ვახტანგ (ვატო) კახიძე (დ. 23 მარტი, 1959, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2018).

ვახტანგ კახიძე

ელისო ვირსალაძე და ვახტანგ კახიძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 მარტი, 1959 (1959-03-23) (65 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
წარმოშობა თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი კინო მუსიკა, კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი
საქმიანობა კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი
აქტიური 1983 – დღემდე
საიტი vakhtangkakhidze.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1959 წელს თბილისში, ასევე კომპოზიტორი და დირიჟორი ჯანსუღ კახიძის ოჯახში. 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტი, ხოლო 1983 წელს კი ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა. მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მუსიკოსები: ნიკოლოზ სიდელნიკოვი (კომპოზიცია), ედისონ დენისოვი (ორკესტრობა) და სხვა.

ვახტანგ კახიძის ნაწარმოებები შესრულებულია მოსკოვში, პეტერბურგში, პოლონეთში, ბულგარეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ფინეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, თურქეთში, ინგლისში, ესპანეთში, შვეიცარიაში, აშშ-სა და იაპონიაში. მის მუსიკას ასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები როგორებიც არიან იური ბაშმეტი, გიდონ კრემერი, ალექსანდრე კნიაზევი, ნ. პეტროვი და სხვები.

ვახტანგ კახიძე წარმატებით მუშაობს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებში – კარგადაა ცნობილი მისი სიმღერები, მუსიკა ფილმებისა და თეატრალური წარმოდგენებისთვის, აგრეთვე ჯაზური კომპოზიციები. იგი ხშირად გამოდის როგორც ჯაზ პიანისტი ბევრ ცნობილ ჯაზის შემსრულებელთან და თავის ჯაზ-ფოლკ ანსამბლ „არიეს“- თან ერთად.

1990 წელს მან დაიწყო მოღვაწეობა, როგორც დირიჟორმა. მას ნადირიჟორები აქვს თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრთან, კიევის სიმფონიურ ორკესტრთან სანტანდერის ხელოვნების ფესტივალზე ესპანეთში, პრაღის სიმფონიურ ორკესტრთან პრაღაში, სიმფონიურ ორკესტრთან „ახალი რუსეთი“ (სამხ. ხელმძღვანელი იური ბაშმეტი), პეკინის სიმფონიურ ორკესტრთან, კიევის სიმფონიურ ორკესტრთან, პარიზის სამების ეკლესიის გუნდთან და ორკესტრთან, ისრაელის კამერულ ორკესტრთან, ანსამბლთან „დელ არტე“, „მოსკოვის სოლისტები“ და „კრემერატა ბალტიცა“.

1993 წლიდან მოყოლებული მას ჩაწერილი აქვს 25 ლაზერული დისკი სხვადასხვა უცხოური ხმის ჩამწერი კომპანიისათვის. 2002 წელს ვახტანგ კახიძე, ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების შემდეგ გახდა თბილისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. აგრეთვე სათავეში ჩაუდგა თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრსა და საერთაშორისო მუსიკალურ ფეტივალს „შემოდგომის თბილისი“. 2004 წელს მან გამართა მეტად საპასუხისმგებლო და წარმატებული გასტროლები თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მოსკოვში, პეტერბურგსა და იტალიაში (რომი, მილანი).

ვახტანგ კახიძე როგორც მუსიკოსი თანამშრომლობს ისეთ სახელგანთქმულ შემსრულებლერთან, როგორებიც არიან: ელისო ვირსალაძე, ალექსანდრე კორსანტია, იური ბაშმეტი, გიდონ კრემერი, ვიქტორ ტრეტიაკოვი, ნატალია გუტმანი, ემილია ბარანოვსკა, ალექსანდრე კნიაზევი, მიშელ ლეგრანი, დიდიე ლოკვუდი, გარი ჰოფმანი, იან გარბარეკი, ანდრეას შპორი, ჟან-ივ გოდენი, დანილო როსი.

მიღწევები

რედაქტირება

ვახტანგ კახიძემ საკმაოდ ადრეულ ასაკში მიაღწია წარმატებას. 1981 წელს სსრკ-ს ახალგაზრდა კომპოზიტორების კონკურსზე პირველი პრემია მიიღო. 1997 წელს საქართველოს კომპოზიტორთა აკადემიის სპეციალური პრიზი „გაზაფხული“ ფილმისთვის საუკეთესო მუსიკის შექმნისთვის დაიმსახურა. 1998 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების ლაურეატი გახდა დრამატული დადგმისთვის საუკეთესო მუსიკის გამო. 2000 წელს კი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. 2002 წელს მან დაიმსახურა გაზეთის „საქართველოს რესპუბლიკა“ მიერ დაწესებული პრიზი „წლის ყველაზე წარმატებული ხელოვანი“, ხოლო 2003 წელს გახდა ევროპის საერთაშორისო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი და მიენიჭა ალბერტ შვაიცერის სახელობის საპატიო მედალი მუსიკალურ კულტურაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის.

შემოქმედება

რედაქტირება
  • „იავნანა“ — საგუნდო მუსიკალური ნაწარმოები (1975)
  • „ჰიმნი“ ვაჟთა ოქტეტისათვის (1976)
  • „ფსალმუნი“ სამი ფლეიტისა და ტენორისათვის (1977)
  • კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1980)
  • „გაერთიანება“ სიმფონიური ორკესტრისათვის (1983)
  • „ბარბალე“ — ორმოქმედებიანი ოპერა (1985-1986)
  • „ამაზონები“ — სამმოქმედებიანი ბალეტი (1988-1989)
  • „შეჰერეზადა“ - მუსიკალური ნაწარმოები საბალეტო წარმოდგენისათვის (1994)
  • „ალელუია“ ჩელოს, ორღანისა და ვოკალისათვის (1994)
  • „მთვარის ცეკვა“ (1994)
  • „ამაზონები“ — სიმფონიური სუიტა ბალეტისათვის (1998)
  • „კირიე ელეისონ“ (1999)
  • „ბლიც-ფანტაზია“
  • ასევე შექმნილი აქვს მუსიკა 40 სპექტაკლისათვის, 17 ფილმისა და მულტფილმისათვის, მრავალი სიმღერა და ჯაზ-კომპოზიცია.

მუსიკა ფილმებისათვის

რედაქტირება

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება