ტირძნისი
ტირძნისი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის შუამდინარეთში, გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბროწლეთი, ერგნეთი, თერგვისი, მეღვრეკისი). ზღვის დონიდან 790 მეტრი, ცხინვალიდან 26 კილომეტრი. სოფელში არის სამების, დედაღვთისასა და კვირაცხოვლის ეკლესიები.
სოფელი | |
---|---|
ტირძნისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | ტირძნისი |
კოორდინატები | 42°10′45″ ჩ. გ. 44°02′28″ ა. გ. / 42.17917° ჩ. გ. 44.04111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 790 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1884[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებატირძნისში მშრომელთა რამდენიმე რევოლუციური გამოსვლა მოხდა.
ახლანდელი სკოლის ტერიტორიაზე 1902 წელს სექტემბერში სოფლის გლეხობამ მოაწყო თავდასხმა სასამართლოს აღმასრულებელზე და პოლიციის ბოქაულზე, რომლებიც, მემამულე ნ. სულხანიშვილის მოთხოვნით, სოფლის მშრომელებს მსხვილფეხა საქონელს ართმევდნენ. დააპატიმრეს ათი გლეხი, რომლებსაც გორის საოლქო სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
მემამულე სულხანიშვილი მშრომელებს წლების განმავლობაში ავიწროებდა, ართმევდა მათ კუთვნილ მიწებს, ახდევინებდა დიდ გადასახადებს, ამან გლეხობაში მღელვარება გამოიწვია. გლეხებმა მებატონეს დაუნგრიეს სამეურნეო ნაგებობები, გადაუწვეს პურის ყანები. მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა 1905 წლის გაზაფხულზე, როდესაც გლეხებმა მემამულეს უარი უთხრეს გადასახადის გადახდაზე. სულხანიშვილის თხოვნით, მეფის მთავრობამ სოფელში კაზაკების 50-კაციანი რაზმი გამოგზავნა. შეტაკება გლეხებსა და კაზაკებს შორის მოხდა 16 აპრილს, რის შედეგადად მოკვდა 7 კაზაკი და დაიჭრა 10 გლეხი. შეტაკება განახლდა სოფლის ცენტრში 28 მაისს. კაზაკების რაზმი სოფელში დიდხანს იდგა და აწიოკებდა მოსახლეობას. 27 ნოემბერს შეიარაღებული გლეხები კვლავ დაესხნენ თავს კაზაკებს. მეამბოხე გლეხების ხსოვნის პატივსაცემად სოფელში დაიდგა მემორიალური დაფა წარწერით.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1884 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1978 | 941 | 1037 |
2014[1] | 1884 | 929 | 955 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 726.
- ბერძენიშვილი ც., ვანიშვილი შ., ჩიმაკაძე თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 85-86.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II