ივანე მაჭავარიანი
ივანე ნიკოლოზის ძე მაჭავარიანი (დ. 1863, თბილისი — გ. 1943) — ქართველი მთარგმნელი.
დაიბადა 1863 წელს, თბილისში, ნიკოლოზ მაჭავარიანისა და თინათინ ფურცელაძის ოჯახში. 1883 წლიდან სწავლობდა შვეიცარიაში, დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი.
„იგი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა თავისი ნიჭიერად დაწერილი მოთხრობებით, პუბლიცისტური წერილებით, ქრონიკებით, მიმოხილვებითა და თარგმანებით. იგი წლების განმავლობაში მხარში ედგა ილია ჭავჭავაძეს",[1] ივ. მაჭავარიანი განაგებდა ჟურნალ „მოამბეს”, იყო „ნაკადულის” სარედაქციო კომისიის წევრი, პუბლიცისტურ წერილებსა და რეცენზიებს აქვეყნებდა ”ივერიაში”, ”მოამბეში”, „ცნობის ფურცელში“,„დროებაში“, „საქართველოში“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში, მისი ყოველთვიური ქრონიკები „ჩვენსა და სხვაგან“ იბეჭდებოდა ჟურნალ „მოამბეში“, მისი ავტორობით გამოიცა ფრანგულ-ქართული ლექსიკონი. იგი წერდა ფსევდონიმებით „ინტრანსიჟან”, „კვიმატი”, „ივანე ახალშენაშვილი”, „ინ ანი”, „ი.მ-ნი”, „X”. ივანე მაჭავარიანს ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს ფრანგი და რუსი მწერლების მრავალი რომანი და მოთხრობა. მისი პირველი თარგმანი გამოვიდა 1885 წელს. იგი იყო ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებული საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი. მისი მეუღლე იყო ნინო სულხანიშვილი, ეკატერინე გაბაშვილის სახელობის „ჭრა-კერვის” სკოლის ერთი დამაარსებელთაგანი და გამგეობის წევრი. ივანე მაჭავარიანი 1899 წლიდან მუშაობდა ამირკავკასიის რკინიგზაზე კომერციული განყოფილების უფროსად. იგი გარდაიცვალა 1943 წელს. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.
ივანე მაჭავარიანის თარგმანები
რედაქტირება- ალექსანდრე დიუმა — ”სამი მუშკეტერი” ტ. 1,2.
- ვიქტორ ჰიუგო — „საბრალონი“, ტ. 1,2.
- ვიქტორ ჰიუგო — ”93 წელი”.
- დენი დიდრო — ”პარადოქსი აქტიორზე”.
- ერკმან შტრიანი — ”გლეხკაცის ისტორია” (ჟ. ”ივერია” 1897-98 წწ, 1897, 1910, 1931, 1959 (ოთხი გამოცემა).
- ალფონს დოდე — ”ტარტარენ ტარასკონელი”.
- ალბერტო ჯაკომეტი — ”ივდითი”
- მოლიერი — ”ტარტიუფი, ანუ მუზმუზელა”. 1901 წ. (1921 წელს დაიდგა რუსთაველის თეატრში)
- ალექსანდრე ტოლსტოი — ”პეტრე პირველი”. 1935.
- იპოლიტ ტენი — ”ხელოვნების ფილოსოფია”. 1990. საქართველო.
- პ. პავლენკო — ”ბარიკადები”. 1935. ტფ.
- მაქსიმ გორკი — ”იტალიური ზღაპრები”.
- ფრანგულ — ქართული ლექსიკონი, 1942 წ. - პირველი გამოცემა, 1955 წ. - მეორე გამოცემა.
- ოქტავ მირბო — ”გზა ბედნიერებისკენ”. მოთხრობა. ”ივერია”, 1894, ნომერი 256.
- ოგიუსტ სტრინბერგი — ”სვინდისის მხილება”, ”მოამბე”, 1894, ნომერი 3.
- კატიულ მენდესი — ”მხდარი”, ”ივერია”, 1895, ნომერი 26, ”საზარელი სასჯელი”, ”ივერია”, ნომერი 57.
- ჟიულ ლემეტრი — ”იესო და მდიდარი რომაელი”, ”ივერია”, 1896, ნომერი 34,35.
- ფრანსუა კოპე — მოთხრობები. ’განათებული ფანჯარა”, ”ივერია”, 1894, ნომერი 24 . ”სიყვარულის შური”, ”ივერია”, 1895,, ნომერი 114-115.
- კოკლენი — ”მსახიობის ოსტატობა”.
- ფრანჩესკო მონტი — ”კაი გრაკხი”.
- ა. ბუვიე — ნოველები. ”ქვრივი”, ”ბატონო მსაჯულო”, ”ძეგლი”, ”ბავშვის ძალა”, ”მეგობრები”, ”დავიწყებანი”, ”ქვეყნის მანათობელი”, ”მნათობი”, ნომერი 1894, 10-11.
- ჩემი მოგონებები. ჟურნალი ”მაცნე”, 1992, ნომერი 4, გვ. 146-157, ჟ. ”განთიადი”, 1993, 1-2, გვ.170-176.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სერგო თურნავა - ივანე მაჭავარიანი, ჟ. განთიადი, 1993, 1-2.