რაფიელ ივანიცკი ფსევდ: ინგილო (დ. 23 ივლისი, 1886, კახი — გ. 27 ივნისი, 1966, პარიზი) — ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, საეკლესიო მოღვაწე და სასულიერო პირი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრი.

რაფიელ ივანიცკი
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1886(1886-07-23)
დაბადების ადგილი კახი
გარდაცვალების თარიღი 27 ივნისი, 1966(1966-06-27) (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი

ბიოგრაფია

რედაქტირება

რაფიელ ივანიცკი 1886 წლის 23 ივლისს დაიბადა სოფელ კახში. რაფიელის პაპა (სახელი უცნობია) რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ შამილს გამოქცევია, ჩამოსულა თბილისში, სადაც მეფისნაცვალ ვორონცოვის ამალის წევრს პოლკოვნიკ ივანიცკის უშვილებია, მოუნათლავს და გვარიც მიუცია. ასე დადებია სათავე ივანიცკის გვარს. რაფიელის მამა ალექსანდრე თბილისის სიონში მღვდალად კურთხევის შემდეგ საინგილოში გაამწესეს. ალექსნდრეს და მის მეუღლეს მარიამ იაშვილს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდათ (რაფიელი, ტარასი, აპოლონი, ვლადიმერი და სონია – მსახიობ გურამ საღარაძის ბებია).

რაფიელ ინგილო თავდაპირველად თელავის სასულიერი სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ – თბილისის გიმნაზიაში. პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთვრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და ბარბარე ილიას ასულ ხარაშვილზე (სპეციალობით პროვიზორი) დაქორწინდა. წყვილს სამი ვაჟი შეეძინა – ლეონიდე, დიმიტრი და ირაკლი.

სამშობლოში დაბრუნებული რაფიელ ივანიცკი აქტიურ საზგოგდოებრივ მოღვაწეობა დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა პედაგოგად და იურისტად. 1916 წლიდან ქართულ პერიოდულ პრესაში ხშირად ქვეყნდებოდა მისი პუბლიცისტური წერილები საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თავისი მშობლიური კუთხის – საინგილოს და ქართველ ინგილოთა წინაშე მდგარი სხვადასხვა საკითხების გაშუქებას. რაფიელი პუბლიცისტურ წერილებს ხშირად „ინგილოს“ ფსევდონიმით აქვეყნებდა. რაფიელთან ერთად მისი ძმებიც, მღვდლები – ტარასი, აპოლონი და ვლადიმერი დიდად იღწვოდნენ საინგილოს კულტურული დაწინაურებისათვის და იქ ქრისტიანული რწმენის აღდეგნისათვის.

1917 წლის ივნისში რაფიელ ივანიცკი იყო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და მდივანი. აქტიურად თანამშრომლობდა ამავე პარტიის გაზეთში „საქართველო“ და ფაქტობრივად ერთი წლის განმავლობაში მისი ფაქტობრივი რედაქტორი იყო.

ივანიცკიმ აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა–გამოცხადების საქმეში. არჩეული იყო საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრად და მდივნად. პარალელურად აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწეოდა. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918–1920 წლებში გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილებში აკრიტიკებდა ხელისუფლების სოციალ–დემოკრატიულ პოლიტიკას. 1921 წელს გახდა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 5 ივლისს დაუპირისპირდა საინგილოს გადაცემას აზერბაიჯანის სსრ-სათვის. ამ საკითხთან დაკავშირებით 1921 წლის 3 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა III საეკლესიო კრებაზე. მისი აზრით, ტერიტორიულ მოწყვეტასთან ერთად საინგილოს მართლმადიდებელი მრევლიც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის გარეშე დარჩებოდა. რაფიელ ინგილოს შიში გამართლდა და 1923 წლის ზაქათალის ოკრუგის მართლმადიდებელი მრევლი რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოექცა. ამავე კრებაზე იყო დასახელებული კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატად და მიიღო ერთი ხმა. 1922 წლის 10 თებერვალს რაფიელ ივანიცკი დააპატიმრეს 6 თვით, დაპატიმრების მიზეზი იყო ოკუპაციის წლისთავისთვის საპროტესტო მიტინგების თავიდან არიდება.

1922 წლის ოქტომბერში საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ პოლიტპატიმრათა დიდ ჯგუფს დაუდგინა მოსკოვში გადაყვანა, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა, რადგან ფორმალურად საქართველოს სსრ დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. ხელისუფლება იძულებული გახდა კომპრომისზე წასულიყო და 1922 წლის 9 ოქტომბერს 62 პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის რაფიელ ივანიცკი, პოლონეთში გააძევა.

ემიგრაციაში

რედაქტირება

რაფიელ ივანიცკი პოლონეთიდან ლადო ახმეტელის დახმარებით გერმანიაში გადავიდა. ივანიცკი ცოტა ხანს ბერლინში ცხოვრობდა, შემდეგ ვენაში, 1924–1948 წლებში – რომში. იგი, როგორც საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრი რომის პაპის კარზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად ითვლებოდა. საქართველოში დარჩენილ ახლობელთაგან მხოლოდ თბილისში დარჩენილ ცოლ–შვილთან ჰქონდა მიმოწერა. ემიგრაციაში რაფიელ ინგილო აქტიურ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა. თანამშრომლობდა და პუბლიკაციებს აქვეყნებდა ეროვნული მიმართულების ქართულ ემიგრანტულ გაზეთებში – „დამოუკიდებელი საქართველო“, „სამშობლო“.

რაფიელ ინგილო დაახლოებული იყო ემიგრაციში მყოფ მუხრანელ ბაგრატიონთა სამეფო შტოს წარმომადგენელ ირაკლი ბაგრატიონთან, რომელმაც 1940 წელს ცოლად შეირთო იტალიელი გრაფინია მარია ანტუანეტა პასკუინი. ამ ფაქტთან დაკავშირებით იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელ III სასახლის ინიციატივით და ხელშეწყობით რაფიელმა 1942 წელს იტლიურ ენაზე გამოსცა ნაშრომი „საქართველო და მისი მგოსანი შოთა რუსთაველი“ („La Georgia e il suo bardo Scioto Rustaveli“). ნაშრომს თან ახლდა „ვეფხისტყაოსნის“ შემოკლებული თარგმანი და გაფორმებული იყო რომის ოპერის თეატრის ქართველი მხატვარ–დეკორატორის გიორგი აბხაზის ილუსტრაციებით.

1944 წლის 22 თებერვალს მარია ანტუანეტა პასკუინი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ირაკლი ბაგრტიონმა იტალია დატოვა და მადრიდში გადავიდა, სადაც 1946 წლის 29 აპრილს იქორწინა ესპანეთის მეფის ალფონსო XIII დისშვილზე, ინფანტა მარი–მერსედეს დე ბავიერ–ბურბონზე. მადრიდში დამკვიდრებულ ირაკლი ბგრატიონისა და იქ მყოფი ქართველების სურვილი იყო ქართული ეკლესიის გახსნა, რომლის ხელმძღვანელობა მღდვლად კურთხევის შემდეგ რაფიელ ინგილოს უნდა დაკისრებოდა. 1948 წელს პარიზში კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის ლოცვა–კურთხევით რაფიელ ინგილო ჯერ დიაკვნად, ხოლო შემდეგ მღვდლად ეკურთხა და გამწესებულ იქნა ირაკლი ბაგრატიონისა და ქართველ ემიგრანტთა მიერ დაარსებულ მადრიდის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინმძღოლად. მალე იგი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. მამა რაფიელის მრევლი მრავალეროვანი იყო. ქართველებთან ერთად ტაძარში რუსები, ბერძნები, ბულგარელები და სერბები დადიოდნენ. წირავდა და გალობდა ქართულ, რუსულ და ბერძნულ ენებზე. სასულიერო მოღვაწეობასთან ერთად რაფიელ ინგილო აქტიურად თანამშრომლობდა ესპანურ რადიოსა და მიუნხენის რადიო „თავისუფლების“ ქართულ განყოფილებასთან, სადაც რელიგიურ თემებზე ხშირად გამოდიოდა მსმენელის წინაშე.

სიცოცხლის ბოლო წლებში რაფიელ ინგილოს ჯანმრთელობა შეერყა და პარიზში მოისურვა გადასვლა, სადაც 1966 წლის 27 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 90.
  • მე და ჩემი ეკლესია, ჰერეთის ისტორია : მოკლე ქრონოლოგიური მიმოხილვა, თბ., 2012
  • ბუბულაშვილი, ე. რელიგიის ისტორიის საკითხებისა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, 2010
  • ისტორიული პორტრეტები, დასაწყისი XX საუკუნისა, თბ., 2008
  • ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, თბ., 2003
  • ჩაჩანიძე, ვ. „ვეფხისტყაოსნის იტალიური გამოცემები“, „საბჭოთა ხელოვნება“, 1965 N11
  • თალაკვაძე, ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2013 [1933], ISBN 978-99940-28-77-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება