მარჯანიშვილის თეატრი

(გადამისამართდა გვერდიდან კოტე მარჯანიშვილის თეატრი)

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა.

მარჯანიშვილის თეატრის შენობა 2006 წელს.
თეატრის შენობა ამჟამად

თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა.

აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.

შენობა

 
მარჯანიშვილის თეატრის შენობა XX ს. დასაწყისში

ყოფილი „სახალხო სახლი“ ქართველი მეწარმის კონსტანტინე ზუბალაშვილის დაკვეთით აიგო 1907 წელს, პეტერბურგელი არქიტექტორის ს. კრიჩინსკის პროექტით. ნაგებობა მოდერნის სტილის ნიმუშია: ფართო რიზალიტის ტალღისებური ფრონტონი, ნაძერწკრატერებიანი კიდეებით; სიმბოლური ფიგურული რელიეფი და ნაძერწი მცენარეული ორნამენტი; ქალის თავის გამოსახულებები პილასტრებზე; ღიობთა ნაძერწი მოჩარჩოება და სპეციფიკური ალათები; სასცენო კოლოფის დამასრულებელი ტალღოვანი მოყვანილობა; პარაპეტის რკინის გისოსის კომპოზიციაში ჩართული გაშლილი ვარდის გამოსახულება და სხვ.

ტექნიკური მონაცემები

სცენის ზომები:

  • სიმაღლე – 14 მ;
  • სიგრძე – 24 მ;
  • სიგანე – 14 მ;
  • სცენის სარკე – 10,5 მ;
  • 3 საორკესტრო ორმო.

სოფიტი – 7 ცალი, შტანგეტი – 23 ცალი, პროჟექტორი – 180 ცალი.

დასი

ამჟამად თეატრის დასის წევრები არიან:

ისტორია

 
თეატრის განახლებული დარბაზი

1922 წელს საქართველოში დაბრუნდა რუსეთში უკვე საყოველთაოდ აღიარებული ქართველი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი და სათავეში ჩაუდგა ქართულ სახელმწიფო თეატრს (დღევანდელი რუსთაველის თეატრი), სადაც მნიშვნელოვანი რეპერტუარი შექმნა სანდრო ახმეტელთან ერთად.

1928 წელს მან შემოიკრიბა ნიჭიერი, ახალგაზრდა მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები, ახალგაზრდა რეჟისორები და თეატრალური ტრადიციებით მდიდარ ქუთაისში ქართული სახელმწიფო თეატრი შექმნა. ამ თეატრს ქუთაის-ბათუმის თეატრიც ეწოდებოდა, ვინაიდან იგი ბათუმშიც წარადგენდა თავის სპექტაკლებს. ბათუმში ჩატარდა პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერის“ პრემიერა.

პირველ სეზონში დაიდგა ერნსტ ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“, ბერნარდ შოუს „წმინდა ქალწული“, ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“, შალვა დადიანის „კაკალ გულში“, ვსევოლოდ კირშონის „ლიანდაგი გუგუნებს“, კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, კარლო კალაძის „როგორ“, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“. მოსამზადებელი პერიოდი ისეთი დაძაბული და დამუხტული იყო, რომ უშანგი ჩხეიძე მას საბრძოლო მზადებას ადარებდა. პრემიერა წარმატებული გამოდგა — მაყურებელი თბილისიდან ქუთაისში არა მხოლოდ პრემიერებზე, არამედ რიგით სპექტაკლებზეც ჩადიოდა.

პირველ წლებში დასს ამშვენებდნენ მსახიობები — ქალები: მარო აბრამიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, ბაბო გამრეკელი, მერი დავითაშვილი, ელენე და ირინე დონაურები, ანეტა დონჟანელი, სოფიკო ვაჩნაძე, სესილია თაყაიშვილი, მალიკო მრევლიშვილი, ელენე სიბილა, ანეტა ქიქოძე, მედეა და მერი ქორელები, თინა ჩარკვიანი, ცეცილია წუწუნავა, ხათუნა ჭიჭინაძე, ივლიტა ჯორჯაძე, მოგვიანებით — ტასო აბაშიძე და ელისაბედ ჩერქეზიშვილი; ვაჟები: კაპია აბესაძე, ჭიჭიკო ბეგალიშვილი, მიხეილ ბერიაშვილი, კუკური გოგიაშვილი, შაქრო გომელაური, ნიკო გოცირიძე, ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, აკაკი კვანტალიანი, პიერ კობახიძე, გრიგოლ კოსტავა, ალექსანდრე მაღლაკელიძე, მიხეილ მეძმარიაშვილი, პოკო მურღულია, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, მიხეილ სარაული, ალექსანდრე სიხარულიძე, მიხეილ სულთანიშვილი, შალვა ღამბაშიძე, ვლადიმერ ჩომახიძე, უშანგი ჩხეიძე, დუდე ძნელაძე, სერგო ჭელიძე, პავლე ჯალაღონია, შალვა ჯაფარიძე, მოგვიანებით — ალექსანდრე იმედაშვილი და იუზა ზარდალიშვილი. მხატვრები: დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ევგენი ლანსერე, იოსებ შარლემანი, მარჯანიშვილის აღმოჩენა — პეტრე ოცხელი; კომპოზიტორები: კოტე მეღვინეთუხუცესი, შალვა მშველიძე, ანდრია ბალანჩივაძე, თამარ ვახვახიშვილი, ქორეოგრაფი — დავით მაჭავარიანი.

1930 წელს თეატრმა პირველი გასტროლები ჩაატარა ხარკოვსა (იმ დროის უკრაინის დედაქალაქი) და მოსკოვში. საგასტროლოდ წაღებული ჰქონდათ „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“, „როგორ“, „ურიელ აკოსტა“, „კაკალ გულში“, 'თეთრები", „ხატიჯე“, „ცხვრის წყარო“. (ეს მხოლოდ მოსკოვში ითამაშეს) და თამარ ვახვახიშვილის „ხანძარი“.

საბჭოთა კავშირის განათლების პირველმა მეცნიერ-მინისტრმა ანატოლი ლუნაჩარსკიმ უმაღლესი შეფასება მისცა თეატრს, „ეპოქის თანახმიერი“ უწოდა მას და დასძინა, რომ "მარჯანიშვილმა თავისი გენია სამშობლოს დაუბრუნა". განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტას“ (დამდგმელი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი) და ხაზგასმით აღინიშნა ვერიკო ანჯაფარიძის ივდითისა და უშანგი ჩხეიძის ურიელის გამარჯვება.

„ურიელ აკოსტა“ კოტე მარჯანიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია, რომელმაც მრავალ სეზონს გაუძლო, იგი რამდენიმეჯერ აღადგინეს ახალი თაობის მსახიობების მონაწილეობით. პირველი შემსრულებლები იყვნენ უშანგი ჩხეიძე — ურიელი, ვერიკო ანჯაფარიძე — ივდითი, შალვა ღამბაშიძე — დე სილვა, ალექსანდრე ჟორჟოლიანი — ბენ აკიბა. "ისინი ქართული სამსახიობო ხელოვნების ლეგენდებად დარჩნენ".[1]

ხარკოვისა და მოსკოვის შემდეგ თეატრმა გასტროლები თბილისში ჩაატარა. რის შემდეგაც მთავრობის 1930 წლის დადგენილებით II ქართული სახელმწიფო თეატრი თბილისში გადმოიყვანეს სახელწოდებით — II ქართული სახელმწიფო დრამის თეატრი კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით, ბინად მისცეს ზუბალაშვილების სახალხო სახლი, სადაც თეატრი ამჟამად მდებარეობს.

კოტე მარჯანიშვილი თავის თეატრში სულ ხუთი სეზონის განმავლობაში მოღვაწეობდა და 26 სპექტაკლი დადგა. მასთან ერთად იღვწოდნენ ახალგაზრდა რეჟისორები დოდო ანთაძე, ვახტანგ აბაშიძე, გრიგოლ სულიაშვილი, ნიკო გოძიაშვილი, სერგო ჭელიძე. შემდგომ წლებში თეატრში მოღვაწეობდნენ რეჟისორები, რომელთა შორის იყო ვასო ყუშიტაშვილი. იგი ადრე მონაწილეობდა საფრანგეთის თეატრალურ ცხოვრებაში, „მუსიე კუშიტას“ სახელით, მიწვევით მუშაობდა ფირმენ ჟემიესთან „ანტუანის“ თეატრში, ხოლო შემდგომ, ფრანგ მსახიობ შარლ დიუვალთან ერთად შექმნა ახალი თეატრი „ატელიე“. მის მიერ დადგმულ სპექტაკლთაგან აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“, უშანგი ჩხეიძის „გიორგი სააკაძე“, ა. სამსონაძის "ბაგრატიონი", მიხეილ ლერმონტოვის „მასკარადი“, ფრიდრიხ შილერის „მარიამ სტიუარტი“, მიხეილ მრევლიშვილის „ზვავი“.

1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს სათავეში ჩაუდგნენ მისი უახლოესი მოწაფეები: უშანგი ჩხეიძე — სამხატვრო ხელმძღვანელი, შალვა ღამბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე — სარეჟისორო კოლეგიის წევრები; დოდო ანთაძე — დირექტორი; დავით კაკაბაძე — მთავარი მხატვარი.

78 წლის განმავლობაში თეატრში სპექტაკლებს დგამდნენ თავად მსახიობებიც – ვასო გოძიაშვილი, შალვა ღამბაშიძე, აკაკი კვანტალიანი, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი. მაგ., „ძველი ვოდევილები“ დადგა ვასო გოძიაშვილმა და მთავარ როლსაც თავად ასრულებდა.

 
წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე. 2016 წ.
ზვიად ავალიანის ფოტო

აღსანიშნავია სპექტაკლები: პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“ (დადგა შალვა ღამბაშიძემ), გვირისტინე – სესილია თაყაიშვილი, ლომკაცა – გრიგოლ კოსტავა, ირინე – ანეტა დონჟანელი, ხახული – აკაკი კვანტალიანი და ხარიტონი გიორგი შავგულიძე; ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (გასცენიურებული ვახტანგ ტაბლიაშვილის მიერ, მისივე დადგმით); ალექსანდრე დიუმას „მარგარიტა გოტიე“ ვერიკო ანჯაფარიძის შესრულებით (დამდგმელი რეჟისორი ბორის გამრეკელი), კიტა ბუაჩიძის სიცოცხლით სავსე კომედია „მკაცრი ქალიშვილები“ (დამდგმელი რეჟისორი ბორის გამრეკელი), „ეზოში ავი ძაღლია“ (დამდგმელი რეჟისორი გოგი თოდაძე).

1941 წელს ვასო გოძიაშვილმა აღადგინა კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“. იმავე სეზონში, 1942 წელს ვასო ყუშიტაშვილმა დადგა ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“. ხანუმას როლს ელისაბედ ჩერქეზიშვილი ასრულებდა.

მეორე მსოფლიო ომის წლებში თეატრში დაიდგა პატრიოტული, ჰეროიკული პიესები: ლევან გოთუას „მეფე ერეკლე“ (დამდგმელი რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი), მეფე ერეკლეს როლს ასრულებდა ვასო გოძიაშვილი; გიორგი მდივნის „პარტიზანები“, (დამდგმელი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი), კონსტანტინე სიმონოვის „მელოდე“ (დამდგმელი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი), მიხეილ ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“ (დამდგმელი რეჟისორი შალვა ღამბაშიძე), ა. სამსონაძის „ბაგრატიონი“ (დამდგმელი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი), შესანიშნავი იყო სერგო ზაქარიაძე ბაგრატიონის როლში და გიორგი შავგულიძე სენ-პრი, ლევან გოთუას „უძლეველნი“ (დამდგმელი რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი).

აღსანიშნავია შექსპირის დრამატურგია მარჯანიშვილის თეატრში. კერძოდ, თეატრში სხვადასხვა დროს წარმატებით იდგმებოდა „ოტელო“ (დადგა კოტე მარჯანიშვილმა, 1932), „ჭირვეული ცოლის მორჯულება“ (დადგა შალვა ღამბაშიძემ, 1944), „რომეო და ჯულიეტა“ (დადგა ვახტანგ ტაბლიაშვილმა, 1949), „მეთორმეტე ღამე“ (დადგა რეჟისორმა რამაზ ჭიაურელმა, 1950), „ანტონიუსი“, „რიჩარდ III“ (დადგა ვასო ყუშიტაშვილმა, 1957), „აურზაური არაფრის გამო“ (დამდგმელი რეჟისორი ლილი იოსელიანი, 1963), „მაკბეტი“ (ლიტერატურული კომპოზიცია, საკონცერტო შესრულებით, დადგა დოდო ალექსიძემ), „ოტელო“ (დადგა თემურ ჩხეიძემ, 1982), „ანტონიუსი და კლეოპატრა“ (დადგა ინგლისელმა რეჟისორმა ჰილარი ვუდმა, 1991).

1995 წელს ქართულ შექსპირიანას მიემატა მარჯანიშვილის თეატრის „მეფე ლირი“, რომელიც დადგა საიმდროოდ სრულიად ახალგაზრდა დავით დოიაშვილმა. ლირს თამაშობდა ოთარ მეღვინეთუხუცესი.

1968 წელს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დაიდგა, თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლი „ძველი ვოდევილები“, რომელშიც მთავარ როლს ვასო გოძიაშვილი ასრულებდა. ერთგვარი ტრადიციული სტილისტიკა თეატრმა სამოცდაათიანი წლების პირველ ნახევრამდე შეინარჩუნა, თუმცაღა უკვე 70-იანი წლების შუა წლებიდან მარჯანიშვილის თეატრში, რეჟისორთა და მსახიობთა ახალი პლეადის დამსახურებით, განსხვავებული პერიოდი დაიწყო:

გიგა ლორთქიფანიძე დაბრუნდა ქალაქ რუსთავიდან, მსახიობთა დასით და ახალი სპექტაკლებით. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გიგა ლორთქიფანიძის დადგმულ სპექტაკლებს შორის აღსანიშნავია: კარლო გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“, რომელშიც დუეტს თამაშობდნენ მირანდოლინა – ვერიკო ანჯაფარიძე და რიპა ფრატა – სერგო ზაქარიაძე; მარიკა ბარათაშვილის „მარინე“, კონსტანტინე ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“, ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მე ვხედავ მზეს“, 1975 წლის შემდეგ.სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, მორეტის „ცოცხალი პორტრეტი“, ლეონოვის „შემოსევა“ და სხვ. გიგა ლორთქიფანიძის დამსახურებაა ქართულ სცენაზე ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების დამკვიდრება მისი არაჩვეულებრივი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ თავისი ბებია — სესილია თაყაიშვილით და ზურიკელა – ლეო ანთაძით).

ამავდროულად კი თეატრის გუნდს შეუერთდა თემურ ჩხეიძე, სრულებით ახალი და განსხვავებული თეატრალური სტილისტიკით. თემურ ჩხეიძემ პირველი დადგმა 1976 წელს განახორციელა. ეს იყო ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებანი“, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ვასაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, გივი ბერიკაშვილი. შემდეგ თემურ ჩხეიძე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს. 10 წლის განმავლობაში მან დადგა: ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“. პირველად დადგა ტელესპექტაკლი, მეორედ რუსულ სცენაზე, მოსკოვის სამხატვრო თეატრში და მესამედ მარჯანიშვილში.

გიგა ლორთქიფანიძისა და თემურ ჩხეიძის გარდა, თეატრის ამ წლების რეპერტუარიდან აღსანიშნავია მედეა კუჭუხიძის და გოგი თოდაძის მიერ განხორციელებული დადგმები.

მედეა კუჭუხიძის მიერ მარჯანიშვილის თეატრში პირველი დადგმა იყო კარელ ჩაპეკის „დედა“ (1965წ.) მანამდე იგი სოხუმისა და სანკულტურის თეატრებში მუშაობდა. მისი აღმოჩენილია ქართული თეატრისათვის დრამატურგი ლალი როსება, რომლის სამი პიესა დადგა: „პრემიერა“, „პროვინციული ამბავი“, „სიყვარულის მზე“ და „სახლის ანგელოზები“. მათ შორის ყველაზე დიდი წარმატება მოიპოვა „პროვინციულმა ამბავმა“. ეს სპექტაკლები დიდი ხნის განმავლობაში არ ჩამოსულა სცენიდან. „პროვინციულ ამბავში“ ხუთი მსახიობი მონაწილეობდა – ოთარ მეღვინეთუხუცესი, კოტე მახარაძე (ჯემალ მონიავა), გურანდა გაბუნია, ნანი ჩიქვინიძე და გიზო სიხარულიძე.

1960-1990 წლებში თეატრის წამყვან მსახიობებად გვევლინებიან: ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, მედეა ჯაფარიძე, ელენე ყიფშიძე, იაპობ ტრიპოლსკი, ირაკლი უჩანეიშვილი, კოტე მახარაძე, გივი ბერიკაშვილი, გურანდა გაბუნია, თამარ სხირტლაძე, თენგიზ არჩვაძე, ლეო ანთაძე, გიზო სიხარულიძე, ქეთევან კიკნაძე, ნანი ჩიქვინიძე, გივი ჩუგუაშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი და სხვ.

 
სცენა „ანტიგონე“-დან, 2000.

1989 წლის მოვლენების შემდეგ ეროვნული თვითგამორკვევის ტალღამ გადაუარა საქართველოს. ამ დროს ახალგაზრდა რეჟისორი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, აკაკი ბაქრაძის შეთავაზებით დავით ანდღულაძე დგამს საქართველოში ცოტა ხნის წინ აკრძალული მწერლის, გრიგოლ რობაქიძის „გრაალის მცველნს“.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1972 წელს ვერიკო ანჯაფარიძემ აღადგინა „ურიელ აკოსტა“. ურიელს თამაშობდა კოტე მახარაძე, ივდითს — სოფიკო ჭიაურელი.