელს თედო სახოკიამ რუსეთის საიმპერატორო კარისგან საქართველოში დაბრუნების ნებართვა მიიღო და სამშობლოში დაბრუნდა.[10]

საბჭოთა პერიოდი

რედაქტირება

1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ თედო სახოკია პოლიტიკურ საქმიანობას საბოლოოდ ჩამოშორდა. აჯანყებაში არ მონაწილეობდა, თუმცა მეთაურებს მხარს უჭერდა და ფარულად თავშესაფარსაც აძლევდა.[6] აჯანყების ჩახშობის შემდეგ ის პოლიტიკურ საქმიანობას საბოლოოდ ჩამოშორდა, პედაგოგიურ საქმიანობასაც თავი დაანება და მთლიანად საზოგადოებრივ და სამეცნიერო სფეროში გადაინაცვლა.[15]

1925 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა კრება, რომელზეც საქართველოსგან სამეგრელოს განცალკევებისა და ავტონომიის საკითხი განიხილებოდა. სხდომის თავმჯდომარედ თედო სახოკია აირჩიეს. რომელსაც პირველმა წაიკითხა მოხსენება და სამეგრელოს ავტონომიის საკითხი მკაცრდ გააკრიტიკა.[19]

1927 წელს ანრი ბარიუსმა საქართველოს სსრ-ში იმოგზაურა. ამ დროს თედო სახოკია მეტეხის ციხეში იმყოფებოდა, ვვისმა მეგობრებმაც ფრანგ მწერალს მისი რომანის „ცეცხლი“ ქართული თარგმანი გადასცეს და მთარგმნელის ციხიდან გათავისუფლებაში დახმარება სთხოვეს. თედო სახოკიასა და მის ქალიშვილს შორის მიმოწერიდან ირკვევა, რომ იგი ციხეში 1927 წლის 20 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე იმყოფებოდა.[19]

სასულიერო სფერო

რედაქტირება

რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის შემადგენელი ნაწილი იყო თედო სახოკიას ბრძოლა ქართული ეკლესიის გაძლიერებისთვის, ღვთისმსახურების ქართულ ენაზე ჩატარებისა და ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. იგი ახლოს იცნობდა ანტონ კეკელიას, ამბროსი ხელაიას (რომელიც მარტვილის სასულიერო სასწავლებელში ყოფნისას ქართული ენის ათვისებაში დაეხმარა), კირიონ საძაგლიშვილს (რომელიც საზღვარგარეთ ყოფნისას სწავლაში ფინანსურად ეხმარებოდა) და კალისტრატე ცინცაძეს. თედო სახოკია წლების მანძილზე მეგობრობდა იტალიაში მოღვაწე ქართველ კათოლიკე ბერთან და ღვთისმეტყველთან, მიხეილ თამრაშვილთან, რომელსაც ხშირად სტუმრობდა და ნაშრომის „საქართვლოს ეკლესიის ისტორია“ მომზადებაშიც ეხმარებოდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების წინ საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად წარმომადგენლები საქართველოს ყველა კუთხეში გაგზავნეს. თედო სახოკია, როგორც სამეგრელოს მკვიდრი, დასავლეთ საქართველოში მიავლინეს. 1917 წლის 17 სექტემბერს საკათალიკოსო საბჭოს წევრებად თედო სახოკია, დეკანოზი ნიკოლოზ თალაკვაძე, პავლე ინგოროყვა, მიხეილ მაჩაბელი, პ. მახათაშვილი, რაფიელ ივანიცკი და ქრისტეფორე კაპანაძე აირჩიეს.[20] 1934 წელს საქართველოს საპატრიარქოს სამოციქულო ეკლესიის VII საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, საკათალიკოსო საბჭოს ნაცვლად წმინდა სინოდი შეიქმნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მასში საერო პირთა ყოფნა შეიზღუდა. ეს შეზღუდვა შეეხო თედო სახოკიასაც.[19]

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება
 
თედო სახოკია 1941 წელს

პარიზში ყოფნისას თედო სახოკიამ საფუძვლიანად შეისწავლა ანთროპოლოგია, შემდეგ კი ქართული ენა, ლიტერატურა, ეთნოგრაფია, ფოლკლორისტიკა, პუბლიცისტიკა, ლექსიკოლოგია და სხვა დარგებიც. საფრანგეთში ყოფნისას სწავლის პარალელურად სამეცნიერო ექსპედიციებსა და ექსკურსიებშიც მონაწილეობდა და რეგულარულად ბეჭდავდა ეთნოგრაფიულ ნარკვევებს ფრანგულ, იტალიურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

პედაგოგიური მოღვაწეობა

რედაქტირება

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ თედო სახოკია ქართლში, სოფელ ტირძნისში მასწავლებლად მუშაობდა.[21] ამ პერიოდში ქართული ანდაზებისა და სალექსიკონო მასალების, საისტორიო, ეთნოგრაფიული მასალების კვლევა, ხალხური წეს-ჩვეულებების შეგროვება და გამოქვეყნება დაიწყო. ქართლში ყოფნისას გაიცნო ნიკო ლომოური, ვაჟა-ფშაველა და ბაჩანა, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ნიკოლოზ ჯანაშია და ა.შ.[7] სოფელში პედაგოგიურმა მოღვაწეობამ თედო სახოკიას ხალთან დაახლოებასა და მისი ნაშრომების გამრავალფეროვნებას შეუწყო ხელი.[15]

თედო სახოკია ქართლში მხოლოდ ერთი წელი ასწავლიდა, მაგრამ პედაგოგიური საქმიანობა შემდეგშიც არ შეუწყვეტია და სასკოლო პრობლემებს (განსაკუთრებით აფხაზეთის სკოლებში) აქტიურად ეხმიანებოდა. იგი ქართული ენის სიწმინდის დასაცავად იბრძოდა და ჟურნალ-გაზეთებში ამა თუ იმ პრობლემის შესახებ ფელეტონებსა და წერილებს აქვეყნებდა.[22] 1911 წელს „სახალხო გაზეთში“ დაიბეჭდა მისი ფელეტონების სერია „ქართული ენა (თანამედროვეთა ლაპარაკი და წერა)“, რომელში წამოჭრილი საკითხები დღემდე აქტუალურია.

ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ თედო სახოკია თავდაპირველად თბილისის სასულიერო სემინარიაში ფრანგულ ენას ასწავლიდა, ხოლო შემდეგ VII გიმნაზიაში ქართულ და ფრანგულ ენებს. თედო სახოკიამ 1923 წლის 2 ოქტომბერს საკუთარი ნებით მასწავლებლობას თავი დაანება.[15]

ეთნოგრაფია

რედაქტირება
 
თედო სახოკია ქართველ მეცნიერებთან ერთად

თედო სახოკია პირველი იყო ქართველ მოღვაწეთა შორის, რომელმაც სპეციალური განათლება მიიღო ეთნოგრაფიის დარგში. თავის სამეცნიერო მუშაობაში იგი ეთნოგრაფიული კვლევა-ძიებისა და საველე მუშაობის ევროპაში აღიარებულ მეთოდებს ეყრდნობოდა.[23] მან ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრებისა და ტრადიციების შესწავლა საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგაც გააგრძელა და პერიოდულ გამოცემებში ეთნოგრაფიულ ნარკვევებსაც აქვეყნებდა.[9]

1896 წელს თედო სახოკიამ ვალერიან გუნიას „ცნობის ფურცელში“ დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში საქართველოს კუთხეებში მოგზაურობა და მათი ეთნოგრაფიული აღწერა გადაწყვიტა. მან სამურზაყანოში,[24] გურიასა და აჭარაში იმოგზაურა, რომელთა აღწერაც 1897[25][26]-1898[27][28][29][30][31] და 1901[32][33][34] წლებში „მოამბესა“ და „ცნობის ფურცელში“ იბეჭდებოდა. თედო სახოკიას მიერ წლების მანძილზე გამოქვეყნებული ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნარკვევები 1950 წელს ცალკე წიგნად გამოიცა სახელწოდებით, „მოგზაურობანი: გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი“.[35]

1898 წელს თედო სახოკიამ რაჭაში იმოგზაურა, თუმცა ჩანაწერების რვეული დაკარგა და აღდგენა ვეღარ მოახერხა. 1899 წელს მან აფხაზეთში იმოგზაურა. მეგობრისთვის მიბარებული ჩანაწერები 1916 წელს დაიკარგა, თუმცა 1936 წელს ავტორმა იგი საქართველოს მუზეუმში აღმოაჩინა.[10]

თედო სახოკიას ეთნოგრაფიული ნარკვევები და პუბლიცისტურ-ეთნოგრაფიული გამოკვლევები 1950 და 1956 წლებში გამოქვეყნდა. „მოგზაურობანში“ აჭარაში, გურიაში, სამურზაყანოსა და აფხაზეთში მოგზაურობის პერიოდი, ამ რეგიონების მოსახლების ყოფა-ცხოვრება და მიმდინარე ეთნოსოციალური პროცესებია ასახული. თედო სახოკიას ეთნოგრაფიული დაკვირვებები შეეხება მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, მეფუტკრეობას, ხელოსნობას, დასახლების ფორმებს, ტანსაცმელს, ხალხური ტრანსპორტის სახეობებს, საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებს, საქორწინო წეს-ჩვეულებებს, შრომითი ორგანიზაციის ფორმებს, ჩვეულებითი სამართლის ნორმებს, რელიგიურ შეხედულებებს, ხალხური მმართველობის ფორმებს და ა.შ. დიმიტრი ბაქრაძისა და გიორგი ყაზბეგის შემდეგ თედო სახოკიამ დიდი წვლილი შეიტანა აჭარის ყოფა-ცხოვრების შესწავლაში.[9]

1956 წელს, თედო სახოკიას გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ გამოიცა „ეთნოგრაფიულ ნაწერები“, რომელშიც სამეგრელოს ეთნოგრაფიული მასალებია გამოკვლეული.[36] „საქორწინო ჩვეულებანი სამეგრელოში“ ამ თემაზე დაწერილ ნაშრომთა შორის ერთ-ერთი პირველი მეცნიერული გამოკვლევაა ქართულ ეთნოგრაფიაში. მასში თედო სახოკია საქორწილო აკრძალვებისა და შეზღუდვების, დანიშვნის სხვადასხვა ფორმისა და საქორწილო რიტუალების შესახებ საუბრობს. თედო სახოკიას სხვა ნაშრომებში რელიგიისა და მითოლოგიის საკითხები აქვს განხილული: „ახალი წელი ანუ კალანდა სამეგრელოში“, „სამეგრელოს მითოლოგიიდან“, „მიცვალებულის კულტი სამეგრელოში“, „წმინდა გიორგის კულტი და ღვთის სამართალი“ და სხვ., რითიც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს კულტურის კვლევის სფეროში.[9]

ეთნოგრაფიული კვლევების პარალელურად თედო სახოკია ეთნოგრაფიული ნივთების შემგროვებელიც იყო. მისი კოლექციები საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, რუსეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მოსკოვის ისტორიულ მუზეუმსა და საფრანგეთის ანთროპოლოგიური საზოგადოების მუზეუმშია დაცული.[6][23]

ლექსიკოლოგია

რედაქტირება

თედო სახოკია ქართული ანდაზების, ფიგურალური გამონათქვამებისა და სალექსიკონო მასალების შეგროვებით 1889 წელს, ქართლში მასწავლებლად მუშაობის დროს დაინტერესდა. მისი შემოქმედებიდან გამორჩეულია სამტომიანი ნაშრომი „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი“.[37] 1936 წელს თედო სახოკიამ ნაშრომის მასალების ანბანზე დალაგება, სიტყვებისა და ფრაზების ახსნა-განმარტებებისა და წარმოშობის ისტორიის სისტემატიზაცია დაიწყო. ნაშრომი 7000-ზე მეტ ლექსიკურ ერთეულს მოიცავს. დასრულების შემდეგ წიგნი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მარის სახელობის ისტორიისა და ენის ინსტიტუტს ჩააბარა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო წიგნის დაბეჭდვა შეფერხდა. სამტომეული პირველად 1950, 1954 და 1955 წელს გამოიცა.[23] 1967 წელს თედო სახოკიას მიერ შეგროვილი „ქართული ანდაზები“ გამოიცა.[38] 1937 წელს აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკის) მოამბეში დაიბეჭდა თედო სახოკიას სტატია „ვეფხისტყაოსნის ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი“, რომელშიც 208 სიტყვისა და გამოთქმის განმარტება იყო შეტანილი.[39]

ფოლკლორისტიკა

რედაქტირება

თედო სახოკია ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა ფოლკლორით, შემდეგში კი ხალხური ზეპირსიტყვიერების მიმართ ინტერესი სემინარიაში სწავლისას ქართველმა ისტორიკოსმა, თედო ჟორდანიამ კიდევ უფრო გაუღრმავა.[7]

თედო სახოკიას ლიტერატურულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უკავია ქართულ ფოლკლორს. ეთნოგრაფიული მასალების შეკრებისას მან დასავლეთ საქართველოს კუთხეების მდიდარ ფოლკლორულ მასალას მოუყარა თავი. თედო სახოკიამ ზეპირსიტყვიერების მასალები, შრომის ლექს-სიმღერები, საწესჩვეულებო პოეზიის ნიმუშები, მითოლოგიური თქმულება-გადმოცემები, ზღაპრები და ა.შ შეკრიბა. სამეგრელოს ფოლკლორული მასალებისადმი თედო სახოკიას განსაკუთრებული ინტერესი იკვეთება ნადე კეკელიასა და თედო ჟორდანიასთვის გაგზავნილ წერილებში. ფოლკლორული მასალები თავმოყრილია ავტორის წიგნებში: „მოგზაურობანი: გურია, აჭარა, სამურზაყანო“, „ეთნოგრაფიული ნაწერები“, „სამეგრელოს ეთნოგრაფია“, „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი“ და ა.შ.[23]

მთარგმნელობითი საქმიანობა

რედაქტირება

თედო სახოკია ფრანგული, იტალიური, რუსული და ინგლისური ენიდან თარგმნიდა. მან ლიტერატურული და მთარგმნელობითი საქმიანობა 1888 წლიდან დაიწყო. ამ წელს „ივერიის“ 164-ე ნომერში დაიბეჭდა ჟიულ ლემეტის მოთხრობის „მეფის ასული მიმი და იმისი მიჯნურნი“ თედო სახოკიასეული თარგმანი.[40] შემდეგ ხანგამოშებით იბეჭდებოდა გი დე მოპასანისა და სხვა ფრანგი მწერლების თარგმანებიც. თედო სახოკიამ თარგმნა პოლონელი მწერლის, ზიგმუნტ მილკოვსკის რომანი „განთიადი“, ივანოვიჩის - „მებრძოლნი და წამებულნი ბოლგარეთის თავისუფლებისათვის“, ივან ვაზოვის - „დამონებულნი“, მარდოვცევის - „ამირანის შვილნი“ და სხვ., რომლებიც „მოამბეში“ იბეჭდებოდა, შემდეგ კი ცალკე წიგნებადაც გამოიცა.[10]

თედო სახოკიამ თარგმნა ვიქტორ ჰიუგოს „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა“, რომელიც 1891 წელს ცალკე დაიბეჭდა, მომდევნო წელს კი ვოლტერის „უმანკო“ გამოიცა. 1924-1936 წლებში ქართულად გამოიცა ჯოვანი ბოკაჩოს დეკამერონი ორ ტომად და გი დე მოპასანის მოთხრობების სამი კრებული.[10] თედო სახოკიამ იტალიურიდან თარგმნა ჯუზეპე გარიბალდის „კლელია“, ფრანგულიდან - ვოლტერის, ემილ ზოლას („ბრძოლა“, „სისხლი“), ანრი ბარბიუსის („ცეცხლი“) და ოქტავ მირბოს ნაწარმოებები. თარგმნიდა სამეცნიერო ხასიათის ნაშრომებსაც, მაგ: რუსული ენიდან თარგმნა კორნელი ბოროზდინის „სამეგრელო“[41] და „ბატონყმობა სამეგრელოში“,[42]

თედო სახოკია ქართულიდან უცხო ენებზეც თარგმნიდა. ფრანგულ და იტალიურ ენებზე თარგმნა „ქართული ანდაზები“; ინგლისურ ენაზე ანთროპოლოგიურ ჟურნალ „Man“-ში გამოქვეყნდა სტატია „The Animal Folklore in Georgia“; რუსულ ენაზე კი „Петербургския ведомости“-ში და „Брачные обряды в Мингрелии“-ში ქართული კულტურის და სამეცნიერო ხასიათის რამდენიმე ნაშრომი დაიბეჭდა.[23]

