ნიკოლოზ ჯანაშია (პედაგოგი)
ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია (დ. 1872 , სოფ. აძუბჟა, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა — გ. 6 ივნისი, 1918, სოხუმი. დასაფლავებულია სოფელ აძუბჟაში) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი, სიმონ ჯანაშიას მამა.
ბიოგრაფია
რედაქტირება1891 წელს დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა აფხაზეთში, გურიის, სამეგრელოს სკოლებში, დიდი ღვაწლი მიუძღვის სოხუმის სამასწავლებლო სემინარიის დაარსებაში (1915 წ). იყო იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური შეხედულებების მიმდევარი. 1909 წელს მისი აქტიური მონაწილეობით გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის ფილიალი. 1910 წელს სათავეში ჩაუდგა ამ საზოგადოების ქართულ სკოლას სოხუმში. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას. სწავლობდა ქართველი ხალხის მატერიალურ და სულიერ კულტურას. დიდი წვლილი შეიტანა აფხაზი ხალხის ყოფისა და რელიგიური რწმენების კვლევაში. ეთნოგრაფიულ წერილებს ბეჭდავდა: „სახალხო გაზეთში“, „მოამბეში“, აკაკის კრებულში, აგრეთვე ჟურნალ „ხრისტიანსკი ვოსტოკში“. თანამშრომლობდა ჰამუდ-ბეის ფსევდონიმით. მის შრომებს მაღალ შეფასებას აძლევდნენ აკადემიკოსები ივანე ჯავახიშვილი, ნიკო მარი და სხვა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „აფხაზები“, ჟურნალი „მოამბე“, 1898, № 9.
- „აბრსკილი“, ჟურნალი „აკაკის კრებული“, 1898, № 5
- «Абхазский культ и быт», Отдельный оттиск из Христианского Востока. Том . Выпуск III., Петроград, 1917
- «Статьи по этнографии Абхазии», Сухуми, 1960
ლიტერატურა
რედაქტირება- ხუნდაძე ა., ცნობილი ქართველი პედაგოგი ნიკო ჯანაშია, თბ., 1949