გიორგი დეკანოზიშვილი
გიორგი გაბრიელის ძე დეკანოზიშვილი (დეკანოზოვი; დ. 1868, პეტროვსკი, ახლანდ. მაჰაჩყალა, დაღესტნის რესპუბლიკა, — გ. 19 ნოემბერი, 1910, კანი, საფრანგეთი) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1904) და ლიდერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი (1887) და პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი (1892). 1890 წელს პეტერბურგში შექმნა ქართველ და სომეხ სტუდენტთა კავშირი, რომელიც მალე დაიშალა. 1889–1892 წლებში იყო პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა წრის ლიდერი და რუსეთის იმპერიის უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტთა პოლიტიკური მოძრაობის აქტიური მოღვაწე. 1892 წელს დეკანოზიშვილის მონაწილეობით ქუთაისში დაფუძნდა რუსეთის იმპერიის ქართველ სტუდენტთა პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველოს თავისუფლების ლიგა“. 1892–1895 წლებში დეკანოზიშვილი მუშაობდა ჭიათურაში, ნ. ღოღობერიძის მანგანუმის სამრეწველო ფირმის ინჟინრად და საბადოს გამგედ, 1895–1898 წლებში — ბაქოს ნობელების ნავთობგადამამუშავებელი ფირმის კონტროლიორ-ინსპექტორად. 1899-1900 წლებში მივლინებული იყო ევროპაში (პარიზში ყოფნისას ცოლად შეირთო ფრანგი ქალი ანრიეტა ფრენუა), 1902 წელს კი გიორგი ზდანოვიჩის (მაიაშვილი) დავალებით, მანგანუმის წარმოების იქაური მეთოდების შესასწავლად, იმოგზაურა ბრაზილიასა და კუბაში. დაბრუნების შემდეგ, 1905 წელს ქუთაისში მონოგრაფია აღნიშნულ ქვეყნებში მანგანუმის მრეწველობის შესახებ (ქართულ და რუსულ ენებზე).
დეკანოზიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ქართულ პრესასთან. წერდა საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკურ საკითხებზე, მანგანუმის წარმოებასა და მის მნიშვნელობაზე საქართველოსათვის. 1896-1900 წლებში მისი წერილები ქვეყნდებოდა გაზეთ „ივერიაში“, 1900 წელს კი თბილისში დეკანოზიშვილის თაოსნობით ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პირველმა ჯგუფმა გამოსცა გაზეთი „ცნობის ფურცელი“. 1900 წლიდან დეკანოზიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. 1901 წელს გიორგი დეკანოზიშვილმა არჩილ ჯორჯაძესთან, თედო სახოკიასთან, კიტა აბაშიძესთან, ანდრია დეკანოზიშვილთან, გიორგი ლასხიშვილთან და სხვებთან ერთად დაარსეს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტია. დეკანოზიშვილი პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1901 წელს მისი თაოსნობით პარიზში დაარსდა პარტიის პერიოდული გამოცემა — გაზეთი „საქართველო“, რომელიც ფრანგულენოვან ვარიანტთან („La Géorgie“) ერთად გამოდიოდა 1905 წლის დამლევამდე. 1904 წელს დეკანოზიშვილი იყო ჟენევაში სოციალისტ-ფედერალისტთა კონგრესის ჩატარების ერთ-ერთი მოთავე. 1904 წელს პარიზში გამოსცა ამ კონგრესის ოქმები. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს დეკანოზიშვილის თაოსნობით, გემ „სირიუსით“ საქართველოში გამოიგზავნა იარაღი და ტყვია-წამალი. 1906 წლიდან დეკანოზიშვილი იძულებული გახდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჩამოშორებოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. გარდაიცვალა საფრანგეთში. 1911 წელს ფარულად გადმოასვენეს საქართველოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ურუშაძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 360.
- სახოკია თ., ჩემი საუკუნის ადამიანები, თბ., 1969;
- ტუღუში მ., გიორგი დეკანოზიშვილი (ცხოვრება და მოქმედება). – ჟურნ. «კავკასიონი», X, პარიზი, 1965;
- ურუშაძე ლ., გიორგი დეკანოზიშვილის პოლიტიკური ბიოგრაფიისათვის („საქართველოს თავისუფლების ლიგა“ და „ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტია“ – 1890–1906), «საისტორიო ვერტიკალები», 2007, №13;