საზოგადოებრივი მოღვაწეობა

რედაქტირება
 
თედო სახოკია

თედო სახოკია აქტიურად თანამშრომლობდა ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოებასთან. 1908 წლის 27 აპრილს იგი საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ნამდვილ წევრად აირჩიეს. ამავე საზოგადოების დავალებით, თედო სახოკიამ ახალციხე-ახალქალაქის მაზრებსა და ბორჯომის ხეობაში სამუზეუმო ექსპონატები და ეთნოგრაფიული მასალები შეიძინა. 1912 წელს მან საზოგადოებას ფრანგულ ენაზე გამოცემული წიგნი „Les proverbs Georgiens“ საჩუქრად გადასცა. 1913 წლის 1 იანვრის სიაში იგი ამ საზოგადოების წევრად აღარ ირიცხება.[6] თედო სახოკია აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის საქმიანობაშიც.[43]

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

რედაქტირება

თედო სახოკია აქტიურად თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან. ჯერ კიდევ ჟენევაში სწავლისას, მან უნივერსიტეტის სტუდენტთა სახელით მიმართა საზოგადოებას და თანხითა და წიგნებით დახმარება სთხოვა.

საზოგადოებამ 1882 წელს შეადგინა პროგრამა „ხალხის სიტყვიერების ნაწარმოების შეკრებისათვის“, რომელშიც საქართველოს კუთხეების ხალხური სიბრძნის ნიმუშები შედიოდა, თუმცა სამეგრელო გამოტოვებული იყო. ამ ნაკლის გამოსასწორებლად თედო სახოკიამ 1891 წელს გაზეთ ივერიაში გამოაქვეყნა წერილი „ხალხურ ნაწარმოების მოყვარულთა მიმართ“,[44] რომელშიც მკითხველს მეგრული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების: ზღაპრების, შაირების, ანდაზების, შელოცვების, ლექსებისა და ა.შ. მეგრულ ენაზე (ქართული ასოებით ჩაწერილს) შეგროვებას სთხოვდა.

1898 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თედო სახოკიამ გამგეობას მის მიერ გამოცემული წიგნის „ამირანის შვილნი“ შესყიდვის თხოვნით მიმართა. გამგეობამ მისგან 100 ცალი წიგნი შეიძინა, რომლის საფასურა 5 თუმანი გადასცა.[45]

თედო სახოკიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ სზოგაადოებასთან კავშირი მაშინაც არ შეუწყვეტია, როცა მის საქმეს სასამართლო განიხილავდა. 1908 წელს საზოგადოების თავდებობით, მან სამეგრელოში იმოგზაურა და ეთნოგრაფიული მასალები შეაგროვა.[43]

პუბლიცისტიკა

რედაქტირება

თედო სახოკია საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და მნიშვნელოვანი მოვლენებისა თუ პრობლემების შესახებ წერილებს, ფელეტონებსა და სხვა მასალებს პერიოდულ გამოცემებში რეგულარულად აქვეყნებდა. ჟურნალ-გაზეთებისთვის მასალებს უცხოეთიდანაც (შვეიცარია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ინგლისი) აგზავნიდა. იგი მასალებს რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და იტალიურ ენებზეც აქვეყნებდა.

 
თედო სახოკია

შვეიცარიიდან საქართველოში დაბრუნებული თედო სახოკია 1889-1893 წლებში გაზეთ ივერიაში მუშაობდა. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად იგი ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ზღაპრებსა და სხვა მასალებს აგროვებდა და იმდროინდელ გაზეთებში აქვეყნებდა. 1890 წელს გაზეთ ივერიაში მის მიერ ტირძნისში ჩაწერილი „ტარიელის ზღაპარი, ანუ ხალხის მეხსიერებაში დარჩენილი „ვეფხისტყაოსანი““ გამოქვეყნდა.[46][47] თედო სახოკია მიმოიხილავდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკასაც: 1892 წელს ივერიაში გამოქვეყნებულ წერილებში იგი წილკნის ეკონომიკური მდგომარეობის,[48] კავკავში მოსავლისა და ა.შ. წერდა. იგი ეხმიანებოდა თანამედროვე მოვლენებსაც, როგორიც იყო ზესტაფონში ქოლერის გავრცელება და მის წინააღმდეგ ბრძოლა.

შავი ქვის მრეწველ ნიკოლოზ ღოღობერიძის მრეწველობაში უცხოეთის კორესპონდენტად მუშაობისას თედო სახოკია შავი ქვის წარმოების, მუშების ეკონომიკური, სოციალური და სხვ. მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ხასიათის წერილებს აქვეყნებდა. 1910 წელს „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნებულ წერილში იგი შავი ქვის მოპოვების შეწყვეტის მიზეზებისა და შედეგების შესახებ საუბრობდა.

1895 წლიდან თედო სახოკია გააზრებულ პროპაგანდას ეწეოდა ჟურნალ „მოამბეში“, „კვალში“, „ცნობის ფურცელში“და ა.შ, 1898 წელს კი აფხაზეთის შესახებ სტატიების გამოქვეყნება იმპერიის მასშტაბით გამომავალ გაზეთებშიც დაიწყო, რომელთა შორის „Петербургское ведемости-ც“ იყო. 1900 წლის 1 (ახალი სტილით 14) ივლისს თედო სახოკიამ სწორედ ამ გაზეთში გამოაქვეყნა წერილი „Из Сухума“, რომელშიც ქართული ენის შევიწროების შესახებ საუბრობდა: აფხაზეთში სკოლებიდან და ეკლესიებიდან ქართული ენა იდევნებოდა და ღვთისმსახურების ქართულ ენაზე ჩატარებაც იკრძალებოდა. აღნიშნულ წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ისე სამთავრობო წრეებში.[15] 1894-1898 წლებში თედო სახოკიაა გაზეთ „Кавказ“-ში სოფლის ცხოვრების შესახებ მასალებს აქვეყნებდა, განსაკუთრებით, შიდა ქართლის აქტუალური პრობლემების: სკოლების, გლეხების საცხოვრებელი პირობების, მოსავლის, დაავადებების და ა.შ. შესახებ.[49] [50]

1895 წელს თედო სახოკიამ გამოსცა წიგნი „აკაკის ოხუნჯობანი“, რომელსაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. გაზეთ „ივერიის“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა არტემ ახნაზაროვის წერილი „ორი ახალი წიგნი“[51] რომელიც თედო სახოკიამ პირად შეურაცხყოფად მიიღო და რედაქციას სასამართლოში უჩივლა. 1896 წლის 24 ივლისს საოლქო სასამართლომ საქმე განიხილა და საჩივარი უკანონოდ ცნო, ილია ჭავჭავაძე კი - უდანაშაულოდ. თედო სახოკიამ სააპელაციო საჩივარი დაწერა და საქმე კიდევ ერთხელ განიხილეს პალატაში, მაგრამ ვერდიქტი არ შეცვლილა.[52][53]

1897 წელს თედო სახოკიას „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ გამოიცა. იმავე წელს გაზეთ „კვალის“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა მიტროფანე ლაღიძის წერილი, რომელშიც თედო სახოკია მკაცრად გააკრიტიკა თარგმანში უზუსტობების გამო.[54] კრიტიკული შენიშვნა გამოქვეყნდა გაზეთ „ივერიაშიც“, რომელშიც ავტორმა (ფსევდონიმით „ფერეიდნელი ქართველი“) თედო სახოკია ახალი ლექსიკური ერთეულების შექმნისა და გაუმართავობის გამო გააკრიტიკა.[55][56]

1901 წელს თედო სახოკიამ სპეციალური წერილი მიუძღვნა ივან ვაზოვის წერილს „მოკლე მიმოხილვა ქართველთა ერის ისტორიული ცხოვრებისა“, რომელშიც ბულგარელი მწერალი საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ ცნობებს იძლეოდა.

1903 წელს თედო სახოკიამ სოხუმის გამგეობის წევრთა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. იგი ქალაქის მოურავის თანამდებობაზე აირჩიეს, თუმცა მთავრობამ არ დაამტკიცა და მის ნაცვლად ვასილ აბულაძე აირჩიეს. იმავე წლის ნოემბერში სოხუმის ყოფილმა მოურავმა, ბერენსმა თედო სახოკიას შეურაცხყოფისთვის უჩივლა. სასამართლო საქმეზე გაირკვა, რომ ბერენსი ქალაქის ხმოსნებთან შეთანხმების გარეშე წყვეტდა საქმეებს, რის გამოც თედო სახოკიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საბოლოოდ საქმე იმით დამთავრდა, რომ ბერენსმა თედო სახოკიას ბრალეულობაზე უარი განაცხადა.

1903-1904 წლებში თედო სახოკიმ გაზეთ „ცნობის ფურცლის“ 2309-ე,[57] 2343-ე,[58] 2349-ე,[59] 2356-ე,[60] 2367-ე,[61] 2386-ე[62] და 2454-ე[63] ნომრებში გამოაქვეყნა წერილების სერია „მგზავრის შენიშვნები“, რომლებშიც სოხუმიდან გაგრამდე მოგზაურობისას ნანახსა და განცდილს აღწერდა და თან ეკლესიებსა და სკოლებში არსებულ პრობლემებზეც საუბრობდა. რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული 1905 წლის 1 აპრილს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული წერილიც.[64][15]

1904 წელს თედო სახოკიასა და მიხეილ თამარაშვილს შორის უთანხმოება წარმოიშვა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული წერილის გამო. წერილში თედო სახოკია საფრანგეთსა და რომის პაპს შორის უთანხმოებაზე, მიზეზებსა და პროგნოზებზე საუბრობდა. მიხეილ თამარაშვილმა გაზეთ „ივერიაში“ წერილით უპასუხა და საკითხის ცალმხრივად გაანალიზებისა და ფაქტების დამახინჯების გამო უსაყვედურა. მათ შორის უთანხმოება კარგა ხანს გაგრძელდა, თუმცა შემდეგში მჭიდრო ურთიერთობა განაახლეს და სამეცნიერო ხასიათის თანამშრომლობა მიხეილ თამარაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებამდე გაგრძელდა.

ემიგრაციაში წასვლამდე თედო სახოკია აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: „ცნობის ფურცელი“, „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „ისარი“,„მოგზაური“ და ა.შ. პერიოდულ გამოცემებთან თანამშრომლობა ემიგრაციაში ყოფნისასაც არ შეუწყვეტია და მიღებული ჰონორარით ავადმყოფ მეუღლესა და შვილებს არჩენდა.[43]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
ნადე კეკელია

1906 წლის შემოდგომაზე თედო სახოკიამ დეკანოზ ანტონ კეკელიას (1855-1920) ქალიშვილზე, ნადე კეკელიაზე იქორწინა. მას ანტონ კეკელიასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და რადგანაც ნადე კეკელიამ თბილისის ეპარქიალური სასწავლებელი დაამთავრა, ქორწინებამდე მასაც ახლოს იცნობდა. ქორწინების შემდეგ ისინი სოხუმში ცხოვრობდნენ. თედო სახოკიამ ქალაქის თვითმმართველობაში დაიწყო მუშაობა, ხოლო ნადე (ნადეჟდა) კეკელია მასწავლებლად მუშაობდა. მალე თედო სახოკია ციმბირში გადაასახლეს. გადასახლებიდან გამოქცეულმა თედო სახოკიამ ცოლი და ორი წლის ქალიშვილი თინა (1907-1996) ბათუმში ნახა. იგი თურქეთში გადავიდა, სადაც საცხოვრებელი პიროვბების გარკვევის შემდეგ ოჯახის წაყვანასაც აპირებდა, თუმცა ვერ მოახერხა. შემდეგში ცოლ-ქმარს ვაჟი ვახტანგი შეეძინათ.

ახალგაზრდა ნადე კეკელია იმ დროისთვის უკურნებელი სენით (ჭლექით) დაავადდა. თედო სახოკია ემიგრაციაში ყოფნისასაც ზრუნავდა მის მკურნალობაზე. სიცოცხლის ბოლო წლებში ნადე კეკელია მშობლიურ სოფელ ბანძაში გადასახლდა. იგი 1918 წლის მარტში 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნადეს გარდაცვალების შემდეგ თედო სახოკია ხელმეორედ აღარ დაქორწინებულა. მან შვილებს შესაფერისი განათლება მიაღებინა და დარჩენილი ცხოვრება სამეცნიერო მოღაწეობას დაუთმო.

თედო სახოკიას გარდაცვალების შემდეგ მისი არქივი სრულად დაამუშავა, აღწერა, დააარქივა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა მისმა ქალიშვილმა.[18] თედო სახოკიას პირადი წერილების კოლექცია ასზე მეტი ადრესატისთვის გაგზავნილ ათასზე მეტ წერილს მოიცავს. მკვლევრის წერილები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო ცენტრშია დაცული. 1900 წლამდე მიმოწერა უკლებლადაა შენახული, რადგანაც საფრანგეთში გამგზავრებამდე ისინი თავად თედო სახოკიამ შეაგროვა და გიგო ტატიშვილს დაუტოვა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი მეგობრის მეუღლისგან უკლებლად დაიბრუნა. 1900-1914 წლების მიმოწერა ციმბირსა და ბელგიაში ყოფნისას დაიკარგა.

თედო სახოკიას კვირის დღეები მისი მეგობრების მოსანახულებლად ჰქონდა გამოყოფილი და ყოველთვის განსაზღვრულ დროს სტუმრობდა: ორშაბათობით - საქართველოს კათალიკო-პატრიარქს - კალისტრატე ცინცაძეს, სამშაბათობით - ალექსანდრე მიქაბერიძეს, ოთხშაბათობით - ევგენი შალამბერიძეს, ხუთშაბათობით - შიო დედაბრიშვილს, პარასკეობით - სოლომონ ცაიშვილს, ხოლო შაბათ-კვირას კოლა ყავრიშვილსა და ვასილ ბარნოვს.[65]

ბოლო წლები და ხსოვნა

რედაქტირება
 
თედო სახოკია შვილიშვილთან, შუქია აფრიდონიძესთან ერთად

1953 წლის 18 აპრილს თედო სახოკიას სიცოცხლეშივე გადაუხადეს დაბადებიდან 85 და შემოქმედებით-სამწერლო მოღვაწეობის 65 წლისთავის აღმნიშვნელი იუბილე.

1955 წელს გამოქვეყნდა თედო სახოკიას ახალგაზრდობის პერიოდის მოგონებები „როგორ ვიზრდებოდით ძველად“.[66]

თედო სახოკია 1956 წლის 17 თებერვალს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. დარკძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

1968 წლის 17 ივნისს რუსთაველის სახელმწიფო თეატრში თედო სახოკიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდა. სხდომა გიორგი ლეონიძემ გახსნა. მოხსენებები მკვლევრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სოლომონ ცაიშვილმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, გერონტი ქიქოძემ, გიორგი ჩიტაიამ და სხვებმა წაიკითხეს.

1984 წელს პროფესორმა სოლომონ ხუციშვილმა თედო სახოკიას მოგონებების კრებული „ჩემი საუკუნის ადამიანები“ გამოსცა.[67]

1990 წელს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში თედო სახოკიას მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა.[65]

თხზულებები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 სახოკია, თ, ჩემი ავტობიოგრაფია, თბილისი: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი., 1943. — გვ. 130-142, ISBN 978-99940-28-82-5.
  2. ბუკია, 2018, გვ. 20.
  3. სახოკია, ტ. (1876). მღვდელ სახოკიას წერილი აფხაზეთიდან წამოღებული ნივთების შესახებ. დროება. 68. გვ. 2.
  4. სახოკია. თ. (1938). სურათები წარსულ ცხოვრებიდან: შიო მღვდელი. მნათობი. 7. თბილისი: სახელგამი. გვ.104-153.
  5. სახოკია, თ. (1952). ვასილ ბარნოვი. ლიტერატურის მატიანე. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. გვ. 125-134.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 სურმანიძე, რ, ნაცნობი და უცნობი თედო სახოკია, ბათუმი: გამომცემლობა აჭარა, 2004. — გვ. 3-23.
  7. 7.0 7.1 7.2 ბუკია, ლ, თედო სახოკია და ქართული ფოლკლორი, თბილისი: ქართველური მემკვიდრეობა, 2017. — გვ. 30-33.
  8. მეგრელიძე, ი. (1970). რუსთველოლოგები. თბილისი: საბჭოთა საქართველო. გვ, 146.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 ითონიშვილი, ვ, თედო სახოკიას ღვაწლი ქართულ ეთნოგრაფიაში, თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, 2000. — გვ. 3-12.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 10.7 სახოკია, თ, ჩემი ავტობიოგრაფია, თბილისი: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი., 1943. — გვ. 142-158, ISBN 978-99940-28-82-5.
  11. სახოკია, თ. (1892). დაბა და სოფელი: ზესტაფონი (მოწერილი ამბავი). ივერია. №132. თბილისი: მაქსიმე შარაძის სტამბა. გვ. 3.
  12. სახოკია, თ. (1892). დაბა და სოფელი: ზესტაფონი (მოწერილი ამბავი). ივერია. №135. თბილისი: მაქსიმე შარაძის სტამბა. გვ. 3.
  13. ბუკია, 2018, გვ. 49.
  14. კაჭარავა, ვ. (რედ.). (1975). თედო სახოკიას მიმოწერა საზოგადო მოღვაწეებთან (1890-1898). საისტორიო მოამბე. 31-32. გვ. 135-246.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 15.6 15.7 ბუკია, ლ, თედო სახოკიას ცხოვრება და მოღვაწეობა (1868-1956), თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, 2018. — გვ. 52-84.
  16. ლასხიშვილი, გ. მემუარები დაარქივებული 2021-07-13 საიტზე Wayback Machine. . თბილისი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. გვ. 110.
  17. სახოკია, თ. (2012). ციმბირში: მოგონებანი 1905 წლის რევოლუციის დროიდან. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი. გვ. 13
  18. 18.0 18.1 18.2 ბუკია, ლ, თედო სახოკიას ცხოვრება და მოღვაწეობა (1868-1956), თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, 2018. — გვ. 106-127.
  19. 19.0 19.1 19.2 ბუკია, ლ, თედო სახოკიას ცხოვრება და მოღვაწეობა (1868-1956), თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, 2018. — გვ. 132-163.
  20. საქართველოს პროსოპოგრაფია: პირები. თედო ტიმოთეს ძე სახოკია. www.prosopography.iliauni.edu.ge. მოძიების თარიღი: 19 ივლისი, 2021.
  21. სახოკია, თ. (1889). დაბა და სოფელი: სოფ. ტირძნისი (მოწერილი ამბავი). ივერია. №267. თბილისი: ე. გ. მესხის სტამბა. გვ. 3.
  22. სახოკია, თ. (1905). ფელეტონი: სამეცნიერო საუბარი. ცნობის ფურცელი. №2740. თბილისი: წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა. გვ. 1-2.
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 ბუკია, ლ, თედო სახოკიას ცხოვრება და მოღვაწეობა (1868-1956), თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, 2018. — გვ. 180-200.
  24. სახოკია, თ. (1896). სამურზაყანო: მგზავრის შენიშვნები. მოამბე. 12. გვ. 1-28.
  25. სახოკია, თ. (1897). გურია-აჭარა: მგზავრის წერილები. მოამბე. №11. თბილისი: ქართული წიგნების გამომცემელი საზოგადოება. გვ. 23-45.
  26. სახოკია, თ. (1897). გურია-აჭარა: მგზავრის წერილები. მოამბე. №12. თბილისი: ქართული წიგნების გამომცემელი საზოგადოება. გვ. 17-42.
  27. სახოკია, თ. (1898). გურია-აჭარა: მგზავრის წერილები. მოამბე. №1. თბილისი: ქართული წიგნების გამომცემელი საზოგადოება. გვ. 69-95.
  28. სახოკია, თ. (1898). გურია-აჭარა: მგზავრის წერილები. მოამბე. №4. თბილისი: ქართული წიგნების გამომცემელი საზოგადოება. გვ. 19-55.
  29. სახოკია, თ. (1898). გურია-აჭარა: მგზავრის წერილები. მოამბე. №6. თბილისი: ქართული წიგნების გამომცემელი საზოგადოება. გვ. 11-40.
  30. სახოკია, თ. (1898). გურია-აჭარა: მგზავრის წერილები. მოამბე. №9. თბილისი: ქართული წიგნების გამომცემელი საზოგადოება. გვ. 58-88.
  31. სახოკია, თ. (1898). გურია-აჭარა: მგზავრის წერილები. მოამბე. №10. თბილისი: ქართული წიგნების გამომცემელი საზოგადოება. გვ. 25-50.
  32. სახოკია, თ. (1901). გურია-აჭარა: მგზავრის წერილები. მოამბე. №1. თბილისი: ქართული წიგნების გამომცემელი საზოგადოება. გვ. 30-65.
  33. სახოკია, თ. (1901). გურია-აჭარა: მგზავრის წერილები. მოამბე. №3. თბილისი: ქართული წიგნების გამომცემელი საზოგადოება. გვ. 16-41.
  34. სახოკია, თ. (1901). გურია-აჭარა: მგზავრის შენიშვნები. მოამბე. №5. თბილისი: ქართული წიგნების გამომცემელი საზოგადოება. გვ. 24-45.
  35. სახოკია, თ. (1985). მოგზაურობანი: გურია, აჭარა, სამურზაანო, აფხაზეთი. ბათუმი: გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“.
  36. სახოკია, თ. (1956). ეთნოგრაფიული ნაწერები. თბილისი. სამეცნიერო მეთოდური კაბინეტის გამომცემლობა.
  37. სახოკია, თ. (1979). ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი. თბილისი: გამომცემლობა მერანი.
  38. სახოკია, თ. (2012). ქართული ანდაზები. აფრიდონიძე, შ. (რედ.). თბილისი: გამომცემლობა სიესტა.
  39. სახოკია, თ. (1938).ვეფხისტყაოსნის ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი. აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე. თბილისი: აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკის) მოამბე. ტ. III. გვ. 275-310.
  40. სახოკია, თ. (1888). მეფის ასული მიმი და იმისი მიჯნურნი. ივერია. № 164. გვ. 1-3.
  41. ბოროზდინი, კ. (1934). სამეგრელო და სვანეთი 1854-1861: მოგონებანი. (მთრ. თედო სახოკია). თბილისი: სახელმწიფო გამომცემლობა.
  42. ბოროზდინი, კ. (1927). ბატონყმობა სამეგრელოში. (მთრ. თედო სახოკია). ტფილისი: ერმოლაოზ წულაია.
  43. 43.0 43.1 43.2 ბუკია, ლ, თედო სახოკიას ცხოვრება და მოღვაწეობა (1868-1956), თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, 2018. — გვ. 151-163.
  44. სახოკია, თ. (1891). ხალხურ ნაწარმოების მოყვარულთა მიმართ. ივერია. №22. თბილისი: ი. ა. მანსვეტოევის სტამბა. გვ. 3-4.
  45. საქართველოს პროსოპოგრაფია: პირები. თედო ტიმოთეს ძე საკოხია. www.prosopography.iliauni.edu.ge.მოძიების თარიღი: 19 ივლისი, 2021.
  46. სახოკია, თ. (1890). ტარიელის ზღაპარი ანუ ხალხში დაშთენილი „ვეფხისტყაოსანი“: ქართლში გაგონილი. ივერია. 7. თბილისი: კ. ი. მესხიევის და ს. ა. პოლეტაევის სტამბა. გვ. 1-2.
  47. სახოკია, თ. (1890). ტარიელის ზღაპარი ანუ ხალხში დაშთენილი „ვეფხისტყაოსანი“: ქართლში გაგონილი. ივერია. 8. თბილისი: კ. ი. მესხიევის და ს. ა. პოლეტაევის სტამბა. გვ. 1-2.
  48. სახოკია, თ. (1892). დაბა და სოფელი: წილკანი. ივერია. 84. თბილისი: მ. შარაძის სტამბა. გვ. 2-3.
  49. S. (1894). Сел. Цхинвали. Кавказ. 107. Тбилиси: Типография канцелярии Главноначальствующего гражданской частью на Кавказе Лорис-Меликов. с. 3.
  50. S. (1894). Сел. Кирбали. Кавказ. 162. Тбилиси: Типография канцелярии Главноначальствующего гражданской частью на Кавказе Лорис-Меликов. с. 3.
  51. ჩიორა. (1895). ორი ახალი წიგნი. ივერია. 79. თბილისი: მ. შარაძის და ამხანაგობის სტამბა. გვ. 1-4.
  52. ჭავჭავაძე, ი. (რედ.). (1898). ახალი ამბავი. ივერია. 250. თბილისი: მ. შარაძის და ამხანაგობის სტამბა. გვ. 1.
  53. ჭავჭავაძე, ი. (რედ.). (1898). სასამართლოს მატიანე: თავ. ი. ჭავჭვაძისა და თ. სახოკიას საქმე. ივერია. 255. თბილისი: მ. შარაძის და ამხანაგობის სტამბა. გვ. 3-4.
  54. ლაღიძე, მ. (რეც.). (1897). ბიბლიოგრაფიული შენიშვნა: ბ-ნი თედო სახოკია და მისი რუსულ-ქართული ლექსიკონი დაარქივებული 2021-08-02 საიტზე Wayback Machine. . კვალი. 25. გვ. 486-487.
  55. ფერეიდნელი ქართველი. (1897). ფელეტონი: კრიტიკა და ბიბლიოგრაფია. ივერია. 212. თბილისი: მ. შარაძის და ამხანაგობის სტამბა. გვ. 1-4.
  56. ფერეიდნელი ქართველი. (1897). ფელეტონი: კრიტიკა და ბიბლიოგრაფია. ივერია. 213. თბილისი: მ. შარაძის და ამხანაგობის სტამბა. გვ. 1-2.
  57. სახოკია, თ. (1903). აფხაზეთში: სოხუმიდან გაგრამდე (მგზავრის შენიშვნები). ცნობის ფურცელი. №2309. თბილისი: წიგნების გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა. გვ. 2-3.
  58. სახოკია, თ. (1903). აფხაზეთში: სოხუმიდან გაგრამდე (მგზავრის შენიშვნები). ცნობის ფურცელი. №2343. თბილისი: წიგნების გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა. გვ. 2-4.
  59. სახოკია, თ. (1903). აფხაზეთში: სოხუმიდან გაგრამდე (მგზავრის შენიშვნები). ცნობის ფურცელი. №2349. თბილისი: წიგნების გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა. გვ. 2-3.
  60. სახოკია, თ. (1903). აფხაზეთში: სოხუმიდან გაგრამდე (მგზავრის შენიშვნები). ცნობის ფურცელი. №2356. თბილისი: წიგნების გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა. გვ. 2-3.
  61. სახოკია, თ. (1903). აფხაზეთში: სოხუმიდან გაგრამდე (მგზავრის შენიშვნები). ცნობის ფურცელი. №2367. თბილისი: წიგნების გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა. გვ. 1-3.
  62. სახოკია, თ. (1904). აფხაზეთში: სოხუმიდან გაგრამდე (მგზავრის შენიშვნები). ცნობის ფურცელი. №2386. თბილისი: წიგნების გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა. გვ. 2-3.
  63. სახოკია, თ. (1904). აფხაზეთში: სოხუმიდან გაგრამდე (მგზავრის შენიშვნები). ცნობის ფურცელი. №2454. თბილისი: წიგნების გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა. გვ. 1-3.
  64. სახოკია, თ. (1905). სკოლა, ქართველები და ქართული ენა: სკოლა აფხაზეთში. ცნობის ფურცელი. №2786. თბილისი: ცნობის ფურცელი. გვ. 3.
  65. 65.0 65.1 ბუკია, ლ, თედო სახოკიას ცხოვრება და მოღვაწეობა (1868-1956), თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, 2018. — გვ. 200-210.
  66. სახოკია, თ. (1955). როგორ ვიზრდებოდით ძველად. თბილისი: საბლიტგამი.
  67. სახოკია, თ. (1969). ჩემი საუკუნის ადამიანები. თბილისი: ნაკადული.